ხუთშაბათი, 24 ივლისი, 2014 თბილისის დრო 18:37

კულტურა

შალიაპინი - ლეგენდარული „მღერალი ბანი“

x

მულტიმედია

აუდიო
ამ კვირაში დიდი რუსი საოპერო მომღერლის, ფიოდორ შალიაპინის, დაბადებიდან  140 წელი შესრულდა. ის არა მხოლოდ თავისი  „მღერალი ბანის“ გამო, საოპერო ხელოვნებაში სახიობის განვითარებისა და ამ მხრივ სიახლის  გამოც იქცა ლეგენდად.  შალიაპინი ყაზანში - რუსეთის  ურალის რეგიონში - დაიბადა.  ნაწილობრივ თვითნასწავლი  მომღერალი თბილისში ჩავიდა, სადაც იმ დროს სახელოვან პედაგოგს, დმიტრი უსატოვს, შეხვდა, რამაც  განაპირობა მისი მომავალი.  ერთი ვერსიით, სწორედ თბილისში შედგა შალიაპინის დებიუტი  ვერდის „აიდაში“.  თბილისის მერე კი სანკტ-პეტერბურგს უკვე მოჰყვა მოსკოვი, სადაც ის მამონტოვის კერძო ოპერაში მიიწვიეს 1896 წელს.  მოსკოვში ის   სერგეი რახმანინოვს შეხვდა, დაუმეგობრდა მას და, თუ ერთი მხრივ, დიდი კომპოზიტორი მისი მენტორი გახდა, მეორე მხრივ, თვით შალიაპინის სასიმღერო მანერამ მოახდინა გავლენა რახმანინოვის ვოკალურ კომპოზიციებზე. ამ პერიოდში შეასრულა შალიაპინმა მთავარი პარტია მოდესტ მუსორგსკის „ბორის გოდუნოვში“. ეს მისი სასიმღერო კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი იყო, რომელმაც გაუკვლია გზა  დიდი თეატრისაკენ.  „დიდ თეატრში“  მღეროდა შალიაპინი 1899 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე.  ამავე ხანებში შედგა მისი დებიუტი, უკვე როგორც ვარსკვლავისა,  იტალიაში,  ლა სკალაში, არიგო ბოიტოს „მეფისტოფელში“, რომელიც კომპოზიტორმა გოეთეს  „ფაუსტის“ მიხედვით  შექმნა და რომელმაც პრემიერაზე  ფიასკო განიცადა, თუმცა მოგვიანებით აღიარეს.  „მეფისტოფელს“  დირიჟორობდა ასევე ლეგენდა, დირიჟორი არტურო ტოსკანინი. შალიაპინი, უკვე სახელგანთქმული მომღერალი,  მღერის  ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზში. გარდა  ოპერებში მონაწილეობისა, იგი მართავს სოლო კონცერტებს და, სხვათა შორის, ასრულებს რუსულ ხალხურ სიმღერებს.  მისი მეოხებით გახდა  მთელ მსოფლიოში ცნობილი სიმღერა „ბურლაკები ვოლგაზე“.

ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ შალიაპინს კომუნისტურმა მთავრობამ სახალხო არტისტის წოდებაც კი მიანიჭა, მაგრამ მას გაუჭირდა რუსეთში ყოფნა და 1921 წელს  საფრანგეთში გადასახლდა. იქვე იცხოვრა და იმუშავა მან სიკვდილამდე,  1938  წლამდე.  მისი შემოქმედებითი  ცხოვრების მწვერვალი იყო  ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ოპერაში გატარებული დრო,  1921 წლის შემდეგ; ასევე კონცერტების ციკლი ავსტრალიაში, 1926 წელს.  შალიაპინმა იზრუნა იმისთვის, რომ მისი მემკვიდრეობა თაობებს დარჩენოდა და 20-იან და 30-იან წლებში არაერთი ჩანაწერი გააკეთა. მისი თეატრალური სამსახიობო ნიჭის გამოვლენაცაა აღბეჭდილი ფირზე.  მან ითამაშა და იმღერა  გეორგ ვილჰელმ პაბსტის ფილმში  „დონ კიხოტი“ 1933 წელს.  შალიაპინი 65 წლისა გარდაიცვალა ლეიკემიით. მისი ნეშტი 1984 წელს გადაასვენეს რუსეთში, სადაც ის მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზეა დაკრძალული.  შალიაპინს სულ 9 შვილი ჰყავდა; ჰქონდა, ფაქტობრივად, ორი ოჯახი.  6  შვილი შეეძინა მას  იტალიელ ბალერინა  იოლა ტორნაგისთან   და სამი გოგონა, პარალელურად,  მარია პეტცოლდთან.   ერთი ოჯახი, ტორნაგისთან ერთად,  რომელზეც ის დაქორწინებული იყო,  ძველ დედაქალაქში ცხოვრობდა,  მეორე - ახალ დედაქალაქში.  არტისტული ნიჭი გამოჰყვა, პირველ რიგში, მის ვაჟიშვილებს. უმცროსი, ფიოდორი, კინომსახიობი გახდა,  ხოლო ბორის შალიაპინი ცნობილი პორტრეტისტი იყო.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული