Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სასოწარკვეთამ შესაძლოა ერაყელები აიძულოს „ისლამურ სახელმწიფოს“ მიმართონ


ერაყში გაეროს წარმომადგენელი გამოდის გაფრთხილებით, რომ ჰუმანიტარული დახმარებისთვის გამოყოფილი თანხების სიმწირემ უკვე გამოიწვია საკვების რაციონების შემცირება - ამას კი შესაძლოა შედეგად ის მოჰყვეს, რომ ერაყელები იძულებულნი გახდნენ „ისლამურ სახელმწიფოს“ მიმართონ გადასარჩენად აუცილებელი დახმარებისთვის.

22 ივლისს, გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას, იან კუბიშმა შეშფოთებით ილაპარაკა ცნობებზე, რომ სასოწარკვეთილი ერაყელები დახმარებისთვის მიმართავენ ამ ექსტრემისტულ ჯგუფს, რომელიც კვლავ აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, მესამედს მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ მისმა მებრძოლებმა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი, მოსული, დაიპყრეს.

„კონფლიქტის ადამიანური ფასი ძალიან მაღალიაო“, განაცხადა იან კუბიშმა.

"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების მიერ გასულ ზაფხულს განხორციელებული შეტევის შემდეგ ერაყი მის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ფაზას გადის. პრობლემები შესაძლოა დამთრგუნველი და გრძელვადიანი ჩანდეს, მაგრამ, ამავე დროს, არსებობს იმედი, შესაძლებლობები და, რაც მთავარია, კრიზისიდან გამოსვლის ხედვა, რომელიც ეროვნულ პოლიტიკურ შეთანხმებაშია ჩამოყალიბებული. ახლა მთავარი საკითხი მისი განხორციელებაა“, უთხრა კუბიშმა უშიშროების საბჭოს.

გაეროს მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ერაყის კონფლიქტი მძიმედ აისახა სამოქალაქო პირებზე. 30 აპრილამდე პერიოდში, 16 თვის განმავლობაში, მოკლეს 15,000 და დაიჭრა 30,000 სამოქალაქო პირი.

კუბიშის თქმით, სულ მცირე, 8.2 მილიონ ადამიანს - ანუ, უხეში გამოთვლით, ოთხი ერაყელიდან ერთს - სასწრაფო დახმარება ესაჭიროება, ნახევარს კი საკვები. სახლ-კარი სამ მილიონზე მეტმა ერაყელმა დატოვა. გაეროს შეფასებით, ახლო მომავალში ძალადობა კიდევ ერთ მილიონ ერაყელს გადააქცევს ადგილნაცვალ პირად.

ამას ემატება 300,000-მდე ლტოლვილი, რომელთა უმრავლესობა ერაყში შედის სირიიდან, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ ასევე მოზრდილ ტერიტორიას აკონტროლებს, განაცხადა კუბიშმა.

ასეთ ფონზე, გაეროს მოუწევს ჯანდაცვის 80 ცენტრის დახურვა და ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამის შეწყვეტა, თუ დამატებით დაფინანსებას არ მიიღებს.

გაეროს ჰუმანიტარული ოფისი აცხადებს, რომ მხოლოდ 8 პროცენტი გამოიყო თანხიდან, - 497 მილიონი დოლარიდან, - რომელიც მან თავშესაფრის, საკვების, წყლის და სხვა სახის დახმარებისათვის ითხოვა ექვსი თვისთვის.

კუბიშის თქმით, ბევრი ერაყელი საკვებისა და სხვა აუცილებელი რესურსების უქონლობის გამო სასოწარკვეთილია, ბევრს თავისუფლება აქვს შეზღუდული, ბევრს კი, უბრალოდ, კლავენ და სიცოცხლეს ართმევენ.

ჩვენი მისია კვლავ იღებს ბევრ ცნობას სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების, ადამიანების ხოცვის, გატაცების, გაუპატიურებისა და სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებო, აცხადებს კუბიში. მისი თქმით, უმცირესობები, ქალები და ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოტანილი სისასტიკის წინაშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG