ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 01:33

ბლოგები / გიგა ზედანია

ქართული სერიალის სოციოლოგია

x
თუ სატელევიზიო სერიალი შედგა როგორც ესთეტიკური ფაქტი, მაშინ მას სოციოლოგიური ღირებულებაც ექნება. ანუ: თუ სერიალი წარმატებულია მხატვრულად, მაშინ ის საზოგადოების აღსაწერადაც გამოგვადგება. არა იმიტომ, რომ ის რეალობას პირდაპირ ასახავს, არამედ იმიტომ, რომ ის ადამიანთა დიდი ჯგუფის ფანტაზიებსა და ცნობიერებას აირეკლავს. ამის გარეშე სერიალი ვერ შეასრულებდა საკუთარ მთავარ ფუნქციას - იყოს ხელოვნება მასობრივი მაყურებლისათვის.

ორი სერიალის მაგალითზე შევეცდები ამ თეზისის დადასტურებას. ქართული სატელევიზიო სერიალების ისტორიაში სწორედ ისინი მგონია ყველაზე წარმატებული, ჯერ ერთი, ესთეტიკურად, მეორეც - მათი მჭიდრო კავშირით კოლექტიურ ცნობიერებასთან. ეს სერიალებია „ცხელი ძაღლი“ და „ჩემი ცოლის დაქალები“. კარგად მესმის, რომ ჟანრები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

„ცხელი ძაღლი“
„ცხელი ძაღლი“ პოლიტიკური დეტექტივია. ის 2003 წელს გამოვიდა ეკრანზე და მოგვითხრობს მილიციის ორი გამომძიებლის შესახებ. ერთი მათგანი გამოცდილი, ასაკში შესული ოპერია (ჯანრი ლოლაშვილი), მეორე კი - ამერიკაში განათლებამიღებული და იდეალისტი ახალგაზრდა (გიორგი ყიფშიძე). ის, რაც იწყება, როგორც რიგითი კრიმინალური შემთხვევა, მალე გადაიზრდება პოლიტიკური კონსპირაციის გამოძიებაში, რომელსაც მთელი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ორი რამაა საინტერესო. პირველი, სერიალის ნახვის შემდეგ ადვილად შეიძლება მიხვდე, რატომ მოხდა ნოემბრის რევოლუცია საქართველოში: საჯარო ინსტიტუტების დისფუნქცია, კორუფცია, ყოველდღიურობის ნაწილად ქცეული კრიმინალი - და უსამართლობის მძაფრი განცდა, რასაც ეს ყოველივე ტოვებს. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი საგულისხმო თემა - ამ, ერთი შეხედვით, წმინდად კრიმინალური მოვლენების უკან სერიალში ერთმნიშვნელოვნად რუსული სპეცსამსახურების კონსპირაცია იკვეთება. შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციამდე გადაღებულ პირველ ორ სეზონში მოცემულია ყველა ის თემა, რომელიც განმსაზღვრელი იქნება რევოლუციის შემდგომი რამდენიმე წლის საზოგადოებრივ დებატებში.

მაგრამ, გარდა ამისა, არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - გარკვეული უტოპიური ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა მოევლოს ყველა ამ პრობლემას. ხედვის არსის თაობების ურთიერთკავშირში მდგომარეობს. ადგილობრივი სიტუაციის მცოდნე, გამოცდილი მამაკაცი და დასავლური ცოდნისა და ღირებულებების მქონე ახალგაზრდა - ეს არა მხოლოდ წარმატებული დეტექტივების დუეტად შეიძლება აღვიქვათ, არამედ უტოპიურ ხედვად იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სასურველი საზოგადოების მოდელი. სოლიდარობა არა კლასებს, სქესებს, ეთნოსებს შორის, არამედ თაობებს შორის - ეს აღმოჩნდა სერიალის მთავარი თემა, რადგან მთავარი სოციალური ნაპრალიც სწორედ გენერაციებს შორის ჩნდებოდა. სერიალმა წარმოსახვით დონეზე გადაჭრა რეალურად არსებული პრობლემა, რომელსაც მისი გამოსვლის პერიოდში ჯერ არც კი მიეღწია გამძაფრების პიკისათვის.

სერიალის ესთეტიკა
რაც ამ ორ ნახსენებ სერიალს განასხვავებს უმეტესი სხვა ქართული სერიებისაგან, არის მათი მიმართება, უკაცრავად ნათქვამია და, პორნოგრაფიასთან. უმბერტო ეკომ თავის დროზე პორნოგრაფიული ფილმები გააანალიზა და მივიდა დასკვნამდე, რომ მათი მთავარი მახასიათებელი არის რეალური ქმედების რეალურ დროში ჩვენება. თუ სექსუალურ აქტებს შორის გმირი მანქანით მგზავრობს, პორნოფილმი აჩვენებს ამ მგზავრობის ყველა დეტალს: როგორც გააღებს ის მანქანის კარს, როგორ დახურავს მას, როგორ დაქოქავს მოტორს, როგორ გადართავს სიჩქარეს, როგორ დაძრავს მანქანას და ა. შ. მიზეზი მარტივია: აქტებს შორის ფილმში რაღაც უნდა აჩვენონ, მაგრამ სერიოზული სიუჟეტის და დიალოგების მოფიქრება არავის უნდა. ჰოდა, აჩვენებენ სრულიად უმნიშვნელო დეტალებს რეალურ დროში. უმბერტო ეკო თვითონ ავლებს პარალელს პორნოგრაფიის ამ მახასიათებელსა და სხვა ჟანრის ხელოვნების ნაწარმოებების ზოგიერთ ხერხს შორის. მართლაც, გავიხსენოთ ბრაზილიური ან ვენესუელური სერიალები, ანდაც თუნდაც მრავალი ქართული ტელეპროდუქტი: ისინი სავსეა უფუნქციო ქმედებებით, რომელთა ერთადერთი დანიშნულება დროის შევსებაა.

უმბერტო ეკოზე შორსაც შეიძლება წავიდეთ (რაც გააკეთა კიდეც რობერტ სკოულზმა): თუ ნებისმიერ თხრობას წარმოვიდგენთ, როგორც სექსუალურ აქტს, რომელიც ბოლოში ორგაზმით უნდა დასრულდეს, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მისთვის მომზადებაა, მაშინ ასეთი ტიპის დაბალხარისხიანი სერიალები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც პორნოგრაფიული ფილმები - განუწყვეტლივ, გულისარევამდე აჩვენებენ მონოტონურ აქტს. ამის საპირისპიროდ კარგი თანამედროვე სერიალი იმდენად ჩქარია, რომ ის უფუნქციო მონოტონურობისთვის ადგილს არ ტოვებს. თანამედროვე ამერიკული სიტკომები, მაგალითად, სავსეა პატარ-პატარა „ორგაზმებით“, რომლებსაც ხუმრობების ძალიან მაღალი სიხშირე უზრუნველყოფს. გარდა ამისა, თითოეული დეტალი ასეთ სერიალებში ჩასმულია სიმეტრიებისა და გამეორებების საათივით აწყობილ სისტემაში, სადაც შემთხვევითი, დროის შესავსებად ნაჩვენები უფუნქციო დეტალებისთვის ადგილი უბრალოდ აღარ რჩება.

სერიალების ამ მონოტონულ „პორნოგრაფიულობას“ სხვა გზებითაც შეიძლება გაექცე. სწორედ ამ პერსპექტივიდან ხდება გასაგები ისეთი რეჟისორების ტალანტი, როგორებიცაა ტარანტინო და ლინჩი. ტარანტინოს, მართალია, სერიალები არ გადაუღია, მაგრამ ჩვენს კონტექსტში მისი ფილმები მაინც საინტერესოა, რადგან ამ ფილმების დიალოგები სავსეა „პორნოგრაფიით“ (ზემოთ აღწერილი აზრით). ერთი განსხვავებით: ტარანტინოს მათში კომიკური ელემენტი შეაქვს და სწორედ ამით უსხლტება ხელიდან ტელევიზიასა და რეალობას, სადაც ასეთი უაზრო დიალოგების სიმრავლეს ხშირად განვიცდით. ხოლო რაც შეეხება ლინჩს, მან მოახერხა გაეკეთებინა სრულიად უნიკალური სერიალი - „ტვინ პიქსი“ - რომელიც თხრობის არანორმალურად დაბალ სიჩქარეს აკომპენსირებს მიზანსცენითა და სასპენსით, რომლებიც ნებისმიერ, ყველაზე უფუნქიო დეტალსაც კი არნახული მნიშვნელობის შეგრძნებას ანიჭებენ. ტარანტინო მიბაძვადია, იმიტომ რომ მან გამოიგონა მეთოდი; ლინჩი - არა, იმიტომ რომ მან შექმნა სტილი. შეიძლება გადაიღო ტარანტინოსნაირი ფილმები, ლინჩის კი მხოლოდ პაროდირება შეიძლება.

მაგრამ დავბრუნდეთ უკან, საქართველოში. ჩემი აზრით, როგორც „ცხელი ძაღლი“, ისე „ჩემი ცოლის დაქალები“ წარმატებით ართმევენ თავს ამ „პორნოგრაფიულობის“ დაძლევის ამოცანას, რომელსაც ძალიან ბევრი სხვა ქართული სერიალი ემსხვერპლა. როგორც აღმოჩნდა, ამ წარმატებისთვის არაა აუცილებელ საათივით აწყობილი ტექნიკური მაშინერია გქონდეს (რომლის საუცხოო მაგალითიც აქ შეგიძლიათ ნახოთ) და არც მაინცდამაინც გენიალობაა საჭირო (რაც რაღაც ახლის გამოგონებას გულისხმობს კინემატოგრაფიის ენაში - ა ლა ტარანტინო და ლინჩი). უბრალოდ, ორივე ქართული სერიალის შემთხვევაში შემოქმედებით ჯგუფს ეყო ცოდნა და გემოვნება, არ გადაემლაშებინა იქ, სადაც არ იყო საჭირო. ამ გემოვნების ზუსტი გაზომვა შეუძლებელია, მაგრამ მას მაყურებელი ნამდვილად გრძნობს.

„ჩემი ცოლის დაქალები“
ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს, კომედიური სატელევიზიო ჟანრიდან რატომ ავირჩიე გასულ წელს დაწყებული ეს სერიალი და არა „შუა ქალაქში“, რომელმაც თავის დროზე მართლაც დიდ აუდიტორიას შეაყვარა თავი (მის დღევანდელ მდგომარეობაზე ჯობს დელიკატურად გავჩუმდეთ). საქმე ისაა, რომ „შუა ქალაქში“ იყო სიტკომი, რომელმაც მოახერხა ხალხის კარგად გართობა, მაგრამ ვერ მოახერხა შეექმნა პერსონაჟები, რომელთა გავლითაც მოხდებოდა კოლექტიური ფანტაზიების აქტუალიზება. დები ღლონტების შესანიშნავი დუეტის გარდა, „შუა ქალაქის“ პერსონაჟები დაახლოებით იმავე პლანის ფიგურები იყვნენ - თუმცა, რა თქმა უნდა, შეუდარებლად უფრო გემოვნებიანად შექმნილნი - როგორებიც არიან დღეს „კომედი შოუს“ სკეტჩების გმირები. მათ არ ჰქონდათ ფსიქოლოგიური სიღრმე, რაც აძნელებდა მათთან იდენტიფიკაციას. მეტიც, მათ არ ჰქონდათ საკუთრივ სოციოლოგიური განზომილებაც - მაგალითად, ახალგაზრდების ცხოვრება უმეტესწილად ისე იყო „შუა ქალაქში“ წარმოდგენილი, თითქოს მათი მშობლები არც არსებობდნენ. კოლექტიური ფანტაზია, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ რაღაც კავშირი რეალობასთან მასაც კი უნდა ჰქონდეს.

„ჩემი ცოლის დაქალებში“ სხვადასხვა თაობების ურთიერთობის ჩვენებასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა. დავიწყოთ იმით, რომ ეს სიტკომი კი არა, კომედიური დრამაა. თუ „შუა ქალაქის“ მოდელი ამერიკული „მეგობრები“ იყო, „რუსთავი 2“-ის სერიალი ჟანრულად უფრო „სექსი და ქალაქის“ გვერდზე უნდა დავაყენოთ. ნაწილობრივ ამ ჟანრული მიკუთვნებულობის გამო, ნაწილობრივ კი - მეტი ფსიქოლოგიზმის გამო, რომელიც პერსონაჟებს უფრო რელიეფურს ხდის, ახალმა სერიალმა შეძლო აქტივაცია გაეკეთებინა იმასთვის, რასაც, საკმაოდ მოუხერხებლად, კოლექტიურ ცნობიერებას თუ კოლექტიურ ფანტაზიას ვუწოდებ.

თუ „ცხელ ძაღლში“ ორივე მთავარი გმირი მამაკაცი იყო და ქალებს მაინც უკანა პლანის როლები ჰქონდათ, ამ ახალ კომედიაში მთავარ პერსონაჟებად სამი ახალგაზრდა ქალი გვევლინება. ეს არაა ჩვენს საზოგადოებაში ქალების როლის ზრდის ნიშანი - უბრალოდ, დეტექტივის მამაკაცები და კომედიური დრამის ქალები სხვადასხვა სივრცეებში მოძრაობენ. პირველ შემთხვევაში ჩვეულებრივი კრიმინალი აუცილებლობით გადიოდა ნაციონალური პოლიტიკისა და საჯარო პრობლემების განზომილებაში; მეორე შემთხვევაში კი საჯარო სივრცე უბრალოდ არ არსებობს: სამი ახალგაზრდა ქალი ექსკლუზიურად კერძო სივრცეში ცხოვრობს, რომელიც გარდა ოჯახისა, მართალია, სამსახურსაც მოიცავს, მაგრამ ეს სამსახურიც სრულიად პრივატული საქმეა. ოჯახი, ნათესავები, მეზობლები, თანამშრომლები, თაყვანისმცემლები - ესაა სერიალის ახალგაზრდა ქალების სოციალური გარემო. „ცხელი ძაღლის“ გადაღებიდან ათი წელიც არ გასულა, მაგრამ ცვლილება სახეზეა.

შეიძლება ვინმე შემომედავოს - ეს განსხვავება არა პერიოდების, არამედ ჟანრების გამოაო. მაგრამ არ დავეთახმებოდი: ჩვენ გვინახავს ქართული დეტექტიური სერიალები, რომელთაც არანაირი პოლიტიკურ-საჯარო დატვირთვა არ ჰქონიათ (მაგალითად, „ყავა და ლუდი“), ხოლო კომედიური ჟანრის ქართული სერიალი არასოდეს უჩიოდა პოლიტიკოსების ვიზიტების სიმცირეს, რაც მათ საჯარო ფუნქციას თუ არ ანიჭებდა, მანიპულაციის იარაღად ნამდვილად აქცევდა. ასე რომ, თუ ჩვენ დღეს ვუყურებთ კომედიურ დრამას, რომელიც მთლიანად კერძო სივრცეში მიმდინარეობს, ეს შეიძლება გარკვეული სიმპტომი იყოს - სწორედ ჯგუფური ცნობიერებისა, რომელიც, განსხვავებით 2003 წლისგან, ქვეყნის შეცვლაზე კი არა, საკუთრი ცხოვრების მოწყობაზეა მიმართული.

გამიჭირდება იმის თქმა, ეს რეალობის ასახვაა, რომელიც ტენდენციის სახით არსებობს, თუ კიდევ ერთი უტოპია, რომელსაც ახდენა არ უწერია. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ დღეს საქართველოში უკვე არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცხოვრების აზრად სწორედ პრივატულს მიიჩნევენ და არა - საჯაროს. ეს არ გამორიცხავს ამ ადამიანების „პოლიტიზაციას“ ქართული აზრით: ანუ პოლიტიკაზე ბევრ ლაპარაკსა და ჩხუბს. მართალია, ზედაპირული პოლიტიზაციის ეს ასპექტი სერიალში ასახული არაა, მაგრამ ალბათ სწორედ იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები საკუთარი პრობლემების გადაჭრას პოლიტიკურ სფეროს აღარ უკავშირებენ (თუმცაღა არც პოლიტიკის მოწესრიგება-ნორმალიზაციაზე იტყვიან უარს). „ჩემი ცოლის დაქალები“ - ესაა სერიალი საშუალო კლასის ჩანასახზე, რომელიც პირადი ცხოვრების მოწყობას ცდილობს. მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ სერიის პერსონაჟების პროტოტიპები რეალურ ცხოვრებაში ნაცმოძრაობასა თუ „ქართულ ოცნებაზე“, მათი ცხოვრების ჭეშმარიტება მათი კერძო ცხოვრების დრამებია, რომლებსაც სერიალი ასე ნიჭიერად გადმოგვცემს. ხოლო სოციალურად ეს იმის მომასწავებელია, რომ საქართველოში ნელ-ნელა ხდება პრივატული სფეროს ავტონომიზაცია, რომელიც აღარც ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეა დამოკიდებული და აღარც უშუალო ფიზიკური ძალადობის საფრთხეზე. უბრალოდ ეს პრივატული სფერო ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ადამიანის პრივილეგიაა - მათი, ვისაც კარგი შემოსავალი აქვს. მოხდება თუ არა ამ ადამიანების რიცხვის ზრდა, ამას, ალბათ, ასე ათ წელიწადში ვნახავთ, შემდეგი კარგი ქართული სატელევიზიო სერიალის ანალიზისას.

Tags: ტელევიზია,კინო,სერიალი,საზოგადოება



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
03.09.2012 13:18
ავტორი: alistraxoebi
02.09.2012 10:18
აუტანელი გახდა მიშას სიგიჟეების გადამკიდე ცხოვრება და ამას ვერ მივეჩვევით. აქაც კი ალოსტრახოები ხართ. ყველგან მიშას ცერბერები.

ავტორი: alistraxoebi
02.09.2012 10:18
"ავტორი: ანონიმი
19.08.2012 00:23
ზედანია! ინკასო, ყადაღები, აუქციონებზე გატანილი ქონება, ჯარიმები, ალისტრახოები, დაჭერები, ცემა-ტყება, ჩაშვებები, პატიმრობები, შანტაჟი...რამეს გეუნება ეს ყველაფერი? არა? ქართულ სირიალებს უფრო დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ფიოლოსოფოსზე .

"მიეჩვიეთ რამის წაკითხვას პოლიტიკასთან კავშირების გაბმის გარეშე. რა დაგემართათ?!

ავტორი: ანონიმი
30.08.2012 16:48
ნაცრისფერი.მოსაწყენი.საკუტარი ტავიდან გაქცევას რომ მოგანდომებს,ისეტი,რადგან შენც ამ საზოგადოების ნაწილი ხარ-გინდა ტუ არ გინდა.აქ არაფერი არ ხდება,თუ რამე ხდება-ესეც ჩარჩოებში ჩასმული-საკუთარი ნებით,რადგან ამ ჩარჩოებს ვერ ხედავ და არც იცი,იქით რამე თუ არსებოვს.თუ არ არსებობს-გამოიგონე რამე,ან დაისიზმრე რამე-ლამაზად.

ავტორი: ანონიმი
19.08.2012 00:23
ზედანია! ინკასო, ყადაღები, აუქციონებზე გატანილი ქონება, ჯარიმები, ალისტრახოები, დაჭერები, ცემა-ტყება, ჩაშვებები, პატიმრობები, შანტაჟი...რამეს გეუნება ეს ყველაფერი? არა? ქართულ სირიალებს უფრო დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ფიოლოსოფოსზე .

ავტორი: იშვიათი მკითხველი
18.08.2012 15:41
"ამის გარეშე სერიალი ვერ შეასრულებდა საკუთარ მთავარ ფუნქციას - იყოს ხელოვნება მასობრივი მაყურებლისათვის."
არა რააა! ეს სერიალების თაობის მეცნიერები!
http://www.youtube.com/watch?v=Nu9eCt_Z9LE&feature=plcp

დააკვირდით: "იყოს ხელოვნება მასობრივი მაყურებლისათვის"

და ეს?-
"ასე რომ, თუ ჩვენ დღეს ვუყურებთ კომედიურ დრამას, რომელიც მთლიანად კერძო სივრცეში მიმდინარეობს, ეს შეიძლება გარკვეული სიმპტომი იყოს - სწორედ ჯგუფური ცნობიერებისა, რომელიც, განსხვავებით 2003 წლისგან, ქვეყნის შეცვლაზე კი არა, საკუთრი ცხოვრების მოწყობაზეა მიმართული." - რაო, რა თქვა გიგამ?

ხოლო აი აქ რაო, გიგა?
"უბრალოდ ეს პრივატული სფერო ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ადამიანის პრივილეგიაა - მათი, ვისაც კარგი შემოსავალი აქვს. მოხდება თუ არა ამ ადამიანების რიცხვის ზრდა, ამას, ალბათ, ასე ათ წელიწადში ვნახავთ, შემდეგი კარგი ქართული სატელევიზიო სერიალის ანალიზისას."

სერიალ-სოციოლოგია! :)))))))

ავტორი: ლიბიდინოზავრი საიდან გვწერთ: მდგრადი ერექციის სამინისტროდან
14.08.2012 15:11
ტელესერიალები და ამ სერიალებში ლიბიდინოზური სცენებეის სიმრავლეა ე.ი. სოცრელიზმის ინდიკატორი და
ათ წელიწადში კიდევ უფრო მოხშირებულ ორგაზმების სცენებს უნდა ველოდოთ?
რატომ მაინც და მაინც ათ წელიწადში და რა ექვსში, ან რვაში?
რა დგას მაგიური 10 წლიანი ინტერვალის უკან?
ქართული ეკონომიკური სასწაული, თუ სექსუალური წვრთნისა და აღჭურვის სტრატეგიული გეგმა?

"ფილოსოფოსი, მოყოლებული სოკრატედან, კრაზანასავით უნდა იყოს საზოგადოებისთვის"-ო.
წერდა "ვინმე" გიგა ზედანია გიორგი მაისურაძის ერთ-ერთი ბლოგის კომენტარებში.
(http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2282617.html?page=2#relatedInfoContainer)

საინტერესოა ამჟამინდელი ბლოგი "კრაზანის ნაკბენია",
თუ მსუნაგი და გაფუმფულებული "კატის კრუტუნი"?

ზოგი ფიქრობს, რომ სერიალებში ლიბიდური სცენების სიმრავლეები და მთზე წერაა სოცრეალიზმი, ისე კი სოციალური რეალიზმის ასეთი ფორმებიც გვხდება:

http://www.youtube.com/watch?v=OFfaevInRJw&
feature=youtu.be

მე კი არ გამიკვირდება ეს მოქნეული ხელკეტი ათ წელიწადში, შეიძლება პირველი სწორედ მათ მოხვდეთ უადგილო ადგილას, ვინც სერიალების სოცრეალიზმით ასე გულმოდგინედ ზომავს საშუალო კლასის ჩანასახებს.

მოგეხსენებათ, ძველი სიბრძნის მიხედვით ღმერთებს სიცილი უყვართ:)
მაგრამ, უფრო სასაცილო ის იქნება, ეგ ტიპები, "მიშას", (ან მომავალში "ბიძინას") სახელით ხელკეტის მქნეველნი, რომ ამოუშვებენ ხარხარს და არა ღმერთები:)

ავტორი: მეფილმე საიდან გვწერთ: თბილისი
11.08.2012 13:40
ფსევდოფილოსოფიური ოპუსი - ნახეთ, რამდენი ვიცი! თანამედროვე ქართული "მოაზროვნეების" სენი.

ავტორი: kilvater საიდან გვწერთ: --------
11.08.2012 10:31
ქართული სერიალები და კინო უმეტეს შემთხვევაში ზედმეტად თეატრალიზებული და ხელოვნურია. იმათგან, რაც ნანახი მაქვს, ყავა და ლუდს გამოვყოფდი. ერთადერთი პერსონაჟის გამოკლებით (მახარობლიშვილი რო თამაშბს) მეტად რეალური სახეებია. საოცრად დამახინჯებულ მეტყველებას ამკვიდრებენ - ასეთი გაწელილი ხმოვნები და არასწორი მახვილები ძალიან ცუდად ხვდება ყურს. ნიკო, ერთი შეკითხვა - უცხოური სერიალებიდან რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

ავტორი: ანონიმი
10.08.2012 20:32
ბატონო გიგა, ძალიან გასაკვირია თქვენგან, რომ დასკვნა სრულიად არარელევანტური მოცემულობიდან გამოგყავთ. თუ სერიალის შექება გინდოდათ შეგეძლოთ სხვაგვარად გაგეკეთებინათ. ჩემზე ამ სტატიამ სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მოადინა.

ავტორი: khatuna საიდან გვწერთ: tbilisi
10.08.2012 19:04
სერიალებით საშუალო კლასის განსაზღვრა :(((კვლევების სფეროში ახლი სიტყვა!

ავტორი: nini საიდან გვწერთ: რუსთავიდან
10.08.2012 14:15
ძლივს არ ვეღირსეთ ქართულ ტელესივრცეში ხარისხიან ტელესერიალს. მიმზიდველი,ალბათ, იმიტომაა,რომ ნებისმიერ ჩვენგანს რომელიმე პერსონაჟისმაგვარი მაინც გვყავს სახლში. მაგ, მანანა დეიდა სულ დედაჩემი მგონია, რეჟისორსაც და სცენარის ავტორსაც ხასიათები ძალიან კარგად აქვთ დაჭერილი. თანაც ყველაზე დიდი ღირსება ისაა,რომ პოლიტიკა არსად "ჭაჭანებს", ურთიერთობებიც ძალიან ადამიანური და რეალისტურია. ერთი სიტყვით, ესაა სერიალი ჩვენზე, რომლებსაც აღარც პოლიტიკა გვაინტერესებას, აღარც ურაპატრიოტიზმი და აღარც რელიგიური ფანატიზმი. ჩვენ მოგვენატრაა ვიყოთ ჩვეულებრივი ადამიანები, ისეთები,როგორებიც ამ სერიალის გმირები არიან.

ავტორი: თამარა საიდან გვწერთ: თბილისი
10.08.2012 10:48
ამ თქვენი სოციალური მეთოდების შესაბამისად გაკეთებული დაკვირვებებით სერიალზე, თქვენ გსურთ გაგვაგებინოთ რომ საშუალო კლასს არ უნდა აინტერებდეს სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება, რადგან ამას გვასწავლის "ჩემი ცოლის დაქალები". მე ვფიქრობ მცდარია თქვენი წარმოდგენა საშუალო კლასზე.

ავტორი: Sandro Kozmanishvili საიდან გვწერთ: Tbilisi
10.08.2012 05:45
მართალს ამბობს ეს კაცი, მაგრამ ხალხი მაინც იმას ფიქრობს და ხედავს რისი დანახვაც უნდა.

ავტორი: ჭხძწყ
10.08.2012 01:42
ზედანია! ნუ ცუღლუტობ მანდ! ხელები მაგიდაზე! უყურე ერთი ამას! წერს და აზროვნებს. გადასარევი პირდაპირ! თან ხათუნას აზრს არ ემთხვევა მისი აზრი! გაფუჭებული კაცი:))

ავტორი: რეჟისორის ასისტენტი
09.08.2012 22:13
მალე გადაიღებენ სერიალს "ჩემი პრეზიდენტის ცოლები".
"ცოლებზე" კასტინგი უკვე მიმდინარეობს. კონტინგენტია ჯერჯერობით მცირე, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ და მანდილოსნები საზღვარგარეთიდან ჩამოგვყავს.
ფილმი-სერიალი იქნება მძაფრსიუჟეტიანი და მოქმედება ისე სწრაფად განვითარდება, რომ ვერ მოვასწრებთ ვითარებაში გარკვევას. აქ კი გიგა ზედანია გაგვარკვევს და აგვიხსნის ყველაფერს, რომ მაგალითად მასაჟისტი კი არის მასაჟისტი, მაგრამ მთლად მასეც არ არის. მოკლედ, გიგა უკეთესად ახსნის ამას.

ავტორი: ანონიმი
09.08.2012 21:41
ანონიმს: ზედანიას რა უნდა დამართნოდა... რაც იყო, ის არის -მედროვე და ხელისუფლების მსახური.

ავტორი: გივი საიდან გვწერთ: ჯანდაბიდან
09.08.2012 18:55
გეთანხმებით ბნ. გიგა, რომ ეს ბოლო სერიალი საინტერესოა და საშუალო კლასის არსებობას ადასტურებს. მათი არსებობა თავისთავად კარგია, მაგრამ ჩემი აზრით მხოლოდ 15-20%-ია ასეთ სოციალურ სივრცეში მოქცეული. დანარჩენები თავიანთი მომავალი, ან უფროსწორად სასურველი მომავალი ცხოვრების ხიბლით უყურებენ ამ სერიალს.
გეთანხმებით რომ ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს პრივატული სოციალური სივრცის შექმნას, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს პროცესი პოლიტიზირების შემცირებას იწვევს, საზოგადოება უაღრესად პოლიტიზირებულია, ყველა სოციალური კლასი და ყველა შიშით ელოდება მოსალოდნელ პოლიტიკურ კატაკლიზმებს.
მოკლეთ კარგია ასეთი ტიპის სერიალები, მგონი ხელს უწყობს საზოგადოების ზრდას.

ავტორი: khatuna საიდან გვწერთ: tbilisi
09.08.2012 18:25
ზედანია ნუ ტვინიკოსობ რა... ნუ ჟონგლიორობ უცხო სიტყვებით და თავი დაანებე ასეთ თემებს... ეს არ არის შენი პრივატული ზონა...

ავტორი: ანონიმი
09.08.2012 16:55
ზედანია, რა დაგემართა ამ ნაცების ხელში?

ავტორი: თამაზი საიდან გვწერთ: დუშეთი
09.08.2012 16:39
მე ამ შემთხვევში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, რადგან კინო კაი ხანია არც მაინტერესებს და ვერც ვერკვევი მაშში. თქვენ ამბობთ, ახლადჩასახულ საშუალო ფენაში უფრო პრივატული საკითხებია მნიშვნელოვანი ვიდრე სოციალურ-პოლიტიკური, მაშინ ხომ ლოგიკურია რომ პრივატული სფეროდან გამომდინარე უნდა ინტერესტდებოდეს სწორედ მოქალაქე სოციალურ-პოლიტიკური საკითხებით და ამას მხოლოდ საშუალო ფენა კი არა, არამედ ნებისმიერი სოციალური კატეგორია ასე აკეთებს, ხშირად გაუცნობიერებლადაც და რაკი შესაბამისი სოციალურ-პოლიტიკური იდეა და პროგრამა არ არსებობს, ამიტომ სხვადასხვა სახის პოპულიზმის და მის უკან ამოფარებული ანგარების თუ საეჭვო მიზნების საშუალებად იქცევა საზოგადოების განწყობაც და ენერგიაც. ვფიქრობ პირველ პირველ რიგში სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეის პოპულარიზაცია უნდა ხდებოდეს მისი შესაბამისი მოკლე და ყველასათვის იოლად გასაგები განმარტებით. მინდა გითხრათ რომ სინამდვილეში ბევრმა ადამიანმა საქართველოში ზოგადად და აბსტრაქტულადაც კი არაფერი იცის ქვეყნის მოწყობის დეკლარირებული პრინციპის შესახებ. ამაში ზალიან ადვილია დარწმუნება, როგორც ხალხთან პირადი ურთიერთობით, ისე მედიის საშუალებით ზოგადი დაკვირვებით.

ავტორი: anano საიდან გვწერთ: Tbilisidan
09.08.2012 08:45
მე მომწონს ეგ ორივე სერიალი, გოგონა გარეუბნიდანაც არა უშავდა პირველს, დანარჩენები სისულელეა ისევე როგორც ყველა სხვა სერიალი, მაგრამ კარგად ჯდება ჩემს სამუშაო განრიგში, ვიცი , რომ ამ დროს ამას უნდა ვუყურო, სად მცალია კარგი ფილმების საძებნელად,

ავტორი: ანონიმი
09.08.2012 03:48
არ მომწონს ქართული სერიალები, ძალიან გადათამაშებულია და არც ერთს, რომელიც ნანახი მაქვს მუსიკალური გაფორმება არ უვარგა

ბლოგერები

სხვა მასალები

აუდიო სოხუმის შტურმი და ხელიდან გაშვებული შანსი

საქართველოში წელიწადში ერთხელ, 27 სექტემბერს აღინიშნება სოხუმის დაცემის დღე - ერთი და იმავე პოლიტიკური სახეებით, ერთი და იმავე შეფასებებითა და ერთი და იმავე დასკვნით, რომ სოხუმის დაცემა გარდაუვალი იყო.
გაგრძელება

აუდიო ხოდორკოვსკი ბრალდებას უყენებს პუტინთან დაახლოებულ პირს

ყოფილი ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც 10 წელიწადზე მეტხანს მოუწია ციხეში ყოფნა, ბრალდებებს უყენებს იგორ სეჩინს, სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელს.
გაგრძელება

საქართველოს საგარეო იმიჯს ზიანი ადგება

“აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობაში ელემენტარული კოორდინაციის ნაკლებობაა, რაც საქართველოს საგარეო იმიჯს ზიანს აყენებს“ - ტომ დე ვაალი.
გაგრძელება

აუდიო როგორ "მივჭირხნოთ" პრეზიდენტი

საქართველს პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირებას ახალი იმპულსი შესძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო უწყების მიმოწერის გასაჯაროებამ.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული