ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:42

ეკონომიკა

რატომ არ უნდოდა საქართველოს ევროპის ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანება?

x
ტექსტის ზომა - +
სულ ახლახან, ევროკავშირის საბჭომ გაავრცელა ე.წ. „დასკვნა საქართველოს შესახებ“. ეს დოკუმენტი მოჰყვა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 15 ოქტომბერს, ლუქსემბურგში გაიმართა. დოკუმენტში აღნიშნულია: „საბჭო აცნობიერებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს და მოუთმენლად ელის საქართველოსთან შემდგომ ახლო თანამშრომლობას“. რამდენიმე დღის წინ კი, ევროპის ხუთი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს: „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ინარჩუნებს ძლიერ სურვილს, დარჩეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, აღნიშნულია წერილში. ამრიგად, საქართველო კვლავაც აქტუალურია ევროკავშირისთვის. და სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდება. რას ეფუძნება ეს ინტერესი და გულშემატკივრობა? რა არის გასათვალისწინებელი სამომავლოდ და რაზე ღირს დაფიქრება  წარსული გამოცდილებით? საფიქრალი, ალბათ, ბევრია. დღეს ერთ პრობლემაზე შევჩერდებით.

2010 წლის ნოემბერი იყო. საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს. მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ენერგეტიკის მინისტრის სტუმრობა  ბრიუსელში. ამჯერად მოლოდინი ოპტიმისტური იყო, რადგან პრემიერმა, ნიკა გილაურმა, ევროკავშირისგან მიიღო დაპირება გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. ასევე, დაიწყო მოლაპარაკება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე.

საქმე ის არის, რომ პრემიერ-მინისტრის წინა ვიზიტი ბრიუსელში (2010 წლის მარტში) არცთუ იოლი გამოვიდა. ევროკავშირის ხელმძღვანელებმა გილაურს მიანიშნეს, რომ თუ თბილისს ბრიუსელთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სურს, მაშინ აუცილებელია დემოკრატიული რეფორმების განხორციელება. იმ ვიზიტის დროს, თავად პრემიერ-მინისტრს მოუწია ახსნა-განმარტებების გაკეთება ტელეკომპანია „იმედის“ „მოდელირებული ქრონიკის“ გამო. მოკლედ, როგორც მაშინ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი წერდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა დაუფარავად გამოხატა იმედგაცრუება საქართველოს მიმართ.

ასე რომ, ნოემბრისთვის სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდიოდა და სწორედ ამ ფონზე, ბრიუსელში უკვე პრეზიდენტი სააკაშვილი ჩავიდა და, როგორც დაგეგმილიც იყო, შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს. ბუნებრივია, ამ ვიზიტს საქართველოს მედიის ყურადღება არ აკლდა. სააკაშვილის ადმინისტრაციამ მალევე გამოაქვეყნა პრესრელიზი შეხვედრის თაობაზე. რელიზში ეწერა, რომ ბაროზუს განცხადებით, ევროკავშირი არასოდეს  შეურიგდება საქართველოს ოკუპაციას და ასევე...
მიხეილ სააკაშვილისა (მარცხნივ) და ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვედრა ბრიუსელში, 2010 წლის ნოემბერშიმიხეილ სააკაშვილისა (მარცხნივ) და ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვედრა ბრიუსელში, 2010 წლის ნოემბერში
x
მიხეილ სააკაშვილისა (მარცხნივ) და ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვედრა ბრიუსელში, 2010 წლის ნოემბერში
მიხეილ სააკაშვილისა (მარცხნივ) და ჟოზე მანუელ ბაროზუს შეხვედრა ბრიუსელში, 2010 წლის ნოემბერში

მოულოდნელად, ქართველებმა გაიგეს ამბავი, რომლის შესახებაც მხოლოდ ოცნება შეეძლოთ, რომელზეც დღედაღამ ნატრობდნენ და გულში ატარებდნენ იმედს, რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა. პრესრელიზში ეწერა, რომ „ევროკომისიის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ საქართველომ ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე“.

ეს იყო შოკი! სიხარული და გაოგნება ერთდროულად... ნუთუ ეს მართლა მოხდა, ნუთუ ეს არის დასაწყისი? გასაგებია, რომ დიდი და მძიმე გზის დასაწყისი, მაგრამ ნუთუ ამ გზაზე უკვე მართლა იდგა საქართველო?

ქართველებს საკუთარი ყურების არ სჯეროდათ. ამოწმებდნენ სამთავრობო ვებსაიტებს და დიახ, იქ სწორედ ასე ეწერა! მედიამ მაშინვე აიტაცა ეს ამბავი და დილიდან ისმოდა, როგორ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს წარმატებებს ევროკომისიის პრეზიდენტი და როგორ ეპატიჟება ევროკავშირში...

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა ფრთხილი, მაგრამ სიამაყით აღსავსე კომენტარი გააკეთა: „ეს საკითხის მხოლოდ ფორმალური მხარეა. ქართულმა მხარემ ევროკავშირში გაერთიანების ნება უკვე გამოხატა, მასთან დაახლოების მიმართულებით ნაბიჯები იდგმება, თუმცა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია ახლო პერსპექტივა არ არის და რთულად განსახორციელებელ საქმეს წარმოადგენს“ – უთხრა მინაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „პირველს“.

ამბავი ჰაერში ტრიალებდა და საღამოსთვის ალბათ ბევრი სხვა საამაყო სიტყვაც მზადდებოდა. მაგრამ მოულოდნელად გაირკვა, რომ ის, რაც ბაროზუმ განაცხადა, ოდნავ განსხვავდებოდა იმისგან, რაც მანამდე ითქვა. 

ეიფორია რამდენიმე საათს გაგრძელდა - ბაროზუს სიტყვები ევროპულ საიტებზე გამოქვეყნდა. აი, რა თქვა სინამდვილეში ევროკომისიის პრეზიდენტმა: „მოვუწოდებ საქართველოს, შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ენერგოთანამეგობრობაში გასაწევრიანებლად. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებისთვის.“

იმავე დღის ბოლომდე, შეიცვალა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზიც. ამჯერად, მასში ეწერა, რომ ბაროზუს განცხადებით, ევროკავშირი, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტია სამხრეთ დერეფნის განვითარება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს სატრანზიტო როლს და სთავაზობს, „ოფიციალურად გამოხატოს სურვილი ენერგოთანამეგობრობაში ინტეგრაციის თაობაზე“.

მოკლედ გაირკვა - საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებას კი არ ეხებოდა, არამედ ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებას.
და ამბავიც ამით დამთავრდა! სიხარულიც დამთავრდა, უხერხულობაც - გაუგებრობის გამო, და ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობა აღარც არავის უხსენებია.

საინტერესოა, რატომ? ნუთუ ევროკომისიის პრეზიდენტის რჩევა, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შემოდითო, ასეთი უმნიშვნელო იყო საქართველოსთვის? ნუთუ ეს არ იყო ყურადსაღები მოწოდება ქვეყნისათვის, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების პროცესს უმთავრეს სტრატეგიულ მიზნად და უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს? რატომ არ ისურვა საქართველომ, ეს მოწოდება აეტაცებინა?

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება (EEC) 2006 წელს შეიქმნა ევროკავშირისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების მიერ  იმისათვის, რომ მომხდარიყო ევროკავშირის შიდა ენერგობაზრის ევროკავშირის სამეზობლოში განვრცობა სათანადო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სავალდებულო წესების საფუძველზე. გაერთიანება უზრუნველყოფს სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნას კანონის უზენაესობის გამყარების საფუძველზე და მჭიდროდ აკავშირებს ხელმომწერ ქვეყნებს ერთმანეთთან და ევროკავშირთან. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას შეაქვს წვლილი ენერგომომარაგების უსაფრთხოების ამაღლებაში მთელი ევროპის მასშტაბით.
2007 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის დამკვირვებლის სტატუსი და ქვეყანამ მიიღო წინადადება, გაეკეთებინა განაცხადი ამ გაერთიანების წევრობაზე, ანუ გამხდარიყო ევროპის ენერგოთანამეგობრობის საერთაშორისო ხელშეკრულების „ხელმომწერი მხარე“. სტატუსის შეცვლა და ამ ენერგოგაერთიანების სრულუფლებიან წევრად ქცევა უკვე გულისხმობდა ვალდებულებას, რომ საქართველოს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების დებულებები და ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა.

მოკლედ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულება (EEC Treaty) წევრი სახელმწიფოსაგან მთელი რიგი პირობების განუხრელ შესრულებას მოითხოვს. უფრო ზუსტად კი ე.წ.  Acquis Communautaire-ის (ეს არის იმ საკანონმდებლო აქტებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რაც მთლიანობაში ევროკავშირის კანონმდებლობას წარმოადგენს) ძირითადი მოთხოვნების შესრულებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის, ანტიმონოპოლიური და განახლებადი ენერგიის სფეროებში.
ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი (ბრიუსელი, 2010 წლის ნოემბერი).ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი (ბრიუსელი, 2010 წლის ნოემბერი).
x
ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი (ბრიუსელი, 2010 წლის ნოემბერი).
ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი (ბრიუსელი, 2010 წლის ნოემბერი).

ის, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, საქართველო ევროპის ენერგოგაერთიანების წევრი გახდეს, საჯაროდ 2010 წლის აგვისტოში გამოთქვა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა: „საქართველო დღეს ენერგოგაერთიანების დამკვირვებელი წევრია და ჩვენ მივესალმებოდით მის განაცხადს, რომ სრულუფლებიანი წევრი გახდეს.“

საქართველოს პრეზიდენტის წინაშე ჟოზე მანუელ ბაროზუს მიერ გაკეთებულ ზემოხსენებულ განცხადებამდე ორი კვირით ადრე ოტინგერმა მიმართა ნიკა გილაურს და განუმარტა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რა სიკეთეს ნახავდა ქვეყანა ევროპის ენერგოგაერთიანების სრულუფლებიანი წევრობის შემთხვევაში; რა სიკეთეს მოუტანდა ეს მონაწილე მხარეებს. გილაურთან ერთად მიმართვა მოისმინეს საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სხვა წევრებმაც. ეს იყო 2010 წლის 5 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროკომისიის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის საკითხებს ეძღვნებოდა.

დამსწრეთაგან არავის უხსენებია ევროპის ენერგოგაერთიანების საკითხი და ამ თემამ მხოლოდ რამდენჯერმე გაიელვა ბრიუსელის მაშინდელი მოვლენების გაშუქებისას, ისიც მხოლოდ ბაროზუსთან შეხვედრის კონტექსტში.

ოტინგერმა მას შემდეგაც არაერთხელ გააკეთა ღია და საჯარო განცხადებები ევროპის ენერგოგაერთიანებაში საქართველოს წევრობის სიკეთის შესახებ, მაგრამ ამას კვლავ მოსდევდა ჯიუტი დუმილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

თუნდაც მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, ეს დუმილი გაუგებარი და ძნელი ასახსნელია. რაც შეეხება ეკონომიკურ ინტერესებს, ნუთუ საქართველოს მართლაც იმდენად არა აქვს პრობლემა ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ სხვა განვითარებული სახელმწიფოებიდან, რომ შეუძლია, არაფრად ჩააგდოს  ევროკომისიის პრეზიდენტის დაპირება: „ეს შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები და გაძლიერდეს საქართველოს მიმზიდველობა ენერგეტიკული ინვესტიციებისათვის.“
  
ცხადია, არსებობდა მიზეზი ან მიზეზთა ერთობლიობა, რამაც განაპირობა ევროპის ენერგოთანამეგობრობის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა. ამ მიზეზების კვლევა, ალბათ, ახლა უფრო გაიოლდება. ისიც ცხადია, რომ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იქნებოდა სწორედ იმ ვალდებულებების გამო, რომლებიც საქართველოს წინაშე დადგებოდა ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობის შემთხვევაში.

მაგრამ ერთი რამ კი ნამდვილად შეიძლება ითქვას: თუ ეს  სასურველი მიზანი მაინც იყო, ამ საკითხზე საქართველოში ფართო და საჯარო დისკუსიები უნდა გამართულიყო.

ასე მოვედით აქამდე... ევროკავშირის ინტერესი, გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოსთან, მართლაც მრავალმხრივია. ამ სფეროში, ალბათ, არ არსებობს მცირე საკითხები ან ისეთი საკითხები, რომელთა მიჩქმალვაც დასაშვებია. მით უმეტეს, რომ ცნობილია, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკომისია გაზის სამხრეთული დერეფნის გეგმების განხორციელებას. მაგალითისთვის, კვლავ ჟოზე მანუელ ბაროზუს სიტყვები გავიხსენოთ ევროპის ენერგოგაერთიანებაში საქართველოს წევრობის შესახებ: „რაც შეეხება ენერგეტიკული წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციას, სამხრეთის დერეფნის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირისთვის. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო როლს“.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
20.10.2012 10:14
ამგვარი პროექტების ინსტალაცია ქვეყანას აახლოვებს დასავლურ ორგანიზაციებთან და საზოგადოებებთან... ეს პროექტები სასარგებლოა ქვეყნისთვის ფინანსური, პოლიტიკური, თავდაცვითი და ყველა გაგებით

