Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ „ეკონომიკური თავისუფლების“ ანგარიშში ერთი ადგილით უკან დაიხია


„ეკონომიკური თავისუფლების“ ანგარიშის რუკა
„ეკონომიკური თავისუფლების“ ანგარიშის რუკა

ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” ახალი ანგარიშის („ეკონომიკური თავისუფლება – 2016“) თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი 0,4 ქულით გაუარესდა და ქვეყანამ ერთი ადგილით უკან დაიხია. რა მდგომარეობაა მსოფლიოში, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, და კონკრეტულად რა წერია ახალ ანგარიშში საქართველოს შესახებ?

„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენისა“ და „უოლ სტრიტ ჯორნალის“ მიერ 1 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე პერიოდს ასახავს, მართალია, საქართველო კვლავაც „მეტწილად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფში დარჩა, მაგრამ მისი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუარესდა და ქვეყანამ, 72,6 ქულით, 22-მე ადგილიდან 23-მეზე გადაინაცვლა.

საკუთრების უფლების დაცვის მხრივ, საქართველოს, შარშანდელი ანგარიშის მსგავსად, კვლავაც 40 ქულა მიენიჭა, ხოლო კორუფციიდან თავისუფლების მხრივ, ქვეყანამ წელს დაიმსახურა 52 ქულა, რაც 3 ქულით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს, თუმცა საქართველოს პოზიცია კვლავაც საკმაოდ სუსტია კეტეგორიაში „კანონის უზენაესობა“, სადაც ვკითხულობთ:

"საქართველო კვლავ ებრძვის საბჭოთა ეპოქის კორუფციას, ისევე როგორც რუსეთის ზეგავლენას. ათი წლის წინ გატარებული რეფორმების შედეგად, დიდწილად აღმოიფხვრა წვრილმანი კორუფცია, მაგრამ 2014 წლის ბოლოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მტკიცე პრობლემებად დაასახელა ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობა და ინსტიტუციური მმართველობის ნაკლებობა. შესამჩნევია ჩარევა სასამართლო სისტემაში – აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე. გაუმჯობესდა საკუთრების უფლებების დაცვა".

ბიზნესის თავისუფლების ქულა შეგვიმცირდა და ყველაზე მეტად შეგვიმცირდა შრომის თავისუფლების მაჩვენებელი... ეს არის ახალი საგადასახადო კოდექსის გამო, რომელიც გამკაცრდა შედარებით, ვიდრე ის იყო წინა ხელისუფლების დროს...
ბესო ნამჩავაძე

კანონის უზენაესობის გარდა, ქვეყნები „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიშში კიდევ რამდენიმე მსხვილი კატეგორიის მიხედვით არიან დაჯგუფებული, რასაც საფუძვლად უდევს შეფასებები 10 კრიტერიუმის შესაბამისად. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ჩვენთან საუბრისას ჩამოთვლის მიმართულებებს, სადაც უკუსვლა შეინიშნება:

„ბიზნესის თავისუფლების ქულა შეგვიმცირდა და ყველაზე მეტად შეგვიმცირდა შრომის თავისუფლების მაჩვენებელი... ეს არის ახალი საგადასახადო კოდექსის გამო, რომელიც გამკაცრდა შედარებით, ვიდრე ის იყო წინა ხელისუფლების დროს. გაუარესდა ასევე მონეტარული თავისუფლების მაჩვენებელი, სადაც იგულისხმება ვალუტის კურსის მერყეობა, ინფლაციის დონე“.

თუმცა „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენისა“ და „ვოლ სტრიტ ჯორნალის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება მხოლოდ ორი პროცედურის გავლის შემდეგ არის შესაძლებელი და ამისთვის არ არის საჭირო მინიმალური კაპიტალი. „გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა. კორუფციის აღმოფხვრისა და ფისკალური გაჯანსაღების მცდელობებმა ნაყოფი გამოიღო“, – ვკითხულობთ ახალ ანგარიშში, რომლის წინასიტყვაობაში ასევე აღნიშნულია:

„საქართველო დააზარალა ეკონომიკურმა დაღმასვლამ რუსეთში და ნავთობის გაიაფებამ. ქვეყნის ვალუტა დოლართან მიმართებით 30 %-ით გაუფასურდა 2014 წლის ნოემბრის შემდეგ. სამუშაო ძალის ნახევარზე მეტი დასაქმებულია აგრარულ ანდა მის მონათესავე სექტორებში. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას 2014 წლის ივნისში მოაწერა ხელი და ქვეყანა მიისწრაფვის ნატოს წევრობისკენ“.

გია ჯანდიერი
გია ჯანდიერი

რაც უფრო მეტია რეგულაცია, მით უარესია ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, ამბობს ჩვენთან საუბრისას „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი, რომლის აზრითაც, საქართველოს მთავრობას განსაკუთრებული წინდახედულება მართებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დამკვიდრების პროცესში, რათა დაგეგმილი რეფორმები უმტკივნეულოდ, შედეგიანად და გააზრებულად გატარდეს. გია ჯანდიერის თქმით, მაშინ როცა ევროპის განვითარებულ ქვეყნებს შეუძლიათ სხვა ხელსაყრელი პირობები შესთავაზონ ინვესტორებს, საქართველოს ამ მხრივ დიდი არჩევანი არა აქვს:

„ჩვენ, ფაქტიურად, ერთადერთი უპირატესობა გვიჭირავს ხელში, რომ თავისუფალი ვართ მძიმე რეგულირებებისაგან და რეგულირებები არა მხოლოდ ხელს გიშლის რაღაცების კეთებაში, არამედ ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მცირე ბიზნესს არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა... ორი წლის წინ, როდესაც შრომის კოდექსს ცვლიდნენ, ჩვენ ვეუბნებოდით (მთავრობას), რომ ეს გააუარესებდა ჩვენს ინდექსს... ჯერ სადა ვართ! ეს არის პირველი, როცა აისახა ახალი რეგულაციები. ნელ-ნელა კიდევ უფრო აისახება“.

რაც შეეხება მდგომარეობას მსოფლიოში, წლევანდელ ანგარიშში მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება 60.7 ქულით არის შეფასებული და, ავტორების თანახმად, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის დაანგარიშების 22-წლიანი ისტორიის განმავლობაში. ანგარიშის მიხედვით, შეფასებული 178 ქვეყნიდან წინსვლა აღინიშნება 97 ქვეყანაში, ხოლო უკუსვლა – 74 ქვეყანაში. „თავისუფალი ეკონომიკის“ მქონე ქვეყნების ლიდერთა ხუთეულში, ამავე თანმიმდევრობით, ვხვდებით ჰონგკონგს, სინგაპურს, ახალ ზელანდიას, შვეიცარიასა და ავსტრალიას, ხოლო იმ ქვეყნების ჯგუფში, სადაც ყველაზე უარესად არის საქმე და ეკონომიკაც შებოჭილია, ერთიანდებიან, მაგალითად: ჩრდილოეთი კორეა, კუბა, ვენესუელა, ზიმბაბვე და თურქმენეთი. „მეტწილად არათავისუფალი“ ეკონომიკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში 153-ე ადგილზეა რუსეთი, რომლის მაჩვენებელიც, „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ წლევანდელი ანგარიშის თანახმად, 1,5 ქულით გაუარესდა და 50,6 ქულა შეადგინა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG