Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრენა „წითელი ალმის“ ქვეშ


საქართველოს „წითელი ალამი“ აქვს მინიჭებული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Civil Aviation Organization) მიერ. სამოქალაქო ავიაციის სფეროში უსაფრთხოების თაობაზე აუდიტი გაეროს სპეციალიზებულმა სააგენტო ICAO-მ საქართველოში 2013 წელს ჩაატარა და მსოფლიოს იმ 13 ქვეყანას მიაკუთვნა, რომელთაც ასევე „წითელი ალამი“ აქვთ მინიჭებული. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ „წითელი ალმის“ გამომწვევი მიზეზები გამოსწორებულია, ავიაკომპანიები კი შესაძლო სანქციებს მაინც უფრთხიან.

საქართველოსთან ერთად, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-ს მიერ უსაფრთხოების თაობაზე ჩატარებული აუდიტის საფუძველზე, „წითელი ალამი“ სხვადასხვა წელს მინიჭებული აქვთ ანგოლას, ბოცვანას, ყაზახეთს, ჰაიტის, ლიბანს, ნეპალს, სიერა ლეონეს, ურუგვაის, ერითრეას, ტაილანდს, ჯიბუტის, მალავის.

როგორც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე თამარ არჩუაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, სააგენტო ყველა ზომას იღებს „წითელი ალმის“ მოსახსნელად, თავისთავად „წითელი ალამი“ კი ქვეყანას მიენიჭა ავიაკომპანიების სერტიფიცირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების გამო. თამარ არჩუაძის თქმით, თუ ICAO-ს განმარტებას მივაქცევთ ყურადღებას, იქ წერია, რომ „წითელი ალმის“ მინიჭებას არ განაპიროებებს ავიაკომპანიაში ან კონკრეტულ თვითმფრინავზე არსებული უსაფრთხოების პრობლემა, საუბარია შემოწმების პროცედურის სრულყოფილებაზე, მაგალითად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ კომპანიებზე გაცემული სერტიფიკატების დასკვნაში დეტალურ განმარტებებზე, ე.წ, „ჩეკ ლისტებზე“, ანუ ადგილზე შემოწმების სრულყოფილ ასახვაზე:

„მაგალითად, გაცემულია დასკვნა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბუთი შეესაბამება სტანდარტს, მაგრამ ამ საბუთის კონკრეტული პარაგრაფები არ შეესაბამება სტანდარტს და დასკვნა ამ სახით არის წარმოდგენილი, მაგრამ ICAO-მ გვითხრა, რომ ამ სახის დასკვნას უნდა ხლებოდა „ჩეკ ლისტი“, სადაც რომელ ფურცელზე რა წერია და რომელ პარაგრაფში რა არის ასახული, ისიც უნდა ყოფილიყო მოცემული. ეს „ჩეკ ლისტები“ არ არსებობდა ამ პერიოდისთვის, „ჩეკ ლისტები“ შეიქმნა სააგენტოს შექმნის შემდეგ (2011წელს). ამიტომ არსებული პროცესის მიმართ ICAO-ს არანაირი შენიშვნა არ ჰქონდა და სააგენტოს დაევალა ძველი პროცესის მიხედვით გაცემული საბუთების ხელახალი გადამოწმება“.

შესაბამისად, თამარ არჩუაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოსთვის მინიჭებული „წითელი ალამი“ არ ნიშნავს:

„იმას, რომ კომპანიაში ან აეროპორტში, ან კონკრეტულ თვითმფრინავზე არის უსაფრთხოების პრობლემა“.

როგორც საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე განმარტავს, ICAO-ს აუდიტის შედეგებში დაფიქსირებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მაისამდე, საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ახალი ავიაკომპანიების რეგისტრაციაზე დროებით ე.წ. „მორატორიუმი“გამოცხადდა და განხორციელდა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების რესერტიფიცირება:

„უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის და უფრო მეტი წარმოჩენისთვის, რომ ყველაფერი წარიმართა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რესერტიფიცირების პროცესში ჩართული იყვნენ ასევე ავსტრიის ავიაციის ზედამხედველობის სააგენტოს კონსულტანტები და სხვა ექსპერტები, ანუ ისინი ჩვენს ინსპექტორებთან ერთად ზედამხედველობდნენ რესერტიფიცირების პროცესს და, შესაბამისად, ის ერთადერთი კომპონენტი, რაც მაშინ დაფიქსირდა, უკვე გამოსწორებულია“.

როგორადაც არ უნდა იყოს საქმე, ამბობს საერთაშორისო საჰაერო სამართლის ექსპერტი დავით გეფერიძე, ICAO-ს საინფორმაციო ბიულეტენში „წითელი ალმით“ მოხვედრა ქვეყნისთვის საავიაციო ბაზარზე ოპერირებადი კომპანიების პრესტიჟს ლახავს.

„ამჟამად 191 სახელმწიფოა ICAO-ს წევრი. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის პრესტიჟი ილახება. ეს ნიშნავს იმას, რომ, საერთაშორისო ორგანიზაციის თქმით, გარკვეულ სეგმენტებში საერთაშორისო სტანდარტები არ არის დაცული“.

მიუხედავად ამისა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე თამარ არჩუაძე გამორიცხავს, რომ ქართულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის სივრცეში ფრენა ან აეკრძალოთ, ან შეეზღუდოთ, ვინაიდან ევროკავშირმა თავისი წესები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც, აკრძალვის საფუძველი არ არსებობს. იასე ზაუტაშვილი, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“გენერალური დირექტორი, ამბობს, რომეს არის გაფრთხილებისა და განგაშის მანიშნებელი. მისი თქმით, ხარვეზების აღმოფხვრაზე ეკონომიკის სამინისტრო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წელიწადზე მეტია მუშაობენ, მაგრამ ქართულმა ავიაკომპანიამ უკვე იწვნია ამ „წითელი ალმის“ უარყოფითი შედეგი:

„ავიაკომპანიას ჰქონდა აკრედიტაცია და შესაძლებლობა განეხორციელებინა გაეროს ეგიდით არსებულ პროგრამებში მონაწილეობის მიღება, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს გარეთ, ჩარტერული ფრენების განხორციელებას, მაგრამ ჩვენი კომპანია ქართული კომპანიაა და ყველასთვის ცნობილია, რომ რეგისტრირებულია საქართველოში და ჩვენი საავიაციო სააგენტო იმყოფება ამ „წითელი ალმის“ ქვეშ. მათ თავი შეიკავეს ჩვენთან, აკრედიტაციის მიუხედავად, ამგვარი ხელშეკრულების გაფორმებისგან. ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს და ვხედავთ საფრთხეს იმ კუთხით, რომ ქვეყანა არ მოხვდეს იმ აკრძალვების ზონაში და შეექმნას პრობლემა ჩვენს საერთაშორისო რეისებს“.

იასე ზაუტაშვილის თქმით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროკავშირის ცაზე დაფრინავს და, სწორედ ამიტომ, იასე ზაუტაშვილი ICAO-ს მომდევნო აუდიტის ჩატარებას ელის. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აუდიტს 5 წელიწადში ერთხელ ატარებს. შესაბამისად, 2018 წლამდე არ არის სავაურადო საქართველოს „წითელი ალამი“ მოეხსნას.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG