კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 09:29

პოლიტიკა / საქართველო

5 საათიანი შეხვედრა ერგნეთში

x
ტექსტის ზომა - +
ოსური და რუსული დელეგაციის წევრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანჯეი ტიშკევიჩმა შეხვედრისას ღიმილით უთხრა, მეგონა, სამხედრო მარშით მოხვიდოდითო. ხვალ, 23 თებერვალს,  როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე ცხინვალში სამშობლოს დამცველთა დღეს აღნიშნავენ. ადრე ამ დღეს საბჭოთა ჯარისკაცის დღე ერქვა და საქართველოში მას კაცების დღესაც უწოდებდნენ ხოლმე, მაგრამ ეს დღე დიდი ხანია საქართველოში აღარ აღინიშნება. ტიშკევიჩის მილოცვაზე ქართული დელეგაციის წევრებს ეღიმებოდათ, რუსული და ოსური დელეგაციის სამხედრო ოფიცრები კი აშკარად კმაყოფილები ჩანდნენ. თუმცა 5 საათიანი შეხვედრის შემდეგ ყველას დაღლილი სახე ჰქონდა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს. ერთადერთი საკითხი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, ის იყო, რომ ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის სიახლოვეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უსაფრთხოდ ჩატარდება  და ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები ცხელი ხაზის მეშვეობით მოუგვარდება. ერგნეთის მცხოვრებ ლიანა ჭამპურიძეს მიწის ნაკვეთი რუსების საგუშაგოს სიახლოვეს აქვს, ამიტომ შიშის გამო მის დამუშავებას ვერ ახერხებს.

შეხვედრის მთავარი თემა სოფელ დიდ ხურვალეთთან რუსი მესაზღვრეების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის მავთულხლართებით მონიშვნა იყო. რამდენიმე დღეა ამ სოფლის სკოლის სიახლოვეს რუსები მავთულხლართებს აბამენ და ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას უქმნიან. ქართული დელეგაციის წარმომადგენლის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, ეს საკითხი ქართულმა მხარემ გააპროტესტა, მაგრამ ვერც რუსული და ვერც ოსური მხრიდან ვერ მიიღო არგუმენტირებული პასუხი იმის შესახებ, თუ ამას რატომ აკეთებენ.

ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა მარეკ დუდაევის გათავისუფლების საკითხი. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის ხოხ გაგლოითის თქმით, დუდაევი 10 წელია სასჯელს იხდის, ჯანმრთელობა გაუარესებული აქვს და ქართულ მხარეს მის გათავისუფლებას სთხოვს: 

„მარეკ დუდაევის ბედის შესახებ მე შეხვედრის მონაწილეებს შევატყობინე, რომ ეს მოქალაქე დაკავებული იყო 2003 წელს. დაკავებისას ის მძიმედ დაჭრეს. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და მე მოვუწოდე ქართულ მხარეს, რომ ყველაფერი გააკეთოს, რაც მის ძალებშია, რათა ეს ადამიანი შეიწყალონ და გაათავისუფლონ“.

კახა ქემოკლიძის განცხადებით, თუ კანონი ამნისტიის შესახებ დუდაევს შეეხება, ის გათავისუფლდება, მაგრამ ქართული მხარე პატიმრებს ეთნიკური ნიშნით ვერ დაყოფს. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემებზეც იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ქართულ მხარეს დუშეთის წყალსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე, რომელსაც ოსური მხარე აკონტროლებს, აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემა.  მორიგი შეხვედრა ერგნეთში მარტის ბოლოს გაიმართება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

ყველაზე პოპულარული