Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს ფულს აღარ უხდიან


მოქალაქეების რიგი ეროვნული ბანკის შენობასთან ათენში
მოქალაქეების რიგი ეროვნული ბანკის შენობასთან ათენში

საბერძნეთი უკვე დეფოლტის მდგომარეობაშია, ვერ უმკლავდება ვალებით განპირობებულ კრიზისს, ვითარება რთულდება და, შესაბამისად, საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა: რა ზეგავლენა ექნება ამ კრიზისს და რა პრობლემებს შეუქმნის საქართველოს მოქალაქეებს? უკვე მძიმე მდგომარეობას უჩივიან საბერძნეთში დასაქმებული ემიგრანტები.

ძალიან, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, – ეუბნება რადიო თავისუფლებას 50 წლის მარინა, რომელიც, უკვე 23 წელიწადია, ქალაქ სალონიკიში მუშაობს და ძირითადად მოხუცებს უვლის. მისი გასამრჯელოს (600 ევროს) უდიდეს ნაწილს თბილისში ყოველთვიურად ხუთი ადამიანი ელოდებოდა და ეს ფული მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. თუმცა რა და როგორ იქნება აწი, ეს თავად მარინასთვისაც გაურკვეველია:

„ჩამოსულებს ავიწროებენ ყველანაირად, რომ დაატოვებინონ საბერძნეთი. ეუბნებიან: რატომ უნდა გადავუხადოთ უცხოებს ფული, ჯობია ისევ ჩვენებმა აიღონო ეს ფულიო... მაგალითად, ჩემთვის, 5 თვეზე მეტია, ფული არ გადაუხდიათ. გოგოები ერთმანეთს ვურეკავთ და ვეკითხებით: ხელფასი გადაგიხადეს? ხელფასი გადაგიხადეს ? არავის არ გადაუხადეს ხელფასი... გუშინწინ მქონდა ლაპარაკი (დამქირავებელთან) და ვუთხარი: ცოტ-ცოტა, ნელ-ნელა მაინც გადამიხადე, ცოდო ვარ, კაცო, მეც ჩამოსული ვარ... არ ვიცი, რას ვიზამ, არ ვიცი...“

უკან დაბრუნების ნაკადი უკვე შეიმჩნევა 2014 წლიდან და ეს საკმაოდ ინტენსიური იყო. წელს კიდევ უფრო ინტენსიური გახდა და დღეში 10-მდე ადამიანი მოდის ჩვენს ცენტრში...
ციური ანთაძე

მძიმე ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მარინა სამშობლოში უკან დაბრუნებას არ ჩქარობს. თუმცა ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ადამიანებმა, რომლებიც დასახმარებლად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას აკითხავენ. როგორც ორგანიზაციის თბილისის მობილურობის ცენტრის კოორდინატორი ციური ანთაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი უკვე რამდენიმე წელიწადია მწიფდება და საქართველოს მოქალაქეებიც იძულებით ტოვებენ საბერძნეთს:

„კრიზისი აისახა მოსახლეობის შემოსავლებზე, ხელფასის ოდენობაზე და ასე შემდეგ, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შინამოსამსახურეების დაქირავების შესაძლებლობაზე და ამან პირდაპირ ნეგატიური ასახვა პოვა ქართველი ემიგრანტების დასაქმების შესაძლებლობებზე. უკან დაბრუნების ნაკადი უკვე შეიმჩნევა 2014 წლიდან და ეს საკმაოდ ინტენსიური იყო. წელს კიდევ უფრო ინტენსიური გახდა და დღეში 10-მდე ადამიანი მოდის ჩვენს ცენტრში“.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას საბერძნეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები დახმარების მისაღებად მიმართავენ. ორგანიზაცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პროგრამასთანაც თანამშრომლობს და მსურველებს სთავაზობს სხვადასხვა სახის დახმარებას, იქნება ეს ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება თუ მცირე ბიზნესის დაწყება-განვითარებაში ხელშეწყობა. ასეთი დახმარება სამშობლოში დაბრუნებულებისთვის ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ, მომავლის შიშით, დაბრუნებას ყველა როდი გაბედავს და განსაკუთრებით ისინი, რომელთა ფულადი გზავნილიც საქართველოში ბევრ ადამიანს ასულდგმულებს.

არავინ იცის საქართველოს რამდენი მოქალაქეა ამჟამად საბერძნეთში, თუმცა, სხვადასხვა წყაროს არაოფიციალური დათვლით, მათი რიცხვი 50-დან 200 ათასამდე მერყეობს. ციური ანთაძის თქმით, შრომითი მიგრაციის ნაკადი საქართველოდან საბერძნეთისკენ 2002–2003 წლებში დაიძრა და საბერძნეთმა არსებითად შეცვალა „საქართველოს მიგრაციული პორტრეტი“, რადგანაც მამაკაცები ძირითადად ქალებმა ჩაანაცვლეს და ახლაც ემიგრანტთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. საქართველოს ბევრი მოქალაქე საბერძნეთში არალეგალურად იმყოფება, მაგრამ, რისკის ფასად, მუშაობას მაინც ახერხებს. ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლებასთან ფულადი გზავნილების მასშტაბებზე ლაპარაკობს:

რამაზ გერლიანი
რამაზ გერლიანი

„გზავნილები საშუალოდ, ყოველთვიურად რომ დავთვალოთ, 20 მილიონი დოლარის ფარგლებშია. 6 თვის მონაცემებს რომ გადავხედოთ, სადღაც 77 მილიონამდე იქნება. არაოფიციალური გზავნილებიც რომ დავამატოთ, მივიღებთ სადღაც 100 მილიონს. ეს არის უმნიშვნელოვანესი თანხა, ჯერ ერთი – ამ ოჯახების დახმარებისთვის, ხოლო, ზოგადად, იმ ვითარებაში, როდესაც ისედაც კრიზისული ეკონომიკური ვითარება იკვეთება ჩვენთან, განსაკუთრებით ლარის კურსთან მიმართებაში, რადგანაც უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი წყარო იყო სწორედ ეს გზავნილები. გამომგზავნ ქვეყნებში საბერძნეთს, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილი უჭირავს“.

თუკი საბერძნეთის კრიზისის მოგვარება ვერ მოხერხდება, რამაზ გერლიანი სავალალო შედეგებს მოელის და ვარაუდობს, რომ ეს საკმაოდ ძლიერ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ რეალობაზე. თუმცა ეკონომისტი არ მოელის, რომ საბერძნეთში დასაქმებულთა უმრავლესობა საქართველოში დაბრუნდება. რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ საბერძნეთიდან ისინი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადავლენ და იქ ცდიან ბედს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG