Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ენა, მამული, მოქალაქეობა“


რა კულტურულ ბარიერებს აწყდებიან საქართველოს ის სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად სწავლობენ, ხშირ შემთხვევაში ფლობენ კიდეც ქართულს და სურთ, ინტეგრირებული იყვნენ.

23 წლის ბოლნისელი ქამრანი თავის ოჯახში ერთადერთია, ვინც ქართული იცის. მშობლებმა ის სახლიდან მრავალი კილომეტრით დაშორებულ ქართულ სკოლაში ატარეს. თბილისში სასწავლად ჩამოვიდა. სიცილით, მაგრამ იმედგაცრუებული გამომეტყველებით ჰყვება არაერთხელ გადამხდარ ამბავს: შედის ბარში, გაიცნობს რამდენიმე ადამიანს. ისინიც, გაიგებენ თუ არა, რომ წარმოშობით აზერბაიჯანელია, იწყებენ ქამრანის დარწმუნებას, აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილი საქართველოს ეკუთვნისო.

ყოფილი სომხური სკოლის მასწავლებელი, რომელიც თავს ქართველ სომხად თვლის და თბილისში მრავალეთნიკურ კლასს ასწავლის მეუბნება:

„ჩვენთან კლასები არის მრავალეროვანი: გვყავს აზერბაიჯანელი, სომეხი, ქურთი, იეზიდი, ებრაელი, ოსი რუსი, ესტონელი, ლატვიელი მოსწავლეები. მეგობრობენ და ძალიან კარგად არიან ერთმანეთში. ერთადერთი ისაა, რომ ბევრჯერ გამიგია, ორი ქართველი ერთმანეთს რომ ლანძღავს, ამბობს ‘შე სომეხო’. მითქვამს, შვილო, რატომ ეუბნები ასე? ისინი მპასუხობენ, ვხუმრობთო. კი მაგრამ, ხუმრობ და მაშინ ქართველი დაუძახე, ‘სომეხი’ გასალანძღი ეპიტეთი ხომ არ არის?!“ - აქვე ამატებს, რომ შუღლის გაღვივებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების კუთხით, სერიოზულ საფრთხეს ხედავს ქართულენოვან პრესაშიც.

ელვინ ბანთიურქი
ელვინ ბანთიურქი

ელვინი 29 წლისაა. ის საქართველოს მოქალაქეა, მარნეულში დაბადებული და გაზრდილი. სკოლის დამთავრებისთანავე სასწავლად წავიდა თურქეთში, შემდეგ − მონრეალში. საბოლოოდ, როგორც თავად ამბობს, სამშობლოში, საქართველოში მოისურვა დაბრუნება. იმ სამშობლოში, სადაც მისთვის მშობლიური ენა სათანადოდ არ უსწავლებიათ:

„არ მინდა, რომ ეს წარმოვაჩინო ან მივიღო, როგორც დისკრიმინაცია.
მართლა არ მინდა, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ მინდა ჩავწვდე ამ რეალობას. რატომ? რაშია პრობლემა?“
ინგლისურად მპასუხობს ელვინი, რომელმაც მიმდინარე წლის 2 მარტს განათლების მინისტრს მისწერა წერილი და მას აზერბაიჯანული სკოლების გადმოქართულება სთხოვა − იმ პირობით, რომ მოსწავლეებს ყოველდღიური, ერთსაათიანი აზერბაჯანულის გაკვეთლი ჩაუტარდებათ.

2009 წლის 19 ნოემბერს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, დადგინდა 5-5%-იანი სტუდენტური კვოტა აზერბაიჯანული და სომხურენოვანი მოსწავლეებისთვის. ეს ასევე ითვალისწინებს უნივერსიტეტის პირველ წელს ქართულის შესწავლას, ხოლო დანარჩენი ოთხი წლის განმავლობაში - არჩეული პროფესიის დაუფლებას. პროგრამა სახელწოდებით „1+4“ 2010 წლიდან ხორციელდება. აი, როგორ აფასებს მას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი:

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

„‘1+4’ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული პროექტია. სამი-ოთხი წლის უკან 30-40 ბავშვი აბარებდა ამ პროგრამით. ახლა კი - 200-300. ასე რომ, ვთვლი, რომ არის სერიოზული პროგრესი. დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით 7-8 წელიწადში, როდესაც პირველ კლასში ჩაბარებული ბავშვები დაასრულებენ სკოლას, კიდევ უფრო კარგი შედეგი გვექნება.“

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კვოტირების სისტემის გამოკვლევამ, რომელიც 2013 წელს ჩატარდა, გამოააშკარავა, ერთი მხრივ, „1+4“ პროგრამის სტრუქტურული სისუსტეები (ერთი წელი ხშირად საკმარისი არ არის ქართული ენის საფუძვლიანად შესასწავლად, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი სუტდენტები ერთმანეთისგან იზოლირებული არიან, სტუდენტებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია პროგრამაზე); მეორე მხრივ კი − ის გაუთვალისწინებელი და, ამავდროულად, ყველაზე რთულად მოსაგვარებელი პრობლემა, რომელიც სათავეს თავად კულტურაში იღებს.

გამოკვლევაში მოყვანილია ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ციტატები. ისინი საუბრობენ მათ მიმართ ქართველი სტუდენტების მიერ უარყოფით დამოკიდებულებაზე, რაც კიდევ უფრო ართულებს მათი ინტეგრაციის პროცესს:

ეს უნდა შეიცვალოს: ‘ენა’, არა როგორც იდენტობა, არამედ, როგორც კომუნიკაციის საშუალება; ‘მამული’, მამულად უნდა დარჩეს, მაგრამ სარწმუნოება უნდა ჩავანაცვლოთ ‘მოქალაქეობით’. ვგულისხმობ, ჩვენს საერთო, საქართველოს მოქალაქეობას...
ელვინ ბანთიურქი

– „საქართველოზე იყო ლაპარაკი, კანონმდებლობაზე. „შენ რაში გაინტერესებსო, შენი საქმე ხომ არ არის, შენ სომეხი ხარო“

– „რა სიმპათიურია, ცუდია, რომ აზერბაიჯანელია, მეგონა ქართველი იყო“;

– „ქუჩაში მომისმენია, რამდენი არიან ენ სომხები და აზერბაიჯანელები“;

– „ისიც კი არ იციან, რომ ეთნიკური უმცირესობები ამხელა რაოდენობით არიან საქართველოში და დერეფანში გაიგებ ხმას, რა არის, ეს რა რჯულის ხალხია, რა ენაზე ლაპარაკობენ“.

– „იმაზე ვგიჟდები, თათარს რომ მეძახიან“...

– „ერთმა ქართველმა მითხრა, რამდენ მუსლიმსაც მოკლავ, უფრო ახლოს ხარ სამოთხესთან. ამას რომ მეუბნება, ვწუხდები. ამას რომ ვეუბნები ქართველს, დამცინის...“

ელვინის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქართველობას წარმოშობა განსაზღვრავს, და არა მოქალაქეობა. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილი ეთნიკურ უმცირსეობებს ქართველებად არ აღიქვამს. ხოლო მთავრობებისთვის ისინი მხოლოდ სიმბოლურად წარმოადგენენ ელექტორატს. ელვინის აზრით, ეთნიკური აზერბაიჯანელების შემთხვევაში, ვითარებას ისიც „ამძიმებს“, რომ მათი უმეტესობა მუსლიმია:

„ილია ჭავჭავაძის დროიდან მოყოლებული, საქართველო მისდევს ამ დევიზს: ‘ენა, მამული, სარწმუნოება’. ეს კარგია. იმ დროს არსებული პირობებიდან გამომდინარე, ლოგიკური იყო, ერი რელიგიის საფუძველზეც შეექმნათ, მაგრამ ახლა უკვე სხვა დროა. ეს უნდა შეიცვალოს: ‘ენა’, არა როგორც იდენტობა, არამედ, როგორც კომუნიკაციის საშუალება; ‘მამული’, მამულად უნდა დარჩეს, მაგრამ სარწმუნოება უნდა ჩავანაცვლოთ ‘მოქალაქეობით’. ვგულისხმობ, ჩვენს საერთო, საქართველოს მოქალაქეობას. მინდა, რომ ქართველი ერის განმარტება ეფუძნებოდეს არა სისხლს, არამედ მოქალაქეობას. მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. ამის შეცვლა არავის სურს.“

ვინ არის ინტეგრაციისთვის პასუხისმგებელი?

ბუნებრივია, არსებობს წარმატებული ინტეგრაციისა და დადებითი გამოცდილების შემთხვევებიც. ასეთია, მაგალითად, სომეხი ქართველის, მარიამ ოვაქოვის შემთხვევა:

„ინტეგრირებული გავხდი იმიტომ, რომ დაბადებიდან ვტრიალებდი ქართულ საზოგადოებაში. ბაღიც ქართულენოვანი დავამთავრე. შედეგად, ქართულ ტრადიციებსა და ღონისძიებებზე გავიზარდე. ჩავაბარე რუსულენოვან სკოლაში. შემდეგ თვითმომზადებით უნივერსიტეტში - საერთოდ არ გამჭირვებია, რადგან ქართული კარგად მქონდა ათვისებული.“

კითხვაზე, ჰყავს თუ არა მასავიც საქართველოში დაბადებული და გაზდილი მეგობრები, რომლებიც საზოგადოებაში ინტეგრირებული არ არიან, მარიამი მიპასუხებს:

„მყავს მეგობრები, რომლებიც გრძნობენ, რომ მათი უფლებები ილახება, თუმცა მე ამას არ ვიტყოდი, იმიტომ რომ, ჩემს შემთხვევაში მაგალითად, მე ინტეგრირებული ვარ და ჩემზე იყო დამოკიდებული, რამდენად დავიმკვიდრებდი თავს.“

რამდენად აქვთ ეთინკურ უმცირესობებს პასუხისმგებლობა, თავად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში? ამ საკითხისადმი მათი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. აზერბაიჯანული წარმოშობის ელვინს მარიამისგან განსხვავებული აზრი აქვს:

„ვთქვათ, არის ოჯახი - დედა, მამა და შვილები. საქართველოს სახელმწიფო განასახირებეს მშობლებს. ჩვენ, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვები - პატარა ბავშვებს. ვის აქვს იმის რესურსი, რომ შვილებს განათლება მისცეს? ბუნებრივია, დედ-მამას. როგორ შემიძლია მე თვითონ ვინტეგრირდე ქართულ საზოგადოებაში? მე არაფერი მაქვს: არც სკოლა, არც სხვა რაიმე სახის რესურსი. მაგრამ რესურსი აქვს საქართველოს სახელმწიფოს - მისით ფინანსდება სკოლები, პოლიცია, ყველაფერი.“

ერთია, სახელმწიფოს აქვს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის მეტი პასუხისმგებლობა, თუ თავად მათ უნდა იკისრონ ეს ვალდებულება და როგორ უნდა აღმოიფხვრას კულტურული სტერეოტიპები. მეორეა, რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს თავად სახელმწიფო, იმ შემთხვევაში, თუ სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის ახალგაზრდები ვერ გახდებიან სრულფასოვანი მოქალაქეები?

ელვინი ორ ასეთ საფრთხეს ასახელებს: პირველია მეზობელ ქვეყნებზე დაფუძნებული იდენტობა, რომელიც სულ უფრო საგრძნობლად ძაბავს ურთიერთობას საქართველოში მცხოვრებ სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის. და მეორეა იდენტობა, რომელიც ექსკლუზიურად ემყარება რელიგიის ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც ახალგაზრდებს ზოგჯერ რადიკალიზმისა და სირიაში წასვლისკენაც კი უბიძგებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG