Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფას სკანდალი და მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში


ავტორი: ენტონი ვესოლოვსკი

ფიფას გარშემო სკანდალი გრძელდება. 2 ივნისს მოულოდნელად გადადგა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი – სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ის მეხუთე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. მოგვიანებით კი გავრცელდა ფიფას ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებები, რომლებიც მიანიშნებს კორუფციულ გარიგებებზე ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ეხება, უწინარეს ყოვლისა, გადაწყვეტილებებს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მასპინძელი ქვეყნების შესახებ.

კითხვებს შორის, რომლებსაც ფიფაში კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის გადადგომა წამოჭრის, არის: დაუტოვებენ თუ არა რუსეთსა და კატარს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის 2018 და 2022 წლების ფინალური ტურნირების მასპინძლობის უფლებას? ფიფაში კორუფციის გამოძიებას აშშ და შვეიცარია აწარმოებენ. შვეიცარიელი გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, კანონიერი იყო თუ არა ტურნირების მასპინძლებად რუსეთისა და კატარის შერჩევის პროცესი.

ორივე ქვეყანაში ოფიციალური პირები კატეგორიულად უარყოფენ, რომ, შესაძლოა, ფიფაში ვინმე ჰყოლოდათ მოსყიდული. ამასთან, მოსაზრება, თითქოს შეერთებული შტატების მიერ წარმოებული გამოძიება (როგორც რუსეთში ზოგიერთი ამბობს) მოსკოვის დასჯის სურვილით იყოს მოტივირებული, არადამაჯერებლად მიაჩნია გევინ ჰემილტონს, სპორტული ჟურნალის, „უორლდ სოკერის“ მთავარ რედაქტორს. როგორც ის აღნიშნავს, აშშ-ის გამოძიება აქამდე კონცენტრირებული იყო სავარაუდო კორუფციაზე CONCACAF-ში, ანუ, ამერიკის ორი კონტინენტისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონულ საფეხბურთო ორგანიზაციაში.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს რუსებს სანერვიულო არაფერი ჰქონდეთ. ჰემილტონი, პირველ რიგში, შვეიცარელი გამომძიებლების მუშაობაზე მიუთითებს.

„რუსეთის განაცხადთან დაკავშირებით ეჭვს გამოთქვამენ იმის გამო, რომ არსებობდა გარიგება 2022 წლისთვის კატარის განაცხადსა და 2018 წლისთვის ესპანეთ-პორტუგალიის განაცხადს შორის, რომ კენჭისყრის დროს ისინი ერთმანეთში გაცვლიდნენ ხმებს. და კატარის განაცხადმა მართლაც მიიღო ხმები ესპანეთ-პორტუგალიის მხარდამჭერებისაგან, არადა, ესპანეთ-პორტუგალიას არ მიუღია ხმები კატარის მხარდამჭერებისაგან, რადგან მათი ხმები რუსეთს ერგო. რუსეთმა რაღაცნაირად შეძლო, დაერწმუნებინა (ფიფას) აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, რომ მისი განაცხადი სჯობდა ესპანეთ-პორტუგალიისას. ამიტომ ბევრი ვარაუდობს, რომ რუსეთი მონაწილეობდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში“, – ამბობს ჰემილტონი.

სპორტული ჟურნალისტის განმარტებით, რუსეთის მიმართ ეჭვს ამყარებს ის გარემოება, რომ ამ ქვეყანაში, რბილად რომ ვთქვათ, ხელი არ შეუწყვეს ამერიკელ ადვოკატ მაიკლ გარსიას, რომელსაც ფიფამ დაავალა კორუფციაში ბრალდებების გამოძიება, რუსეთისა და კატარის განაცხადებთან დაკავშირებით. „მან (მაიკლ გარსიამ) ისიც კი ვერ შეძლო, რომ დალაპარაკებოდა რუსეთის განაცხადთან დაკავშირებულ ხალხს, რადგან უარი უთხრეს რუსეთში შეშვებაზე. მერე კი უთხრეს, რომ კომპიუტერები, რომლებიც განაცხადისათვის გამოიყენეს, გაფუჭებულია. ასე რომ, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხელი შეეშალა კანონსაწინააღმდეგო მოქმედების გამოძიებისთვის – ამიტომ არსებობს ეჭვი რუსეთის განაცხადთან დაკავშირებით“.

ჩემი აზრით, ნაადრევია ამის თქმა. იცით, იქნება ხალხი, ვინც ხელახლა კენჭისყრას მოითხოვს და რუსეთს არ გაუჭირდება ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობა და ხელახლა გამარჯვება. ვფიქრობ, ვადები ქმნის პრობლემას. რუსეთში სამზადისი ძალიან წინ არის წასული...
გევინ ჰემილტონი

მაიკლ გარსია შარშან, დეკემბერში, გადადგა მას შემდეგ, რაც ფიფამ გადაწყვიტა მისი ანგარიშის მხოლოდ მოკლე შეჯამების გამოქვეყნება. თავად ფიფამ კი გამოძიების საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რომ კატარის ან რუსეთის მხრიდან კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამერიკელი გამომძიებელი ამ დასკვნას გაემიჯნა, მაგრამ მისი საჯაროდ კრიტიკა არ დაუწყია.

რამდენად მოსალოდნელია, რომ შვეიცარიელმა ან ამერიკელმა გამომძიებლებმა საკმარისი მტკიცებულებები მოაგროვონ საიმისოდ, რომ ფიფას ხელმძღვანელობა აიძულონ რუსეთში ან კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირების ჩატარებაზე მიღებული გადაწყვეტილები გადასინჯონ?

„ჩემი აზრით, ნაადრევია ამის თქმა. იცით, იქნება ხალხი, ვინც ხელახლა კენჭისყრას მოითხოვს და რუსეთს არ გაუჭირდება ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობა და ხელახლა გამარჯვება. ვფიქრობ, ვადები ქმნის პრობლემას. რუსეთში სამზადისი ძალიან წინ არის წასული. სულ სამი წელი გვაშორებს მსოფლიო ჩემპიონატამდე რუსეთში. ასე რომ, (ასპარეზობის) სხვა ადგილას გადატანა ძალიან პრობლემური იქნებოდა და უზარმაზარ სამართლებრივ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. და ფიფას დასჭირდებოდა, წყალი რომ არ გაუვა, ისეთი არგუმენტების წარმოდგენა“, – ამბობს გევინ ჰემილტონი, ჟურნალ „უორლდ სოკერის“ რედაქტორი.

სხვათა შორის, არსებობს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის შეცვლის პრეცედენტი. 1986 წელს ტურნირი მექსიკაში ჩატარდა, მანამდე დაგეგმილი კოლუმბიის ნაცვლად. შესაბამისი გადაწყვეტილება კი 1982 წელს იქნა მიღებული არა ფიფას, არამედ კოლუმბიის მთავრობის ინიციატივით. მას ეკონომიკურად უჭირდა და მძიმე პრობლემის წინაშე იდგა, პარტიზანული მოძრაობა „M 19”-დან მომდინარე მზარდი საფრთხის გამო. ფიფამ დამაჯერებლად ჩათვალა კოლუმბიის არგუმენტები და, როცა ახალი მასპინძლის ძებნას შეუდგა, მალე გაირკვა, რომ სამი ქვეყანა - შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა - გამოთქვამდა მზადყოფნას. ფიფამ მექსიკაზე შეაჩერა არჩევანი.

ეს არის საკუთარი იურისდიქციის სხვა სახელმწიფოებზე გავრცელების კიდევ ერთი ცდა. და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის აშკარა ცდა, არ დაუშვან ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბატონი ბლატერის მორიგი ვადით არჩევა...
ვლადიმირ პიტინი

რაც შეეხება ისევ რუსეთს. ეს ქვეყანა ზეპ ბლატერის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო ფიფას პრეზიდენტის ბოლო არჩევნებისას, რომელმაც ბლატერს ზედიზედ მეხუთე ვადით გამარჯვება მოუტანა და მისი გადადგომა უსიამოვნო სიახლეა მოსკოვშიო, – წერს რუსეთის გაზეთი „კომერსანტი“. მისი ინფორმაციით, ბლატერი ყოველთვის იცავდა მოსკოვს, როცა დასავლეთში ფიფას აკრიტიკებდნენ ამ ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რუსეთი რომ აირჩია 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად.

როცა ფიფა თავის ისტორიაში უდიდესმა, ამჟამინდელმა სკანდალმა მოიცვა, როცა 27 მაისს ციურიხში დააკავეს ფიფას შვიდი მაღალჩინოსანი კორუფციაში ბრალდების საფუძველზე, თვით პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოუცხადა მხარდაჭერა ზეპ ბლატერს: ვიცი, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა მიზნით, არ დაეშვათ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის 2018 წელს რუსეთში ჩატარებაო. იქვე პუტინმა შეერთებული შტატები გააკრიტიკა, რადგან აშშ-ის გამოძიების საფუძველზე დააკავეს ფიფას მაღალჩინოსნები:
„ეს არის საკუთარი იურისდიქციის სხვა სახელმწიფოებზე გავრცელების კიდევ ერთი ცდა. და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის აშკარა ცდა, არ დაუშვან ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბატონი ბლატერის მორიგი ვადით არჩევა, რაც არის საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების პრინციპის უაღრესად უხეში დარღვევა“.

პუტინის ეს განცხადება 28 მაისს აჩვენეს რუსეთის ტელევიზიით. მომდევნო დღეს ზეპ ბლატერი კვლავ აირჩიეს ფიფას პრეზიდენტად. 2 ივნისს ის მოულოდნელად გადადგა. რუსი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ არაფერი აქვთ საერთო ფიფაში კორუფციის სკანდალთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG