Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2015 წელი ეთნომუსიკაში. ნაწილი II


ანუშკა შანკარი
ანუშკა შანკარი

6 იანვრის გადაცემაში 2015 წლის მნიშვნელოვანი ეთნომუსიკალური პროექტების მიმოხილვა დავიწყე, თუმცა, დევიდ ბოუის გარდაცვალების გამო, მათ შესახებ საუბარი ვეღარ გავაგრძელე. ამიტომ სიუჟეტის მეორე ნაწილს დღეს შემოგთავაზებთ.

ვისაც ინდური ტრადიციული მუსიკა უყვარს, მას უთუოდ დააინტერესებს ამერიკელი სიტარაზე დამკვრელისა და კომპოზიტორი ქალის, ანუშკა შანკარის, ახალი ალბომი, “Home”, რომელიც 2015 წლის 10 ივლისს საუკუნოვანი ტრადიციების მქონე გერმანულ ხმის ჩამწერ სტუდიაში, „Deutsche Grammophon“-ში, ჩაიწერა. არტისტი 9 წლიდან ეუფლებოდა რაგის შესრულების ოსტატობას. მის სულს, გონებასა და ნებისყოფას ლეგენდად ქცეული მამა, „მსოფლიო მუსიკის ნათლიად“ წოდებული არტისტი, რავი შანკარი წვრთნიდა. ოჯახურ აშრამში დახელოვნებული გოგონას დებიუტი კლასიკურ სცენაზე 13 წლის ასაკში შედგა. როცა წამოიზარდა, მშობლისგან ანდერძად მიღებული თეორიული ცოდნისა და გამოცდილების ხარჯზე, ექსპერიმენტები წამოიწყო. მისი მიზანი სიტარის ახალი ბგერის, ჟღერადობის ძიება გახლდათ. გარდა ამისა, საკომპოზიტორო უნარებიც განავითარა და რაგის ურთულეს სტრუქტურებზე სხვა კულტურათა მუსიკალური ფორმების მორგება დაიწყო. ანუშკა შანკარის თქმით, საუკუნეთა მანძილზე ჩამოყალიბებული საშემსრულებლო კანონების, ჟანრობრივი მკაცრი სტერეოტიპების ნგრევა, მას მანევრირების საშუალებას აძლევდა, ნოვატორი მხატვრისა და თავისუფალი, ძლიერი პიროვნების ხასიათს უყალიბებდა. ასე დაუკავშირა აღმოსავლეთი დასავლეთს, რაგა ფლამენგოს, ჯაზსა და თანამედროვე ელექტრონულ ჟანრებს. თუმცა ზემოხსენებულ ალბომში “Home” ანუშკა შანკარი ფესვებს დაუბრუნდა, ინდური კლასიკური ნაწარმოებები ავთენტური სახით შეასრულა, რაგის სილამაზესა და სიტარის მრავალმხრივ ტექნიკურ თუ ტემბრალურ შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი.

ჰინდი ზარა მაროკოელი მომღერალია, რომელიც პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ბილი ჰოლიდეი, ნინა სიმოუნი, ჯენის ჯოპლინი, პეტი სმითი - ეს ის არტისტები ბრძანდებიან, რომელთაც ბავშვობიდან უსმენდა და რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს არტისტის ვოკალური საშემსრულებლო ხელწერისა თუ მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ, ზარას შემოქმედება არ არის მოქცეული რომელიმე ერთი ან ორი მუსიკალური მიმდინარეობის ჟანრობრივ ჩარჩოებში. მისი სიმღერები სოულის, რეგეისა და ჯაზური ფორმების სინთეზია, ფუნდამენტად კი ბერბერული და აფრიკის არაბული ნაწილის მუსიკალური ტრადიციები უდევს. არტისტის პირველი ალბომი, „Handmade“, 2010 წელს ხმის ჩამწერი სტუდია „Blue Note“-ის სამარკო ნიშნით გამოიცა. სასიყვარულო ბალადებისგან შემდგარი დისკი წარმატებულ დებიუტად შეფასდა. რაც შეეხება ბოლო ნამუშევარს, Homeland-ს, ჩემი აზრით, ის გაცილებით საინტერესო ნამუშევარია, ჟანრობრივი მრავალფეროვნებისა და მელოდიურობის კუთხით, მასში უფრო ნათლადაა გამოკვეთილი ჩრდილოაფრიკული ეთნიკური მუსიკისა და ფრანგულ შანსონის სინთეზი.

„ჰავანა-პარიზი-დაკარი“ - ასე ჰქვია ალბომს, რომელიც ბოლოსთვის მოვიტოვე და რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუ რომელ ეთნომუსიკალურ სივრცეებს მოიცავს. პროექტი ორი სხვადასხვა კულტურიდან გამოსული არტისტის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. ჯაზისა და კუბური რუმბის ენაზე მეტყველი ჰაროლდ ლოპეს-ნუსსა კუბის თანამედროვე საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია და ისეთი სახელოვანი არტისტების გვერდით მოიაზრება, როგორებიც არიან, მაგალითად, გონსალო რუბალკაბა და რობერტო ფონსეკა. რაც შეეხება სენეგალელ ბასგიტარისტს ალუნე უეიდს, მას ქართველი მსმენელი 2010 წლის თბილისის ჯაზფესტივალიდან იცნობს, როცა ჯო ზავინულის გარეშე დარჩენილი „სინდიკატის“ შემადგენლობაში იხილა. იმ კონცერტის წყალობით, დამამახსოვრდა როგორც მძლავრი, აგრესიული საშემსრულებლო ტექნიკის მქონე ინსტრუმენტალისტი და დიდებული ვოკალისტი. კომპოზიცია „Bimoya“-ში აფრიკულ მოტივებზე ამღერებულმა, წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა. ალბომი „ჰავანა-პარიზი-დაკარი“ ნათქვამის ჩინებული მაგალითია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG