Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეაქცია ერთდღიან ბაზრობაზე


ერგნეთის ბაზრობა დახურვამდე
ერგნეთის ბაზრობა დახურვამდე

28 დეკემბერს ერგნეთში ერთდღიანი საახალწლო ბაზრობა მოეწყობა. ამ ინფორმაციის გავრცელებას ცხინვალში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ჯერ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა, გააკეთა სპეციალური განცხადება და ამ ნაბიჯს პროვოკაციული უწოდა, მოგვიანებით კი სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს პროტესტი. ცხინვალში რატომღაც მიიჩნიეს, რომ იწყებოდა მასშტაბური ბაზრობის აღდგენა, როგორიც ერგნეთის ტერიტორიაზე 2004 წლამდე არსებობდა. მაშინდელი ბაზრობა კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო ობიექტად ითვლებოდა, სადაც რუსეთის, საქართველოს, სომხეთის, ჩრდილო კავკასიისა და არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ბიზნესმენები საქმიანობდნენ. არაოფიციალური მონაცემებით, ერგნეთის ბაზრობის წლიური ბრუნვა 150 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა, თუმცა აქ ტვირთების მოძრაობა უკონტროლოდ ხდებოდა, შემოდიოდა დიდი რაოდენობით რუსული კონტრაბანდული საქონელი და 2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ ბაზრობა დახურა, რასაც კონფლიქტის ზონაში ახალი ესკალაცია მოჰყვა: ჩაიკეტა ცხინვალი, განახლდა სროლა, 2008 წელს კი მასშტაბური სამხედრო მოქმედებები დაიწყო. ომის დასრულების შემდეგ ბაზრობის აღდგენის იდეა არაერთხელ გაჟღერდა. ამ თემის წამოწევა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ისევ დაიწყო. ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დადო პირობა, რომ ერგნეთში სავაჭრო ცენტრს გახსნიდა, თუმცა ყოველ ასეთ განცხადებას ცხინვალიდან მძაფრი რეაქცია და საოკუპაციო გამყოფი ხაზის გამაგრება მოჰყვებოდა ხოლმე. ვიდრე გზა ჩაკეტილია, ერგნეთში ორმხრივი სავაჭრო აქტივობის დაწყება შეუძლებელია. ცხინვალელი ექსპერტი ალან ჯუსოევი მიიჩნევს, რომ საქართველოს სტრატეგია -ჩართულობა, აღიარების გარეშე - ცხინვალთან ახლოს სავაჭრო ობიექტების გასხნას ისახავს მიზნად. ჯუსოევის აზრით, ახალი ბაზრობის ამოქმედება პოლიტიკური ნაბიჯია და საქართველოში აინტერესებთ, ამაზე როგორი რეაქცია ექნებათ ცხინვალში.

ჯუსოევის აზრით, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ბაზრობის მიმართ ცხინვალელების ინტერესი დაინახა, მაშინ ამ საკითხის დაყენებას ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან - მათ შორის, ჟენევის დისკუსიის ფორმატში - დაიწყებს. ბაზრობის ამოქმედებას ასევე ნეგატიურად აფასებს დე ფაქტო რესპუბლიკის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე მარინა ძიგოევა. მისი აზრით, 2008 წლის ომის შემდეგ დანაშაული იქნება საქართველოსთან ერთად რაიმე ეკონომიკურ პროექტში მონაწილეობა.

ცხინვალიდან წამოსული რეაქციის საპასუხოდ, სპეციალური განცხადება გაავრცელა აქციის ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ცხინვალმა“. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას კავშირი არა აქვს მესამე სექტორის აქტივობასთან, რაც მიზნად ისახავს ომის დროს ერგნეთში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას. კვირას იგეგმება საბავშვო თეატრალიზებული წარმოდგენის, კონცერტის და საქველმოქმედო გათამაშების ჩატარება. პარალელურად, მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საშუალება მიეცემა საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს. „მომავლის ცხინვალის“ ხელმძღვანელი მარინა მეშვილდიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს მასშტაბური ბაზრობის აღდგენა და რომ კვირას დაგეგმილი აქციის მიზანი ცხინვალში არასწორად იქნა გეგებული.

კვირას ერგნეთში სტუმრებს გორიდან და თბილისიდან ელოდებიან. ამ ღონისძიებას ფინანსურ დახმარებას უწევს გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი.

XS
SM
MD
LG