Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაყრილი მოსავალი


გადაყრილი მანდარინი
გადაყრილი მანდარინი
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო, რომელთა მეშვეობით 640 ათასზე მეტი გლეხი და ფერმერი მიწის უფასოდ დამუშავებას შეძლებს, თუმცა ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ სახელმწიფო სოფელს სულ სხვა მიმართულებით უნდა ეხმარებოდეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ბოლო დროს გავრცელებული ცნობების თანახმად, მოსავლის რეალიზება ჭირს და მთელი წლის ნაშრომს თავად გლეხები ყრიან სანაგვეში ან სულაც ქუჩაში.

გზის პირას, ხევში და სანაგვეზე გადაყრილი მანდარინი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში - ნახა. პრეზიდენტი 2 თებერვალს ჯინჭარაძეების ოჯახს ესტუმრა, რომელსაც მოწეული მოსავლის თითქმის ნახევარი გაუფუჭდა. ეს იმის მიუხედავად, რომ წელს დაკრეფილი მანდარინის საერთო რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე შარშან, თუმცა შარშან მოსავლის მთლიანად დაბინავება მოხერხდა. კვირიკეში სტუმრად მყოფმა პრეზიდენტმა კრიტიკული განცხადება გააკეთა მთავრობისა და, კონკრეტულად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მისამართით:

მიხეილ სააკაშვილი გადაყრილ მანდარინს ათვალიერებს
მიხეილ სააკაშვილი გადაყრილ მანდარინს ათვალიერებს
"მათ თქვეს, რომ მანდარინის ორი კონტეინერი შევიდა საქართველოდან რუსეთში, მაგრამ სად არის ამის შედეგი? დიდ, სახელოვან რუსულ ბაზარზე შესვლის შედეგი ნახა ხალხმა? ნეტავი, ნახოს. მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ნამდვილად არ მიხარია. რა უნდა გამიხარდეს მაშინ, როდესაც გზები არის სავსე გადაყრილი მანდარინით. მაგრამ მომავალ წელს მაინც არ უნდა მოხდეს ასეთი რამ".

პრეზიდენტის ამ განცხადებას სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ უპასუხა და აღნიშნა, წელს 30 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, შარშან მხოლოდ 13 ათასიო. აჭარელ ფერმერებს კი თავიანთი არითმეტიკა აქვთ. მაგალითად, ჯინჭარაძეების ოჯახმა შარშან 15 ტონა მანდარინი ჩააბარა, საიდანაც დაახლოებით 10 ათასი ლარი მიიღო, წელს კი მხოლოდ 2 ტონის ჩაბარება შეძლო - ისიც, შარშანდელთან შედარებით, თითქმის ნახევარ ფასად. დაახლოებით ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა სოფელ კვირიკეში მცხოვრები 1500 ოჯახზე მეტი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის განცხადებით, მან აჭარაში სხვა ფერმერებიც ნახა, რომლებსაც მაღალი ხარისხის მანდარინი შენახული აქვთ და მარტის დადგომას ელოდებიან, როდესაც იზრდება მოთხოვნა მეზობელი ქვეყნებიდან. მინისტრმა დასძინა, რომ მანდარინის დაბინავებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე უნდა დაეწყოთ. ძველი მთავრობის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სოფლის მეურნეობის სამინისტროს განვითარების დეპარტამენტის უფროსმა კოტე ხუცაიძემაც:

"ბუნებრივია, რომ ეს პრობლემა, მოსავლის დაბინავების პრობლემა არსებობს. ეს არის ყველაზე დიდი სირთულე, როდესაც საკუთარი წარმოება 20 პროცენტი გაქვს მხოლოდ და ამისთვის ამდენი დრო იყო საჭირო, რომ იმ 20 პროცენტის შენახვის საშუალება არ გაქვს?"
მარტო მიწის მოხვნით, რაც პროგრამა არსებობს, სოფელი ვერ აღორძინდება, თუ მოსავალი არ გასაღდება. მოსავალს აქვს დარჩენილი ორი თვე, ამ ორი თვის მერე მოსავალი გადასაყრელია...

მოწეული მოსავლის შენახვა და რეალიზება არ არის მხოლოდ აჭარელი ფერმერების პრობლემა. ორიოდე თვით ადრე საპროტესტო აქცია მოაწყვეს ეგრეთ წოდებული სუფრის ყურძნის მწარმოებლებმა, რომლებიც ყურძნის რეალიზების პრობლემას წააწყდნენ. მთელი წლის ნაშრომი უფუჭდებათ ახალციხის მუნიციპალიტეტშიც. მაგალითად, სოფელ ვალეში ფერმერები კომბოსტოს ვერც რეალიზებას ახერხებენ და ვერც ქუჩაში გადაყრას, რადგან დაჯარიმების ეშინიათ, გაფუჭებული მოსავლის ნაგავსაყრელამდე მიტანა კი დამატებით ხარჯებს უკავშირდება. ვალელმა ფერმერებმა თავიანთ გასაჭირზე რადიო თავისუფლების ახალციხელ კორესპონდენტს, მაია იველაშვილს უამბეს:

"მარტო მიწის მოხვნით, რაც პროგრამა არსებობს, სოფელი ვერ აღორძინდება, თუ მოსავალი არ გასაღდება. მოსავალს აქვს დარჩენილი ორი თვე, ამ ორი თვის მერე მოსავალი გადასაყრელია, ფუჭებადია".

"თუ არ გავიდა სადღაც, თითქმის 25 ტონა კომბოსტო მაქვს და ჯერ არც ერთი არ გამიყიდია. ადრე უკრაინაში გადიოდა, აზერბაიჯანში გადიოდა, სომხეთში გადიოდა, მაგრამ წელს არსად არ გადის, აბსოლუტურად".
საკმაოდ ცუდი, არათანაბარი პირობები გვაქვს აღებული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას, სხვა ქვეყნებთან შედარებით. იმ წესებით ვართ მიღებული, რომლებიც ბევრ შემთხვევაში ჩვენ მიმართებაში არ არის სწორი...
კოტე ხუცაიძე

"თურქეთიდან შემოდის, ირანიდან, სხვა ქვეყნებიდან შემოდის და ჩვენი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი კი გვიფუჭდება. 15 თეთრი ჯდება ამის მოყვანა და რა გავაკეთოთ ამ გლეხმა ხალხმა?"

ამ და მსგავსი პრობლემების განმარტებისას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი კოტე ხუცაიძე ხელს ძველი მთავრობისკენ იშვერს და საქართველოში დემპინგური ფასებით იმპორტირებული პროდუქციის პრობლემაზე საუბრობს:

"საკმაოდ ცუდი, არათანაბარი პირობები გვაქვს აღებული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას, სხვა ქვეყნებთან შედარებით. იმ წესებით ვართ მიღებული, რომლებიც ბევრ შემთხვევაში ჩვენ მიმართებაში არ არის სწორი. იმას ვგულისხმობ, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან გვაქვს სხვადასხვა რეჟიმი. ვთქვათ, ქვეყანასთან, რომელთანაც მე არ შემიძლია რომელიღაც რეჟიმით შევიდე, მას უფლება აქვს თვითონ შემოვიდეს იმ რეჟიმით ჩემთან იმპორტის დროს".

იმპორტისგან საქართველოს ბაზრის დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილიც:

"პრობლემაც სწორედ მაგაშია, რომ გასაღების ბაზარი იმიტომ აღარ აქვთ, რომ დაბალხარისხიან და იაფფასიან პროდუქციას მიაქვს ადგილობრივი ბაზარი. შესაბამისად, ქართველ მწარმოებელს, რომელსაც შედარებით ხარისხიანი პროდუქტი აქვს, მას უფრო ძვირი უჯდება მისი წარმოება, ამიტომ უჭირს პროდუქტის გასაღება. ამასთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს კომუნიკაციაც, რადგან სოფლის მოსახლეობას, მოგეხსენებათ, უჭირს კონტაქტი".
პრობლემა იყო ის, რომ ყველა ჩიოდა, სად წავიღოთ ეს ჩვენი მოწეული მოსავალი, არ ვიცითო. ზოგან მანდარინი დალპა, ზოგან კარტოფილი ფუჭდება, ზოგან ყურძენი და ზოგან ვაშლი. ანუ ბაზრების პრობლემაა...
პაატა შეშელიძე

ახლახან იმპორტირებულ პროდუქციაზე კონტროლის გამკაცრების შესახებ გამოაცხადა საქართველოს მთავრობამ. ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ იმპორტის შეზღუდვა პროდუქციის დეფიციტს, ფასების მატებას და ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს. ექსპერტთა მეორე ნაწილი პროდუქციის მხოლოდ დროებით გაძვირებას ვარაუდობს და დიდ იმედებს ამყარებს სასოფლო-სამეურნეო ბარათების პროექტზე, რომელიც ფერმერებს უფასო ხვნა-თესვის საშუალებას აძლევს. ასეთი პროექტებისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი «ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს» პრეზიდენტი პაატა შეშელიძე:

"პრობლემა იყო ის, რომ ყველა ჩიოდა, სად წავიღოთ ეს ჩვენი მოწეული მოსავალი, არ ვიცითო. ზოგან მანდარინი დალპა, ზოგან კარტოფილი ფუჭდება, ზოგან ყურძენი და ზოგან ვაშლი. ანუ ბაზრების პრობლემაა და ინტელექტის პრობლემაა, რომელიც ამ მოწეულ საქონელს დაამუშავებს, დაახარისხებს და გაიტანს ახალ ბაზრებზე. აი, იქაა რესურსი გამოსაყენებელი. ამიტომ მე ძალიან სკეპტიკური ვარ ასეთი ტიპის პროექტების მიმართ”.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სოფლის მოსახლეობას მილიარდიანი ფონდის შექმნას დაჰპირდა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, თუმცა განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ახლა საქართველოს აგრარული ბიზნესი იმყოფება, შემდგომ განვითარებაზე მწვავე პრობლემა მოწეული მოსავლის რეალიზებაა.
XS
SM
MD
LG