სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 10:11

პოლიტიკა / საქართველო

ევროპარლამენტი საქართველოს არჩევნებზე

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
მოახლოებული არჩევნების თემაზე 4 ივლისს ევროპარლამენტში გამართული დებატების შინაარსმა აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია საქართველოში. ხელისუფლება თვლის, რომ დებატების ინიცირების ძალისხმევამ  ვერანაირი შედეგი ვერ მოუტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიცია ”ქართულ ოცნებას”, თუმცა, თავის მხრივ, მიზნის მიღწევაზე საუბრობენ ხსენებული კოალიციის წარმომადგენლები.

ევროპარლამენტში გამართულმა დებატებმა თბილისი კმაყოფილი დატოვა და ეს კმაყოფილება 4 ივლისს ახლად დამტკიცებულ პრემიერ-მინისტრთან პირად საუბარში საქართველოს პრეზიდენტმაც კი გამოხატა. არასაეთერო ჩანაწერში, რომელიც ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში მოხვდა, მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს ატყობინებს, რომ სტრასბურგში გამართულ დებატებში, რბილად რომ ვთქვათ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ მათ, ვინც საქართველოს თემა დღის წესრიგში ”გაათრია.” კმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც, რომელიც დებატებისას სტრასბურგში იმყოფებოდა. მაგალითად, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილისთვის აშკარად გამოჩნდა, რომ ”დასავლეთი და ევროპა ფულზე არ იყიდება”, ხოლო დეპუტატი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული პოლიტიკის სახელის გატეხას სულ ამაოდ ცდილობენ ოპოზიციის მიერ ”რუსული ფულით”  დაქირავებული ლობისტები.

ადვილი მისახვედრია, რომ ეს შეფასებები მიმართულია პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნებისკენ”, რადგანაც სწორედ ამ კოალიციაში შემავალი პარტიების - ”რესპუბლიკური პარტიისა” და ”თავისუფალი დემოკრატების” - პარტნიორთა მოთხოვნით შევიდა საქართველოს საკითხი ევროპარლამენტის 4 ივლისის დღის წესრიგში. საუბარია ფრაქციაზე ”ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” (ALDE).

გადავწყვიტე გამერკვია სიტუაცია და აღმოჩნდა, რომ ბატონ ივანიშვილს თავისი მიზნის მისაღწევად დაქირავებული ჰყავს არაერთი ამერიკული, ბრიტანული, გერმანული თუ ფრანგული კომპანია ...

მმართველი პარტია კი - ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -  ”მეთვალყურის სტატუსით” „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP)  პარტნიორია და, შეიძლება ითქვას, ძირითადად სწორედ EPP-ის ფრაქციის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ 4 ივლისის დებატების მსვლელობისას რუსულ ფულსა და რუსეთის გავლენაზე საქართველოს შიდა პოლიტიკაში. მაგალითად, ევროპარლამენტარმა ესტონეთიდან ტუნე კელამმა პირდაპირ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან დაკავშირებული პირია. ხოლო ამავე ფრაქციის წარმომადგენლის, პოლონელი დეპუტატის კშიშტოფ ლიზეკის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ”მონსტრობასთან” დაკავშირებულ ხმებს მილიარდერი ოპოზიციონერის მიერ დაქირავებული ლობისტური ჯგუფები ავრცელებენ:

”გადავწყვიტე გამერკვია სიტუაცია და აღმოჩნდა, რომ ბატონ ივანიშვილს თავისი მიზნის მისაღწევად დაქირავებული ჰყავს არაერთი ამერიკული, ბრიტანული, გერმანული თუ ფრანგული კომპანია. ნათლად მინდა ვთქვა, რომ სიკეთე არასოდეს მოუტანია ოლიგარქის ყოფნას პოლიტიკაში და ეს იქნებოდა ჩემი მესიჯი ოპოზიციის მისამართით საქართველოშიც.”

მართალია, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს წარმატებული რეფორმატორი ქვეყნის, საქართველოს საკითხის  გატანის გამო ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, მაგრამ, როგორც სხვა დეპუტატების გამოსვლებში აღინიშნა, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს მეტი ფიქრი და ზრუნვა მართებს დემოკრატიულ ღირებულებებზე. მაგალითად, ავსტრიელი ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან ულრიკე ლუნაჩეკი მიიჩნევს, რომ საჭიროა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ”სიტყვიერი ომი და გაუმჭვირვალე პროცესები აზარალებს საქართველოს იმიჯს.” ირკვევა, რომ არც ულრიკე ლუნაჩეკს მოსწონს ოლიგარქები პოლიტიკაში, მაგრამ კუთვნილი ფულის ოდენობა მისთვის სულაც არ წარმოადგენს ამა თუ იმ კანდიდატის არჩევა-არარჩევის კრიტერიუმს. ევროპელი დეპუტატები იმედოვნებენ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მონაწილეთათვის თანაბარი გარემო იქნება უზრუნველყოფილი.

საქართველოში არსებული მდგომარეობის ურთიერთგანსხვავებული  შეფასებები ევროკავშირისთვის შეშფოთების საფუძველს რომ წარმოადგენს, ეს 4 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კეთრინ ეშტონის განცხადებაშიც გამოჩნდა. უნდა ვთქვათ, რომ კეთრინ ეშტონი პირადად არ ესწრებოდა დებატებს და მისი სახელით  განცხადება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - კვიპროსის - ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეას მავროიანისმა გააკეთა:

„შეშფოთებით აღვნიშნეთ არსებული აღქმა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციონერი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის შეფერხებას, რომ მის წინააღმდეგ მიმართულია რესურსები და რომ კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ ცალმხრივად გამოიყენება. ჩვენ დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ, რომ კანონები სწორად და გამჭვირვალედ იქნეს გამოყენებული, რათა არ დარჩეს არანაირი ეჭვი პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ასევე არსებობს აღქმა, რომ ბატონი ივანიშვილი თავის არათანაბარ ფინანსურ შესაძლებლობებს იყენებს საარჩევნო სარგებლისთვის და ეს კანონიერი წუხილია. კიდევ ერთხელ, ჩვენ დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ, რომ იყოს თანაბარი პირობები დემოკრატიული შეჯიბრისთვის და რომ შეუძლებელი იყოს ხმების ყიდვა.“

კეთრინ ეშტონის სახელით ანდრეას მავროიანისმა განცხადება დებატების დასრულების შემდეგაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ”არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მისაღწევად“ მნიშვნელოვანი იქნება სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა:

მთავარი ის არის, რომ ამ მოსმენის გამართვა ევროპარლამენტში არ უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ეს მოხდა - საქართველოს საკითხი, საქართველოს თემა კიდევ ერთხელ იქნა წინ წამოწეული ...

„ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ პოლიტიკურად მოტივირებული პირდაპირი ან არაპირდაპირი დევნა ან შერჩევითი სამართლის გამოყენება პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ არ შეესაბამება დემოკრატიულ ფასეულობებს.“

ეშტონის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყურადღებით მეთვალყურეობასთან ერთად,  ევროკავშირი ეძებს დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს დასახმარებლად - საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. 
 
ევროპარლამენტში 4 ივლისს გამართულ დებატებს ”საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა” უწოდა კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც კოლეგებთან ერთად იმყოფება სტრასბურგში.

”მთავარი ის არის, რომ ამ მოსმენის გამართვა ევროპარლამენტში არ უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ეს მოხდა - საქართველოს საკითხი, საქართველოს თემა კიდევ ერთხელ იქნა წინ წამოწეული და ევროპარლამენტმა მიმართა სათანადო ორგანოებს, უკვე აღმასრულებელ სტრუქტურებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით იყვნენ მეტი ყურადღებით. ასე რომ, მიზანი მიღწეულია”, - უთხრა დავით უსუფაშვილმა 5 ივლისს რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება 4 ივლისის დებატების მსვლელობისას მოსმენილ შეფასებებს, მაგალითად, ”ქართული ოცნების” კავშირზე მოსკოვთან და კრემლთან, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს არ უკვირს და, ამასთან, უმნიშვნელოდ მიაჩნია, რომ მხარდამჭერებმა ”ევროპის სახალხო პარტიიდან” გაიმეორეს სწორედ ის, რასაც ხშირად ამბობს ”ნაციონალური მოძრაობა”.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
08.07.2012 02:11
ეს ცოლ-ქმარი დადის საზღვარგარეთ და საზიზღრობებს ლაპარაკობს საქართველოზე. და ეგ ჰგონიათ დემოკრატია. თუმცა, ჩემის აზრით, ძალიან კარგადაც იციან, რომ ქვეყანას ზიანს აყენებენ. ამას მიზანმიმართულად აკეთებენ.
აბა რა, აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაციაზე კი არ დააყენებენ საკითხს. რუსეთი, თავიანთი მბრძანებელი არ გააღიზიანონ.
კარგია, რომ ევროპა ასე აშკარად ალაპარაკდა რუსეთის უარყოფით ფაქტორზე. დიახაც ძლიან დიდ ფულს ხარჯავს დამპყრობელი საქართველოს მოსატეხად, დიდძალ ფულს აძლევს ბიძინას და მისნაირებს ქვეყანა ისევ რუსეთის მონად რომ აქციონ.
არაფერი გამოუვათ ოცნებისტებს, ვერ აისრულებენ საბჭოთა კავშირის აღდგენის ოცნებას.
უსუფაშვილს რა აქვს სალაპარაკო, კომუნისტური პარტ-ბილეთი ყველამ რომ დადო, მაშინ აიღო მაგან....((

ავტორი: ავტორი-ტეტი საიდან გვწერთ: არა-ტახტიდან
08.07.2012 00:44
არ გეთანხმებით, ბატონო გელა, და ვიდრე ვინმეს ტყუილის თქმას დასწამებთ, იქნებ უფრო ყურადღებით მოუსმინოთ დებატებს. ავსტრიელ დეპუტატს (მწვანეთა პარტიიდან) ულრიკე ლუნაჩეკსა და ესტონელ დეპუტატს კრისტინა ოიულანდს (ALDE) შეტევა არავიზე განუხორციელებიათ :)). ლუნაჩეკის გამოსვლის მთავარი არსით, დებატების გამართვა საჭირო იყო, რადგანაც ბოლო დღეებში ევროპარლამენტის სტუმარი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთის საპირისპირო შეფასებებს გამოთქვამდნენ. „ვფიქრობ, რომ ჩვენ რომელიმე პარტიის მხარე არ უნდა დავიჭიროთ... რაც მე მაშფოთებს და რასაც უნდა შეეხოს ჩვენი დებატები არის ის, რომ გავაფრთხილოთ ქართველები – როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, რომ სიტყვების ომი და გაუმჭირვალე პირობები საქართველოს იმიჯს აზარალებს“, – განაცხადა მან და დასძინა - „პირადად არც მე მიყვარს ოლიგარქები პოლიტიკაში, მაგრამ ის, თუ რამდენი ფული გაქვს პიროვნებას, არ უნდა გახდეს კრიტერიუმი იმისა, უნდა აგირჩიონ თუ არა“. კრისტინა ოიულანდს რაც შეეხება, მან უბრალოდ თქვა, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეიკავოს თავი "პოლიტიკური პროცესის ქუჩებში გადატანისგან“. ეს იყო და ეს. მადლობა ყურადღებისთვის.

ავტორი: გელა საიდან გვწერთ: საკუთარი ტახტიდან
06.07.2012 08:40
რადიო თავისუფლებიდან მეტ ბალანსს მოველოდი. მოვუსმინე დებატებს და მარტო სახალხო პარტიის წევრები როდი უტევდნენ ბიძინა ივანიშვილს. მაგალითად ავსტრიელი სოციალისტი (მწვანე) ლუნაჩეკიც სახალხო პარტიის წევრია? თუ ესტონელი ლიბერალი კრისტინა ოიულანდი?? ქალბატონო ლელა - არ შეგეფერებათ ასეთი თუნდაც პატარა ტყუილები.

ყველაზე პოპულარული