Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძველბიჭო „კაგებეშნიკი“ ვოლოდია რესტორან „ლუნაში“


ვლადიმირ პუტინი (1991 წ.)
ვლადიმირ პუტინი (1991 წ.)

მაქსიმ ფრეიდზონი გვიამბობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარსულ საქმიანობაზე, იმ დროზე, როცა პუტინი ლენინგრადის მერიაში მუშაობდა. ფრეიდზონმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს ისიც უთხრა, უფრო დაწვრილებით ყოველივე ამაზე სასამართლოზე ვილაპარაკებო. რა იცის ფრეიდზონმა, რომელმაც თავი ისრაელს შეაფარა?

მაქსიმ ფრეიდზონს ვლადიმირ პუტინი ახსოვს პეტერბურგის მერიიდან, სადაც რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. გაწონასწორებული იყო, თანამდებობას და გარემოს შეეფერებოდა, ხანდახან, მშობლიური ქალაქისთვის სარგებლობის მოტანაც კი შეეძლოო, ამბობს ახლა ფრეიდზონი. იმის გამო, რომ ეშინოდა, იმ მიზნით, რომ ფული მოეხვეჭა, აფორმებდა საჭირო ქაღალდებს, გასცემდა ლიცენზიებს, ვაჭრობდა პროცენტებით, ითხოვდა ქრთამს, რაღაც საქმეებს გერმანელებთანაც ხლართავდა, უამბობს რადიო თავისუფლებას ბიზნესმენი, რომელსაც სასამართლოში საჩივარი აქვს შეტანილი ერთბაშად რამდენიმე კომპანიისა თუ ფიზიკური პირის წინააღმდეგ. ამ კომპანიებს შორის არის რუსეთის ენერგეტიკის გიგანტი, „გაზპრომი“, ხოლო ფიზიკურ პირთა სიაში, სხვათა შორის, არიან „გაზპრომის“ დირექტორი მილერი, „გაზპრომ-ნეფტის“ გენერალური დირექტორი დიუდკოვი, „ლუკოილ-ბუნკერის“ დირექტორი ბეგლოვი, „ჰორაიზონ ინტერნეშნლ ტრეიდინგის“ დირექტორი სმითი.

რას ემართლება მათ ფრეიდზონი? 540 მილიონ დოლარს, ანუ თანხას რომელიც შეესაბამება ფრეიდზონის წილს სანავთობო ფირმა „სოვეკსში“, რომელიც პულკოვოს აეროპორტს ემსახურებოდა. ფრეიდზონსა და მის აწ გარდაცვლილ პარტნიორს, დმიტრი სკიგინს, ეკუთვნოდათ „სოვექსის“ აქციების მფლობელი ფირმის, „სიგმის“ წილის 29 პროცენტი.

დეტალურად და სერიოზულად ამაზე სასამართლოზე უნდა ილაპარაკოს კაცმა. პუტინს ძალიან კარგად ახასიათებს ერთი ხალხური გამოთქმა: „მოძველბიჭო კაგებეშნიკი“...
მაქსიმ ფრეიდზონი

რადიო თავისუფლებისთვის თებერვალში მოცემულ ინტერვიუში, ფრეიდზონი ჰყვებოდა, როგორ მოქმედებდა სანქტ-პეტერბურგში თავისებური კავშირი, რომელიც ჰყვაოდა და რომელშიც ერთად საქმიანობდნენ ბიზნესმენები, ბანდიტები და სახელმწიფო მოხელეები.

საბჭოთა პერიოდში ფრეიდზონი ლენინგრადის ებრაული თემის აქტივისტი იყო და კანონიკური წესებით წინადაცვეთის ცერემონიის შესრულება ევალებოდა. მოგვიანებით ის ისრაელში გადასახლდა, ხოლო 1990-იან წლებში ისევ რუსეთში დაბრუნდა და ბიზნესს მიჰყო ხელი. ამ პერიოდში იქნა დაარსებული ზემოხსენებული ფირმა, მაშინ გაიცნო ფრეიდზონმა ქალაქის მერიის მოხელეები, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო.

უკვე მოგვიანებით, 2007 წელს, „სოვექსი“ შეიძინეს „ლუკოილმა“ და „გაზპრომმა“, რის შემდეგაც ფრეიდზონი თავისი აქციების ბედით დაინტერესდა. მაშინ მას თავს დაესხნენ და სცემეს, რასაც კვლავ ისრაელში წასვლა მოჰყვა. „პანამის დოკუმენტების“ სახელით ახლახან გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით ფრეიდზონი ვარაუდობს, რომ ახლა მაინც შეიძლება გაირკვევს, შეიძლება გამოჩნდეს აშკარა მტკიცებულება იმისა, თუ როგორ აგროვებდნენ კაპიტალს პეტერბურგის მერიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, ვლადიმირ პუტინი და მისი თანამშრომლები. იმ თანხებს შორის, რომლებსაც მოხელეები სძალავდნენ ბიზნესმენებს, ფრეიდზონის ფულიცაა, იმ დროისთვის არცთუ მცირე თანხა − ოცი ათასი დოლარი. ფრეიდზონმა რადიო თავისუფლებას უამბო, როგორ გადასცა ეს თანხა ალექსეი მილერსა და ვლადიმირ პუტინს, და როგორ მდიდრდებოდა რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტი.

„დეტალურად და სერიოზულად ამაზე სასამართლოზე უნდა ილაპარაკოს კაცმა. პუტინს ძალიან კარგად ახასიათებს ერთი ხალხური გამოთქმა: „მოძველბიჭო კაგებეშნიკი“. ეს გამოთქმა 1992 წელს გავიგონე მეგობრებისგან, როცა ვიკითხე, მერიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რა ხდება-მეთქი. საერთაშორისო ბიზნესში ერთი პროექტის გაფორმება დამჭირდა. მარტივი საქმე იყო, მაგრამ ჯერ გავიკითხე, ნაცნობობა იყო საჭირო. რა ხალხია-მეთქი, ვიკითხე. კაგებეშნიკია, მოძველბიჭოო, ამიხსნეს. ჰუმანიტარული დახმარებით საზრდოობენ, მაგრამ ფულს თუ მისცემ, ყველაფერს მაღალ დონეზე მოგიგვარებენო, დამარიგეს. მართლაც ასე მოხდა. საქმე ჩამიწყვეს. მაშინ ეს უწყება ანტონენკოს ქუჩაზე მდებარეობდა. მივედი. რაღაც ილაპარაკეს დასავლეთთან ახალი რუსეთის მეგობრობაზე, ეკონომიკურ კავშირებზე. საუბრისას ერთმა ბატონმა, რომელიც საოცრად ჰგავს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, დაწერა რიცხვი და ბოლოს მითხრა, გაფორმებით ალექსეი მილერი გააფორმებსო. ამით დავშორდით ერთმანეთს. უნდა ვთქვა, რომ მართლაც ყველაფერი მაღალ დონეზე, სწრაფად და უპრობლემოდ გამიკეთეს.“

ჟარგონი რომ ვიხმარო, ვალოდია ბევრს იბერება, მაგრამ რაც იბერება, იფუშება კიდეც. მაგალითისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო: თურქებს ხომ გაეჭიმა, გაიბერა, ჩამოუგდეს თვითმფრინავი და ჩაიფუშა; ასეთი სისტემა აქვს, გამივა - გამივა, არ გამივა - არ გამივა...
მაქსიმ ფრეიდზონი

თანხა, რომელიც, როგორც ბიზნესმენი ჰყვება, თანამოსაუბრემ დაუწერა ქაღალდზე, ოცი ათასი დოლარი იყო. ფრეიდზონის გამოცდილებით, მაშინდელ ლენინგრადში პუტინი ბევრს არაფერს წარმოადგენდა. გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ის ავტორიტეტიანი განგსტერი იყო, ძალიან არის გაზვიადებული და ამაში, როგორც ფრეიდზონი ვარაუდობს, შესაძლოა, თვით პუტინის ხელიც ერიოს. მისი თქმით, პუტინი ბევრს და ნაყოფიერად თანამშრომლობდა ბანდიტებთან, ემსახურებოდა მათ, ცდილობდა სარგებელი მოეტანა. მოკლედ, „წვრილფეხა“, მაგრამ საჭირო პარტნიორი იყო მათთვის, ვინც მაშინ ლენინგრადს განაგებდა. იქ იყო რამდენიმე ჯგუფი მსხვილი საქმოსნებისა, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანდნენ და მერიის „წვრილფეხა“ თანამშრომლებს მათ შორის გაძრომ-გამოძრომა უწევდათო. მაქსიმ ფრეიდზონი იხსენებს პუტინთან სხვა შეხვედრასაც, როცა ბიზნესმენი პოლიციისთვის იარაღის შეძენის საქმეს აგვარებდა.

„ერთხელ კომიტეტში ვიყავი მისული, პოლიციის იარაღის პროგრამის დასამტკიცებლად. მაშინ გამაკვირვეს. რაც გინდა თქვი, და სახელმწიფო საქმე იყო: იარაღი პოლიციისთვის. მაგრამ იგივე განმეორდა: თანხა დაიწერა სიტყვებით, ითქვა, რომ გააფორმებს ალექსეი. იმავე მილერმა მიიღო თანხა, ათი ათასი. ასე იყო დადგენილი.“

თანხა, რომელსაც მაშინ აგროვებდნენ მოგვიანებით პოლიტიკასა და ბიზნესში დაწინაურებული პირები, უცხოეთში გაედინებოდა, „ირეცხებოდა“, როგორც ამას დღეს უწოდებენ. ფრეიდზონი მოელის, რომ შესაბამის პირებს ადრე თუ გვიან პასუხს მოსთხოვენ. ის მაგალითად ასახელებს 2000 წლის ამბებს, როცა მონაკოში რუსეთის მაფიის საქმის გამოძიება დაიწყო, მაგრამ შემდეგ ჩაიფარცხა. თუ მას დაეჯერება, მაქსიმ ფრეიდზონი ამბობს, რომ მაშინ პუტინის ფულს რეცხავდა და განკარგავდა ვინმე სმითი, „ჰორაიზონ ინტერნეშნლ ტრეიდინგის“ ახლანდელი დირექტორი.

„როცა პუტინს ხვდებოდით ხოლმე, იფიქრებდით, რომ მისი პორტრეტი ოდესმე ჟურნალ „ტაიმის“ პირველ გვერდზე დაიბეჭდებოდა?“ - ჰკითხა დმიტრი ვოლჩეკმა ფრეიდზონს:

მაქსიმ ფრეიდზონი 1992 წელს
მაქსიმ ფრეიდზონი 1992 წელს

„ვერა. ყველაზე საშინელ ფიქრშიც ვერ წარმოვიდგენდი. ეს კაცი აშკარად კომპლექსებს იკმაყოფილებს. ამ დროს არც ჭკუა აქვს საკმარისი, არც ძალა. ჟარგონი რომ ვიხმარო, ვალოდია ბევრს იბერება, მაგრამ რაც იბერება, იფუშება კიდეც. მაგალითისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო: თურქებს ხომ გაეჭიმა, გაიბერა, ჩამოუგდეს თვითმფრინავი და ჩაიფუშა; ასეთი სისტემა აქვს, გამივა - გამივა, არ გამივა - არ გამივა.“

უკვე გითხარით, რომ ფრეიდზონი ისრაელის მოქალაქეა. ჩვენი კორესპონდენტი მას ახლო აღმოსავლეთში პუტინის პოლიტიკაზეც გაესაუბრა. აქაც იგივეაო, ამტკიცებს ფრეიდზონი:

„აქაც იგივეა. სპარსელებს მისი არც სჯერათ, და არც პატივს სცემენ, და ეს ბუნებრივიცაა: ხან ვითომ მიჰყიდის რაღაცას, მერე აღარ მიჰყიდის. პუტინის არსებობა ხელს აძლევს ტერორისტულ ჯგუფებს, „ჰიზბოლასა“ და „ჰამასს“: მათაც შეიძლება ერგოთ რამე და უკვე კარგია. ჩემი აზრით, ეს მცდელობა, ჩაეკვეხოს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში, საბოლოოდ ამტკიცებს, რომ ის არის კაცი, რომელიც ემხრობა ტერორიზმსა და ექსტრემიზმის ყველაზე უარეს ფორმებს. სირიისთვის გოლანის მაღლობის გადაცემას ემხრობა! ეს მაღლობი ისრაელის განუყოფელი ნაწილია. და, საერთოდ, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ახლო აღმოსავლეთში არაფერი ესაქმება, სამხრეთის მიმართულებით მისი ქვეყნის ინტერესები ვორონეჟთან მთავრდება.“

ამ საუბრის ბოლოს მაქსიმ ფრეიდზონი ამბობს, რომ მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ „პანამის დოკუმენტების“ გამოქვეყნებას პუტინმა ნაციონალური გვარდიის შექმნით უპასუხა. მისი აზრით, პუტინს ეშინია, და ეს შიში გამართლებულია, მას გვარდია ვერ იხსნის, რადგან მალე დაიწყება გარკვევა, ვინ, სად, როგორ და რა ფული გადარიცხვა უცხოეთშიო. და ლენინგრადელი ბიზნესმენი, როცა პუტინზე ლაპარაკობს, ერთ გაცვეთილ შეკითხვას იხსენებს: „ეს თქვენი დაცვაა თუ ბადრაგი“?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG