პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 15:23

პოლიტიკა / საქართველო

შტეფან ფიულეს მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილისადმი

შტეფან ფიულე
შტეფან ფიულე

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიათა საარჩევნო ქცევის წესებზე ხელმოწერას სთხოვს. როგორც შტეფან ფიულეს სპიკერი აცხადებს, ფიულესა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბრიუსელში მხოლოდ მას შემდეგ შედგება, რაც კოალიცია ქცევის წესების დეკლარაციას შეუერთდება. კოალიციის წევრი, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, რომ კოალიცია დეკლარაციას მიერთებულია და შტეფან ფიულე, ისევე როგორც სხვა უცხოელი მაღალჩინოსნები, ხელისუფლებას შეცდომაში შეჰყავს. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილსა და შტეფან ფიულეს ერთმანეთთან ინტენსიური და საქმიანი ურთიერთობა აქვთ.

შეხვდება თუ არა მომავალ კვირას ბრიუსელში ჩასულ კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე, როგორც ირკვევა, ეს ორ გარემოებაზე თუ პირობაზეა დამოკიდებული. ეს პირობები ბრიუსელში 13 სექტემბერს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პეტერ სტანომ, შტეფან ფიულეს სპიკერმა, ჩამოთვალა.

”ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფიულეს შეხვედრა. ბატონი ფიულე მზად არის მასთან შესახვედრად, თუ  მიიღებს დაპირებას, რომ ბატონ ივანიშვილის პარტია, "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის და რომ „ქართული ოცნებისათვის“ მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“, - აცხადებს პეტერ სტანო.
ბატონი ფიულე მზად არის მასთან შესახვედრად, თუ  მიიღებს დაპირებას, რომ ბატონ ივანიშვილის პარტია, "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს ...

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეკლარაცია - უფრო ზუსტად კი, საარჩევნოდ პარტიათა ქცევის წესები  -შეიმუშავა და პოლიტიკურ პარტიებს მასზე ხელის მოწერისაკენ მოუწოდა. კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მაშინ იდეას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი დოკუმენტი პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა შექმნილიყო. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული ქცევის წესების ერთ-ერთი - მეოთხე - პუნქტი სწორედ იმ საკითხს ეხებოდა, რომელზეც ფიულეს სპიკერი პეტერ სტანო მიუთითებს, ანუ ხელმომწერი პარტიები იღებენ ”პასუხისმგებლობას სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე”.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო ქცევის წესების შემუშავებიდან რამდენიმე ხანში არასამთავრობო ორგანიზაციებმა დამოუკიდებელი, 17 პუნქტიანი დეკლარაცია შექმნეს, რომელშიც აგვისტოს ბოლოს გარკვეული შესწორება შევიდა და მას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწერილი ქცევის წესებიც დაემატა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ ის მეოთხე პუნქტია, რომლის მიხედვითაც, პარტიები ”სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნების ლეგიტიმურად მიჩნეულ შედეგებს აღიარებენ“. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელ თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულება მხარეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკისრებათ, თუკი წინასაარჩევნო კამპანია დეკლარაციაში შემავალი ყველა პუნქტის დაცვით წარიმართება:

”თუკი ხელშეკრულების პირობები იქნება დაცული და არჩევნები, ისევე როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაივლის, რა თქმა უნდა, ყველას აქვს ვალდებულება, რომ ასეთ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები აღიაროს”, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.
ფაქტობრივად, საქართველოს საელჩოები ყველა ქვეყანაში იმით არიან დაკავებულნი, რომ კოალიცია ”ქართულ ოცნებაზე” სიცრუე გაავრცელონ. შესაძლოა, ეს ადამიანიც ასეთი არასწორი ინფორმაციის მსხვერპლია ...

რადიო თავისუფლება კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრს, რესპუბლიკელ დავით უსუფაშვილს დაუკავშირდა და ევროკომისრის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, გარკვეულ ულტიმატუმზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. როგორც ის ამბობს, ბიძინა ივანიშვილსა და შტეფან ფიულეს ერთმანეთთან ინტენსიური, საქმიანი და თბილი ურთიერთობა აქვთ. მისივე მტკიცებით, კოალიცია დეკლარაციას მიერთებულია, მაღალი რანგის უცხოელი დიპლომატები კი ხელისუფლებას შეცდომაში შეჰყავს:

”ფაქტობრივად, საქართველოს საელჩოები ყველა ქვეყანაში იმით არიან დაკავებულნი, რომ კოალიცია ”ქართულ ოცნებაზე” სიცრუე გაავრცელონ. შესაძლოა, ეს ადამიანიც ასეთი არასწორი ინფორმაციის მსხვერპლია, ისევე როგორც, მაგალითად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცოტა ხნის წინ ”ვოლ სტრიტ ჯორნალთან” საუბარში სწორედ იმაზე მიუთითებს, თითქოს ჩვენ ამ ქცევის წესებთან არ ვართ მიერთებულნი. სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს კოალიცია ”ქართული ოცნება” არის მიერთებული დღიდან ამ დოკუმენტის გამოჩენისა. ჩვენ ვართ მიერთებულნი პირველ ვერსიასთანაც, მეორესთანაც, მესამესთანაც...”

რაც შეეხება მომავალ კვირას ბიძინა ივანიშვილის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტს, როგორც დავით უსუფაშვილი ამბობს, ამ ვიზიტის შესახებ ის ჯერჯერობით ინფორმირებული არ არის.
ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ორივე მხარის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის - პასუხისმგებლობაზე, რათა უზრუნველყონ სათანადო ქცევა და, მაშასადამე, არჩევნების ლეგიტიმურობა ...

ისევე როგორც დავით უსუფაშვილი, კოალიციის კიდევ ერთი წევრი, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ კოალიციამ დეკლარაციის პუნქტებს ხელი მოაწერა, და იქვე სწორედ იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის შესახებაც პეტერ სტანო, შტეფან ფიულეს სპიკერი, ”ქართულ ოცნებას” მიუთითებს:

”თუკი ობიექტურად იქნება ასახული ამომრჩევლის ნება,  - აქ იდეალურზე არ არის ლაპარკი, საუბარია ობიექტურ ასახვაზე,  -  და ეუთო და ოდირი აღიარებენ ამ არჩევნებს, როგორც დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს, ჩვენთვისაც, ბუნებრივია, ეს შედეგები იქნება მისაღები, ისევე როგორც ყველასთვის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.”

მაგრამ იქვე ირაკლი ალასანია იმის შესახებაც საუბრობს, რომ თუკი ჩატარებული არჩევნების გარშემო ქართულ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გაჩნდება, „ქართული ოცნება“ გამოიყენებს პროტესტის ყველა სამართლებრივ და კონსტიტუციურ მეთოდს, რათა, მისი თქმით, საქმე მიყვანილი იქნეს ბოლომდე და ქართული საზოგადოების ნება არჩევნებში ობიექტურად აისახოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ, პეტერ სტანოს სიტყვებით, ევროკავშირი გამოთქვამს გარკვეულ წუხილს საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებული   პოლარიზაციის გამო.

”ევროკავშირისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები, პირველ რიგში, უკავშირდებოდეს პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებს. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ორივე მხარის - ხელისუფლებისა და ოპოზიციის - პასუხისმგებლობაზე, რათა უზრუნველყონ სათანადო ქცევა და, მაშასადამე, არჩევნების ლეგიტიმურობა”, - აცხადებს პეტერ სტანო.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ამომრჩეველი საიდან გვწერთ: საქართველოდან
19.09.2012 16:23
"ქართული ოცნებისათვის“ მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“, - აცხადებს პეტერ სტანო." ძმაო პეტერ, ხალხი დაგავწყდა, ქართველი ხალხი!-თუ ხალხი არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს-"მოშჩნად "მკიდია შენი ოფისი და ინსტიტუტები!

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
15.09.2012 16:41
მას შმედგე რაც არაბული რევოლუციები დაიწყო, შტეფან ფულეს და მისი პროგრამის მნიშვნელობა სამკაოდ შემცირდა. ფინანსურადაც. ჯერ კდიევ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნ. საკროზი გამოვიდა ამ პროგრამის შემცირების ინიციატივით.

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
15.09.2012 16:00
აღარც გამოვაგზავნი.
ამაზე დროის კარგვა სისულელეა.

ავტორი: neli საიდან გვწერთ: tbilisi
15.09.2012 13:15
ნუ ჰგონია ვინმეს რომ ქართველი ხალხი არიქა-და ევროპა-ამერიკის გარეშე ვერ იარსებებს და არიქა და ამათ თვალებში უნდა შევციცინებდეთ,არიქა უნდა შევხვდეთ აუცილებლათ,არიქა რას იტყვიან ჩვენზე,არიქა რასაც იტყვიან უნდა შევასრულოთ...არამც და არა ბატონებო,რბილად რომ ვთქვათ ცდებით.ქართველი ხალხი თავისით გადაწყვეტს ყველაფერს...და თქვენი (ჭკვიანი) სახეები და რჩევები უკვე ხალხის ნერვებზე მოქმედებს,იმიტომ რომ რაც აქამდე თქვენ გიყურეთ და გისმინეთ ქართველმა ხალხმა აი რაც მივიღეთ...გიჟები ხელისუფლებაში !!! კ მ ა რ ა...ახლა თქვენ გვისმინეთ ქართველ ხალხს,არადა...შორს ჩვენგან!!!

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: საქართველო
15.09.2012 09:08
ივანიშვილმა განაცხადა ფიულსეთან შეხვედრა არ მითხოვიაო! მაინტერესებს დასავლურ სახელმწიფოში პილიტიკოსმა ასეთი ცრუ განცხადებებით რომ გამოვიდეს გამუდმებით, რა პასუხს მოსთხოვენ. პოლიტიკურ გვამად მაინც გადაიქცევა. აქ კი, საქართველოში, ვიღაც-ვიღაცეებს მაინც ივანიშვილის სჯერათ. ეს ხალდი ოპონენტები კი არ არის, უბრალოდ ჭაობია.
P.S. 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომენტარს არ გამოაქვეყნებენ. თავისუფლებაზე პრინციპულად მარტო ოპოზიციონრების კომენტარებს დებენ, ან ამ ვერ-გვერდს სხვა არც არავინ არ კითხულობს.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
15.09.2012 15:03
ძვირფასო ქართველო!
პოსტსკრიპტუმი სრულიად ზედმეტი იყო. მართლა დარწმუნებული რომ ბრძანდებოდეთ, რომ კომენტარი არ გამოქვეყნდებოდა, მას არც გამოგზავნიდით. საერთოდ, შეგახსენებთ, რომ არ ქვეყნდება მხოლოდ ის კომენტარები, რომლებიც არღვევს ჩვენი ფორუმის წესებს (იხ. ბმული).
http://www.radiotavisupleba.ge/info/forum_rules/353.html

ავტორი: levan საიდან გვწერთ: Tbilisi
15.09.2012 01:42
დღეს (14 სექტემბერს დილას ) ჩამოველ თბილისში. თვითმფრინავში დავემგზავრე ბატონ ირ.ალასანიას, პაერიაშვის (სახელი არ მახსოვს და არ მინდა შევცდე, ამირომ არ ვასახელებ) და ავალიანს (ვახტანგ, მგონი).
თვითმფრინავის "კუდისკენ" (ბოლოსკენ, ანუ) წავიდნენ, ესეიგი ეკონომ-კლასის ბილეთები ჰქონდათ შეძენილი.
იქვე თვითმფრენში დაგვემგზავრა ბატონი გორდაძე, საქართველოს ევოპასთან ინტეგრაციის დარგში მინისტრი (ახლადდანიშნული).
ბატონი გორდაძე, განსხვავებით ზემოთჩამოთვლილ ბატონებისგან "ბიზნეს-კლასს" ის ნაწილში ჯდა.
არ გადავიჭრები რიტორიკაში და არ ვიწყებ მსჯელობას მასზედ, თუ რამდენად მისაღების სახელმწიფო მოხელე რომლის ქვეყანასაც მრავალბილიონიანი სესხი აქვს დასაფარი ევროპის წინაშე (მეტადრე სახელმწიფო ხარჯზე მოგზაური სახელმწიფო მოხელე) სამაგალითო იყოს სხვა მოქალაქეებისადმი და სამაგალითოდ მაინც დაჯდეს საკუთარ თანამოქალაქეებთან გვერდით.
მცირე ამ დაკვირბევით შემოვიფარგლები.

ავტორი: ანონიმი
14.09.2012 12:47
ოჰ, კაი რა არ შეხვდებაოო და აატირა ახლა ივანიშვილიც? გააიანუკოვიჩეთ რამეფრად ეს კაციც.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
14.09.2012 10:01
ბატონი შეტფან ფულე ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. კარიერის გასაგრძელებლად კომპარტიის საღამოს სკოლაშიც დადიოდა.

თუმცა ამჟამად ჩეხეთის მემარჯვენე ხელისუფლების, კერძოდ კი კონსერვატიული პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატია და ევროკავშირში მესამე წელია მუშაობს.

მდივნებად ყავს ორი ქალბატონი. ერთ-ერთი მათგანი სანამ ამ ნიშვნელოვან სამსახურს მიიღებდა, მუშაობდა საბერძნეთში ჩეხეთის საკონსულოში. დიდი გამოცდილება არ გააჩნდათ, რისთვისაც საკმაო კრიტიკაც მიიღეს.

მთლად გადასარევი კადრები არ ყავს EU გაფართოვების პროგრამაში. ამას თუ დაუმატებთ ბრიუსელის ბიუროკრაციას....შესანიშნავი გარემოა საქართველოში შექმნილი მდგომარეობის არდასანახავად.

თუმცა ყველაფერი იციან, მაგრამ EU ყველაზე მეტად საქართველოში ასე თუ ისე არსებული სტაბილურობა აწყობს.

რადგანაც ბატონ ივანიშვილს რომ კარგი კადრები ყავდეს, აქამდე ასე სამჯერ მაინც უნდა ჩასულიყო ბრიუსელში.

ესე ერთი კვირით წინასწარ შეხვედრის დათქმა ფულესთან?

მაგ კაცს განრიგი ასე სამი თვით აქვს გაწერილი... წინაზე კი ჰილარი კლინტონთან შეხვედრის გაუქმებამაც მეტად ავნო ქართულ ოპოზიციიას. ტრადიციულად თბილისში ელჩებთან შეხვედრა და საელჩოებში მიართვების დაგზავნა მეტად სუსტი გზაა.

ყველაზე პოპულარული