Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ციტრუსის სეზონის შედეგებს ითვლის


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 31 იანვარს სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიება დასრულდა. სამინისტროს მონაცემებით, ფერმერებმა, ჯამში, 10 ათას 345 ტონა სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინი ჩააბარეს. პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, ბენეფიციარებმა მიიღეს დაახლოებით 2, 1 მილიონი ლარის შემოსავალი, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხამ 1 მილიონ ლარამდე შეადგინა.

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება 2014 წლის 24 ნოემბრიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიებმა, რომლებმაც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინი არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდია მიიღეს.

სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ პროგრამაში ჩართული იყო ოთხი კომპანია: „Georgian Industrial Asset Management Group“, „TCF GEORGIA“, „GEO-FLOWER“ და „ჯეო-კონცენტრატი“.

კომპანიებს, სახელმწიფო სუბსიდიის გარდა, საშუალება ჰქონდათ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აეღოთ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. 30 იანვრის მონაცემებით, 5 საწარმოზე დამტკიცებულია 1 მილიონ 525 ათასი ლარი.

ხელისუფლების თანამონაწილეობა ამ პროცესში მხოლოდ საწარმოო ციტრუსის თანადაფინანსებით არ შემოფარგლულა. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. შტაბის მიერ განისაზღვრა ექსპორტიორთა მონაცემები, მოხდა მათი რეგისტრაცია და შეიქმნა ექსპორტიორთა ახალი მონაცემთა ბაზა. დარეგისტრირდა 82 გადამზიდავი კომპანია, რომელსაც 367 სახმელეთო ტრანსპორტი ჰყავს. ამ კომპანიებმა მზადყოფნა გამოთქვეს მანდარინი გადაეზიდათ 10-ზე მეტ ქვეყანაში. პარალელურად, საზღვაო სატრანსპორტო კომპანიის დახმარებით შემუშავდა წინასწარი გრაფიკები, რამაც გაამარტივა მანდარინის ექსპორტზე გატანის პროცესი. საკოორდინაციო შტაბმა სამივე რეგიონში აღრიცხა პავილიონების რაოდენობა. მთლიანობაში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში 39 პავილიონს თავიდან ჩაუტარდა პასპორტიზაცია.

კვებისთვის ვარგისი ციტრუსის ექსპორტის მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, ჯამში, დაახლოებით 22 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. საინტერესოა, რომ, მიუხედავად ქართული ციტრუსის ძირითად ბაზრებზე არსებული საკმაოდ რთული ვითარებისა (საუბარია რუსეთსა და უკრაინაზე), ციტრუსის ექსპორტის ზრდის ტენდენცია ბოლო სამი წლის განმავლობაში შენარჩუნებულია. კერძოდ, 2013 წლის მონაცემებით, საქართველოდან 20 მილიონ 187 ათასი დოლარის ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა, 2012 წელს საქართველოდან გავიდა 7, 6 მილიონი დოლარის ღირებულების ციტრუსი.

ეს მნიშვნელოვანი განსხვავება, ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით, 2012-სა და 2013-2014 წლებს შორის რუსეთის ბაზრის გახსნით არის გამოწვეული. თუმცა საბოლოოდ რამდენად შეძლეს ქართველმა ექსპორტიორებმა, 2014 წელს რუსეთში მომხდარი დევალვაციის შედეგად, წლის წარმატებით დასრულება და ექსპორტირებული ციტრუსის ფასის რეალურად ამოღება, შემოსავლის საბოლოოდ დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG