Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ერთი გამშვები პუნქტი გაუქმდა


საკონტროლო-გამშვები პუნქტი თაგილონში
საკონტროლო-გამშვები პუნქტი თაგილონში

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ექვსი გამშვები პუნქტიდან ერთი გაუქმდა.

გალის სოფელ ნაბაკევის მკვიდრმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონის ე.წ. საგუშაგო 15 აპრილიდან არ ფუნქციონირებს.

„გადასასვლელი ხიდი რომ იყო, ის თითქმის დაშალეს თაგილონში, ახლა ნაბაკევიდან გადადიან ხურჩაში“, - ამბობს რესპონდენტი.

გალის რაიონში მცხოვრებთა ინფორმაციით, დროთა განმავლობაში იგეგმება სხვა გამშვები პუნქტების გაუქმებაც. მათივე ცნობით, დარჩება ერთი, მთავარი გადასასვლელი ენგურის ხიდზე და მეორე გალის დაბალი ზონის ერთ-ერთ სოფელში, რომელიც ამ დროისთვის უცნობია. გალელების თქმით, მომავალში იგეგმება ენგურის ხიდის დროებით ჩაკეტვაც, სადაც დღეს გადაადგილება განსაკუთრებული პრობლემების გარეშეა შესაძლებელი:

„იქ რომ დგანან აფხაზები, ისინი ამბობენ ამას. უნდა წავიდეს რეკონსტრუქციაზე ენგურის ხიდიო“.

„ენგურის ხიდზე დიდი ხანია ამბობენ, რემონტზე უნდა გავიდესო. მაგას სჭირდება რემონტი და გამშვებ პუნქტებსაც. არაა მოწესრიგებული“, - ამბობენ გალის რაიონში მცხოვრები რესპონდენტები.

მათივე ცნობით, ენგურის ხიდის პარალელურად დე ფაქტო მთავრობა სარემონტო სამუშაოებს გეგმავს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, რომელიც მგზავრთა სიმრავლით ენგურის ხიდის შემდეგ მეორე ადგილზეა. გალელები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში რაიონში გაკეთდა ცენტრალური გზა, რომელიც გალის სოფლებს აკავშირებს ერთმანეთთან:

„გზებს აკეთებენ, თაგილონამდეა ასფალტი გაკეთებული, მეორეს ოტობაიის ხიდამდეც აკეთებენ. ეს გზა ენგურის სანაპიროს თითქმის ყველა სოფელს აკავშირებს ცენტრალურ ხიდთან, ქალაქთან და გამშვებ პუნქტებთან აკავშირებს. საკმაოდ დიდი გზაა“.

„იყვნენ წარმომადგენლები და ათვალიერებდნენ ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელს. იქ ხომ ხიდი ჩანგრეულია, შესაძლებელია თუ არა სამანქანო გადასასვლელი გაკეთდეს - აი, ამ საკითხზე იყვნენ“.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მისი სამსახურიც იმავე ინფორმაციას ფლობს, რასაც მოქალაქეები:

„თაგილონი 15 აპრილს ოფიციალურად დაიკეტა. თაგილონის ხალხი ან ხურჩით წავა და ან ცენტრალურით. მოსახლეობაშიც ისეთი ხმები ვრცელდება, რომ შესაძლოა ენგურის ხიდიც დროებით შეფერხდეს“.

ენგურის ხიდის გარდა, ამ დროისთვის აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილება შესაძლებელია ოტობაია-განმუხურის, ხურჩა-ნაბაკევის, საბერიო-ფახულანის და ოტობაია-ორსანტიის საკონტროლო-გამშვები პუნქტებით.

დე ფაქტო მთავრობამ აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება 17 მარტს მიიღო. მაშინ ცვლილება შევიდა აფხაზეთის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG