შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:10

რუბრიკები / ახალი ევროპა

ძველი მკვლელობის საქმე ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობას ძაბავს

რამილ საფაროვირამილ საფაროვი
x
რამილ საფაროვი
რამილ საფაროვი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები „სტრატეგიულ პარტნიორად“ მიჩნეულ ქვეყანას - აზერბაიჯანს - მწვავედ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ, მათი აზრით, ბაქო „ეროვნულ გმირად“ წარმოაჩენს რამილ საფაროვს, რომელმაც წლების წინ სომეხი სამხედრო მოკლა.

2004 წლის 19 თებერვალს, ბუდაპეშტში მდებარე სამხედრო სკოლაში მიმდინარე ნატოს სემინარის დროს, საფაროვი მძინარე სომეხი სამხედრო პირის, 25 წლის გურგენ მარკარიანის ოთახში შევიდა, ნაჯახით 16 ჭრილობა მიაყენა და გვამს ნაწილობრივ თავი მოჰკვეთა.

ბუდაპეშტში გამართულ სასამართლო პროცესზე საფაროვი აცხადებდა, რომ დანაშაულის ჩადენისკენ მას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა უბიძგა და რომ მარკარიანმა შეურაცხყოფის მიყენებით მოახდინა მისი პროვოცირება. საფაროვს უნგრეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა რამდენიმე დღის წინ, 31 აგვისტოს, უნგრეთმა მისი სამშობლოში ექსტრადიცია მოახდინა. აზერბაიჯანში დაბრუნებისთანავე საფაროვი პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, არა მხოლოდ შეიწყალა, არამედ მაიორის პოსტზეც დააწინაურა და რვა წლის განმავლობაში დაგროვილი გასამრჯელო ერთიანად გადაუხადა.

უნგრეთი ექსტრადიციის შესახებ თავის გადაწყვეტილებას იცავს - აცხადებს, ბაქო დამპირდა, რომ საფაროვი სასჯელს ადგილობრივ ციხეში მოიხდიდაო.

აზერბაიჯანი, თავის მხრივ, საფაროვის შეწყალებას ამართლებს და ამბობს, ეს შეწყალება აზერბაიჯანის ტერიტორიის სომხების მიერ ოკუპაციის შედეგიაო. აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონს და რეგიონის გარკვეულ მიმდებარე ტერიტორიას სომხეთის სამხედროები და ადგილობრივი ეთნიკური სომხების ძალები აკონტროლებენ მას შემდეგ, რაც 1994 წელს ზავით დასრულდა ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარე ომი. ამ ომს 30 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მილიონზე მეტი კი ლტოლვილად იქცა. 

სომხეთში საფაროვის ექსტრადიციას და შემდეგ შეწყალებას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა უნგრეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა და განაცხადა, სომხეთი მზად არის აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლა განაახლოსო.

სამშაბათს გავრცელებული ცნობების თანახმად კი, სომხეთის პარლამენტი აპირებს განიხილოს კანონპროექტი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ინტერნეტპორტალ „გაზეტა.რუ“-ს ცნობით, კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, სომხეთი იურიდიულად აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას - კოსოვოს პრეცედენტით.

ალიევის საქციელს საერთაშორისო მასშტაბითაც მოჰყვა კრიტიკა. თეთრმა სახლმა 31 აგვისტოსვე განაცხადა, რომ ალიევს შეატყობინა თავისი უკმაყოფილების შესახებ. ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, „ძალიან შეშფოთებული ვარო“. ლავროვის შეფასებით, ეს პროცესები სამშვიდობო ინიციატივებს უთხრის ძირს.

აშშ-სა და რუსეთს ევროკავშირიც შეუერთდა. კავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაია კოჩიანჩიჩმა 3 სექტემბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, სიტუაციით ძალიან შეშფოთებულნი ვართო: „ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით და მხარეებთან კონტაქტიც გვაქვს მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს ის, რომ  ამ პროცესებმა შესაძლოა ფართო რეგიონზე მოახდინოს გავლენა. აზერბაიჯანს და სომხეთს მოვუწოდებთ თავშეკავება გამოავლინონ როგორც ადგილზე, ისე საჯარო განცხადებებში, რათა ვითარების ნებისმიერი ესკალაცია თავიდან იქნეს აცილებული“. 

ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ი კოჩიანჩიჩის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირი საგანგებო განცხადებაზე მუშაობს და რომ ეს ამბავი შესაძლოა კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის თემა გახდეს შეხვედრაზე, რომელიც პარასკევს კვიპროსშია დანიშული.

შეშფოთებულნი არიან ე.წ. „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეებიც - საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები. ეს ჯგუფი ეუთოს ფარგლებში მოქმედებს და ცდილობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს გადაწყვეტა მოუძებნოს, თუმცა ჯერჯერობით -მნიშვნელოვანი პროგრესის გარეშე. კვირას სამეულმა პარიზში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა შეხვედრა, ორშაბათს კი - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში თანათავმჯდომარეები „ღრმა შეშფოთებას და სინანულს გამოთქვამენ იმ ზიანის გამო, რომელიც შეწყალებამ და ამ დანაშაულის განდიდების მცდელობამ  სამშვიდობო პროცესსა და მხარეებს შორის არსებულ ნდობას მიაყენა“.

ექსპერტების ვარაუდით, მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტის განახლება პრობლემებს შეუქმნის რუსეთს, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება და სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს. თავსატეხი გაუჩნდება დასავლეთსაც: აზერბაიჯანის გავლით თურქეთში კასპიის ზღვის ნავთობი ჩადის; ამასთან, როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს პოტენციური სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ირანთან საზღვრის გამო.

ვითარების გამწვავების და აზერბაიჯანის მიმართ მზარდი კრიტიკის ფონზე, არასახარბიელო პოზიციაშია უნგრეთი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აცხადებს, ბაქო დამპირდა, რომ საფაროვი ადგილობრივ ციხეში მოიხდიდა სასჯელსო. აზერბაიჯანის საქციელს ბუდაპეშტი ხაზგასმით გმობს და სახის შენარჩუნების მიზნით სხვა ნაბიჯებსაც დგამს: აზერბაიჯანის ელჩს ოფიციალური საყვედური გამოუცხადეს. გაჟონა წერილმა, რომელშიც აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრო პირობას დებს, რომ საფაროვი ციხეში დარჩება. ამასთან, უნგრეთში ცდილობენ დიდ ბრიტანეთთან გაავლონ პარალელი და აცხადებენ, ბუდაპეშტის გადაწყვეტილება არაფრით იყო ლონდონის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე უარესი, როცა მან ლოკერბის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავის აფეთქებაში ბრალდებული ბასეთ მეგრაჰის სამშობლოში, ლიბიაში ექსტრადიცია მოახდინაო.

თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ეს ნაბიჯი უნგრეთის რეპუტაციას ჩრდილს მაინც მიაყენებს. ვითარებას გავრცელებული ხმებიც ამძიმებს - თითქოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, საფაროვის ექსტრადიციის სანაცვლოდ დაჰპირდნენ, რომ აზერბაიჯანი უნგრეთის ობლიგაციებს შეისყიდიდა. უნგრეთის ხელისუფლება ამ ხმებს გადაჭრით უარყოფს. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ უნგრეთს ევროკავშირის შიგნით ამ ინციდენტამდეც ჰქონდა პრობლემები. ქვეყანას დემოკრატიის ნაკლოვანების კუთხით აკრიტიკებენ და  ამჟამინდელ ხელისუფლებას ცენტრალურ ბანკზე, სასამართლოებსა და მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების მცდელობაში სდებენ ბრალს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
08.09.2012 02:19
ამ ახალ საწყალ ევროპას ისეთი დღეეები დაუდგა რომ დემოკრატიის აკვან ათენში სამუშაოდან გაყრილი ბანკირები აკროპოლისის ასმეტრიანი კედლიდან გადახტომით იკლავენ თავს. ერთი მასეთი უბედური კინაღამ ვიღაც ნანახით კმაყოფილ ტურისტებს დაეცა თავზე. 2004 წელს ევროკავშირში შესული პოლონეთი არც ისე ნელა ნელა იცლება პოლონეთიდან თავქუდმოგლეჯით გაქცეული პოლონელი ახალგაზრდებისგან. მოკლედ ევროპაში ტურიზმი საშიში გახდა. გერმანიაში ვიღაც ტიტველმა რუსმა მხატვარმა შეიძლება გიკბინოს,ათენში შეიძლება თავზე ვიღაც უბედური ბანკირი დაგეცეს,პოლონეთში ჩასულმა კი პოლონელები შეიძლება ვერ ნახოს. ყველაფერ ამას წაიკითხავთ იმ ევროპულ პრესაში რომელსაც თქვენ თქვენს მსმენელებს უმალავთ. მაგრამ არაფერი. ეხლახანს კვებეკში პრემიერ მინისტრად აირჩიეს სეპარატისტი ქალბატონი რომელსაც კანადა მიაჩნია ვინ იცის ვის მიერ აშენებულ მცირე იმპერიად და უნდა კვებეკის დამოუკიდებლობა. მას საზეიმო სიტყვის თქმის დროს ვიღაც კვებეკელმა ანგლოფონმა ესროლა. მაგრამ საბედნიეროდ ქალბატონი გადარჩა და ყველაფერი ოკ იქნება. იცოცხლეთ და გაიხარეთ.

ყველაზე პოპულარული