ბევრი საუბარი იყო ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, მაგრამ ეხლა ყველა თანხმდება რომ ბევრი სარგებლის მომტანია ეგ პროექტი

ავტორი: Giorgi საიდან გვწერთ: Georgia
18.10.2012 16:22
საკითხი უმნიშვნელოვანესია როგორც ევროკავშირთანნ ენერგეტიკული თანამშრომლობის, ასევე ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც. სწორედ საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ხარვეზები არის ერთერთი ძირითადი პრობლემა, რაც ხელს უშლის დასავლური სტრატეგიული ინვესტიციების შემოსვლას ენერგეტიკის და კერძოდ ჰიდროენერგეტიკის სექტორში. ენერგეტიკულ თანამეგობრობის წევრობა ასევე არის მომავალი ენერგო-სატრანზიტო პროექტების ხელშემწყობი გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილი. ამავე დროს არსებობს ობიექტური სირთულეები, რომელიც უნდა გადაილახოს ამ გზაზე და ამას მუშაობა სჭირდება. ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის ის სტრუქტურა რომელიც ჩამოყალიბდა გენერაციის და გამანაწილებელი კომპანიების გაერთიანებით, ასევე ის ხელშეკრულებები და მემორანდუმები, რომელიც გაფორმდა მთავრობასა და ამ ვერტიკალურად ინტერგირებულ ენერგოკომპანიებს შორის. ევროპულ კანონმდებლობასთან შეიძლება წინაღმდეგობაში მოვიდეს ის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ქვეყანა გაზს (მი)იღებს ტრანზიტის საფასურად. შესაბამისად, საჭიროა კვალიფიციური მოქმედება, რათა დაცული იყოს ქვეყნის როგორც გრძელვადიანი სტრატეგიული ასევე ეკონომიკური და ენერგოუსაფრთხოების ინტერესები, რაც როგორც ჩანს წინა მთავრობამ ვერ შეძლო. 2010 წელს მოლდოვა, ხოლო 2011 წელს უკრაინა გახდნენ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრები. ორივე ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში საკანონმდებლო და სტრუქტურული რეფორმები ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც ხორციელდება, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. მათ გაიარეს ის გზა რაც საქართველოს ჯერ კიდევ გასავლელი აქვს, ამიტომ საინტერესო იქნებოდა მათი გამოცდილების გაზიარება და დადებითი და უარყოფითი ეფექტების განხილვა.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
18.10.2012 15:02
ანდრია

ყველა იდეას სჭირდება განხილვა, დახვეწა, მხარეებს შორის შეთანხმება

გეთანხმები, იდეა გადასარევია და ღირს მასზე მუშაობა

მიშმოძრაობის ინტერესებშიც გეთანხმები :))

ხოდა დროა უკვე რომ დავიწყოთ არა მიშმოძრაობის ლანძღვა, არამედ საქმის კეთება

ამაზეა საუბარი სხვაზე არაფერზე, თუმცა ფარისეველს ფარისევლობა კი უნდა უღიარო ისე ;)

ავტორი: ანონიმი
18.10.2012 12:26
მოკლედ, აღარ იცით რაში შერგოთ თავი!:))
ხალხი ამოძრავდა, სად რა მოტეხონ ჩ ა ლ ი ჩ ო ბ ე ნ უკვე!:))
ცოტა მაინც დაეცადათ - ადრე შემოელევათ ბიუდჟეტტტტტი.

ავტორი: ანდრი
18.10.2012 11:36
ზედაპირული სტატიაა. რას გულისხმობს შიდა ბაზრის განვრცობა? - ევროკავშირის ენერგო სისტემებში ჩავერთვებით და მათგან შევიძენთ ელექტროენერგიას? ასეთ შემთხვევაში ვინ იქნება ჩვენი პარტნიორები? (მაგალითისათვის: ბალტიისპირეთის ქვეყნები აპირებენ სკანდინავიასთან საკუთარი ქსელების გაერთიანებას, ვინაიდან უკანასკნელები გაცილებით იაფად აწარმოებენ ელექტროენერგიას. მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ რთულია და კიდევ დიდხანს გაიწელება). და თუ ჩვენ ვიქნებით მიმწოდებლები საიდან უნდა მივაწოდოთ? ვის? თუ დერეფანი ვიქნებით ისევ? ინვესტიცია განხორციელდება- ანუ ჩვენ ქსელებს შეიძენენ ევროპელები, თავის ენერგოუსაფრთხოებას გაინაღდებენ, და ჩვენ რა მაქედან? კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას და განიხილოს, ასეთი ზედაპირული განცხადებების ტზაპატზუპი რისი მომტანია. ნამდვილად კარგი თემა წამოიწია, და აუცილებელია მისი უფრო ღრმა განხილვა.

P.S. მიშმოძრაობას ჩვენც და ევროკავშირიც ვეკიდეთ და ვკიდივართ ეგ სიახლე არ არის

ავტორი: dato
18.10.2012 09:50
ქალბატონო/ბატონო kuradgheba
ესეთი უყურადღებო გახლავართ, ან ანალიზის უნარი მაკლია იქნებ თქვენ ამიხსნათ კონკრეტულად:
სათაურში გამოტანილ კითხვაზე რატომ არ უნდოდა საქართველოს ევროპის ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანება? იქნებ იყო მიზეზი რის გამოც ყოფილმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ ამ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანება არ იქნებოდა მიზანშეწონილი?
თუ შეკითხვა რიტორიკულია და მიზნად წინა ხელისუფლების კრიტიკას ისახავს იქნებ უფრო დაწვრილებით აეხსნა თემის ავტორს კონკრეტული დივიდენდები და სარგებული რასაც საქართველო მიიიღებდა ამ გაერთიანების წევრობით და ენერგოგაერთიანების ზოგადი მიზნებით და ამოცანებით არ შემოფარგლულიყო, მე მაპატიეთ თუ არ მესმის, რატომ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ მოხდება ევროკავშირის შიდა ენორგობაზრის ევროკავშირის სამეზობლოში განვრცობა.

ავტორი: kuradgheba საიდან გვწერთ: sakuradghebodan
18.10.2012 01:13
ბატონო დათო, იქნებ უფრო ყურადღებით წაგეკითხათ. სტატიის ამ აბზაცებში მოცემულია სწორედ ის ინფორმაცია, რომლის არარსებობაზეც თქვენ მიუთითებთ. "ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება (EEC) 2006 წელს შეიქმნა ევროკავშირისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნების მიერ იმისათვის, რომ მომხდარიყო ევროკავშირის შიდა ენერგობაზრის ევროკავშირის სამეზობლოში განვრცობა სათანადო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სავალდებულო წესების საფუძველზე. გაერთიანება უზრუნველყოფს სტაბილური საინვესტიციო გარემოს შექმნას კანონის უზენაესობის გამყარების საფუძველზე და მჭიდროდ აკავშირებს ხელმომწერ ქვეყნებს ერთმანეთთან და ევროკავშირთან. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას შეაქვს წვლილი ენერგომომარაგების უსაფრთხოების ამაღლებაში მთელი ევროპის მასშტაბით.
2007 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის დამკვირვებლის სტატუსი და ქვეყანამ მიიღო წინადადება, გაეკეთებინა განაცხადი ამ გაერთიანების წევრობაზე, ანუ გამხდარიყო ევროპის ენერგოთანამეგობრობის საერთაშორისო ხელშეკრულების „ხელმომწერი მხარე“. სტატუსის შეცვლა და ამ ენერგოგაერთიანების სრულუფლებიან წევრად ქცევა უკვე გულისხმობდა ვალდებულებას, რომ საქართველოს უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების დებულებები და ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა.

მოკლედ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულება (EEC Treaty) წევრი სახელმწიფოსაგან მთელი რიგი პირობების განუხრელ შესრულებას მოითხოვს. უფრო ზუსტად კი ე.წ. Acquis Communautaire-ის (ეს არის იმ საკანონმდებლო აქტებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რაც მთლიანობაში ევროკავშირის კანონმდებლობას წარმოადგენს) ძირითადი მოთხოვნების შესრულებას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის, ანტიმონოპოლიური და განახლებადი ენერგიის სფეროებში."

ავტორი: natia საიდან გვწერთ: Tbilisi
18.10.2012 00:25
შესანიშნავი სტატიაა, საიდანაც სრულიად ცალსახად იკითხება, რომ საკითხი ეხება არა იმას, თუ რას მოგვცემს ეს ხელშეკრულება, არამედ კონკრეტულ თემას: ევროკომისიის პრეზიდენტი საჯაროდ სთავაზობს საქართველოს თანამშრომლობას და ჩვენ პასუხის ღირსადაც არ ვთვლით. სტატიიდან კარგად ჩანს წარმავალ გზას შემდგარი ხელისუფლების დამოკიდებულება ევროკავშირისადმი და ევროპული ღირებულებებისადმი. სამწუხაროდ, მხოლოდ დეკლარაციული განცხადებების დონეზე იყო გაჟღერებული ევროინტეგრაციის სურვილი. მაშინ, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ამდენად სერიოზულ განცხადებას აკეთებს და საპასუხოდ არაფერი ისმის ხელისუფლებიდან, ცხადია, რომ ბენდუქიძე ზეიმობს და მისი ღაღადის ხმა ისმის: "სტრატეგიული ობიექტები იდიოტის მოგონილია". "პატრიოტებმა" მთელი ენერგორესურსები რუსეთის ე.წ. "პოდსტავნოი" კომპანიებს ჩაუგდეს ხელთ და ესეც შენი პროამერიკელობა. ხელისუფლებამ რუსეთის თამაში ითამაშა. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობაც არ სჭირდებათ "პატრიოტებს". მოკლედ, კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდაო!!!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
17.10.2012 22:56
ევროპა დიდი ხანია ეძებს ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებს, რათა არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე

ეს ენერგოდამოკიდებულება უკვე დიდი ხანია ევროპის პოლიტიკური კასტრაციის მიზეზია და ამის მაგალითი საქართველოში რუსული ინტერვენციის (2008 წ) პერიოდშიც კარგად გამოჩნდა, სადაც რუსეთმა "მოაკეტინა" ევროპას, დატოვა რა იგი ზამთარში გაზის გარეშე

ამან ძალიან დაგვაზარალა!

როცა რაღაც ორგანიზაციაში შესვლა გინდა, ყველამ ვიცით რომ მათი თამაშის წესები უნდა მიიღო და გაითავისო არა?!

ასე ძალით გაგვათავისებინა რუსეთმა დსთ-ს წევრობის წესები აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამანგრეველი მოვლენების შემდეგ, ძალით რომ შეგვათრია დსთ-ში და თანაც მაშინ, როცა უკვე ორივე რეგიონი დაკარგული იყო... თუმცა მანდ ედიკას ხელი ურევია ჩემმა მზემ არანაკლებ ელცინისა

ასევე გადასარევი რევერანსი იქნებოდა ჩვენი მხრიდან ევროპისთვის გვეჩვენებინა ჩვენი კეთილი ნება და მზაობა გავმხდარიყავით მათთვის ენერგოდერეფანი თუ პირდაპირი მიმწოდებელი (რისი ძალიან დიდი რესურსიც გვაქვს, საპირისპიროდ იმისა რასაც გვიმტკიცებდნენ მამა-შვილი ჩარკვიანები- არ გვივარგა ენერგო რესურსები და რუსეთზე უნდა ვიყოთ დამოკიდებულიო!!!)

ამგავარად, ნაბიჯ ნაბიჯ ხდება ევროკავშირის წევრობის მიღება (თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის ქვეყნების და პოლონეთის ნაჩქარევ "შეტენვას" ევროკავშირში, ამ პროცესებსაც თავისი საკრალური მნიშვნელობა ქონდა და თავისი მასეტრო ბზეჟინსკი ყავდა, ვინც ჩვენ არ გვყავს)

მაგრამ როცა ქვეყნისთვის დასავლური ღირებულებების ციტირება მხოლოდ საკუთარი ხალხის მოტყუების და დიდი პოლიტიკოსების წინაშე "ცუღლუტის" მიზნით ხდება... რა ნაბიჯებზეა საუბარი

მოსკოვიდან კაგებეს გენერალიტეტი და მისი აქტიური გრუზინი წევრი თემურ ალასანია არ დაუშვებდა იმას რომ ევროპას რუსეთისგან თუნდაც მცირედით და თანაც ჩვენი გზით ამოესუნთქა

ასე რომ ტყუილა წასაკითხი ეს სტატია ნამდვილად არ არის და ვიმედოვნებ ახალი ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ ფაქტებს

ავტორი: დათო
17.10.2012 18:44
ამ სიგრძე სტატია და ინფორმაცია ნოლი, არანაირი ანალიზი თუ რას მოგვცემს ამ გაერთიანებასი გაწევრიანება, ან რატომ არ ისურვა ხელისუფლებამ იქ შესვლა მოკლედ ტყუილად დავხარჯე დრო

ავტორი: ანონიმი
17.10.2012 18:32
ქ-ნო მარინა, გთხოვთ ლინკები დადეთ რა დოკუმენტების....

ყველაზე პოპულარული