Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაწყვეტილება „იუკოსის“ თაობაზე: როგორ მივედით ამ სტადიამდე?


ნიდერლანდის ჰააგის საოლქო სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს აკისრებდა 50 მილიარდი დოლარის გადახდას უკვე აღარარსებული ნავთობკომპანიის, "იუკოსის", მეწილეებისათვის. საოლქო სასამართლოს თანახმად, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის ივლისის გადაწყვეტილება არასწორი ინტერპრეტაციაა ხელშეკრულებისა, რომელსაც რუსეთმა, მართალია, ხელი მოაწერა, მაგრამ რატიფიცირება არ მოუხდენია. როგორც ჰააგის სასამართლომ 20 აპრილს დაადგინა, საარბიტრაჟო სასამართლოს, ამასთან, არ გააჩნდა "იუკოსის" ყოფილი მეწილეებისათვის ფულადი ანაზღაურების განსაზღვრის უფლებამოსილება. ჰააგაში დაფუძნებული მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილება, მისი საფინანსო მხარე, უდიდესია მის მიერ ოდესმე მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მოსკოვმა 2003 წელს გადასახადებთან დაკავშირებული მოთხოვნა გამოიყენა „იუკოსზე“ კონტროლის დასამყარებლად და მისი აღმასრულებელი დირექტორის, მულტიმილიარდერ მიხაილ ხოდორკოვსკის, გასაჩუმებლად.

კრემლი მიესალმა ჰააგის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაუქმდეს საარბიტრაჟო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც, რუსეთს 50 მილიარდი დოლარი უნდა გადაეხადა "იუკოსის" მეწილეებისათვის. მოსკოვმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის აქტივების გაყინვის პროცედურა, რომელიც ამ საქმის გამო დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში, შეწყდება. კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა თქვა:

„მივესალმებით ჰააგის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაუქმდეს საარბიტრაჟო სასამართლოს განჩინება რუსეთის მიერ „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის 50 მილიარდი დოლარის გადახდის თაობაზე“.

მოსკოვი, ჩანს, მართლა კმაყოფილია საოლქო სასამართლოს განაჩენით და, აი, კიდევ ამ მიზეზით:

„ერთი მხრივ, ეს იყო ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს ისტორიაში უმსხვილესი დადგენილება. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო 20 წელიწადში პირველად მოხდა ჰააგის სასამართლოს დადგენილების გაუქმება“, -განაცხადა, დმიტრი პესკოვმა.

"იუკოსის" მეწილეები, მომჩივანები, რომლებიც წარმოადგენენ Group Menatep Limited-ს (GML), ახლა აპირებენ ჰააგის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ 20 აპრილის განჩინება. „იუკოსი“ ერთ დროს რუსეთის უდიდესი სანავთობო კომპანია იყო, სანამ მის თანამფლობელ მიხაილ ხოდორკოვსკის დააპატიმრებდნენ და მის წილს საეჭვო აუქციონებზე გაყიდიდნენ. „იუკოსი“ ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და მან გააერთიანა ციმბირის სანავთობო და გაზის საბადოები და გადამამუშავებელი საწარმოები. ეს ის პერიოდია, როცა ელცინის მთავრობამ აამოქმედა სადავო პროგრამა, სახელწოდებით „კრედიტები აქციების სანაცვლოდ“, და დაიწყო სახელმწიფო აქტივების გაყიდვა. ხოდორკოვსკიმ, კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყოფილმა ლიდერმა შექმნა, ხშირად დაუნდობელი მეთოდებით, რუსეთის უმდიდრესი ფირმა. 2003 წელს ხოდორკოვსი დააპატიმრეს და, თაღლითობისა და ასევე სხვა ბრალდებებით, რამდენჯერმე გაასამართლეს. სასჯელს იხდიდა ციმბირის კოლონიაში. 2013 წელს ხოდორკოვსკი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა. როგორც ითქვა, წლების მანძილზე „იუკოსის“ აქციები გაიყიდა და ძირითადი ნაწილი სახელმწიფო სანავთობო გოლიათს, „როსნეფტს“, ჩაბარდა.

როცა „იუკოსი“ დაიშალა, მისი ზოგიერთი აქციონერი შეეცადა სამართლებრივი გზით დაებრუნებინა საკუთარი წილი (მათ შორის არ არის ხოდორკოვსკი, რომელიც ახლა შვეიცარიაში ცხოვრობს) და ისინი გაერთიანდნენ Group Menatep Limited-ში (GML). ჯგუფი შეეცადა ევროპის ხელშეკრულება, ცნობილი სახელწოდებით „ენერგეტიკის ქარტია“, თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა, რადგან რუსეთმა ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა უკვე 1994 წელს. მაგრამ კრემლი თავს იცავს და, როგორც 20 აპრილის გადაწყვეტილებიდანაც ჩანს, ჯერჯერობით - წარმატებით. საქმე ისაა, რომ რუსეთს ეს ხელშეკრულება არასოდეს დაუმტკიცებია, მისი რატიფიცირება არ მოუხდენია და პირობებსაც არ ემორჩილება. მეტიც, პუტინმა 2009 წელს რუსეთი ოფიციალურად ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს „ენერგეტიკის ქარტიას“.

2014 წელს ჰააგის კომერციულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთი ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქტივების უკანონო მითვისებასა და საერთაშორისო „ენერგეტიკული ქარტიის“ დარღვევაში და ის დაავალდებულა „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის 50 მილიარდი დოლარი გადაეხადა. 2015 წლის დასაწყისიდან საფრანგეთსა და ბელგიაში სასამართლო აღმასრულებლებმა დაიწყეს აქტივების, ძირითადად იმ გადაუხდელი ვალების ამოღება, რომლებიც ევროპის ქვეყნებს აქვთ დასაბრუნებელი რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული კომპანიების, მაგალითად, „როსკოსმოსისთვის“. ერთ-ერთი შეფასებით, სულ, თანხა, რომლის ამოღების ბრძანება გაიცა, მილიარდ დოლარს აღწევს. მსგავსი პროცედურა დაწყებულია აშშ-ის სასამართლოებში. დაბოლოს, კრემლისთვის ცხადია, რომ ამით ყველაფერი არ დასრულებულა: „ჩვენ, რუსეთს, მშვენივრად გვესმის, რომ ეს არ არის ამ ამბის დასასრული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG