Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა გიუნტერ გრასი


გიუნტერ გრასი
გიუნტერ გრასი

13 აპრილს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნტერ გრასი. როგორც გამომცემლობა „შტაიდლი“ იუწყება, გრასი გარდაიცვალა ქალაქ ლიუბეკის საავადმყოფოში. საქართველოში გრასს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. 80-იანი წლების დასაწყისში გიუნტერ გრასის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები ქართულად ჯერ თარგმნილი არ იყო, მაგრამ ეს სახელი უკვე გაგონილი ჰქონდათ. თბილისში უდიდესი წარმატებით უჩვენეს ფოლკერ შლენდორფის ფილმი ”თუნუქის დოლი”, გიუნტერ გრასის ყველაზე პოპულარული ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომელსაც მიღებული აქვს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის განკუთვნილი "ოსკარი".

მცირედი ცვლილებებით გთავაზობთ რადიო თავისუფლების 2007 წლის პუბლიკაციას, რომელიც გიუნტერ გრასის 80 წლისთავს ეძღვნებოდა.


გიუნტერ გრასი დაიბადა დანციგში (დღევანდელ გდანსკში), პოლონურ-გერმანულ ოჯახში. სწორედ დანციგის ფონზე მიმდინარეობს მოქმედება გრასის ყველაზე ცნობილ რომანში ”თუნუქის დოლი”, რომელსაც საბჭოთა კავშირში ფოლკერ შლენდორფის ფილმით იცნობდნენ. თუმცა 1959 წელს დაწერილი ეს რომანი რუსულად მხოლოდ 1995 წელს, ე.ი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ითარგმნა.

ამას მრავალი მიზეზი აქვს - ამერიკული ”ოსკარით” და კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოთი აღნიშნული ფილმის ”დამალვა” 80-იან წლებში შეუძლებელი იყო. შლენდორფის ფილმს დასავლეთგერმანული კინოსთვის არნახული წარმატება ჰქონდა მოტანილი მთელ მსოფლიოში. ვიდეოკასეტა ”თუნუქის დოლის” ჩანაწერით 80-იანი წლების ”ვიდეობაზარზე” ისეთივე პოპულარული იყო, როგორც ”ემანუელა”. რომანმა კი, მიუხედავად ანტიფაშისტური პათოსისა, თავისი მსუბუქი ნატურალიზმით, ფაშიზმის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და არა მარტო სოციალური საფუძვლების წარმოჩენით, ცოტა არ იყოს, დააფრთხო საბჭოთა იდეოლოგები. სხვათა შორის, ცენზურასთან პრობლემები გიუნტერ გრასს სამშობლოშიც ჰქონდა. 1961 წელს გერმანიაში კინაღამ აიკრძალა მისი რომანი ”კატა და თაგვი”, მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნში ნატურალისტურად იყო აღწერილი მასტურბაციის პროცესი.

მაგრამ გიუნტერ გრასი იმხანად უკვე სახელგანთქმული მწერალი იყო. 1956-59 წლებში, როცა იგი პარიზში ცხოვრობდა, როცა ერთნაირი წარმატებით გამოავლინა თავი ლიტერატურაში, მუსიკაში, ქანდაკებაში, ფერწერაში, გრაფიკაში, ფრანგმა კრიტიკოსებმა მას ”აღორძინების ეპოქიდან მოვლენილი გერმანელი” უწოდეს. ”თუნუქის დოლი” ამ წარმატების კულმინაცია იყო - ”თუნუქის დოლისთვის” გრასი ”ჯგუფი 47”-ის პრემიით დაჯილდოვდა. მოგვიანებით იგი ვილი ბრანდტისა და სოციალ-დემოკრატების საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება და პოლიტიკურად ანგაჟირებული მწერლის სახელს მოიპოვებს.

”მისი შედევრი ‘თუნუქის დოლია’. ერთხელ მახსოვს იმავე რუდიგერ საფრანსკიმ ბრძანა, ამ რომანის მერე რომ მომკვდარიყო, უფრო დაფასდებოდაო,” ამბობს მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, რომელიც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ”თუნუქის დოლის” წარმატების შემდეგ გიუნტერ გრასის ნაწარმოებებმა მხატვრული გამომსახველობა დაკარგეს, პუბლიცისტიკამ ლიტერატურა დაჩაგრაო. ანა კორძაია-სამადაშვილი იხსენებს გიუნტერ გრასის ერთ ცნობილ ინტერვიუს, რომელშიც ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეიძლება გერმანელებმა გამოისყიდონ თავიანთი დანაშაული, უპასუხებს, მხოლოდ და მხოლოდ ამაზე ლაპარაკით, დამარცხების აღიარებით... გამარჯვებულებს თვითკრიტიკის უნარი არა აქვთ. გამარჯვება - ასულელებს ადამიანსო... გამარჯვების ეს შიში ნაწილობრივ გამოვლინდა 1990 წელს, როცა გიუნტერ გრასი მოულოდნელად გერმანიის გაერთიანების წინააღმდეგ გამოვიდა, ამტკიცებდა, გაერთიანებული გერმანია ისევ მილიტარისტული სახელმწიფო გახდებაო.

”ჩემი აზრით, ”თუნუქის დოლის” მერე მას, როგორც მწერალს, მნიშვნელოვანი მიღწევა არ ჰქონია... საქმე ისაა, რომ რომანი, რომელიც ძალიან გახმაურებული იყო, ‘ჩემი საუკუნე’, იყო იმდენად ამბიციით გამსჭვალული და იმდენად დარწმუნებული კაცის მიერ დაწერილი, რომ იგი ზუსტად გამოთქვამს იმას, რაც მისი თაობის სათქმელია, რომ უკვე ეჭვს ბადებს მისი კომპეტენტურობა თაობის შეფასებაში”, აღნიშნავს ანა კორძაია-სამადაშვილი.

”ჩემი საუკუნე”, რომელიც ასი ნოველისგან შედგება და თითოეულ ნოველაში ყოველი წელია შეფასებული, 1999 წელს გამოიცა, ე.ი. სწორედ მაშინ, როცა გრასი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ლიტერატურის დარგში. ასეთმა წარმატებამ გიუნტერ გრასი კიდევ უფრო თამამი და რადიკალური გახადა. 1985 წელს მან საჯაროდ განაცხადა, რომ დღევანდელი გერმანული ნეოლიბერალიზმი სინამდვილეში კაპიტალიზმის იმ საწყის ფორმასთან დაბრუნებაა, რომელიც სრულიად გულგრილია ადამიანის მიმართ. მოგვიანებით კი, როცა ბერლინის კედელი დაემხო, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ”საზარელი სანახავია, როგორ განიცდის განდიდების მანიას კაპიტალიზმი, მას შემდეგ, რაც სოციალიზმი მკვდრად გამოცხადდა”. ანა კორძაია-სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ რადიკალური მემარცხენეობა მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია მწერლისთვის, რომელიც რადიკალურ განცხადებებს ყოველი თავისი ახალი რომანის გამოქვეყნების შემდეგ აკეთებს:

”ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერის წინ, მან მიმართა ძალიან პრიმიტიულ ხრიკს იმისათვის, რომ წიგნი იმთავითვე ბესტსელერად ქცეულიყო. თქვა, რომ ის იყო რომელიღაც ფაშისტური დაჯგუფების წევრი... ანუ, ოჰ, ეს რა მოგვივიდა - ჩვენი დიდი ჰუმანისტი ფაშისტი ყოფილა. საიღბლოდ, აღმოჩნდა, რომ ფაშისტური დაჯგუფების ბიჭები ცოცხლები იყვნენ. მათ გაუკვირდათ, რა გიუნტერ გრასიო... ანუ უფალმა იცის, ეს იყო საკუთარ თავზე ბრალის აღება, თუ სარეკლამო ტრიუკი”.

აქამდე გერმანელმა მკითხველმა იცოდა, რომ გრასი ომის დროს ჯარში მსახურობდა, მერე ამერიკელთა ტყვეობაში მოხვდა და ე.წ. ”გამოსასწორებელ ბანაკსაც” ვერ გადაურჩა. მაგრამ ახალგაზრდა ფაშისტებთან თანამშრომლობის ისტორია ნამდვილი შოკი იყო გერმანული საზოგადოებისთვის. გიუნტერ გრასი წერდა, რომ მისთვის მძიმე იყო ეს აღიარება, მაგრამ არ სურდა დანაშაულის ეს ტვირთი ეტარებინა ცხოვრებაში. ამ აღიარების შემდეგ გრასისთვის უფრო ადვილი გახდა კაპიტალიზმის კრიტიკაც. იგი წერდა, რომ თანამედროვე დასავლურმა საზოგადოებამ დემოკრატია ფარსად აქცია და ამის ნათელი დადასტურებაა შეერთებული შტატების პოლიტიკა ერაყში.

”თავისთავად, როცა მწერალი ამ მიწაზე დიდი ბელადის სახით დადის, ეს უკვე ძნელი ასატანია, განსაკუთრებით პოსტმოდერნის ხანაში, როცა მწერლისა და მისი ნაწარმოების გაიგივება ხდება... ანუ დიდ მწერალს, რომელმაც ‘თუნუქის დოლი’ დაწერა, აბსოლუტურად არ სჭირდება სარეკლამო ხრიკი და არ უნდა სჭირდებოდეს ის, რომ უხასიათო, ძნელად ასატანი და, პრინციპში, საძაგელი ტიპის სახელი ჰქონდეს ლიტერატურულ სამყაროში”.

ანა კორძაია-სამადაშვილს ვკითხეთ, რატომ ეპარება ეჭვი დიდი მწერლის გულახდილობაში, გავახსენეთ სხვა დიდი მწერლებიც, რომლებიც ლიტერატურულ სამყაროში ”საძაგელი ხასიათით” არიან ცნობილი. ქართველმა მწერალმა 90-იანი წლების ამბები გაგვახსენა - კერძოდ, ნატოს თვითმფრინავების მიერ სერბიის დაბომბვის ისტორია.

”მაშინ მოხდა სრულიად ‘თავის მოჭრა ამბავი’, როცა გერმანიის პენ-კლუბში ერთსულოვნად მისცეს ხმა იმას, რომ უნდა დაბომბილიყო. მახსოვს ლაშა ბაქრაძისა და რუდიგერ საფრანსკის საუბარი ამ თემაზე... ლაშას გერმანელთა ქცევა გაუკვირდა, საფრანსკიმ კი უთხრა, მე, სხვათა შორის, დემონსტრატიულად დავტოვე დარბაზიო. გიუნტერ გრასს დარბაზი არ დაუტოვებია”.
გიუნტერ გრასმა დაგმო სერბიის პოლიტიკა ბალკანეთში. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იგი ამ მხრივ არ იყო თანმიმდევრული და თავის პრინციპებს უღალატა. 80 წლის მწერალს აქვს უნარი, იყოს რადიკალური, და ამავე დროს, არასდროს - ბანალური. ამას წინათ მას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა ცხოვრება სახელმწიფოს გარეშე? პასუხი მართლაც ორიგინალური იყო, გიუნტერ გრასის სტილში - კი, შეიძლება. შეხედეთ ბოშებს. მათ არ სჭირდებათ სახელმწიფო, არა და რამდენი რამ გააკეთეს ჩვენი კულტურისათვის. სწორედ ისინი გამოხატავენ ევროპის სულს და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათგან”.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG