Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი ბრიდლავი ნატო-საქართველოს დაახლოებაზე


ფილიპ ბრიდლავი, ირაკლი ალასანია
ფილიპ ბრიდლავი, ირაკლი ალასანია

ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპის მიმართულების უმაღლესი მთავარსარდლის, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის ვიზიტის ფარგლებში განსახილველ ერთ-ერთ მთავარ თემას ნატოს საწვრთნელი ცენტრის საოპერაციო ნაწილის მომავალი წარმოადგენდა. ამ სეგმენტის გარდა, მსჯელობა შეეხებოდა ნატოსგან უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის სხვა სეგმენტებს და რეგიონალურ მშვიდობას, რომელსაც რუსეთის აგრესია ავიწროებს. რა ვადებშია მოსალოდნელი კონკრეტული გეგმის განხორციელება?

გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა 22 ოქტომბერს, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან გამართა. ”საქართველოს სტუმრობს ნატოს სამეკავშირეო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც აქვს მთავარი გზავნილი საქართველოსთვის ჩამოტანილი, რომ ნატო დგას საქართველოს გვერდით და საქართველოს დაეხმარება გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა”, - უთხრა მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ალასანიამ და იქვე განმარტა, რომ შეხვედრის მთავარი თემები ნატოსგან მიღებული არსებითი პაკეტის შესრულების დეტალები იყო. ითქვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დროულად განხორციელდეს საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბება. ნატოს საწვრთნელი ცენტრის პერსპექტივებზე გენერალმა ბრიდლავმაც ილაპარაკა:

ფილიპ ბრიდლავი
ფილიპ ბრიდლავი

”ჩვენ გვქონდა შესანიშნავი განხილვა პრაქტიკულ დონეზე. მე, როგორც ოპერაციების მეთაურ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ჯარს ბრძოლის ველზე გზავნის და ბრძოლისთვის ამზადებს, ჩვენმა განხილვამ საშუალება მომცა გამეგო, თუ რა ეტაპზეა საქართველო ამ პროცესში და როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ ავამოქმედოთ საწვრთნელი ცენტრის ოპერაციული ნაწილი”.

როგორც საწვრთნელ ცენტრთან, ასევე ნატოს არსებითი პაკეტის სხვა სეგმენტებთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სავარაუდოდ, მომავალი წლის თებერვლიდან არის მოსალოდნელი. როგორც ირაკლი ალასანიამ განმარტა, 21 ოქტომბერს ბრიუსელში შეთანხმებულ გეგმას ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში განიხილავენ, ხოლო თავდაცვის მინისტრები საბოლოო სახით თებერვალში დაამტკიცებენ. შეთანხმების შემდეგ კი საქმეს შეუდგება ”შემსწავლელი ჯგუფი”, რომელიც საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურას შეისწავლის. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ყველაფერი მშვიდობისა და უსაფრთხოების სახელით კეთდება:

”მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ის შეთანხმება, რაც აქვს საქართველოს და ნატოს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან, ერთობლივ წვრთნებთან და ჩვენს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გეგმები, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული”.

ის, რომ ნატოსა და საქართველოს დაახლოების პროცესი რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არასოდეს სჯეროდათ და არც ახლა სჯერათ რუსეთში, რომელიც კვლავაც იბრძვის გავლენის განსამტკიცებლად რეგიონში. რუსეთის აგრესიულ ზრახვებზე ამერიკელმა გენერალმა, ფილიპ ბრიდლავმა, საქართველოს მწარე გამოცდილებაზე მითითებით ილაპარაკა:

”ქართველებმა ბევრზე უკეთ იციან, რომ ახლა ევროპაში ძალიან რთული დროა - რუსეთი კვლავ შეიჭრა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, არალეგალურად მოახდინა მისი ერთი ნაწილის ანექსია და გამოიყენა სამხედრო ძალა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ნატო აცნობიერებს აღნიშნულ საფრთხეებს და ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს, რათა ნატოს ქვეყნებმა სწრაფი რეაგირება მოახდონონ მსგავს საფრთხეებზე მომავალში”.

ნატოს პერსონალის წინააღმდეგ სამხედრო კონფრონტაცია უცილობლად გამოიწვევს იმას, რომ ნატო იქნება უფრო მეტად ჩართული ამ საკითხში და, შესაბამისად, რუსეთისთვის რისკები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სხვაგვარად იქნებოდა...
ლევან ცუცქირიძე

გენერალ ბრიდლავის ინფორმაციით, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, თუ კონკრეტულად რა როლს შეასრულებენ ამ მიმართულებით ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები. ეს, მისი თქმით, მომავალ კვირებში გადაწყდება. რუსეთის აგრესიის შემაკავებელ ფაქტორად საქართველოში ბევრი სწორედ ნატოს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებას მიიჩნევს და მათ შორის არის პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძეც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთი იოლად ვერ დაუპირისპირდება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნატოს პერსონალს:

”ნატოს პერსონალის წინააღმდეგ სამხედრო კონფრონტაცია უცილობლად გამოიწვევს იმას, რომ ნატო იქნება უფრო მეტად ჩართული ამ საკითხში და, შესაბამისად, რუსეთისთვის რისკები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სხვაგვარად იქნებოდა”.

ვიდრე ეს საქართველოსთვის სასურველი დრო მოვა, ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ევროპის მიმართულების უმაღლესი მთავარსარდალი მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მისამართით ერთგული პარტნიორობის გამო. გენერალმა ბრიდლავმა მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროსაც გადაიხადა. თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს შეერთებული შტატების ”ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი”. არსებით პაკეტთან ერთად, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს შემდგომი მონაწილეობის მნიშვნელობა ნატოს მისიაში. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გენერალი ბრიდლავი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა, ლექცია წაიკითხა და სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG