Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საქართველოს რეფორმების განხორციელებაში ეხმარება


ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს არაერთი რეფორმის გატარება ელის. გარდა იმისა, რომ დაახლოების პროცესს ქართული საექსპორტო პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნა და ქვეყნის მოსახლეობისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოაქვს, ამ გზაზე მნიშვნელოვანია ფინანსური დახმარება, რომელიც რეფორმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა 6 მილიონევროიანი ტრანში, პირველი გადარიცხვა, "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის" საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფარგლებში. ეს თანხა პირველი გადარიცხვაა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 45 მილიონ ევროიანი "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა (DCFTA) და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის" პროგრამის საბიუჯეტო დახმარების კომპონენტის ფარგლებში.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სიტუაციის შეფასების შემდეგ ევროკავშირმა დაასკვნა, რომ ამ პირველი ფიქსირებული ტრანშის გადახდის წინაპირობები დაკმაყოფილდა და რომ საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს DCFTA-ს და მცირე და საშუალო ბიზნესის რეფორმების განხორციელებას.

როგორც პრიორიტეტები მოწმობს, ევროკავშირის ეს დახმარება მიმართულია ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესზე, ანუ საშუალო შემოსავლის მოქალაქეებზე, და სწორედ მათ გაძლიერებას ისახავს მიზნად. მცირე და საშუალო ბიზნესის წილი საქართველოს მშპ-ში 15 პროცენტს არ აღემატება, მაშინ როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი 58 პროცენტს აღწევს, აშშ-ში კი 52 პროცენტს. სწორედ ეს უზრუნველყოფს ქვეყანაში საშუალო ფენის არსებობას, რაც, თავის მხრივ, სტაბილურობისა და სოციალური გაჭირვების დაძლევის გარანტიაა. ამ გზაზე საქართველოს კიდევ დიდი მანძილი აქვს გასავლელი და აქ მას ევროკავშრის აღნიშნული გრანტიც უნდა დაეხმაროს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში შემდგომი ტრანშების გადმორიცხვა დამოკიდებული იქნება სავაჭრო პოლიტიკის რეფორმების გატარებასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებული წინაპირობების დაკმაყოფილებასა და ასევე მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების, საჯარო ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის უწყვეტ დამაკმაყოფილებელ მაჩვენებლებზე.

სამწლიანი პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას DCFTA-ს განხორციელებაში. ევროკავშირის მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებებია:

(1) ვაჭრობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიული საფუძვლების შემდგომი განმტკიცება;

(2) ვაჭრობისა და კერძო სექტორის მარეგულირებელი და ხელშემწყობი ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესება;

(3) ეკონომიკური აქტორებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება და, ამავდროულად, მათი DCFTA-ს შესაბამის ახალ მარეგულირებელ გარემოზე მორგება;

(4) დაბრუნებული მიგრანტების, ბიზნესით დაკავებული ქალებისა და ახალგაზრდა მეწარმეების ეკონომიკური ინტეგრაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG