ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 10:22

ბლოგები / გიგა ზედანია

რელიგია და მეცნიერება

x
საქართველოში დემოკრატიის იდეა პოპულარულია. ეს სერიოზული რესურსია - არსებობს ქვეყნები, რომლებიც ამით ვერ დაიკვეხნიან. არსებობს ქვეყნები, სადაც მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ სურთ ძლიერი ხელი და არა - „ყბედი პარლამენტი“. საქართველოს მოქალაქეები, პირიქით, მეტ დემოკრატიას ითხოვენ.

მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს - დემოკრატია ჩვენთან ბევრს წარმოუდგენია, როგორც რაღაც ერთიანი, მთლიანი და ტოტალური. ქართველი ხალხის ნება აუცილებლად ურყევი და განუყოფელი უნდა იყოს.

არადა, თანამედროვე დემოკრატია დაყოფებისა და გამიჯვნების რეჟიმია. ჯერ ერთი, იმ აზრით, რომ ლიბერალურ დემოკრატიაში ყველა ადამიანი ერთ აზრზე და „ერთ ნებაზე“ ვერანაირად ვერ იქნება. მეორეც, იმ აზრით, რომ დემოკრატია, როგორც პოლიტიკური რეჟიმი, ეყრდნობა სხვადასხვა სფეროების ერთმანეთისაგან აუცილებელი გამიჯვნის პრინციპს.

საქართველოში განსაკუთრებით მაშინ ჩანს ეს პრობლემა, როდესაც ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფის საკითხთან მივდივართ.

ვიღაცამ შეიძლება მომიგოს - რა აიჩემეთ ეს ეკლესია ამ „ლიბერალებმაო“. რა, სხვა პრობლემებს ვერ ხედავთო?

არ ავიჩემეთ.

დღეს ჩვენში არავინ შეიტანს ეჭვს, რომ სახელმწიფო და ბიზნესი, სახელმწიფო და მეცნიერება სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება/მედია გამიჯნული უნდა იყოს. მაგრამ როგორც კი საქმე ეკლესიაზე მიდგება, ეს დარწმუნებულობა სადღაც ქრება.

არადა, ისტორიულად, სახელმწიფოსა და ეკლესიის, პოლიტიკისა და რელიგიის გაყოფა პირველი იყო, რომელმაც დასაბამი - და, გარკვეულწილად, მაგალითი - მისცა სხვა გამიჯვნებს.

მაგალითად, რელიგიისა და ხელოვნების გამიჯვნას. შეგიმჩნევიათ ის უცნაური გრძნობა, როდესაც ევროპული დედაქალაქების მუზეუმებში ანტიკური სკულპტურებისა და შუა საუკუნეების დარბაზების მერე მე-17 საუკუნის ჰოლანდიურ ფერწერას გადააწყდებით? როდესაც ხედავთ, რომ, განსხვავებით წინა ეპოქებისაგან, არც წმინდა ოჯახის გამოსახულებებთან გაქვთ საქმე და არც - წმინდანების მარტვილობისა, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ სურათებთან: უსახელო ქალები, რომლებიც წერილებს კითხულობენ და უსახელო მკერავები, რომლებიც სამუშაოში არიან ჩაფლულნი - აი, სად მოხდა სეკულარიზაცია ხელოვნებაში.

მაგალითად, რელიგიისა და სამართლის გამიჯვნა. გახსოვთ, როგორი იყო სამართალი რელიგიურ ეპოქაში? ბრალდებულს აწამებდნენ, ხოლო წამებისათვის გაძლება იმის ნიშნად ითვლებოდა, რომ ღმერთმა მას ძალა მისცა, რადგან სიმართლე მის მხარესაა. ამას ორდალია ერქვა და სწორედ მისი გაუქმების შედეგად მივიღეთ თანამედროვე მართლმსაჯულება.

მაგალითად, რელიგიისა და მეცნიერების გამიჯვნა. გალილეის ამბავი ხომ ყველას გვისწავლია სკოლაში? თუ დღეს ამ ამბავს აღარ ასწავლიან? აი, დედამიწის ბრუნვის აღმოჩენაზე რომ ათქმევინეს უარი დაჩოქილს, რის შემდეგაც წამოდგა და თქვა, ის მაინც ბრუნავსო? გამიჯვნის ამბავია, ლეგენდად გადმოცემული.

რა მოსდის რელიგიას ამ გამიჯვნების შემდეგ? ჯერ ფიქრობდნენ, რომ რელიგია დაკნინდებოდა და გაქრებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ამ გამიჯვნების შემდეგ პოულობს რელიგია საკუთარ სფეროს, რომელიც არაა შერეული და, ვთქვათ პირდაპირ, შერყვნილი სხვა ინტერესებითა და ლოგიკებით. ეს რწმენის სფეროა - რაღაც ტრანსცენდენტურის რწმენისა, რომელიც მორწმუნეთათვის ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც, საზრისს ანიჭებს. ხოლო ის ადამიანები, ვისაც არ სწამს, სრულიად უპრობლემოდ რჩებიან ამ სფეროს გარეთ, ისე, რომ არც მათ აწუხებს ვინმე და არც ისინი აწუხებენ მაინცდამაინც სხვებს.

ის, რომ საქართველოში პოლიტიკისა და რელიგიის გამიჯვნასთან გვაქვს პრობლემა, იმის მანიშნებელია, რომ სინამდვილეში არც სხვა გამიჯვნების გატარება შეგვიძლია ხეირიანად, რაზეც ბოლო ოცი წლის ისტორიაც მეტყველებს.

გადაჭარბებული შეფასებაა? სულაც არა. ამ დღეებში საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებას უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, რომელიც პირველივე პუნქტში გვეუბნება, რომ აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც ანიჭებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ან საქართველოს პატრიარქი.

კონტექსტს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა: ამ ფორმულირების შემდეგ მეცნიერებას დაკარგული აქვს საკუთარი ავტონომიურობა. თუნდაც საქმე მხოლოდ თეოლოგიას ეხებოდეს - თეოლოგიაც მეცნიერებაა, რომელსაც თავისი შინაგანი, იმანენტური წესები აქვს. არ შეიძლება საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ხარისხის მოპოვება ერთი ადამიანის ნებაზე იყოს დამოკიდებული. ის, რაც მხოლოდ ერთი ადამიანის ნებასა და სურვილზეა დამოკიდებული, ვერ იქნება მეცნიერება, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი.

ცოდნას აწარმოებს მეცნიერება, ხოლო რწმენა - რელიგიის საქმეა. ცოდნის წარმოება ხდება უნივერსიტეტში, ხოლო რწმენით ცხოვრება - ყოველ შემთხვევაში, ქართველ მორწმუნეთა უმრავლესობისათვის - ეკლესიაში. არასოდეს მიყვარდა „ცოდნის ტაძარი“ როგორც უნივერსიტეტის მეტაფორა. მაგრამ ცუდი და „გოიმური“ მეტაფორა ერთია, ხოლო ფიქრი, რომ საგანმანათლებლო და სალოცავი სივრცეები მართლა ერთი და იგივეა - ესაა დაბრუნება ადრეულ შუა საუკუნეებში (ადრეულში იმიტომ, რომ შემდგომში იქაც საგანმანათლებლო სივრცემ საკუთარი ავტონომია მოიპოვა ეკლესიასთან მიმართებაში. ეს ავტონომიზაცია მაღალ შუა საუკუნეებში ემთხვევა უნივერსიტეტების გაჩენას მე-12 საუკუნის დასავლეთ ევროპაში). ეს დაბრუნება კი არც მეცნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს და არც - დემოკრატიზაციის პროცესს.

დღეს ქვეყანაში თავიდან იწყება დისკუსია უნივერსიტეტებისათვის და მეცნიერებისათვის მეტი ავტონომიისა და თავისუფლების მინიჭების შესახებ, რაც ძალიან კარგია. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად უმაღლესი განათლების სფეროს კლერიკალიზაცია არ მოხდება. სხვაგვარად, აკადემიური თავისუფლების შესახებ საუბარი უსაგნო იქნება. როცა ჰაერის უკმარისობა გახრჩობს, წყლის სიმცირეზე ფიქრს აზრი არ აქვს.

Tags: პოლიტიკა,ბლოგი,რელიგია,მეცნიერება,საზოგადოება



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
22.01.2013 00:21
naturali, ჩემო ბატონო, ამ საკითხთან დაკავშირებით . ჩემი გამოცდილება ასეთია:რომ აზრი ჯერ უნდა გადმოიცეს მაქსიმალურად ზუსტად, ლოგიკურად მკაცრად განსაზღვრული, დაზუსტებული მნიშნელობის ტერმინების გამოყენებით, და, მხოლოდ ამის შემდეგ, ადრესატის კითხვებზე პასუხის გაცემისას შეიძლება გარკვეული გამარტივებული და პირობითი ფორმულირებებით სარგებლობა. წინაღმდეგ შემთხვევაში ვერ ავიცილებთ ორაზროვნებას და თემიდან სხვადასხვა მიმართულებებით გადახრებს. მთავარია ორაზროვნების აცილება.
პატივისცემით _ ე.ხ.

ავტორი: naturali
18.01.2013 22:59
ბატონო ემზარ

ლადარია გეცოდინებათ მთელსამყაროზე რომაა აღრენილი

ერთხელ ისეთი რამე წამოცდა მომეწონა

ადამიანის ინტელექტი ცოდნის ოდენობაში კი არა სწრაფად და სრულფასოვნად გაგება ათვისების უნარშიაო

ტერმინოლოგია რაც კვეცავს წინადადებებს და ლაკონიურს ხდის სათქმელს ეს ვიცი

მე ვიფიქრე რადგანაც ბევრს შეეზარება ტერმინების გაშიფრვა სჯობს აზრი ტერმინის შესაფერი სიტყვებით გადმოსცეთ

ანუ სჯობს აზრის რომელიც მთავარია ნებისმიერ ტერმინებით გაჯერებულ მსჯელობაში ყველასთვის ნაცნობი სიტყვებით გადმოცემა

თქვენი მიზანი ხომ ფართო აუდიტორიისათვის მიტანაა

თანაც აუცილებელი დასწავლის ეტაპიც არაა მოკლე

ეს მქონდა მხედველობაში თორემ რაზეც იყო საუბარი თქვენს პოსტში მგონი ჩემი ხუმრობანარევი კომენტარი მიგახვედრებდათ რომ გავიგე და რაიმე რომ ვერ გამეგო არც შეკითხვას ვითაკილებდი

ისე რაა სირცხვილი რომ რაიმე იკითხო არ ვიცი

განა გენიალურ ფსიქოლოგ სოციოლოგს ასევე თუნდაც კარგი სტუდენტის დონეზე ესმის თეორიული ფიზიკა ან ენათმეცნიერება

უბრალოდ ინტელექტი ადვილად ერკვევა ახალში მის დიალექტიკაში ლოგიკურ კავშირებში

პატივისცემით

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
18.01.2013 21:41
დიდი მადლობა კეთილგანწყობისთვის, natural. გეთანხმებით იმაში, რომ არ არის ადვილად საპოვნელი ადამიანი, რომელიც ახალ ცოდნის, საწყის ეტაპზე ძნელად აღსაქმელის, იგნორირების ცდუნებას გაუძლებს. უმეტესობისთვის მძიმე ტვირთია ახლის ათვისებისთვის აუცილებელი დასწავლის ეტაპი. საკუთარი ინტერესების სფეროში რაიმეს, თუნდაც ახლის, არცოდნის აღიარება შეუძლია მხოლოდ საკუთარ ძალებში დარწმუნებულ ადამიანს. როდესაც ადმიანს არ ყოფნის ინტელექტუალური სიმამაცე, ის ირჩევს იგნორირების სტრატეგიას.
ჩემს კომენტარებში ახალი _ “ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის” _ ტერმინოლოგიის შეუზღუდველად გამოყენება განპირობებულია რამდენიმე გარემოებით: 1) დაზუსტებული ფორმულების მეშვეობით მიიღწევა კომენტარის ლაკონურობა; 2) გამოყენებულ ცნებათა სისტემის გარეშე შეუძლებელია არჩეული სათქმელის გადმოცემა; 3) გამოყენებული ცნებების სისტემა გამორიცხავს ორაზროვნებას.
ბატონებო, განა გამართლებულია მოლოდინი იმისა, რომ ისტორიის პროცესის ფუნდამენტური ახსნა ფუნდამენტურ ფიზიკურ თეორიებზე ნაკლებად რთული იქნება. ლოგიკურია საპირისპირო მოლოდინი: რამდენადაც უფრო რთულია პიროვნება, როგორც ნოოსფეროს ფუნდამენტური (საწყისეული და განუყიფელი) ელემენტი, ელექტრონზე და კვარკზე, როგორც ფიზიკური მატერიის ფუნდამენტურ ელემენტებზე, მით უფრო რთული უნდა იყოს სოციოლოგია თუ ისტორიოლოგია (ნოოლოგია) ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაზე. მაგრამ, რადგან ფუნდამენტური ფიზიკური მოვლენები ადამიანის გრძნობის ორგანოებით არ აღიქმება, მისთვის დაფარულია, მისი ცოდნის ილუზია, საზოგადოდ, ადამიანს არა აქვს; ამის საპირისპიროდ ისტორიული პროცესი არის ისეთი რამ, რაც ადამიანის მონაწილეობით მიმდინარეობს და რა შინაარსითაც მონაწილეობს ამ პროცესებში იმ შინაარსით ამოწურული ჰგონია. რეაქციების სიმწვავით თუ ვიმსჯელებთ, ამ ილუზიის დარღვევა მეტად მტკივნეული სჩანს.
ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია დასწავლის ეტაპის გავლა. ამისათვის შევთავაზე ამ ვებგვერდის მესვეურებს ბლობის გახსნა. ჯერჯერობით ველი პასუხს.
ამავე ვებ გვერდზე სხვა ბლოგშიც არის ჩემი კომენტარები (იხ. “მართლმადიდებლური “ეთიკა” და არათავისუფლების . . .”), იმედი მაქვს ზოგიერთ კითხვის პასუხს იქ იპოვით.

ავტორი: ალექსანდრე მირაშკინი საიდან გვწერთ: თბილისი
17.01.2013 13:55
"დღეს ჩვენში არავინ შეიტანს ეჭვს, რომ სახელმწიფო და ბიზნესი, სახელმწიფო და მეცნიერება სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება/მედია გამიჯნული უნდა იყოს. მაგრამ როგორც კი საქმე ეკლესიაზე მიდგება, ეს დარწმუნებულობა სადღაც ქრება".

ავტორი კარგად უნდა იყოს ჩახედული თანამედროვე ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მან ალბათ კარგად იცის თუ რა კავშირია welfare state -სა და social engineering-ს შორის. დღეს დასავლურ ქვეყნებში სახელმწიფო არა თუ გამიჯნული არაა ბიზნესისგად, მეცნიერებისგან, მედიისგან და ა.შ. არამედ პროგრესისა და ლიბერალური ღირებულებების სახელით პირდაპირ ახორციელებს ყველა ამ სფერის უშუალო დაგეგმარებასა და კონტროლს. დღეს დასავლური მედია აბსოლუტურად მონოპოლიზირებულია, ემსახურება ერთი იდეოლოგიური მესიჯის ტრანსლირებას. ესაა ლიბერალური მესიჯი, რომელიც ყველაფერს რაც თვითონ არაა და რაც მას არ ეთანხმება განიხილავს როგორც კრიმინალს. სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება ასევე არაა გამიჯნული ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებში. ლიბერალურ სახელმწიფოს პედაგოგიური მისია აკისრია დღეს სამოქალაქო საზოგადოების წინაშე. ის სამოქალაქო ცნობიერების აღზრდითა და ფორმირებითაა დაკავებული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე, საზოგადო სივრცეში აზრების გამოხატვის ნორმირებით დაწყებული საბავშვო ბაღით დამთავრებული. განათლების სფერო ავიღოთ. აქ სახელმწიფოს ჩარევა თავად განათლების ეპისტემის დონეზე ხდება. ლიბერალური დემოკრატია ესაა ტოტალიტარული მოდელი , რომელიც სინამდვილეში არც ლიბერალურია და არც დემოკრატია. ის რადიკალურად განსხვავდება დემოკრატიის კლასიკური მოდელისაგან, სადაც ხალხი და მისი პოლიტიკური ნება უმრავლესობითაა წარმოდგენილი. ლიბერალური დემოკრატია ამის საპირისპიროდ უნცირესობათა მმართველობაა, სადაც უმრავლესობა კრიმინალიზირებულია, ის თავის თავში ატარებს ძალადობის ელემენტს, განსაზღვრებით მოძალადეა, ამიტომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი განეიტრალება. შედეგად ვღებულობთ ძალადობის ვექტორის შეცვლას. მაგ: - სრულად მართებულ მოსაზრებას, რომ , ვთქვათ, ჰომოსექსუალები არ უნდა იჩაგრებოდნენ, შედეგად მოყვება ჰეტეროსექსუალიზმის მიმართ ტოტალური შეტევა და ჰომოსექსუალების პრივილეგირებულ კლასად ჩამოყალიბება. გნებავთ ავიღოთ ულტრაფემინისტური პტაქტიკები სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც რეალურად ფემინისტური ფაშიზმის წინაშე ვართ.

სტატიის ავტორს ტყუილად ჰგონია რომ ჭურში ვცხოვრობთ, არაფერი ვიცით და ვერაფერს ვხედავთ და ლიბერალური დემოკრატიის არსი ლამაზი სიტყვის ეტიმოლოგიის დონეზე შეუძლია აგვიხსნას.

ავტორი: naturali
17.01.2013 11:42
ხალხო და ჯამაათო

ადამიანი რაც ლაპარაკი ისწავლა გარეგნულად არ შეცვლილა
ისევ ორი ყური და ბატივით ორი ფეხი აქვს ისევ ჭამს და ნაჭამს გამოყოფს
მაგრამ აქვს სხვა რამაც რასაც აზრები და ფიქრი ქვია ბოლოს გაგებად წოდებული რაც არ იჭმება მაგრამ გამოთქმა ანუ გამოყოფა შეიძლება ანუ არა სტომაქობრივია

ამ აზრებმა კარგად რომ მიიხედმიოხედა ცვლილებები განიცადა ოთხ საფეხურად

1 ტოტემური ანუ გარე სამყაროსთან უბრალოდ მიაბა თავისი თავი და აზრები იყო ირმის ხალხი არწივის ხალხი ქუხილის ხალხი და აშ ანუ ჯერ უჭკუო იყო

2 უფრო მეტი დრო რომ დარჩა მოგონებებიც დაიწყო
ქუხილის უკან რაღაც ძალააო კაი მოხეული ტიპიო და საერთოდ რაც ჩემს გარეშე ხდება იმას ჩემზე მაგრები აკეთებენ და ასე გადასცემდნენ შვილებს იმათ დაქუხებების ამბებს
გმირები და ძალები ღმერთები არიანო მაგრამ არაფერს გვასწავლიანო

3 მერე ვიღაცეებმა თქვეს ჩვენ ვიცით გვითხრეს რას ამბობენ და როგორ უნდა ვიცხოვროთო დაიწყეს წესების ჩამოწერა ცხოვრების ყველა დრიოსთვის და შემთხვევისათვის ანუ გაჩნდა რელიგიები და მიმდინარეობები რა ექნათ ჯერ მეტი არ იცოდნენ სინამდვილეში როგორი იყო სამყარო

4 ამასიმასობაში უფრო დაჭკვიანდნენ განავითარეს ის უბრალო ხელსაწყოები რაც ცხოვრებამ ასწავლათ განავითარეს აზროვნება და მეცნიერები გახდნენ
გაიგეს რომ წინათ ცდებოდნენ რა ღმერთი რის ირმის ხალხი
რა გმირები მთელი სამყარო ერთი სინგულარული წერტილის აფეთქების შედეგად შეიქმნა და უმარტივესმა ნაწილაკებმა ანუ მკვდარმა მატერიამ თავისით წინასწარ მოუცემელი ცოდნის ანუ ნულიდან შექმნა ორგანიზებული კანონებს დამორჩილებული რეალობა ცოცხალი ორგანიზმები მეტიც ამ რეალობის აღმქმნელი და გარდამქნელი მოაზროვნე ინდივიდები მააშ

ბოლოში მეც გავუტიე მაგრამ აქ ყველა მეცნიერები არ ვართ და არც სამეცნიერო ფორუმია ბატონო ემზარ ეგებ ქართული
შესატყვისი სიტყვებით აგვიხსნათ სხვადასხვა სახის გენეზის განვითარება

ისე არც ბევრია აქ ისეთი ვერ გავიგე და ამიხსენიო რო იტყვის

ეს ხუმრობით მაპატიებთ იმედია თორემ სინამდვილეში გავიგე თუ ვერ გავიგე მივესალმები თქვენს შემოსვლას და ეჭვსგარეშეა თქვენი განათლებაც და ინტელექტიც

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
16.01.2013 22:07

სინამდვილეში საქმე სრულიად სხვაგვარადაა: მართალია დედამიწის ცივილიზაციების ისტორიაში არ შეცვლილა ადამიანის ბიოლოგიური ასპექტი, მაგრამ არსებობს ადამიანის ფენომენის რევოლუციური ფსიქიკური გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბებული არაბიოლოგიური (ბიოსფეროში ვერ თავსებადი) ასპექტი, რომელმაც ბიოსფეროს გარეთ უკვე განვითრების ოთხი რევოლუციური ნახტომი განიცადა. ადამიანი დაბადებით ისევ, მხოლოდ, ბიოსფეროს ინდივიდია, მაგრამ აღზრდის პროოცესის საწყის ეტაპზევე ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობასთან ზიარების პროცესში ექვემდებარება აღნიშნულ ფსიქიკურ გარდაქმნას, რომელსაც, პირობითად, შეიძლება ვუწოდოთ ბიოსფეროს ინდივიდის სინამდვილის ახალი სფეროს (ალტერნატიული დასახელება “ნოოსფერო”) ინდივიდად _ “პიროვნებად” (ალტერნატიული დასახელება _ ნოოიდი) ჩამომყალიბებელი გარდაქმნა (ზუსტი დასახელება _ განწყობის შნაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის მნიშვნელობის მიხედვით გადაგვარების მოხსნის გარდაქმანა). ამ გარდაქმნის შედეგად რეალიზებული მდგომარეობა _ პიროვნულობა _ ოთხი განსხვავებული მოდუსით მოიცემა, რაც გვაძლევს თხი განსხვავებული ტიპის ღირებულებათა სისტემის არსებობას, რაც ერთა (ალტერნატიული დასახელება _ ნოოსი) ოთხი განსხვავებული ტიპის არსებობის საფუძველია. პიროვნების, ერის ყოველი მოდუსი დამოუკიდებლად ექვემდებარება რევოლუციური საფეხუროვანი განვითარების პროცესს _ “ნოოფილოგენეზს”. დედამიწის (დედამიწის ნოოსფეროს) ისტორიაში დაწინაურებული ერების შემთხვევებში უკვე რეალიზებულია ოთხ ნოოფილოგენეზური საფეხური: ნოფილოგენეზის პირველი საფეხური _ ცნობიერების ტოტემისტური შრის ფორმირება; ნოფილოგენეზის მეორე საფეხური _ ცნობიერების მითოსური შრის ფორმირება; ნოფილოგენეზის მესამე საფეხური _ ცნობიერების რელიგიური შრის ფორმირება; ნოფილოგენეზის მეოთხე საფეხური _ ცნობიერების მეცნიერული შრის ფორმირება, ეროვნულ მემკვიდრეობაში ამ საფეხურთა ამსახველი მასალის ათვისება არის ერთადერთი გზა თანამედროვე ეტაპის პიროვნების ფორმირებისა. ყველაზე ადრე ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე შეუქცევადი გადასვლა დაიწყეს დასავლეთევროპის დაწინაურებუკლმა ერებმა. ეს არის ევროპული განმანათლებლობის ეპოქის არსი (18–ე ს.). ამაში მდგომარეობს დასავლეთის მოწინავეობა. მაგრამ ამ საფეხურზე გადასვლა ჯერ არ დამთავრებულა არც ერთი ერის შემთხვევაში, ამასთანავე 20–ე საუკუნეში მეოთხე საფეხურზე გადასვლას შეუდგნენ აღმოსავლეთის ერებიც, მათ შორის ჩინელებიც. ასე, რომ დღეს დასავლეთის მოწინავეობა ამ ასპექტით გაუქმებულია.
მეორე მხრივაც, განსხვავება, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორისაა ასახავს პიროვნულობის რეალიზაციის ორი მოდუსების განსხვავებას (რუსეთი და საქართველო არიან მესამე და მეოთხე მოდუსების რეალიზაციის მაგალითები) რაც (ეს მოდალური მრავალსახეობა) ვერ გამოდგება უპირატესობის კრიტერიუმად, რადგან ოთხივე თვისებრივი ტიპის ერი ფუნქციური ელემენტია თვითრეგულირების ცივილიზაციური პროცესისა, რომელიც გარკვეული წესის მიხედვით მათი აქტიურობის ეტაპების ცვლაში გამოიხატება. ასე, რომ დღეს არააქტუალურად მიჩნეული ტიპის კულტურას აუცილებლად კვლავ დაუდგება მისი უპირატესობის მომტანი შემოსაზღვრული დრო

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
16.01.2013 22:06
არ შეიძლება არ დავეთანხმოთ ალექსანდრე მურაშკინის იმ მოსაზრებას, რომ სრულიად უსაფუძვლოა 17-ე საუკუნის ჰოლანდიური ფერწერის რომელიმე ფერწერულ სკოლაზე მაღლა დაყენება. შეიძლება ითქვას მეტიც, არ არსებობს კრიტერიუმი რომელითაც თვით ნეოლითის ხანის კედლის ფერწერა შეიძლება დააყენო, თუნდაც, იტალიური რენესანსის ფერწერაზე დაბლა.
წერილის ავტორის მიერ არჩეული (საზოგადოდ, გარედან თავსმოხვეული) პოზიცია ე.წ. ღირებულებათა დასავლური სისტემის უპირატესობის პოსტულატად შემოპარების მცდელობაა. პოსტულატად წარმოდგენას ის საფუძველი აქვს, რომ არ არის ზუსტად განსაზღვრული არც დასავლეთის განმასხვავებელი მახასიათებლი და არც დასავლეთის მდგომარეობის ღირებულება და მნიშვნელობა ადამიანის და საზოგადოების განვითრების კონტექსტში.
საყოველთაოდ გაბატონებული შეხედულების მიხედვით ადამიანი საერთოდა არ ვითარდება, განვითარებას განიცდის მხოლოდ მისი ყოფიერების ფორმა. ამდენად დროში მომდევნო დროში წინმსწრებზე აუცილებლად უკეთესია (გარდა ნგრევის შემთხვევისა)..

ავტორი: ალექსანდრე მურაშკინი საიდან გვწერთ: თბილისი
15.01.2013 15:58
დემოკრატია ქართველების პოლიტიკური არჩევანი არაა. საქართველო არაა კომპეტენტური პოლიტაზრივნების სივრცე. დემოკრატიას ქართველი მოქალაქეები ითხოვენ, რადგანაც დემოკრატია ესმით როგორც „დასავლეთი“, „ევროპა“ , ხოლო ევროპა და დასავლეთი კი , როგორც „კარგი ცხოვრება“. ეს სხვათა შორის საბჭოთა სინდრომია. თუმცა 9 წლიანი ამერიკული ოკუპაციისა და დიქტატურის შემდეგ ნაკლებად ითხოვენ ქართველები დემოკრატიას. არსებობენ აგრეთვე ისინიც, ვინც დემოკრატიას საახალწლო სუფრაზე გოჭის გამო არ ითხოვენ. ესენი ნამდვილი ქართველი დემოკრატები არიან. ესაა ნმიშვნელოვანწილად ბოლო საბჭოთა თბილისელების თაობა, რომლებსაც პერესტროიკამ ადრეულ ახალგაზრდობაში მოუსწრო - ქართველი „ევროპერელბი“ , რომლებიც უსმენდნენ როკს და თავმომწონედ პოზიციონირებდნენ როგორც „ანტიგრუზინები“.
ხალხის ნება მართლაც შეიძლება იყოს ერთიანი, ურყევი და განუყოფელი და ამავდროულად სრულიად არ გამორიცხავსდეს დემოკრატიას. ხალხის ნება იყო ტოტალური და ურყევი 9 აპრილს - საბჭოთა კავშირიდან გასვლისა და ეროვნული დამოუკიდებლობის სურვილს გამოხატავდა ეს ნება. ეს პროცესი იყო სწორედაც დემოკრატიული, რაგდანაც მას ხალხი წარმართავდა.
„...შეგიმჩნევიათ ის უცნაური გრძნობა, როდესაც ევროპული დედაქალაქების მუზეუმებში ანტიკური სკულპტურებისა და შუა საუკუნეების დარბაზების მერე მე-17 საუკუნის ჰოლანდიურ ფერწერას გადააწყდებით? როდესაც ხედავთ, რომ, განსხვავებით წინა ეპოქებისაგან, არც წმინდა ოჯახის გამოსახულებებთან გაქვთ საქმე და არც - წმინდანების მარტვილობისა, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ სურათებთან: უსახელო ქალები, რომლებიც წერილებს კითხულობენ და უსახელო მკერავები, რომლებიც სამუშაოში არიან ჩაფლულნი - აი, სად მოხდა სეკულარიზაცია ხელოვნებაში“.
მიუხედავად იმისა, რომ აქ თითქოს პირდაპირ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ სეკულარიზაციის შედეგად უფრო კარგი ხელოვნება მივიღეთ, ამ აბზაცის კონტექსტი ,მისი ენის ლირიზმი („უსახელო ქალები, რომლებიც წერილებს კითხულობენ და უსახელო მკერავები, რომლებიც სამუშაოში არიან ჩაფლულნი“), მისი გათვლილობა საზოგადოების გემოვნებასა და განათლებაში არსებულ კონიუკტურაზე (მე-17 საუკუნის ჰოლანდიური ფერწერა - კარგ შემთხვევში, იმპრესიონისტები - ნებისმიერ შემთხვევაში, და ა.შ.) , ამ აბზაცის მთელი მიზნობრივი დატვირთულობა სწორედ ამას გულისხმობს - სეკულარიზაციამ ხელოვნების გაუმჯობესება გამოიწვია. ამ მსჯელობის იმპლიციტური შედეგი საკმაოდ საეჭვოა ხელოვნების თვალსაზრისით. ობიექტურად არ შეიძლება იმის თქმა , რომ კანდინსკი სჯობს დუჩო დი ბუონინსენიას ან პირიქით. მსგავსი რამის თქმა შესაძლებელია არგუმენტაციის შესაბამის დონეზე, რომელიც არასოდესაა მეცნიერული ობიექტივიზმის დონე. გარდა ამისა შეგვიძლია შევხედოთ ხელოვნების სეკულარიზაციის პროცესს მისი დასაწყისიდან დღემდე და დავინახოთ ცალსახა კულტურული დეკადანსის ხაზი, რომლის იმანენტურობაც სეკულარიზმისთვის ასევე შეიძლება იყოს მეცნიერული თუ ფილოსოფიური მსჯელობის თემა.
„მაგალითად, რელიგიისა და სამართლის გამიჯვნა. გახსოვთ, როგორი იყო სამართალი რელიგიურ ეპოქაში? ბრალდებულს აწამებდნენ, ხოლო წამებისათვის გაძლება იმის ნიშნად ითვლებოდა, რომ ღმერთმა მას ძალა მისცა, რადგან სიმართლე მის მხარესაა. ამას ორდალია ერქვა და სწორედ მისი გაუქმების შედეგად მივიღეთ თანამედროვე მართლმსაჯულება“.
ავტორი კარგად უნდა იცნობდეს მიშელ ფუკოს ნაშრომს „უთვალთვალებდე და სჯიდე“ , სადაც ძალიან ზუსტადაა აღზერილი თუ რა მივიღეთ „ორდალიას გაუქმების შედეგად“. ხსენებული ნაშრომის მეცნიერულობის მაღალი ხარისხი მწვავედ პოლემიკურია აქ გამოთქმული აზრების მიმართ.
„რელიგიისა და მეცნიერების გამიჯვნა“
განვიხილოთ ეს საკითხი არა მეცნიერების პროგრესის თვალსაზრისით არამედ ამგვარად: „მეცნიერება რელიგიის სანაცვლოდ“. საკითხის ასე დასმა სრულიად მართებულია , თუ მხედველობაში მივიღებთ ფაქტს, რომ შუა საუკუნეები რელიგიური ინტენსიობის საუკუნეებია , ხოლო თანამედროვეობა მეცნიერული მიღწევების დროა და რომ სწორედ სეკულარიზაციის პროცესმა განაპირობა ეს სხვაობა დროში და შესაბამისი სინქრონულობა დროის ნებისმიერ მომენტში. შევხედოთ რა შინაარსობრივი გამოხატულება აქვს ამ ვითარებას დღეს: დეკადანსი ზნეობის, სულიერების, კულტურის სფეროში vs iPhone, intelCore7 etc.etc.

ავტორი: ემზარ ხვიჩია საიდან გვწერთ: თბილისიდან
08.01.2013 21:11
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის გაუგებარია კომენტატორები რატომ მალავენ ნამდვილ სახელს. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მათ არა აქვთ გადალახული აზრისგან პერსონის დისტანცირების მიჯნა? ამის გარეშე აზრის განხილვა პერსონის განხილვაში გადადის და აზრს კარგავს, თუ პერსონა არ არის გრანდიოზული.
რაც შეეხება თემას. ავტორი მსჯელობს რელიგიის და მეცნიერების გამიჯვნაზე, მაგრამ ტექსტის შინაარსის მიხედვი შეიძლება ითქვას, რომ მას არა აქვს ზუსტი დეფინიცია ამ ორი ცნების. ამდენად ეს მცდელობა უსუსურია. რა არის რელიგია და რა არის მეცნიერება? _ მინდა ვკითხო ავტორს.
კეთილი სურვილებით _ ე. ხვიჩია

ავტორი: ლუკა საიდან გვწერთ: თბილისი
06.01.2013 17:44
მართლმადიდებლური ეკლესია არის საქართველოს განმანათლებელი. პირველი ქართული წიგნი დაიწერა ეკლესიაში. გელათის აკადემია იყო პირველი ქართული სასწავლებელი. ასეთივე დადებითი როლი ითამაშა ქრისტიანობამ ევროპული მეცნიერების განვითარებაში. პირველი უნივერსიტეტები და ბიბლიოთეკები შეიქმნა ეკლესიებთან. ამის მაგალითია ოქსფორდის უნივერსიტეტი რომელიც დაიწყო ოქსფორდის ეკლესიიდან. ახლახან გამოქვეყნდა ისააკ ნიუტონის თეოლოგიური ნაშრომები რომლებიც მოცულობით აჭარნბებს მის სამეცნიერო ნაშრომებს. ნიუტონმა გადატრიალება მოახდინა მეცნიერებაში და საფუძველი ჩაუყარა კლასიკურ მექანიკას. ნიუტონი თავდადებული ქრისტიანი იყო.
http://www.shalomlife.com/business/16698/newtons-theological-collection-digitized-and-uploaded-by-israels-national-library/

ავტორი: ზოზო საიდან გვწერთ: თბილისი
04.01.2013 20:42
აკიბა – აგერ ახსნილია "არალიბერალური დემოკრატია" გიგას მიერ. http://www.youtube.com/watch?v=tpRcQtSmaLQ

ავტორი: ილფეტროვი
04.01.2013 18:09
БОГА - НЕТ ! РЕЛИГИЯ-ОПИУМ ДЛЯ НАРОДА!
О.БЕНДЕР

ავტორი: ბრიყვი
04.01.2013 16:47
რა წერია საქართველოს ისტორიის პირველ თავში?

ავტორი: ირმა
02.01.2013 13:59
უნიში რომ ხატები და სამლოცველო არ იყოს უნდა იყოს სხივი,საღი აზრისა და მეცნიერებს..თავისთავად გაფანტავს.დვალი ხან "მეცოდება" რაში გაყო თავი..საბოლოოდ არ გააქციონ აქედან...

ავტორი: ანონიმი
31.12.2012 14:17
საქართველოში დემოკრატებად წოდებულმა სუბიექტებმა არ იციან რომ საბჭოთა მაფიოზი და ყაჩაღი პროფესორად და დემოკრატად არ უნდა გამოაცხადო და ფარაონივით არ უნდა დაკრძალო რა დროს რელიგია და ასეთი რთული ცნებებია მაგათთვის.

ავტორი: naturali საიდან გვწერთ: tbilisi
30.12.2012 22:39
კაი გამარჯობა ყველას

აკიბა გაგიმარჯოს.
მე როგორც იმერელს მალე მავიწყდება წყენა

ალბათობა იმისა რომ ხილული სამყარო მატერიის ევოლუციის შედეგად შეიქმნა თუ ღმერთმა ანუ აბსოლიტურმა გონმა შექმნა

ლოგიკურად თანაბარია ერთი შეხედვით

ასე რომ თუ დაუშვებთ რომ ღმერთი არსებობს დაფიქრდით ხელს თავზე არავინ გადაგისვებთ აუ რა მაგარი
იაკობი ხარ რა დიდს დაჭიდებიხარო

ისე უღმერთო საზოგადოებაც მოუწყვია ადამიანებს და რაც მიიღეს იმას რა აღწერს

ბევრის სიძულვილი ღმერთისადმი კრიმინალების სიძულვილს მაგონებს მიუკერძოებელი მოსამართლის მიმართ ბოროტების უსაქციელობის თუ გარყვნილების პატიება რომ არ იცის და არც ქრთამს იღებს

ისე რომ იცოდეთ დარვინი სინანულში და ბღავილში მომკვდარა ღმერთო ეს რა დავწერეო

თუ არ შემეზარა კითხვებს დავსვამ და იმსჯელეთ რა არის სამყაროს პირველ მიზეზი

თუ არ შემეზარა იმიტომ ვამბობ რომ ლენინმა თქვა ძნელია სულელებს და ფანატიკოსებს ელაპარაკოო

სულელები აქ არავინაა მგონი მაგრამ რაიმეს რისი არსებობაც ან არარსებობაც რომ ჯერ არ ვიცით თან რაიმე საკუთარი მიზეზით გძულს და განსხვავებულ აზრიც არ გინდა ესეც ფანატიზმთანაა წილნაყარი

მეც ვცოდავ ამ მხრივ ეგებ ერთი შეხედვით მაგრამ იმისგან განსხვავებით რაც მე მძულს და არავითარი დადებითი არ გააჩნია 10 მცნება მაინც აქვს ღვთის იდეას.

მასე რა საშინელებაც საერო ხელისუფლებას ჩაუდენია სახელმწიფოც გავაქროთ

ატომური ენერგიაც თუ მოხვდა ცუდ ხელში მისგან მოსალოდნელი სიკეთის ნაცვლად რა უბედურების მოტანა შეუძლია

ასევეა რელიგიაც გააჩნია ვის ხელშია

ზარბაზნიანი ანონიმის არ იყოს გაიხარეთ და ახალ წელს გილოცავთ



ავტორი: tutuci
30.12.2012 20:38
ანონიმებს მინდა ვუთხრა რომ ეკლესია ერთ ერთი ყველაზე დიდი მონათმფლობელი იყო,

საქართველოს მაგალითიც საკმარისია ამისთვის

გსმენიათ რამე საეკლესიო გლეხობაზე? გლეხობა რომელიც ემსახურებოდა და ბეგარას სწირავდა არა თავადდს არამედ ეკლესიას

აღარაფერს ვამბობ ბიზანტიურ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და ჯვაროსნულ გამოხტომებზე

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: მულღაზანზარიდან
30.12.2012 19:21
1. ფუძე – "მიჯნა" პირის ნიშანი "ვ", ასე რომ
გამიჯნვა და არა გამიჯვნა.

2. რელიგიისა და განათლების გამიჯნვა იმაზე უფრო რთულია, ვიდრე თქვენ წარმოადგინეთ ამ სტატიაში. თუნდაც იმიტომ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც მინიმუმ სახელწოდების გამო ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ერთ–ერთი ხატი უნდა იყოს, შიგნით კორპუსებშია სამლოცველოები მოწყობილი და შესასვლელში საკმევლის სუნი დგას ხოლმე.

გმადლობთ ყურადღებისთვის.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
30.12.2012 19:41
1. ფუძე – "მიჯნა" პირის ნიშანი "ვ", ასე რომ გამიჯნვა და არა გამიჯვნა.

გარკვეულ ბგერებთან მეზობლობაში სუფიქსი "ვ" (რომელიც, სხვათა შორის, არ არის პირის ნიშანი) ადგილს იცვლის:
კლ-კვლა
კრ-კვრა
ძრ-ძვრა
ხნ-ხვნა
იგივე ხდება "გამიჯვნა" ფორმაში.
(იხ. ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი)

ავტორი: ანონიმი
30.12.2012 18:40
რიგოლეტო,
გეთანხმებით, ნამდვილად ასეა, ალჟირის პრობლემაც სწორად გაანალიზეს ფრანგებმა, მხოლოდ მცირედი ნაწილი ჭირვეულობს და არ აღიარებს კოლონიზაციას.
ბოლოს და ბოლოს თავად დე გოლმე მიმართა ალჟირელებს ისტორიული სიტყვებით: "ჟ'ე ვუზ ე კომპხი" "მე თქვენ გაგიგეთ ან გიგებთ"
რათქმაუნდა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ დაკარგულ რეგიონებთან დაკავშირებით.
აქვე მინდა გითხრათ რომ აგვისტოს ომი, აშკარა პროვოცირება იყო და , რუსი ნამდვილად მოდიოდა.
ასევე პატივისცემით

ავტორი: რიგოლეტო
30.12.2012 17:59
ავტორი: ანონიმი
30.12.2012 14:56

ძალიან კარგი კომენტარია სწორი აქცენტებით. მაგრამ ყველაფერში ვერ დაგეთანხმებით. საფრანგეთში რომ ნაცისტური გერმანია ოკუპანტად მიიჩნევა, გასაგებია. საფრანგეთი არ დასხმია თავს გერმანიას, პირიქით მოხდა. მაგრამ ამას როცა 2008 წლის აგვისტოს მდგომარეობას ადარებთ, ნუ დაივიწყებთ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც. რუსეთი, ცხადია, ოკუპანტია. მაგრამ ისე არ უნდა გამოგვივიდეს, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას არ მიუძღოდეს თავისი წილი დანაშაული იმ ომში და საქართველოს კანონიერი ტერიტორიების დაკარგვაში. თანაც თუ ცენტრსა და ურჩ პროვინციებს შორის ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ, არც ის იქნებოდა ცუდი გვეთქვა, როგორი იყო და არის ფრანგების თვალსაზრისი ალჟირის პრობლემაზე. ნორმალურად მოაზროვნე ფრანგები არ უფრთხოდნენ ამ საკითხში საკუთარი შეცდომების აღიარებას. სხვა მხრივ, როგორც უკვე ვთქვი, სასიამოვნოა ასეთი კომენტარების კითხვა და მათ ავტორებთან კამათი. პატივისცემით

ავტორი: ანონიმი
30.12.2012 14:56
ფრანგების მაღალი ცივილიურობის მაჩვენებელია სწორედაც ის , რომ ვოლტერის პიროვნებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არსებობს, ისევე როგორც ნაპოლეონთან და სხვა ისტორიულ პიროვნებებთან.
ჩვენგან განსხვავებით ფრანგებს არ ყავთ კერპები, "ხელშეუხებლები". ფრანგი ინტელექტუალები ყველაზე და ყველაფერზე საუბრობენ.
მახსენდება "დიდი ათეული", როგორ უკრძალავდა ჩვენი ეკლესია ილიაზე და აღმაშენებელზე როგორც საერო პიროვნებებზე საუბარს, "რიგითობა არ შეიძლება წმინდანებში" მოტივით.
ერთადერთი რაზეც საფრანგეთში ყველა თანხმდება და ერთსულოვნები არიან, ეს მეორე მსოფლიო ომის ფრაგი კოლაბორაციონისტების სიძულვილია.
დღესაც მიდის სასამართლო პროცესები, სადაც ნაწილი მათი შთამომავლების ცდილობს დაამტკიცოს წინაპრების უდანაშაულობა, ხოლო მეორენი კი ბოდიშს იხდიან ფრანგი ხალხის წინაშე.
აქაც გვჯობნიან, ჩვენ ხომ დღემდე ვარკვევთ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, ვინ დახოცა ქართველები 9აპრილს, და საერთოდ რუსეთი ჩვენი მეგობარია თუ მტერი ვერ გაგვიგია, აი ფრაგების 100% თანხმდება, რომ გერმანელებმა დაიპყრეს მათი ტერიტორიის ნაწილი და იყვნენ ო კ უ პ ა ნ ტ ე ბ ი.
ასე რომ რადიკალიზმისგან შორს არიან ფრანგები, ნებისმიერ საზოგადო მოღვაწეს აფასებენ მისი ნაკლის და ღირსების, რეზულტატების, შედეგების მიხედვით, ერთი დაშვებული შეცდომის გამო მიღწეულ წარმატებებს არ უკარგავენ, და არ ახდენენ ერთის გაიდიალებას,, და მეორის დემონიზაციას, ეს დაბალ გავითარებული ერის თვისებაა.
100% უყვარს პატრიარქი და ის არის ჩვენი ღმერთი, და ასევე 100% ეზიზღება ბაჩო ახალია, რადგან ის არის სატანა და ყველა უბედურების სათავე.
ნეტარნი ხართ ასე მოაზროვნენი.
ასე რომ ვოლტერის პიროვნება სადავოა, და მე მას ამ გამონათქვამში აბსოლუტურად ვეთანხმები.

ავტორი: ანონიმი
30.12.2012 03:06
ვოლტერი მონათმფლობელი იყო და რა თქმა უნდა მტრობდა ეკლესიას რომელმაც ახალი წელთაღრიცხვის პირველი წლებიდან ომი გამოუცხადა მონათმფლობელობას. ვოლტერიანობის შედეგი იყო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის და არა მარტო მისი მოოხრება და ვანდეელთა უბედურება თუ აი ასეთი გონების კერპის აღმართვა. ასე რომ ფრანგების აზრითაც უფრო სამაგალითო ხალხი ნახეთ.

ავტორი: ანონიმი
29.12.2012 18:42
ვოლტერმა თქვა:
როგორი დაცლილი და ცარიელი უნდა ვიყო, რომ მღვდელი მჭირდებოდეს იმის ასახსნელად რატომ უნდა შევასრულო ათი მცნება.
მასას შეიძლება ჭირდება , თუ გავითვალისწინებთ რომ უმრავლესობას არ აქვს საკუთარი აზრი, თუთიყუშივით იმეორესბ სხვის მოწოდებულს..
ამიტომ რელიგია არ უნდა იყოს აუცილებელი და საყოველთაო.
"გყაავს მოძღვარი"? ( რამდენი გავქს ხელფასის არ იყოს) ეს უკულტურო კითხვაა, თუნდაც დაბალ ხმაზე და ღიმილით დასმული.
აღარაფერს ვამბობ " როგორ მოძღვარი არ გყავს??!!" ზე.
მაგრამ ეს ყველაფერი იქნებ 100 წლის მერე მოხდეს.
ახლა კი დავესესხები ბურჭულაძეს:
ჩვენთნა ყარს ღმერთი!

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
28.12.2012 21:20
ეკლესია სწავლობს.ეკლესია იზრდება.ახლო მომავალში ეკლესიას უდიდესი როლი ექნება დაბალი კლასის მოსწავლეების განათლებაში და რაც მთავარია თქვენ ბ.გიგა გპირდებით თქვენც კი იგრძნობთ ამის აუცილებლობას.გილოცავთ მომავალ ახალ წელს,გაიხარეთ)

ავტორი: tutuci
28.12.2012 09:32
ანდრია - თავად ფაქტი "ლათინების" და კათოლიკური ეკლესიისადმი, როგორც დანაშავისადმი თითის გაშვერისა, არის უკვე არასაღვთისმეტყველო და ეწინააღმდეგება კლასიკურ ქრისტიანულ სწავლებას როგორც განსჯა სხვისა, მითუმეტეს რომ მატ განიხილავ როგორც დამნაშავეებს და არა როგორც ერეტიკოსებს (თუმცა მე ეს უკანასკნელიც არ მესმის რაღა დაგიმალო)

გარდა ამისა, არ არის აუცილებელი საქართველოში ეპილეფსიანებს და კუდიანებს ცეცხლზე წვავდნენ, იმისათვის რომ გააკრიტიკო მამაო რომელიც თავში უტყაპუნებს ნეფეს ხელს ამბიონზე, ჯვრისწერისას

მაშინ როცა მთელი რიგი რელიგიური ორგანიზაციები ითხოვენ სასკოლო და საუნივერსიტეტო პროგრამებიდან ევლუციის თეორიის და სამყაროს შექმნის ე.წ. "დიდი აფეთქების" თეორიის ამოღებას, მაინტერესებს რა გარანტია გვაქვს იმისა რომ ხვალ სასულიერო პირები არ გამოიყენებენ ბერკეტებს ამგვარი ჩარევებისთვის

რელიგიკოსები არ არიან მეცნიერები, მათი გადასაწყვეტი არ უნდა იყვეს თუ რა განათლებას მიიღებს ახალგაზრდობა

ვისაც უნდა სულიერი განათლება არის ბატონო სასულიერო აკადემია და გზაც დაგვილოცნია

მაგრამ რელიგიური ცენზის შეტანა (ეჭვიც არ მეპარება რომ ამის მცდელობა იქნება თავის მიტინგებით და უნივერსიტეტებთან გალობა-ლოცვა-მარხვა-ღამის თევით) უმაღლესი განათლების სტრუქტურებში ... შუა საუკუნეებია!

ასე რომ ახალი მთავრობის ეს კონკრეტული იდეა ჩემთვის სხვა არაფერია თუ არა პოპულიზმი ხალხთან, ხალხთან რომელიც უკვე მერამდენედ ახდენს შუა საუკუნეების აზროვნების გამოვლინებას, ამ აზროვნებისაა მთელი საქართველო ლამის

ავტორი: ანდრია
28.12.2012 03:02
რატომ ხდება, რომ, როცა რელიგიაზე საუბრობთ, მხოლოდ კათოლიციზმთან დაკავშირებული მაგალითები მოგყავთ, მერე კი კვლავ საქართველოს უბრუნდებით? არ შეიძლება რელიგიისა და საზოგადოების, სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ზოგად კონონზომირებებზე ვისაუბროთ მხოლოდ ერთი კონკრეტული კონფესიის მაგალითზე. გამიწიერებული ხატწერა, ინკვიზიცია და ა.შ. კათოლიციზმის დაცემის შედეგია და უცხო და მიუღებელია მართლმადიდებლობისათვის. კანონის პროექტი მართლაც შესაცვლელია, მიუღებელია პატრიარქს დაავალო თეოლოგიაში აკადემიური მოსწრების შესაფასება. თვით ეკლესიაში თეოლოგიურ საკითხებზე საღმრთისმეტყველო კომისიას ევალება მსჯელობა და არა მხოლოდ პატრიარქს. მაგრამ ერთი ხელის მოსმით ლათინების უკეთურების შედეგების პროეცირება ქართულ რეალობაზე რბილად რომ ვთქვათ შეცდომაა.

ავტორი: tutuci
28.12.2012 00:23
რელიგიკოსები როგორც წესი ვერ გაურბიან ცდუნებას - საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ ყველა და ყველაფერი თუკი ამის საშუალება მიეცემათ --- არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან

საქართველოში ამის ბევრი მაგალითი გვაქვს და ამაზე საუბარი ზედმეტადაც მეჩვენება

სამწუხაროა რომ განათლება საპატრიარქოს არათუ გავუმიჯნეთ, პირიქით მისი გავლენის ქვეშ მოვაქციეთ

იმედია აწი მეცნიერი რომელიც ასწავლის რომ ჭეშმარიტება ცოდნაა და არა რწმენა მითისა, ერეტიკოსად და მწვალებლად ოფიციალურ დონეზე არ გამოცხადდება

თუმცა ასეც თუ მოხდა დიდად არ გამიკვირდება

მეცნიერება და განათლება ჩემი ღრმა რწმენით თავისუფალი უნდა იყოს ყველანაირი კლიშესგან, ის უნდა კვებავდეს საკუთარ თავს და მასში უნდა იზრდებოდნენ მოაზროვნე მეცნიერები, სწავლულები, იდეების გენერატორები

სამწუხაროდ საქართველოში არ გვეღირსა ჭეშმარიტი მეცნიერების ხილვა, ის ან პარტიულია ანდა სულიერი - ორივე შემთხვევაში ის -დამოკიდებულია-

ამის შედეგიც თვალსაჩინოა, გადახედეთ საქართველოს უახლეს ისტორიას და დაინახავთ რაოდენ კრიტიკული და დამოუკიდებელი გონით "ვაზროვნებთ"

ავტორი: ანონიმი
27.12.2012 23:39
გიგა,
გმადლობ, კარგი სტატიაა, თავშეკავებულად და გააზრებულად დაწერილი, სამწუხაროდ ამას დღეს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7% მიხვდება, იმიტომ რომ 93% სთვის პატრიარქის სიტყვა კანონია, მაგრამ რას ვიზამთ, დღეს განვითარების ამ ეტაპზეა ერი, იმედია წინ წავალთ და არა უკან შუასაუკუნეებისკენ.
კიდევ ერთხელ გმადლობ გიგა!

ავტორი: პროფესორები
27.12.2012 22:02
სიცრუის რელიგია

ყოველგვარი რელიგია ეფუძნება გარკვეულ რწმენას. ტერმინი „სიცრუის რელიგია“ ეკუთვნის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბენჯამენ დიზრაელს. ეს რელიგია აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილი არიან განსაკუთრებული დამოკიდებულებით სიცრუისა და ჭორის მიმართ. რაც დროთა განმავლობაში მოთხოვნილებად ექცევა, ვინაიდან ჭორი და სიცრუე მათთვის უკვე ჭეშმარიტებად ყალიბდება. ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ ისინი თვითონ იგონებენ ჭორს, რათა დაიჯერონ იგი და შემდეგ იმსელონ მასზე. ჩვეულებრივ ასეთი „მორწმუნეები’’ გაუაზრებლად, მეტიც, ბოროტად “იმარჯვებენ“ არგუმენტებს, რათა გაამართლონ ჭორი და თუ მას კითხვას დაუსვამენ ამის შესახებ, “პასუხებს“ უმალ, იმავე მომენტში იგონებენ.

ექსპერიმენტი 1.

კითხვა: არის თუ არა ბაჩო ახალაია დამნაშავე?

პასუხი: რა თქმა უნდა არის.
კითხვა: თქვენ თვითონ რა დაგიშავათ?
პასუხი: მე არაფერი.
კითხვა: რაში ადანაშაულებთ?
პასუხი: ციხეში პატიმრებს აწამებდა!
კითხვა: საიდან იცი?
პასუხი: ყველა ამბობს.

აქ არსებობს უფრო „ღრმად მორწმუნეთა“ პასუხიც: “ჩემმა ძალიან ახლობელმა მითხრა, რომელმაც ყველაფერი თავისი თვალით ნახა.“
მოტანილი დიალოგი ასპროცენტიანია იმ თვალსაზრისით, რომ ყოველი „მორწმუნე“ გამონაკლისის გარეშე ზუსტად ზემომოყვანილ პასუხს გასცემს შეკითხვებს.

ექსპერიმენტი 2

კითხვა: როგორ ხდება, რომ დასავლეთის პრესა და პოლიტიკოსები მკაცრად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების’’ მიერ ქვეყანაში გატარებულ პოლიტიკას: რეპრესიებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შევიწროებას?

პასუხი: დასავლეთის ქვეყნებმა სიმართლე არ იციან. მათ ინფორმაციას სააკაშვილი აწვდის. ბატონი ბიძინა ახლა მათ ნამდვილ ინფორმაციას მიაწვდის და ისინი ყველაფერს შეიტყობენ.

კითხვა: თქვენ მართლა გგონიათ რომ ამერიკამ სინამდვილე არ იცის და ისინი მარტო სააკაშვილის ინფორმაციაზე არიან დამოკიდებული? ამხელა სადაზვერვო და საინფორმაციო სამსახურები ტყუილად ჰყავთ?

ეს კითხვა “ნაკლებმორწმუნეებს“ ვერაფერს დააკლებს, ვინაიდან ისინი მას პასუხს არ გასცემენ. მაგრამ „ღრმადმორწმუნეებს“ ამ კითხვაზეც აქვთ პასუხი: სააკაშვილი ფულს უხდის ამერიკას. ერთმა ძალიან ახლობელმა მითხრა, რომ 2012 წელს გაზაფხულზე ორი მილიარდი ლარი თუ დოლარი (კარგრდ არ მახსოვს) გადაუხადა მათ. ნეტარ არიან მორწმუნენი!

ასეთია ის რელიგია, რომელის მრევლზეც ამბობს ესაია წინასწარმეტყველი: „თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით, არც უნდათ გაიგონ.“

ავტორი: გოგია საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
27.12.2012 20:53
მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი მაქვს ავტორის მიშისტობაზე და ვეძებდი საბაბს პოლემიკისათვის- ერთი ნაკლიც კი ვერ ვუპოვე საერო საზოგადოებისა და რელიგიური ცხოვრების გამიჯვნის აუცილებლობის საკითხში-ბრავო! 1000 ჯერ ბრავო!

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: თბილისი
27.12.2012 18:46
“Erecting the wall of separation between church and state,” therefore, is absolutely essential in a free society.”

-- Thomas Jefferson, to the Virginia Baptists (1808) ME 16:320.

ავტორი: აკიბა
27.12.2012 16:54
„... რომ ლიბერალურ დემოკრატიაში ყველა ადამიანი ერთ აზრზე და „ერთ ნებაზე“ ვერანაირად ვერ იქნება...„

ბატონო გიგა, ხოვ ვერ გაგვიშიფრადით „არალიბერალურ დემოკრატიას„?

„გალილეის ამბავი ხომ ყველას გვისწავლია სკოლაში? თუ დღეს ამ ამბავს აღარ ასწავლიან? აი, დედამიწის ბრუნვის აღმოჩენაზე რომ ათქმევინეს უარი დაჩოქილს, რის შემდეგაც წამოდგა და თქვა, ის მაინც ბრუნავსო? გამიჯვნის ამბავია, ლეგენდად გადმოცემული„.

ბატონო გიგა, დემოკრატიისა არ იყოს, ეტყობა სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვანაირად ისწავლებოდა ეგ ამბავი. ჩემს სკოლაში, მაგალითად, კოპერნიკი ითვლებოდა დედამიწის ბრუნვის აღმომჩენად. გალილეი კი როგორც ამ თეორიის მიმდევარ–პროპაგანდისტი, ისე გაასამართლესო..



ავტორი: GERMANE
27.12.2012 16:47
ბატონო გიგა, ძალიან საინტერესო თემაა ზოგადად.
ეკლესია-სამოქალაქო საზოგადოების გამიჯვნა იქამდეც მიდის, რომ დასავლეთის ბევრი სახელმწიფოს სკოლებსი თუ სახელისუფლო დაწესებულებებში რელიგიურის სიმბოლოების გამოფენა აკრძალულია.

აქამდე დიდ გზაა გასავლელი.

ის საკითხი კი, კონკრეტულად რომ ახსენეთ - პატრიარქის მიერ სამეცნიერო ხარისხის მინიჭების თემა - მე მგონი აქ დიდი სადაო არაფერია.
თუკი საპატრიარქო აზროვნებს - ამაზე ან თავად უნდა თქვას უარი და რატომ:

სახელმწიფო აფინანსებს სასულიერო სკოლებს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სკოლას.
თუკი ამ წესის დატოვება სურს საპატრიარქოს, მაშინ ის ვერ წაუვა - დღეს ან ხვალ ან ერთი ათწლეულის მერე. თუ სასულიერო სკოლები სხვა სკოლების მსგავსად ფინანსდება, მაშინ ის სხვა სკოლებივით ვერ წაუვა ზეწოლას სახელმწიფოს მხრიდან. დღეს ეს ძეწოლა შეიძლება სასიამოვნო იყოს პატრიარქიატისათვის და ხვალ უსიამვნო.
ამიტომაც საპატრიარქო თავად უნდა ცდილობდეს ამ გამიჯვნას.
ამ გამიჯვნის შედეგი კი კონკრეტულად ასე უნდა იყოს - პატრიარქს აქვს (და ეს რა თქმა უნდა!) მიანიჭოს სამეცნიერო ხარისხი ქართული მართმადიდებლური რელიგიის ეგიდით - ანუ მაგალითად - "ქარტული მართლმადიდებლური რელიგიის დოქტორი ან პროფესორი (ეს უფრო თანამდებობრივია)" მაგრამ, არ აქვს უფლება მიანიჭოს ზოგადად "თეოლოგიის დოქტორის" წოდება.

აი თუკი ეს გამოყოფა მოხდა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და პატრიარქი მართლაც რომ უზენაესია ამ რელიგიის სწავლებისათვის - მაშინ პრობლემაც არ არსებობს.

თუკი ვინმეს სურს ატაროს "თეოლოგიის დოქტორის" სახელი - მან თეოლოგია უნდა ისწავლოს არამარტო მართლმადიდებლობის ჭრილით - ამას კი საჯარო სამეცნიერო ინსტიტუციები და მათი მრავალსაფეხუროვანი სტრუქტურები უნდა ანიჭებდნენ.

ეკლესია - სახელმწიფოს გაყოფა იმასაც ნიშნავს, რომ ვერავინ ჩაერევა იმაში, თუ რას მიანიჭებს ეკლესია და ვის. საკუთარი კომპეტენციის - ანუ მართლმადიდებლური ქართული ეკლესიის ფარგლებში ეკლესიას და პატრიარქს ის უფლება უნდა ჰქონდეს, რაც საერთოდ ეკლესიას სურს. სახელმწიფოს აქ ჩარევა არ უნდა შეეძლოს.

მე ვიმედოვნებ, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თავის თავს სახელმწიფოს არ დაუკაბალებს.

ავტორი: ოლეგა საიდან გვწერთ: კასპიდან
27.12.2012 16:45
მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ამ გამიჯვნების შემდეგ პოულობს რელიგია საკუთარ სფეროს, რომელიც არაა შერეული და, ვთქვათ პირდაპირ, შერყვნილი სხვა ინტერესებითა და ლოგიკებით. ეს რწმენის სფეროა - რაღაც ტრანსცენდენტურის რწმენისა, რომელიც მორწმუნეთათვის ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც, საზრისს ანიჭებს.
---------------------------------------------------------------------
მანცვიფრებთ ბატონო გიგა...ესენი ჯერ ასობგერა "გ" ზე არიან და სიტყვა გენდერი ახლახან ისწავლეს,თქვენ კიდევ რაღაც ტრანსცენდენტურის რწმენაზე ესაუბრებით...აი სიტყვა "ჰამაკს", რომ ისწავლის ამათი ატამანი მერე ამეცადინეთ ტრანსცენდენტურის რწმენაში ))))))))))

ავტორი: levani საიდან გვწერთ: tbilisi
27.12.2012 15:55
სამწუხაროდ მხოლოდ თეოლოგიაზე არაა საუბარი. მომყავს ამონარიდი იმავე კანონპროექტიდან:

ამასწინათ ინიცირებული განათლების კანონში ცვლილებების მიხედვით:

მუხლი 47/5. საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების პროგრამები
1. საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:
ა) თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) ხატწერის საგანმანათლებლო პროგრამა
გ) საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) საეკლესიო მუსიკის საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) ქრისტიანული ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ) დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საგანმანათლებლო პროგრამა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.

ეს მაშინ, როდესაც: კანონპროექტით მიხედვით, წარდგენილ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე სახელმწიფოს კონტროლის ხარისხი ნულის ტოლია.

გრანტებსაც სახელმწიფო იხდის, ეგეც შენი გაზრდილი დაფინანსება საპატრიარქოს.

ბლოგერები

სხვა მასალები

აუდიო უსახლკაროები დახმარების მოლოდინში

​ქუთაისის სკვერებსა და პარკებში უსახლკარო ადამიანები ღამეს ღია ცის ქვეშ სკამძელებზე ათევენ. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივ თვითმმართველობას 900-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა.
გაგრძელება

აუდიო საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი

​ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლქვის მოსახლეობა საძოვარს ითხოვს. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მიწა დაახლოებით ორი წლის წინ ფარულად გაიყიდა და მას შემდეგ სოფელში მსხვილფეხა საქონლის საბალახოდ ადგილი არა აქვთ.
გაგრძელება

აუდიო ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნარკოდანაშაულშია მხილებული

​ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპევიალისტის მოვალეობის შემსრულებელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
გაგრძელება

აუდიო კრემლი მოლდავეთს აფრთხილებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროპის კავშირი გააფრთხილა, რომ მოლდავეთში უკრაინის სცენარის გამეორებამ შეიძლება სავალალო შედეგი იქონიოს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული