პარასკევი, 24 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 13:29

რუბრიკები / მეათე სტუდია

„საქართველოს რკინიგზა“ - ახალი შემადგენლობით

მულტიმედია

აუდიო
„საქართველოს რკინიგზას“  ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. "საპარტნიორო ფონდის“ გადაწყვეტილებით, სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოკა გუნცაძე, დაინიშნა, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი – ოლეგ ბიჭიაშვილი. საკადრო ცვლილება მოიწონა „რკინიგზელთა თავისუფალმა პროფკავშირმა“, რომლის წარმომადგენლებმა ვითარების გაუმჯობესებისა და დაშვებული შეცდომების გამოსწორების იმედი გამოთქვეს. „საქართველოს რიკნიგზის“ მენეჯმენტის ცვლილებამ გულგრილი ვერც ეკონომისტები და პოლიტიკოსები დატოვა.

1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აგორებულმა გაფიცვების ტალღამ  „საქართველოს რკინიგზაში“ საკადრო ცვლილებებს დაუდო სათავე. კოკა გუნცაძისა და ოლეგ ბიჭიაშვილის თანამდებობებზე დანიშვნის გამო „რკინიგზელთა თავისუფალი პროფკავშირის“ ხელმძღვანელმა გია ყრუაშვილმა ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა:

„ეს არის პირველი გამარჯვება, იმიტომ რომ 2003 წლიდან დღემდე „საქართველოს რკინიგზაში“ ყოველთვის ინიშნებოდნენ არაკომპეტენტური პირები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ რკინიგზის განადგურებით და მილიონების დატაცებით იყვნენ დაკავებული“.

გია ყრუაშვილს სამართლიანობის აღდგენისა და რკინიგზის წინსვლის საქმეში განსაკუთრებით ახალი გენერალური დირექტორის, პროფესიონალი რკინიგზელის ოლეგ ბიჭიაშვილის ეიმედება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყრუაშვილი იწუნებს კოკა გუნცაძეს, რომელსაც რკინიგზასთან მიმართებით მხოლოდ მგზავრის გამოცდილება აქვს.

„საერთოდ, აუცილებელი არ არის, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რკინიგზელი იყოს. კოკა გუნცაძე გამოცდილი და პრინციპული ადამიანია, რომელიც არ შეეგუება უსამართლობას. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია, რომ კორუფცია და დანაშაული არ დაუშვას. ამ კუთხით, კოკა გუნცაძე ღირსეული კანდიდატია“, უთხრა გია ყრუაშვილმა რადიო თავისუფლებას.
„საქართველოს რკინიგზა“ უნდა ჩამოყალიბდეს თანამედროვე, მოდერნიზებულ კომპანიად, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური ჩარევისაგან ...

„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, უხერხულობას არც თავად კოკა გუნცაძე გრძნობს. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გამოვლისას მან განაცხადა, რომ თანამდებობაზე დანიშვნა არ უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას და რომ მისი ერთ-ერთი მიზანია გაათავისუფლოს რკინიგზა პოლიტიკური წნეხისგან:

„ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. „საქართველოს რკინიგზა“ უნდა ჩამოყალიბდეს თანამედროვე, მოდერნიზებულ კომპანიად, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური ჩარევისაგან, რაც ბოლო წლების განმავლობაში გამუდმებით ხდებოდა. საჭირო იქნება მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს ერთობლივი მუშაობა. სამეთვალყურეო საბჭო ფორმალობად იყო ქცეული. მან უნდა შეიძინოს ყველა ქმედითი ძალა და უფლებამოსილება, რასაც მას წესდება ანიჭებს“.

გუნცაძის თქმით, კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და შესაძლო დარღვევების შესწავლის მიზნით, „საქართველოს რკინიგზაში“ ამჟამად ოთხი აუდიტორული კომპანია მუშაობს, თუმცა ეკონომიკის ექსპერტი და „ქართული ოცნების“ ეკონომიკური კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი, დემურ გიორხელიძე, მიიჩნევს, რომ დარღვევების გამოაშკარავებასთან ერთად, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნების გამოვლენა და უარის თქმა კომპანიის მართვის მანკიერ ტრადიციაზე:

„ეს იყო თავშესაფარი, სადაც გავლენიანი ადამიანების ნათესავები და ოჯახის წევრები ძალიან მაღალ ხელფასებს იღებდნენ. თითქმის ოთხჯერ გაიზარდა აპარატის შტატი იმ პერიოდთან შედარებით, როცა რკინიგზას აკაკი ჩხაიძე მართავდა. ასეთ ვითარებაში ისევ არაპროფესიული გუნდის მიყვანა რკინიგზაში იქნება ძალიან სერიოზული შეცდომა. რაკი რკინიგზა დიდი ფინანსური ნაკადების გამტარებელია, ვიღაც ჯგუფი ცდილობს კონტროლის  განხორციელებას. სხვა აზრს ამ დანიშვნაში ვერ ვხედავ“.

რკინიგზის დეპორკინიგზის დეპო
x
რკინიგზის დეპო
რკინიგზის დეპო
ფინანსური თვალსაზრისით, „საქართველოს რკინიგზა“ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სახელმწიფო კომპანიაა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის პირველ 10 თვეში რკინიგზამ 17 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა. ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასევე ანგარიშგასაწევია სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც.

„ინტერესი „საქართველოს რკინიგზის“ მიმართ ყოველთვის მაღალი იყო როგორც შიდაპოლიტიკური ნაწილიდან გამომდინარე, ასევე თუნდაც გეოპოლიტიკური დატვირთვიდან გამომდინარე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნეს პროფესიული კუთხით და არა ვიღაცის ამბიციების დასაკმაყოფილებლად“, უთხრა ირაკლი ლექვინაძემ რადიო თავისუფლებას.

ინფრასტრუქტურისა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ეკონომიკის ექსპერტები შესაძლებლად მიიჩნევენ, კომპანიის აქციათა არასაკონტროლო პაკეტის გაყიდვას. საქართველოს რკინიგზის მაღალ საინვესტიციო საჭიროებაზე საუბრობს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი გია ხუხაშვილიც:

„მოზიდული იქნა ძალიან დიდი თანხა ევრობონდების სახით და ეს ყველაფერი არაეფექტურად იხარჯებოდა იმ ფონზე, რომ რკინიგზას აქვს ძალიან სერიოზული საინვესტიციო საჭიროება როგორც სავაგონო პარკის, ასევე სიჩქარეების პარკის მიმართულებით. არც ერთი სტრატეგიული პროექტი, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა ამ წლებში, არ ყოფილა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ეს შეეხება შემოვლით რკინიგზას თბილისის ირგვლივ და ეს შეეხება რკინიგზის ხაზის აბსურდულ მიყვანას აეროპორტში, რაც 17 მილიონი დოლარი დაჯდა, თუმცა შემოსავლის სახით მხოლოდ 6 ათასი ლარი მოიტანა“.
არ შეიძლება ერთსა და იმავე ორგანიზაციაში ერთი თანამშრომელი იღებდეს 17 ათას ლარს, მეორე კი 300 ლარს და ეს მეორე იყოს მუშა, რომელიც დღე და ღამე ლიანდაგებში ...

გია ხუხაშვილის თქმით, ასევე სათანადო გათვლებისა და რისკების დაზღვევის გარეშე გადაწყდა თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა:

„კორიდორში ადრე ტვირთები როცა მოძრაობდა, ჯერ გადაადგილდებოდა რკინიგზით, შემდეგ კი პორტებით, ანუ ფულს შოულობდა როგორც რკინიგზა, ასევე პორტები. ამ შემოვლითი გზის (თბილისი-ყარსი)  მშენებლობით შეიძლება ამ ტვირთების რაოდენობა გაიყოს და პორტებში მოხვდეს ნაკლები რაოდენობის ტვირთები, რაც გამოიწვევს ბათუმის და ფოთის პორტების შესუსტებას. ეს რისკი არ იყო კარგად თავის დროზე დათვლილი და, შესაბამისად, არც ხიფათი გაუთვალისწინებიათ“. 

თუმცა რკინიგზის მშენებლობა, ისევე როგორც გადაზიდვის ტარიფების შეცვლა, კომპანიის ხელმძღვანელობის კომპეტენციას სცდება. რიგითი რკინიგზელები, მათ შორის უკანასკნელ წლებში სამსახურიდან დათხოვნილები, ახალი ხელმძღვანელობისგან სამართლიანობის აღდგენას, ანაზღაურების გაზრდასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ელიან:

„არ შეიძლება ერთსა და იმავე ორგანიზაციაში ერთი თანამშრომელი იღებდეს 17 ათას ლარს, მეორე კი 300 ლარს და ეს მეორე იყოს მუშა, რომელიც დღე და ღამე ლიანდაგებში, ეკოლოგიურად მძიმე გარემოშია და რომლის შრომაზეც არის დამოკიდებული კომპანიის მთელი შემოსავლები. აი, ეს პრობლემებია პირველ რიგში მოსაგვარებელი!“ 

პრობლემების მოგვარების პირობას იძლევა „საქართველოს რკინიგზის“ ახალი ხელმძღვანელობა, თუმცა, როგორც კოკა გუნცაძე აცხადებს, ვიდრე გადაწყვეტილებებს მიიღებენ, დეტალურადაა შესასწავლი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება, რა მარშრუტით იმოძრავებს საქართველოს რკინიგზის ლოკომოტივი და რამდენად უნარიანი მემანქანეები მართავენ მას.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: jorj საიდან გვწერთ: თბილისი
01.12.2012 21:37
ჟურნალისტები დაინტერესდით და ერთი დღე გაატარეთ რკინიგზაში რა ხდება .რაც შეეხება პროფკავშირებს რომლებიც აღმოცემდნენ ეხლა ვინ არიან რა უნდათ საერთოდ? შთაბეშდილება მრჩება რო მუქთა ფულის მეშოკი ნახეს რკინიგზელების სახით. დანიშვნებს რაც შეეხება გუნცაძემ რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღო საერთონ მენეჯერია იცნობს რკინიგზის პრობლემებს თუ რა არის? რაც შეეხება სხვა დანიშვნებს გურამ გურამისძე გურამიშვილის დანიშვნა მაინტერესებს იქნებ გაიხსენოს მაგ ადამიანმა ბორჯომში რა შეხლა შემოხლა კონდათ პატრულთან?

ავტორი: ანონიმი
01.12.2012 14:46
კოკა გუნცაძე-პატიოსანი და არაკორუმპირებული????!!!!!!
არაუშავს მოიტყუეთ თავები მეოცნებეებო, უკვე ისეთ დღეში ხართ რომ ვეღარ ასწრებთ გასწორებას და "თარგმნას" თქვენი ლიდერის უაზრო საუბრების, ფრაზების, ტონის, და უკვე მოქმედებებისაც.
ენერგიას და გამძლეობას გისურვებთ. გითანაგრძნობთ, ცუდ დღეში ხართ.

ავტორი: ანონიმი
01.12.2012 14:18
ყველა ყაზახეთის მიმართულების კონტროლისთვის იბრძვის მათ შორის პროფკავშირების ერთს თუ მეორე ორგანიზაციას უნდა მხოლოდ მან აკონტროლოს გემრიელი ლუკმა.

ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი
01.12.2012 10:06
ვიცავთ ჟურნალისტურ ეთიკას და ვცდილობთ, არ შეგვიყვანოთ ხალხი შეცდომაში. სტატიაში ნახსენებია „რკინიგზელთა თავისუფალი პროფკავშირი“. სხვა სტატიაში რესპონდენტად გვყავდა „რკინიგზის პროფკავშრის:“ წარმომადგენელი ვიტალი გიორგაძე. http://www.radiotavisupleba.ge/content/georgian-railway/24756784.html კანონი არ ზღუდავს პრფესიული გაერთიანებების სიმრავლეს. შესაბამისად, რა უშლის ყრუაშვილს და მასთან გაერთიანებულ რკინიგზელებს (ჩვენ რომ ჩავწერეთ, იმ დღეს, ასე, 50-მდე იყვნენ), შექმნან პროფესიული გაერთიანება? რატომ არის არაეთიკური ალტერნატიული გაერთიანების წარმომადგენლის შეხედულების გავრცელება? ჩვენს თვალსაწიერში ხვდება ყველა, ვინც აქტიურობს და საზოგადობრივ პროცესებში მონაწილეობს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პროფესიულ კავშირშია გაერთიანებული და, საერთოდ, არის თუ არა რომელიმე ორგანიზაციის წევრი. ამასობაში მოვძებნე კიდევ ერთი სიუჟეტი „რკინიგზელთა პროფკავშირის“ მიერ ორგანიზებულ გაფიცვაზე: http://www.radiotavisupleba.ge/content/warning-strike/24749785.html

ავტორი: tbilisi საიდან გვწერთ: bilisi
01.12.2012 07:41
კოკა გუნცაძე თუ გყავთ რაღა გიჭირთ აწი :))) რად გინდათ პროფკავშირები ან საერთოდ რამე კავშირები?.. :))) ასეთ პროფესიონალებზე ოცნება თუ შეიძლება მხოლოდ. ისე თავმოყვარე და პატიოსანი მთავრობა, განათლებაზე რომ არაფერი ვთქვათ, სამუშაო გამოცდილებას მოსთხოვდა ამხელა თანამდებობაზე ადამიანს (არავინ მომწეროთ წინა მთავრობა უარესი იყოო. ჰოდა, რომ იყო უარესი მგონი იმიტომ გადაირჩიეთ არა? და არა იმიტომ, რომ კიდევ უარესი მოგეყვანათ). 10 წელია გუნცაძეს ვუყურებ ქუჩაში მომკივანს და პარტიიდან პარტიაში მორბენალს. შუბლის ძარღვი ეტყობა დაბადებიდან არ ჰქონდა თორემ გაწყვეტაში რომ იყოს საქმე კვალი მაინც შერჩებოდა სინდისის. ან თუნდაც გაწყვეტამდელი პერიოდი ექნებოდა უფრო ნამუსიანი...

ავტორი: ილო საიდან გვწერთ: http://ilovanski.wordpress.com
01.12.2012 00:42
თუ შეიძლება დავიცვათ ჟურნალისტური ეთიკა და ნუ შეგვყავს ხალხი შეცდომაში. კონკრეტულად არავის საწინააღმდეგო მაქვს რამე მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ - საქართველოში არსებობს გაერთიანებული პროფკავშირები და ამ გაერთიანებაში, ძლიერია თუ სუსტი მაინც, შედის რკინიგზის პროფკავშირებიც და არანაირად არ შეიძლება ეწოდოს, არჩევნებში ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატის, კუკავას პარტიის ერთ-ერთ ლიდერის, გია ყრუაშვილის ჰაერზე შექმნილ რაღაც გაურკვეველ დაჯგუფებას ,,რკინიგზის პროფკავშირები"! გაერთიანებამ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გააკეთა განცხადება და გაემიჯნა ყრუაშვილს. ამ კაცს თუ ნამდვილად სურს რკინიგზელებს დაგვიდგეს გვერდით, პირველ რიგში ვთხოვთ დატოვოს პარტია, მობრძანდეს გაერთიანებაში და თავისი იდეები იქ გაგვიზიაროს! დღეს, როდესაც 9 000 რკინიგზელის მიზანია ერთად ჩამოვაყალიბოთ ძლიერი, დამოუკიდებელი და ქმედითუნარიანი პროფესიული კავშირი, არსებულ რკინიგზის პროფკავშირების ბაზაზე, ძალიან გვიშლის ხელს ეს პარტიული დაჯგუფებები რომლებიც საკუთარ თავს პროფკავშირს უწოდებენ! ჟურნალისტებს კი ვთხოვთ გადაამოწმონ ინფორმაცია რესპოდენტის წარმომავლობაზე. გმადლობთ ;)

სხვა მასალები

აუდიო ქართველებს ერთმანეთის კარგი არ უხარიათ

„უხილავ ფარდაში“ ოქროპირ რუხაძე უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების შესახებ ციკლში გიამბობთ პარიზის პანთეონ-ასასის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტზე, ჟანეტა არჩვაძეზე, რომელმაც ამავე უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი იურიდიული განხრით.
გაგრძელება

აუდიო ძალადობის მსხვერპლი ქალების საქმეების მონიტორინგი

მაშინ როცა, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფო საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ღონისძიებებს გეგმავს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2014 წელს მოკლულ ქალთა საქმეების მონიტორინგს იწყებს.
გაგრძელება

აუდიო ფოტოგრაფების საქმის გამოძიება განახლდა

ფოტოგრაფებმა 2013 წელს განცხადებით მიმართა მთავარ პროკურორს საქმისათვის საიდუმლო გრიფის მოხსნისა და ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
გაგრძელება

აუდიო საგამომცემლო ბიზნესი იძირება?

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაწყებული სასამართლო დავა ოთხ გამომცემლობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამინისტროს სასარგებლოდ დაასრულა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული