Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა უკრაინის კრიზისის გამო სანქციების სია გააფართოვა


იმისთვის, რომ ეს სუბიექტები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ძირს უთხრიან ან ზიანს აყენებენ,19 კერძო და ცხრა იურიდიული პირი შეიტანა ევროპის კავშირმა სანქციების დამატებით სიაში. სიის გაფართოების თაობაზე ცნობა 16 თებერვალს გავრცელდა. იმ 19 ადამიანს შორის, რომლებსაც სავიზო აკრძალვა და ევროკავშირის ქვეყნებში საბანკო აქტივების გაყინვა შეეხებათ, არიან რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე არკადი ბახინი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე ანდრეი კარტაპოლოვი. იმისათვის, რომ უკრაინაში პრორუსულ სეპარატისტებს უცხადებენ მხარდაჭერას, ამ შავ სიაში შეიტანეს ასევე რუსეთის პარლამენტის წევრების - ცნობილი მომღერლის იოსიფ კობზონისა და ვალერი რაშკინის - გვარები. კობზონი, ეგრეთ წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საპატიო კონსულად აირჩიეს რუსეთში, ხოლო რაშკინმა დააფუძნა სამოქალაქო მოძრაობა „კრასნაია მოსკვა“, პატრიოტული დახმარების ფრონტი, რომელიც სეპარატისტთა მხარდამჭერ დემონსტრაციებს აწყობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სანქციების სიის გაფართოებას მუქარით უპასუხა და განაცხადა, რომ ახალი სანქციები უკრაინაში ვითარებას ვერ მოაგვარებს. შავ სიაში შეიყვანეს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ეგრეთ წოდებული „სახალხო რესპუბლიკების“ 15 წარმომადგენელი. ესენი არიან სეპარატისტული უწყებების, სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლები - იუსტიციის, ფინანსთა, ეკონომიკის მინისტრები. სახალხო მოძრაობა „ნოვოროსია“ მოხვდა ასევე ამ სიაში, რომელშიც სამხედრო გაერთიანებებიც შეიტანეს: კაზაკთა ეროვნული გვარდია, ბატალიონი „სპარტა“ და „სომალის ბატალიონი“. მათ ევროკავშირში აქტივებს გაუყინავენ. კაზაკთა პირველი პოლკის მეთაურის, პაველ დრემოვის, ასევე უკვე ხსენებული ორი ბატალიონის მეთაურების პავლოვისა და ტოლსტიხის გვარები ჩაიწერა ევროკავშირის სანქციების სიაში. დღეისთვის ევროპის კავშირის სანქციების ამ სიაში რუსეთიდან და უკრაინიდან 151 კერძო პირი და 37 ორგანიზაციაა შეტანილი. ბრიუსელმა სანქციების სიის გაფართოება გადაწყვიტა მას მერე, რაც 24 იანვარს მარიუპოლი დაიბობმა და 29 ადამიანი დაიღუპა. საბოლოო გადაწყვეტილება, ვინ შეეყვანათ სიაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს 9 თებერვალს, მაგრამ სიის გამოქვეყნება გადაიდო, რათა მინსკში შეხვედრის მონაწილეთათვის ხელი არ შეეშალათ. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის ფედერიკა მოგერინის წარმომადგენელმა მაია კოჩიანჩიჩმა ევროკომისიის სხდომაზე, ბრიუსელში, 13 თებერვალს შემდეგი განაცხადა: „პოლიტიკური გადაწყვეტილება სიის გაფართოების შესახებ 29 იანვარს იქნა მიღებული. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ 9 თებერვალს დაამტკიცა საკანონმდებლო აქტი, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების აღსრულებას წარმოადგენს. საბჭომ განაცხადა, რომ მინსკის დიპლომატიურ მცდელობას შანსი უნდა მიეცეს. სანქციები ძალაში შევა 16 თებერვალს, მომავალ ორშაბათს“.

მიუხედავად იმისა, რომ 12 თებერვალს მინსკში ცეცხლის შეწყვეტისა და ფრონტის ხაზიდან მძიმე იარაღის გატანაზე შეთანხმებას მიაღწიეს, ევროკავშირის მთავრობების მეთაურებმა ბრიუსელის სამიტზე გადაწყვიტეს ამ 19 სუბიექტის ვინაობა გამოეცხადებინათ. ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, სამიტისას, განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად იქნება იმ შემთხვევისთვის, თუ მინსკის შეთანხმება ვერ განხორციელდა და გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, რომელთა შორის უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციებიც იქნება.

„ჩვენ ძალიან ფრთხილად ვართ, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ეგრეთ წოდებულმა მინსკმა მოგვცა. ამავე დროს, შეზღუდულია ნდობა პრეზიდენტ პუტინის კეთილი ნების მიმართ. ამიტომ ძალაში ვტოვებთ გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ“.

„დიდი შვიდიანის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მათ მიმართ, ვინც მინსკის შეთანხმებას დარღვევს, უფრო მკაცრ სასჯელს დააწესებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG