Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გეგელაშვილი - ექიმი


2 დეკემბერი, კვირა
დღეს ვისვენებ, გვიან გავიღვიძე. ელენიკო და მარიამი „დავლურს“ უვლიან. ლალიკო ბუზღუნებს. თუთიკო ჩეთაობს. ნინოს არ ვაინტერესებ – საკვებს ითხოვს. გიორგი უმზადებს. თათუკა ანუკის ეჭორავება. კოტე წყალბურთს უყურებს. თამუსია-ელენე-ბონერი, ჩვეულებისამებრ, თავის განუყრელ ლეპტოპთან ფუსფუსებს. „დღეს ვინ დაიჭირეს?“, ვესალმები ბონერს და მობილურში გამოტოვებულ ზარებს ვათვალიერებ. აჰა, უკვე ვიღაც რეკავს: „ექიმო, მე ის ვარ, ყვითელი კაკლები რომ დამინიშნეთ შარშანწინ...“

დღის თემა: პატრიარქმა განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობაზე იქადაგა: „იმეგობრეთ არა რადიოსთან, ტელევიზიასთან ან ინტერნეტთან, არამედ წიგნთან – წიგნი უნდა გვედოს საწოლის გვერდით.“

დავიჭიროთ თუ არა კატა ბნელ ოთახში, თუკი იგი ოთახში არ არის?
დღეს პრესის დღე მაქვს, გაზეთ „სახალხო მკურნალის“ კორესპონდენტს, დევი დევიძეს ველოდები. კომპიუტერს მივუჯექი, რომ მისთვის მასალა გავამზადო. ჩემი ბონერი შემოდის, მონიტორს უყურებს და მეკითხება: „რაზე ამზადებ ინტერვიუს, დაჭერებზე? და მერე მორატორიუმი?!“ არა, თამუ, ნახე, რა კარგი გზავნილი გამოვიდა: „70 წელია ცნობილია, რომ თავის ტკივილს არ იწვევს სისხლძარღვების შევიწროება, ჩვენ კი ჯიუტად ‘ვებრძვით სპაზმს’, სადაც იგი არ არის!.. ანუ ვცდილობთ, დავიჭიროთ კატა ბნელ ოთახში.“

მუდმივი სტრესი დაძაბულობის თავის ტკივილს იწვევს და ეს ყველაზე ხშირი თავის ტკივილია. ამ ტკივილს ილიაც კი აღწერს „გლახის ნაამბობში“. ხატოვნად ჰყვება, როგორ გადადის ემოცია კუნთების დაძაბულობასა და ტკივილში, ანუ სტრესი იწვევს დაძაბულობას, და არა სპაზმი – ტკივილს. სამწუხაროდ, დაძაბულობის თავის ტკივილის და შაკიკის დიაგნოზს ყველაზე იშვიათად სვამენ ჩვენში. ამის ნაცვლად, სპაზმებს და ოსტეოქონდროზს მკურნალობენ. იმ წიგნებში კი, რომლებსაც ნამდვილად დაეჯერება, გარკვევით წერია: „ოსტეოქონდროზი, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმი, პროთრომბინის მომატება, არტერიული წნევის ზომიერი მომატება არ იწვევს თავის ტკივილს.“ წლების მანძილზე ამ ცრუ მიზეზების სამკურნალოდ წამლის მილიონობით კოლოფის სმამ მიგვიყვანა სავალალო შედეგამდე: დღეს, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა გაჭიანურებული და ცუდად ნამკურნალევი თავის ტკივილით. დიახ, გვმართებს და უნდა ვიმეგობროთ წიგნთან...
თავისუფლების დღიურები - გიორგი გეგელაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:40 0:00
გადმოწერა

3 დეკემბერი, ორშაბათი
დღის თემა: გურამ ოდიშარიას მოადგილეებად იური მეჩითოვი და ხათუნა ხუნდაძე აღარ განიხილებიან.

მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, ანუ ჩითა, ჩითა, ვერ გაჩითა!
მეჩითოვი დღეიდან უკვე აღარ არის მინისტრის მოადგილე. „ჩითა, ჩითა, ვერ გაჩითა“ – სისინებს ვასიკო ოდიშვილი „მაესტროზე“. „შეგირცხვათ თავი, ან დანიშვნა იცოდეთ, ან მოხსნა“ – ალავერდს იღებს დედამიწის მთავარი მზრუნველი ლალიკო. „ეს ‘იუტუბი’ ქართული კადრების სამჭედლო გაგვიხდა, რაღა!“ – ნერვულად მიმოიხრება ოჯახის მთავარი ბონერი, ქალბატონი თამუსია, და გამომცდელად თვალს თვალში მიყრის. ვფიქრობ: „აშკარად ჩემი ჯერია, რამე ბრძნული უნდა ვშობო, თორემ ოჯახში ჩემს რეიტინგს საფრთხე ემუქრება!“ „ბარემ ინტერნეტში დაეგუგლათ დიმიტრი გელოვანი“ – თანამდებობრივი გამოცდილებით და ქარტეხილ გამოვლილი ელფერით გამოვხატავ სინანულს საყვარელი ფოტოგრაფის რამდენიმედღიანი გამინისტრისმოადგილეობის გამო. მთავრობა ნიშნავს, საზოგადოება განსჯის და ან ამტკიცებს, ან – არა. ეს არის დემოკრატია. ბატონი იური ცამ კი დანიშნა, მაგრამ ერმა „გასაზრდელად“ პატივი ვერ მიაგო. ისე, რას ერჩოდნენ ამ კაცს? ფოტოგრაფია რა, ხელოვნება არ არის? თანაც, ვისი შეეშინდათ? იმ „ელემენტის“ ხომ არა, „პოლიტმეტრში“ რომ განაცხადა ჟიჟისთან: „როდესაც მახსენდება, რომ გურიამ შვა ექვთიმე თაყაიშვილი, მეამაყება გურულობა, ხოლო როდესაც ვუსმენ გურულებზე და მეგრელებზე მოღადავე მეჩითოვს, მრცხვენია, რომ ქართველი ვარ!“ – აუ... რა საუცხოო რამე თქვა! ამ გურულობით ამაყმა და ქართველობით გულდათუთქულმა „ელემენტმა“ საამისოდ სპეციალურად მისდამი დაქვემდებარებული ასოც (არა-სამთავრობო ორგანიზაცია) ხომ შექმნა; მგონი, მისი სახელი იყო „მედგრად შევებრძოლოთ მეჩითოვს“ – ყოველ შემთხვევაში, სულისკვეთება ასეთი იყო...

ჯერ დაგუგლონ და მერე დანიშნონ... კულტურის სამინისტრო იქით იყოს და ორი თვეა ველოდებით, რას შემოგვთავაზებს რეფორმატორულს ჩვენი სადღეგრძელოსავით სამინისტრო. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დასახელება ხომ გამზადებული სადღეგრძელოა: „გისურვებ კარგ სამსახურს, ჯანის სიმრთელეს და სოციალურ კეთილდღეობას!“ აბა, სუფრაზე კულტურას ან ევროინტეგრაციას ხომ არ გისურვებენ?! ისე, კიდევ ერთი სადღეგრძელოსავით სამინისტრო გამახსენდა: მდგრადი განვითარების. ეს „მდგრადი“ ვისი ახირება იყო, ნეტავ? შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურას „მდგრადი“, „საუცხოო“ ან „ჩინებული“ ერქვას? საღოლ, ბატონო ბიძინა, თორემ ასე რომ გაგვეგრძელებინა, ცოტა ხანში გვექნებოდა „24/7 (twenty four seven) ენერგეტიკის სამინისტრო“, „გადაუდებელი დასაქმების და ხალხზე გადაგების სააგენტო“ ან „ადამიანების იარებზე ორიენტირებული ოფშკვითის საკრებულო“...

4 დეკემბერი, სამშაბათი
დღის თემა: აიკრძალა აფთიაქში აბების პოლიეთილენის პარკებში დაფასოება – წამალი მთლიანი კოლოფებით უნდა გაიყიდოს მხოლოდ.

ესეც სადღეგრძელოსავით სამინისტროს ახალი სადღეგრძელო!
აუუ... ესღა გვაკლდა! ორი თვეა სულმოუთქმელად ველოდებით, რას იტყვიან ჯანდაცვაზე და ამათ, კოლოფებიო, კაცო!.. არა, უნიკალური ქვეყანა ვართ: არ გვაინტერესებს, აფთიაქში რა დევს (წამლის ხარისხი); რატომ ვყიდით (მედიკამენტების ეფექტიანობა); რას ვიხდით (მაღალი ფასები); ვინ ნიშნავს (ექიმის კვალიფიკაცია); 12 წამალს რატომ გვინიშნავენ ერთად (პოლიპრაგმაზია). დიახ, არ გვაინტერესებს ექიმის ცოდნა – „თეთრი ხალათი აცვია? ზნაჩიტ, ექიმია!“ – და უმწვავესი საკითხი ყოფილა, კოლოფებით გაიყიდება წამალი თუ ბლისტერებით. ტორტში, თურმე, ბისკვიტი კი არა, მარციპანები ყოფილა მთავარი!

მთელი დღე ავადმყოფებს ვსინჯავ და თან „ბისკვიტებზე“ და „მარციპანებზე“ მეფიქრება... აი ისიც, მორიგი გზააბნეული პაციენტი. „წონაზე რას ფიქრობთ? – ვეკითხები. „კარგად დავიკელი, ექიმო, მაგრამ მერე ისევ მოვიმატე.“ „ვინ დაგაკლებინათ?“ – ჩავეკითხე. „ერთმა ღვთისნიერმა გოგონიკომ მიმკურნალა შარდმდენებით და საფაღარათოებით...“ ამოვხტი ხალათიდან!.. აგრძელებს: „აქაურ ლაბორატორიებს არ ენდობა და ანალიზს ამერიკაში აგზავნის; იქიდან ჩამოვიდა პასუხი: თავის ტვინში სპაზმები გაქვსო. ისეთი რიგი აქვს, ერთი თვით ადრე უნდა ჩაეწერო“... აუუ, სერგეენკოვ, აფრინე მსტოვარ-ასინეთები, გააჩერონ ის გოგონიკო, მოეშვას შარდმდენებს და საფაღარათოებს, თორემ ჩააკვდება ხელში ერთი თვით ადრე ჩაწერილი რომელიმე გაბურბუსალებული და მყისწონააკრეფილი ყოფილგამხდარი, და მერე უმტკიცოს მავანს, „ჩემი მეთოდი“ და „ამერიკიდან ჩამოსული სპაზმები“ საუკეთესოაო...

მოგმართავთ თქვენ, ერთი თვით ადრე წინასწარჩასაწერო მკურნალო ქალბატონო! მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის ორგანიზმის 80% არის წყალი; თქვენ აიტაცეთ ეს აღმოჩენა და შარდმდენებით და საფაღარათოებით წარმატებით აკლებინებთ სხეულის მასის ინდექსს ჩვენს ჭარბწონიან თანამოქალაქეებს. მაგრამ რა გგონიათ, დანარჩენი 20% რა არის? მრჩება შთაბეჭდილება, რომ, თქვენი წარმოდგენით, დანარჩენი 20% არის დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლითაც ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო სერვისი არ იბეგრება, ანუ თქვენი მოგება. გაფრთხილდით, ემანდ კბილაშვილმა არ გაგკრათ კბილი!!!

ვაი, ენა წინ მისწრებს... გაგიჟდება ნინო ბურჯანაძე: არჩევნების შემდეგ „დაგვამორატორიუმა“, 100 დღე პირში წყალი ჩაიგუბეთ და წკმუნი არ გაიღოთო. გეთანხმებით, ქალბატონო ნინო, მაგრამ შარდმდენის შემდეგ შარდენზე რომ გაივლიან ეს ადამიანები, შეიძლება თანდათან ვიწრო ქუჩებში ვეღარც გაეტიონ და ვქნა მერე მე?

...კი მაგრამ, გახსნა რომ აღარ შეიძლება, იმ კოლოფებში რა დევს, თუ იცის, ნეტა, ვინმემ?

5 დეკემბერი, ოთხშაბათი
დღის თემა: თავდაცვის მინისტრისა და პრეზიდენტის შეთანხმებით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე ირაკლი ძნელაძემ ჩაანაცვლა. კოჰაბიტაციით კმაყოფილია ნატოს გენერალური მდივანი.

გამდიდრებული დედა-ენა, ანუ კოჰაბიტაციური ინსინუაციები
დილით დასავლეთმა კოჰაბიტაციისკენ მოგვიწოდა. საღამოს უკვე ყველას „კოჰაბიტაცია“ ან „კოაბიტაცია“ აკერია პირზე. ამ ახალ მარგალიტს თვალის დაუხამხამებლად დავუდეთ ბინა რუსთველის მწყაზარ ენაში. „Утром деньги, вечером стулья“ – „12 სკამი“ გამახსენდა. დიახ, საამაყოა დღეს „კოჰაბიტაციის დამენეჯმენტების ინსინუაციებზე“ საუბარი. საამაყოა! თუ განათლებულობაზე მიუთითებს? ასე თუ გავაგრძელეთ, ხვალ, ალბათ, კარგი ტონი იქნება ამგვარი მისალმება: „ჰაუ არ იუ“. ყურადღება მიაქციეთ, აქ კითხვის ნიშანი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგამჩნიეს, მაგრამ შენი ამბავი სულაც არ აინტერესებთ. შენც ღირსეულად უნდა მიუგო მოთხრობითში, ანუ მოკითხვითში, და არა კითხვითში – „ჰაუ არ იუ“ – და დასვა წერტილი. შემდეგ კი უნდა გაუჩინარდე საქმიანად. ხოლო, თუ არ დაგეზარება და მრავალმნიშვნელოვნად დაამატებ, „სი იუ“-ს, ადრე რომ „გადავურეკოთ ერთმანეთს“ ერქვა, იმის ნაცვლად, ეს უკვე აშკარა კოჰაბიტაციაა. „ვაუ, ნეთაი შეენ!“ – არა, არა, ამ პასუხზე ვეცემი – „სმარტ-გაობაა“ ნამდვილად. ჰოპლა, ჩვენი ენა მდიდრდება!

6 დეკემბერი, ხუთშაბათი
დღის თემა: სადაზღვევო საქმიანობაზე ზედამხედველობას დაზღვევის სახელმწიფო ეროვნული სამსახური განახორციელებს.

დაგი-დუგი „ალდაგში“
ორიოდე დღის წინ სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ მივმართე მამაჩემის თაობაზე. მოკრძალებულად ვეკითხები: „მამა თქვენთანაა დაზღვეული; ექიმი და წამალი ხშირად სჭირდება. აქამდე არ გაწუხებდით. პოლისი ქუთაისში აიღო, ახლა თბილისშია“. „ალდაგის“ ოფიცერმა ცივი წყალი გადამასხა: „წაბრძანდეს ქუთაისში, ამოეწეროს, ჩაეწეროს თბილისში, მოიტანოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და გამოვუწერთ ამბულატორულ მომსახურებაზე კოპეიმენტს (თანაგადახდის ქვითარი) 40 ლარის ოდენობით“. კი მაგრამ, ქალბატონო „ალდაგო“, ეს იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება სანატრელი უცხოელი მიიწვიო იუსტიციის სახლის კაფეში, ამაყად მიუჯდე მაგიდას და შესძახო: „გარსონ, ორი ყავა და ერთი პასპორტი სტუმრისთვის“? ქალბატონო „ალდაგო“, ეს იმ ქვეყანაში, სანატრელი სტუმარი, ვიდრე ყავის წრუპვას მორჩებოდეს, საქართველოს საპატიო მოქალაქე რომ ხდება?

7 დეკემბერი, პარასკევი
დღის თემა: კინოთეატრ ამირანში გაიმართა პრემიერა გიორგი ფარაჯანოვის ფილმისა „ყველა წავიდა“.

ამ ფილმში მეც ვთამაშობ ეპიზოდს... და თანაც, ვმღერი. ქორწილის სტუმარი ვარ, მაგრამ თამადობამდე ვერ გავქაჩე. გადაღებები მწარედ მახსოვს: თაკარა მზის გულზე ვისხედით გაშლილ სუფრასთან, ყანწით თბილ მურაბიან წყალს მივირთმევდით და პერიოდულად რეჟისორი რუპორით გვაფრთხილებდა, გოჭის ხორცს ხელი არ ახლოთო. რეკვიზიტის გიტარა კარგი აქვთ, მაგრამ ხშირად იშლება. სახლში ვრეკავ და შვილებს ვეპატიჟები: „გიო-კოტო, ფილმში მიღებენ და ეგებ ჩუბინაშვილის 20-ში გიტარა მომიტანოთ. თან, შეიძლება, ‘მასოვკასაც’ გამოჰკრათ ხელი“ – დავაინტერესე ძენი ჩემნი. რა ვქნა, მინდა, სულ ჩემ გვერდით იყვნენ. რა კაი მიზეზი მოვიფიქრე! აი, რას ნიშნავს ნეიროფსიქოლოგიის ცოდნა. ერთი სული მაქვს, მალე მოვიდნენ. შესვენებაა და გადასაღებ მოედანზე შეიძლება შემოსვლა. წარმოვიდგინე, ფართობეჭებიანი ბიჭები რომ შემოვლენ და მსახიობი გოგონები თვალებს ნაზად გააპარებენ მათკენ. მე ამაყად წარვუდგენ ბიჭებს გარი ფარაჯანოვს (აქ ეგ უკვე ვისწავლე – რეჟისორი გადაღების დროს დიქტატორია და პირველად იმას უნდა ეახლო). რეჟისორს ბიჭების ბეჭები მოეწონება (გაიმართეთ მხრებშიო – სულ გვერუპორება) და ‘მასოვკაში’ ჩასვამს. ასე და ამგვარად, დავრჩებით ისტორიას მთელი ოჯახი. ნეტა, თამუსიაც წამოყვებოდეს – აგერ ოფიციანტის ადგილიც იჩითება, მგონი. არ იუკადრისოს, მთავარია. ამ დროს წინ ვიღაც ვოკმენ-შორტიანი გაწრიპული ველოსიპედისტი წარმომიდგა ჩემი გიტარით. „გმმმადლობ...“, ძლივს ვღერღავ. „პირიქით, გმადლობთ, რომ ისარგებლეთ ჩვენი სერვისით! ინებეთ გიტარა, გადაიხადეთ 12 ლარი და 50 თეთრი“ და პორტატული სალარო აპარატიდან ჩეკს მიხევს. „ხურდა დაიტოვეთ“ – არც აპირებდა დაბრუნებას. „ხო მართლა, ოჯახმა მოკითხვა დამაბარა“ – მომაძახა ველოსიპედისტმა და თვალს მიეფარა.

„გეგელაშვილი, დაბრუნდი სუფრასთან! ეს რა გიტარაა, არ დამანახო! სხვა ფერისაა – გამიფუჭდება დუბლები; სწრაფად, სწრაფად, მზე მოგვადგა...“ გიტარას ბუჩქებში ვისვრი და გავრბივარ... იმპერატორი მეძახის, თუ ვაწყენინე, როლუკიდან მომხსნის...

8 დეკემბერი, შაბათი
დღის თემა: ოჯახური იდილია.
დღეს ვისვენებ, გვიან გავიღვიძე. ელენიკო და მარიამი „დავლურს“ უვლიან. ლალიკო ბუზღუნებს. თუთიკო ჩეთაობს. ნინოს არ ვაინტერესებ – საკვებს ითხოვს. გიორგი უმზადებს. თათუკა ანუკის ეჭორავება. კოტე წყალბურთს უყურებს. თამუსია-ელენე-ბონერი, ჩვეულებისამებრ, თავის განუყრელ ლეპტოპთან ფუსფუსებს. „დღეს ვინ დაიჭირეს?“, ვესალმები ბონერს და მობილურში გამოტოვებულ ზარებს ვათვალიერებ. აჰა, უკვე ვიღაც რეკავს: „დაკავებული ხომ არა ხართ, ექიმო?“... ჯვარი მწერია...
XS
SM
MD
LG