Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა?


კონფერენცია თემაზე “ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები“
კონფერენცია თემაზე “ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები“

სასწავლო წლის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ საჯარო მსჯელობას იწყებს. სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა 18 აგვისტოს სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასში“გამართული კონფერენცია, რომელსაც ხელისუფლების, განათლების სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პედაგოგები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ. განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ განათლების სფეროში სისტემური ცვლილებები განხორციელდება.

განათლების სამინისტრომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ გეგმებს 2013 წელს შეადარა. იმავე წელს ჩატარდა ამ გეგმის დანერგვის მონიტორინგიც. მიღებულმა შედეგმა ცვლილებების საჭიროება მოითხოვა. როგორც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, ეს ცვლილებები ორ ნაწილად გაიყო და განსახორციელებლად 2014 და 2015 წლებზე გადანაწილდა. წლევანდელი ცვლილებებიდან ერთ-ერთი ზამთრის არდადეგების ხარჯზე სასწავლო წლის ხანგრძლივობის გაზრდაა. ცვლილება შეეხო ე.წ. სადამრიგებლო საათსაც. თამარ სანიკიძის განცხადებით, საწყის საფეხურზე სადამრიგებლო საათი კითხვითი უნარების განვითარებასა და წაკითხულის ანალიზს დაეთმობა. მინისტრის თქმით, სისტემურად შეიცვლება მასწავლებლების კარიერის დაწყების, მათი პედაგოგიური განვითარების და შემდგომ უკვე შეფასების პრაქტიკაც:

„ამ სისტემის ფარგლებში, პირველ რიგში, უმაღლესი განათლება უნდა მივცეთ პედაგოგს, ის თავიდანვე უნდა იყოს მომზადებული. ვიცით, რომ პედაგოგიკა რეგულირებადი სფეროა, თუმცა არც სტანდარტი და არც საკვალიფიკაციო ჩარჩო ამასთან მიმართებით არ არსებობდა, მხოლოდ ახლა კეთდება. უკვე მოღვაწე პედაგოგებსაც გადავამზადებთ. მათ მიეცემათ განვითარების საშუალება - შემოგვაქვს ევროპაში ფართოდ დამკვიდრებული კრედიტების დაგროვების სისტემა, რომელიც ნიშნავს, რომ მასწავლებელი თავისი ცოდნის და მიღწევების მიხედვით აგროვებს გარკვეულ კრედიტებს და ამ კრედიტების მიხედვით ის ან რჩება თავის ადგილას, ან წინ მიიწევს. ცხადია, შემოდის შეფასების კომპონენტიც. ეს იქნება ნაწილობრივ გამოცდა, საგნობრივი ტესტი, რაც გვჭირდება იმაში დასარწმუნებლად, მასწავლებელმა იცის თუ არა ის საგანი, რომელსაც ასწავლის. დანარჩენი უკვე ტრენინგ-მოდულები იქნება, რომელსაც მასწავლებელი გაივლის და ის უკვე სასწავლო ოთახში შეფასდება“.

მე მგონია, რომ ეს სქემა სერტიფიცირებულ პედაგოგებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს და საფეხურებრივად მოიმატებს მათი ანაზღაურებაც. სკოლა ორიენტირებული ხდება, პირველ რიგში, ბავშვზე. დღეს 68 000 პედაგოგიდან მხოლოდ 12%-ია სერტიფიცირებული...
ელისო ჩაფიძე

ასევე პირველად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩაიწერება, რომ პედაგოგი ვალდებულია საგანმანათლებლო პროცესში ჩართოს მშობელი და მას ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს, 2015 წელს კი სპეციალური პროგრამა უკვე მშობლის განათლებაზეც იქნება მიმართული. განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მიიჩნევს, რომ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას უნდა შეესაბამებოდეს სასკოლო სახელმძღვანელოებიც, რაც ასევე დღის წესრიგში დგას. როგორც ცნობილია, იცვლება მათი გრიფირების წესიც, რომელიც მალე დამტკიცდება. შეიცვლება ასევ წიგნების არჩევის წესი, რომელსაც აქამდე პედაგოგები თავიანთი პირადი მოსაზრებების მიხედვით არჩევდნენ. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სამოქალაქო ცნობიერების განვითარებასთან დაკავშირებული აუცილებელი საკითხების სწავლება უფრო დაბალი კლასებიდან დაიწყება. ლია გიგაურის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. ენების პოლიტიკის დოკუმენტზეც.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი ელისო ჩაფიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს რეგიონებში განათლების ხელმისაწვდომობა კვლავაც პრობლემაა, თუმცა სტრატეგია, რომელიც განათლების სამინისტრომ წარმოადგინა, მას იმედს აძლევს, რომ ქვეყანაში განათლების სფეროში ვითარება სისტემურად შეიცვლება. ამ დიდ ჯაჭვში, ელისო ჩაფიძის აზრით, უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს პედაგოგების მომზადების ახალი სქემა:

„მე მგონია, რომ ეს სქემა სერტიფიცირებულ პედაგოგებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს და საფეხურებრივად მოიმატებს მათი ანაზღაურებაც. სკოლა ორიენტირებული ხდება, პირველ რიგში, ბავშვზე. დღეს 68 000 პედაგოგიდან მხოლოდ 12%-ია სერტიფიცირებული და დაახლოებით 10%-მდე პედაგოგს არა აქვს უმაღლესი განათლება - ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს“.

ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ განათლების ახალ სტრატეგიას სჭირდება როგორც ხელისუფლების, ასევე პროცესში საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერაც. მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა სკოლების უმეტესობა მთელი საქართველოს მასშტაბით მოსავლელია, არ ღირს დროის კარგვა შეცდომების ავტორის ძებნაზე, აჯობებს პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრა.

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიაში მონაწილეობდა ასოციაცია „სკოლა, ოჯახი საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა მკურნალიძეც. ის ფიქრობს, რომ განათლების სამინისტრომ ფოკუს-ჯგუფების წევრი სპეციალისტების, პედაგოგების შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინა, თუმცა კვლავაც რჩება კრიტიკული საკითხები, რომელთა შესახებაც კითხვები ისევ არსებობს. მაგალითად, ეროვნული სამოქმედო გეგმის მსგავსად, ჩაუტარებენ თუ არა რევიზიას განათლების სისტემის მარეგულირებელ დოკუმენტებს? ლაშა მკურნალიძე მიიჩნევს, რომ ამ მხრივ კანონის შეცვლაა საჭირო. ცვლილების გარეშე ვერც სკოლების დეცენტრალიზაცია იქნება ქმედითი, ვერც თავად სასწავლო გეგმა.

განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გარდა, რომელიც ძალაში 2015 წელს შევა, მომზადების პროცესშია ალტერნატიული ეროვნული სასწავლო გეგმაც, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის იქნება განსაზღვრული.

განათლების სპეციალისტები ასევე აცხადებენ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა, ფაქტობრივად, მოსწავლის სტანდარტია. შესაბამისად, სწორედ მის შინაარსსა და განხორციელებაზე იქნება დამოკიდებული, სავალდებულო 9 და სრული 12 კლასის დასრულების შემდეგ როგორ მოსწავლეებს გამოუშვებს ესა თუ ის სკოლა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG