Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საპარლამენტო დედაქალაქში ამინდის იმედად ცხოვრობენ


ქუთაისი
ქუთაისი
ჩვეულებრივზე უფრო თბილი ზამთრისპირი ქუთაისელთა ყოფას ნაწილობრივ ამსუბუქებს. როგორც რესპონდენტები რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, მათ გათბობის ხარჯების დაზოგვის საშუალებას აძლევს ამჟამად არსებული თბილი ამინდები და ზამთრისთვის ნაკლებად დამახასიათებელი მაღალი ტემპერატურა.

ქუთაისელთა ნაწილი ოჯახებში გასათბობად ბუნებრივ აირს იყენებს, კერძო სახლებში მცხოვრებთა ნაწილი კი შეშას მოიხმარს. საპარლამენტო დედაქალაქის მოსახლეობის 90%-ზე მეტი გაზიფიცირებულია. ამის მიუხედავად, რესპონდენტები ამბობენ, რომ გასათბობად ბუნებრივი აირის მოხმარება მათთვის ხელმისაწვდომი არ არის:

„ზამთრისთვის შეშა ვიყიდე. ისიც ძალიან ძვირია, მაგრამ გაზის გადახდის საშუალება არა მაქვს. ერთ მანქანა შეშაში 400 ლარი მივეცი. ცოტა ადრე ვიყიდე. ახლა უფრო ძვირია, 650 თუ 750 ლარი მისცა ჩემმა მეზობელმა. 400-500 ლარის შეშა მჭირდება სეზონზე. ძვირია ოჯახისთვის - მით უმეტეს, მე ერთი ვმუშაობ და მეუღლე ინვალიდი მყავს“.

„ყოველწლიურად თითქმის შეშით ვთბებით, გაზის გამათბობელის ყიდვა და კიდე მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების გადახდა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ გვირჩევნია შეშის ყიდვა, უფრო იაფი გვიჯდება. იმასაც, ძალიან სიცივე როცაა, მაშინ ვანთებთ და კარგ ამინდებში ვზოგავთ“.

„გაზი ძვირია და მეშინია, რომ ვერ გადავიხადო გახარჯულის საფასური. შეშას - ვწვალობ - ეზოში ვჩეხავ. ეკელები გვაქვს ირგვლივ და ვსხეპავ, ვჩეხავ და დილა-საღამოს ვანთებთ, მთელი დღე არ გვინთია. თუ დაიკლო ბუნებრივი აირის საფასურმა, მაშინ გავბედავ, რომ დავდგა გაზის გამათბობელი“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას რესპონდენტებმა.

მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც გაზმომარაგებით სარგებლობს, ტარიფის სიძვირეზე საუბრობს. რესპონდენტების თქმით, სახლში, ძირითადად, ერთ ოთახს ათბობენ და ცდილობენ ბუნებრივი აირი რაც შეიძლება ეკონომიურად მოიხმარონ:

„გაზის გამათბობელი გვაქვს. ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ ძალიან ეკონომიას ვაკეთებთ. ერთ ოთახს ვათბობთ მხოლოდ. სხვა ოთახებში და საძინებლებში გამათბობელი არ გვაქვს“.

„კარგი ამინდები რომ არ გვქონდეს, გავიყინებით. ინვალიდი პენსიონერი ვარ და როგორ აიტანს ჩემი ბიუჯეტი ბუნებრივი აირის ხარჯს? „ქართული ოცნება“ კი არა, ესაა ხალხის ოცნება და ჩემი ოცნებაც, რომ გადასახადები გაიაფდეს. მერე შევძლებთ ზამთარში ერთი ოთახიდან მეორეში გასვლას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ალბათ, ვეღირსებით ამას. ისე, ძალინ გვიჭირს გათბობა. ერთ ოთახს ვათბობთ და იქ ვართ მთელი ოჯახი თაგვებივით თავშეფარებული. შეშის ყიდვას კი ვერ ვცდი, იმიტომ რომ მისი მოტანა ხარჯებთანაა დაკავშირებული: საწვავი, ტრანსპორტირება, დახერხვა, დაჩეხვა უნდა და ღუმელი სჭირდება, რაც ჩემთვის ძალიან ძვირია, ყველაფერი ეს 600-700 ლარზე ადის და ამის საშუალება მე სად მაქვს, 70 ლარიანი პენსიონერი ვარ“, - ამბობენ რადიო თავისუფლების რესპონდენტები.

ბუნებრივი აირით მომარაგების კომპანიის „ქუთაისი გაზის“ ინფორმაციით, ქალაქში ჯერჯერობით გაზიფიცირებული არაა 4 ათასამდე აბონენტი. იმ ქუჩების მოსახლეობა, სადაც გაზიფიცირება ამ დრომდე არ არსებობს, ზამთარში შეშას ან ელექტროენერგიას მოიხმარს, თუმცა ელექტროენერგიას გასათბობად მოსახლეობის ძალიან ცოტა ნაწილი იყენებს, რადგან მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატსაათების მატების პროპორციულად იმატებს და აბონენტთათვის ის ყველაზე ნაკლებადაა ხელმისაწვდომი.
XS
SM
MD
LG