Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთი 6 წლის შემდეგ


ერგნეთი
ერგნეთი

2008 წლის ომის დროს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ერგნეთი ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს სოფელი ცხინვალს ესაზღვრება. დღემდე დასრულებული არ არის დამწვარი სახლების აღდგენა. სოფელს 6 წლის შემდეგაც მრავალი მოუგვარებელი პრობლემა აწუხებს. ამის მიუხედავად, ერგნეთელები იმედს არ კარგავენ და ტკივილიანი მოგონებებითა და პრობლემებთან ჭიდილით ცხოვრებას აგრძელებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტად სოფელი ერგნეთი დაზარალდა. ცხინვალის გვერდით მდებარე ამ პატარა სოფელში იქ შესულმა მაროდიორებმა სახლების 90 პროცენტი ჯერ გაძარცვეს და შემდეგ გადაწვეს. სოფელში დარჩენილი რამდენიმე ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს. განადგურდა სოფლის ინფრასტრუქტურა და ომის შემდეგ ერგნეთში დაბრუნებულ მცხოვრებლებს აღარაფერი დახვდათ. ახალი ცხოვრების დაწყება შეუძლებელი იყო. მაშინდელმა ხელისუფლებამ გადამწვარი სახლების მფლობელებს კომპენსაციის სახით 15-15 ათასი ლარი დაურიგა. ბევრმა მათგანმა მაშინ ბინა ქალაქში შეიძინა და სოფელიც დაივიწყა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, სახლების აღდგენას მოჰკიდეს ხელი და ერგნეთელებმაც სოფელში დაბრუნება დაიწყეს.

გიული კასრაძე
გიული კასრაძე

კასრაძეების სახლი სოფლის შესასვლელში მდებარეობს. ოჯახი 5 წლის განმავლობაში ეზოში აშენებულ კოტეჯში ცხოვრობდა და ყოველდღე განადგურებულ სახლს შეჰყურებდა. ცოტა ხნის წინ ამ სახლის აღდგენას შეუდგნენ. ოჯახის დიასახლისს, გიული კასრაძეს, ომის დღეების გახსენება ცრემლების გარეშე უჭირს.

მძიმე ვითარებაა სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში. აქ არსებული ნახევრად დანგრეული სახლები საოკუპაციო მავთულხლართების სიხლოვესაა, ამიტომ სპეციალისტები იქ უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო არ შედიან. მიტოვებულ სახლებთან მისვლას ვერც მოსახლეობა ახერხებს. ერთ-ერთი ასეთი სახლის მფლობელმა, ლეილა ქრისტესიაშვილმა, არ იცის, საერთოდ აღადგენენ თუ არა მის ბინას. ოჯახი ახლა ნათესავებთან არის შეკედლებული.

ერგნეთში ყოფითი პრობლემები ისევ ბევრია: სარწყავი წყლის დეფიციტი, მოუწესრიგებელი ელექტროსისტემა... გაზიფიცირებას წლის ბოლომდე ჰპირდებიან. ერგნეთის მცხოვრები თეა ჯოხაძე ამბობს, რომ სოფელს მოგონებებითა და პრობლემებთან ჭიდილით უწევს ცხოვრება.

რუსეთის სამხედრო ერგნეთის ეგრეთ წოდებულ საზღვარზე
რუსეთის სამხედრო ერგნეთის ეგრეთ წოდებულ საზღვარზე

2008 წელს მერაბ ბერუაშვილს სოფელ ერედვში სახლი დაუწვეს, იქიდან დევნილი ერგნეთში გადმოვიდა და აქაც შვილის სახლი დამწვარი დახვდა. მას შემდეგ ამ სახლის აღდგენით არის დაკავებული, ცხოვრობს შვილთან და უკეთესი მომავლის იმედს არ კარგავს.

ყოველწლიურად ერგნეთში, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მთლიანად დაცლილი იყო, ადამიანების რაოდენობა იზრდება. სოფელში სახლების აღდგენა მიმდინარეობს. მიუხედავად სარწყავი წყლის დეფიციტისა, ყოველწლიურად უფრო მეტი მიწა მუშავდება. ადგილობრივ სკოლაშიც ბავშვების რაოდენობა ომამდელ რაოდენობას უახლოვდება. წელს 49 მოსწავლე შეაღებს სკოლის კარს. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ტკივილიანი ცხოვრება ომის შემდეგაც გრძელდება, ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღების შემთხვევაში კი, ეს სოფელი მალე ისევ წელში გაიმართება.

XS
SM
MD
LG