Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშიზმზე გამარჯვების მორიგი წლისთავი


ვაკის პარკი, უცნობი ჯარისკაცის საფლავი
ვაკის პარკი, უცნობი ჯარისკაცის საფლავი

9 მაისს საქართველოში 71-ედ აღინიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ომის ვეტერანები ამჯერადაც გამარჯვების პარკში შეიკრიბნენ. მოგვიანებით ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი.

91 წლის თადარიგის გენერალ-მაიორ გიორგი ხაზარაძეს მკერდი ორდენებითა და მედლებით აქვს დაფარული. ფრონტზე მოხალისედ წასული, მძიმედ დაიჭრა, რის გამოც გერმანიის კაპიტულაციის ამბავი მშობლიურ ქალაქში შეიტყო:

„დაჭრილი ვიყავი, ამიტომ ერთი წლით ადრე გამომიშვეს, მაგრამ მერე აღარ გამიწვიეს ფრონტზე. ამიტომ გამარჯვებას მე შევხვდი თბილისში, უკვე სტუდენტი ვიყავი... მანამდე, როგორც გითხარით, ფრონტზე ვიბრძოდი, მონაწილეობა მივიღე ანაპის გათავისუფლებაში. ჩვენს დივიზიას, რომელმაც ანაპა გაათავისუფლა, მიანიჭეს ანაპის სახელი. ამ ბრძოლაში მე ტყვიამფრქვევით ვიბრძოდი. კაცი თუ მოგიკლავსო, მეკითხებოდნენ ხოლმე დაბრუნებულს. სამწუხაროდ, მომიწია, მაშინ ისეთი დრო იყო“.

ომის საშინელება გამოიარა რიგითმა ნიკოლოზ ნატვრაძემ, რომელსაც ფაშისტური გერმანიის კაპიტულაციის ცნობამ ლიტვაში უწია.

„ჩემ ასეულში, ჩემ პოლკში, მეოთხე დივიზიის 25-ე პოლკში ვიყავი „ავტომატჩიკად“... სამი ღამე არ მიძინია, ისეთი ამბავი იყო. ახლაც მიკვირს, ცოცხალი გადავრჩი. ყველაზე პატარა მე ვიყავი და ამიტომ ასეულის მეთაური მაქცევდა ყურადღებას“.

ვეტერანები
ვეტერანები

ნიკოლოზ ნატვრაძის მსგავსად, ფრონტზე საქართველოდან გაიწვიეს 700 ათასამდე ადამიანი, რომელთაგან 200 ათასზე მეტი დაიღუპა, 100 ათასამდე კი დაიჭრა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლის მასშტაბი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ კაცობრიობის მიერ ფაშიზმის დამარცხებაში ქართველმა ერმა ლომის წილი შეიტანა:

„ეს არის კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის, მილიონობით ადამიანის გმირობის მაგალითი, რომლის მსგავსი არავის არ ახსოვს. ამ უდიდესი მსხვერპლის შედეგად შესაძლებელი გახდა ფაშიზმის შეჩერება და ჩვენი ვალია, რომ ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაწირა იმისათვის, რომ მათ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში“.

მშვიდობა კი დამყარდა ზუსტად 71 წლის წინ, როცა 1945 წლის 8 მაისს, 23 საათსა და ერთ წუთზე, გამოცხადდა ფაშისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების კაპიტულაცია, რომელსაც ხელს აწერდნენ გენერალ-ფელდმარშალი ვილჰელმ კეიტელი და ფლოტის ადმირალი ჰანს გეორგ ფონ ფრიდებურგი. გერმანიის კაპიტულაციის ამბავი საქართველოს მოსახლეობამ რადიოს საშუალებით შეიტყო.

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 71-ე წელი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:08 0:00

ფაშიზმზე გამარჯვების მორიგი წლისთავი მხოლოდ ვეტერანებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა როდი აღნიშნეს. ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ბავშვებთან ერთად მივიდა თბილისელი ვარვარა მინასიანი, რომელიც ბავშვობაში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ომის ვეტერან პაპას მიჰყავდა.

„ამის გამო 9 მაისი ჩემთვის დიდი დღესასწაულია. შესაბამისად, ვაგრძელებ ამ ტრადიციას და ჩემი შვილებიც მომყავს აქ, ვაკის პარკში. გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირს ბევრი ცუდი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, მაინც ისტორიის ნაწილია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ“, უთხრა ვარვარა მინასიანმა რადიო თავისუფლებას.

ბავშვები უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან
ბავშვები უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან

თუმცა ბავშვებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მარტო ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ არ უომია. 9 მაისს ვაკის პარკში მისული იყო ლილი ვალიევი, პატარა ლიახვიდან დევნილი, რომელსაც, სხვა ათობით ათას დევნილთან ერთად, რუსეთის საოკუპაციო ჯარები შინ დაბრუნების საშუალებას არ აძლევს:

„9 მაისი ჩემთვის გამარჯვების დღეა, ჩემი მამამთილი დაიღუპა ამ ომში, ბიძები იბრძოდნენ, მაგრამ დისშვილი ახლანდელ ომში დამეღუპა, ფრისში დაწვეს... ჩვენც გვინდა, რომ გავიმარჯვოთ და შევიდეთ ჩვენს სახლებში, სოფლებში“.

საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 1296 ვეტერანი ცხოვრობს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG