Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 000 წლის გენმოდიფიცირებული პროდუქტი


„ამერიკის ხმის“ რუბრიკა „გალილეო“ დღეს მოგითხრობთ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი პირველი გენეტიკურად მოდიფიცირებული ბოსტნეული 8 ათასი წლისაა

რამდენიმე არასწორი სტერეოტიპი გენეტიკურად მოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებითაც არსებობს. გენეტიკური ინჟინერია მხოლოდ თანამედროვეობასთან და ლაბორატორიებში ჩატარებულ სამეცნიერო ექსპერიმენტებთან არ ასოცირდება. ერთ-ერთი უძველესი მოდიფიკატორი თავად ბუნება გახლავთ.

ასეთია მაგალითად ტკბილი კარტოფილი, რომელიც დღევანდელი სახით დაახლოებით 8 ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა. ის მეცნიერებისთვის ცნობილი ერთ-ერთი პირველი გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტია, რომლის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა მიწაში არსებულმა ბაქტერიამ. მეცნიერებმა ტკბილი კარტოფილის მსოფლიოში არსებული 291 ჯიში შეისწავლეს. ახალი ნაშრომი გამოქვეყნებულია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო აკადემიის ჟურნალში (Proceedings of the National Academy of Sciences of the USA).

კვლევით დასტურდება, რომ აგრობაქტერიუმის ინფექცია ტკბილი კარტოფილის ჯიშებში ჯერ კიდევ ევოლუციის პერიოდში გაჩნდა. ბაქტერია მათ უახლოეს ნათესავ გარეულ კარტოფილში არ არის. მკვლევარების აზრით, ის ფაქტი, რომ ადამიანები მას ათასწლეულების მანძილზე მიირთმევდნენ, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ტრანსგენური სასოფლო-სამეურნეო კულტურების შესახებ შექმნილ აზრზე მათი არაბუნებრივობის, ხელოვნურობის შესახებ და ამასთან ერთად მცენარეს და მიკრობს შორის ურთიერთობის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. ტკბილი კარტოფილი განსაკუთრებით პოპულარულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ადამიანის ორგანიზმისთვის მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ტკბილ კარტოფილს მსოფლიოს მეშვიდე ყველაზე მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურად ასახელებს.

ასე რომ გენეტიკურად მოდიფიცირებულ საკვებს ადამიანები არა საუკუნეების, არამედ ათასწლეულების მანძილზე მიირთმევდნენ. უბრალოდ აქამდე არაფერი იცოდნენ მათ შესახებ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, ყველა გენმოდიფიცირებული პროდუქტი შესაძლოა უსაფრთხო იყოს. თითოეულ მათგანს შესწავლა სჭირდება. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ფედერალური ადმინისტრაცია ნებისმიერი საკვების უსაფრთხოებას აკონტროლებს, მათ შორის გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით შექმნილისაც. კონტროლდება ის პროდუქტიც, რომელსაც ფერმერები საკვებად გათვალისწინებული ცხოველების, ფრინველების, თუ თევზეულისთვის იყენებენ.

გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით მოდიფიცირებულ ორგანიზმთა ბევრი კატეგორია არსებობს, რომელთა შესახებ რუბრიკა „გალილეოს“ ერთ-ერთ მომდევნო გამოშვებაში ვისაუბრებთ. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა და მოიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ სხვა ორგანიზმებსაც, კერძოდ: ცხოველებს, თევზებს, თუ ფრინველებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ათასწლეულების მანძილზე არსებობენ. 28 მარტს ბრიტანული „ტელეგრაფი“ წერდა ევროპაში გაჩენილ პირველ ადამიანზე, რომლის გენებიც მოდიფიცირებული იყო. ლონდონში ხელოვნური განაყოფიერებით, რეპროდუქციული ტექნოლოგიის საშუალებით გაჩენილი ბავშვის ემბრიონშივე მოხდა უმძიმესი გენეტიკური დაავადების ელიმინაცია. შედეგად პატარა ლუკასი ჯანმრთელი დაიბადა. მის ოჯახში დედას და ბაბუას კუნთის დისტროფიის იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვს, რომელიც ხშირად კიდურებში მგრძნობელობის დაქვეითებას იწვევს.

XS
SM
MD
LG