Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება უარესდება


სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი"
სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი"
ამ დღეებში გამოქვეყნდა «ფრეიზერის ინსტიტუტის» ყოველწლიური ანგარიში «ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში 2012». კვლევის თანახმად, რომელიც 144 ქვეყანას შეეხება, საქართველომ 27-ე ადგილიდან 42-ზე გადაინაცვლა. თუ 2-3 წლის წინ საქართველოს ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ესტონეთი უსწრებდა ხოლმე, ახლა მის წინ, ბალტიის რესპუბლიკების გარდა, სომხეთიც აღმოჩნდა. რამ გამოიწვია საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუარესება?

„ფრეიზერის ინსტიტუტის“ კვლევა «ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში» ხუთ ძირითად კრიტერიუმს ეყრდნობა. ესენია: მთავრობის ზომა, რომელიც სამთავრობო ხარჯების მოცულობას ასახავს; საკუთრების უფლების დაცულობა და სასამართლო; ჯანსაღი ფულადი პოლიტიკა; საგარეო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები. ეს ხუთი კრიტერიუმი 40-ზე მეტ ქვეპუნქტს აერთიანებს, რომელთა მიხედვით განისაზღვრება ეკონომიკური თავისუფლება მთელ მსოფლიოში.
წინა წელს ჩვენ 27-ე ადგილას ვიყავით, იმის წინა წელს კი 23-ეზე. ნათლად ჩანს, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს მდგომარეობა უარესდება ...
გია ჯანდიერი

თითქმის 40 წელია ამ რეიტინგის ლიდერია ჰონგ კონგი, შემდეგ მოდის სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ავსტრალია, კანადა და ასე შემდეგ. წარმატებული ეკონომიკური ზრდის მაგალითი, ესტონეთი, „ფრეიზერის ინსტიტუტის“ ინდექსის მიხედვით, მეთოთხმეტე ადგილზეა და 4 პუნქტით უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. წლევანდელ რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი საგრძნობლად გაუარესდა და მან 42-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამ საფრთხის შესახებ ბოლო წლებია საუბრობს გია ჯანდიერი, «ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს» ვიცე-პრეზიდენტი:

"სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ წლევანდელი მაჩვენებელი, რომელიც 2010 წლის მდგომარეობას ასახავს, გაუარესებულია, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. წინა წელს ჩვენ 27-ე ადგილას ვიყავით, იმის წინა წელს კი 23-ეზე. ნათლად ჩანს, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს მდგომარეობა უარესდება. 2009-2010 წლებში საქართველოს მთავრობის ხარჯები გაიზარდა - შიდა პროდუქტთან შედარებით, მან 40%-ს მიაღწია. ამ ყველაფერმა შექმნა ასეთი მდგომარეობა."

გია ჯანდიერი
გია ჯანდიერი
როგორც გია ჯანდიერმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლის გაუარესება ძირითადად სამთავრობო ხარჯების ზრდამ გამოიწვია. მაგრამ არის სხვა მიზეზიც. „ფრეიზერის ინსტიტუტის“ კვლევის ზოგიერთი მაჩვენებელი ეყრდნობა «გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს», რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს. მაგრამ თავად ამ კვლევის მაჩვენებლების მართებულობას ეჭვქვეშ აყენებს ბევრი ექსპერტი, მათ შორის, გია ჯანდიერიც. იგი «გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის» ერთ პარადოქსულ მონაცემს იხსენებს, რომელიც საქართველოში მალარიის დაავადების პრობლემას ასახავს.

"როდესაც მე შევეხე გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს, იქ აღმოვაჩინე საკმაოდ ბევრი ხარვეზი. ისე გამოდის, რომ საქართველოში მალარია იმდენად დიდი პრობლემაა, რომ ბიზნესმენები ფიქრობენ, მას აქვს საშუალო გავლენა. ასეთი შედეგები, ცხადია, რომ არასწორ მიმართულებას მისცემს ნებისმიერ მკვლევარს, რომელიც მას გამოიყენებს", ამბობს გია ჯანდიერი, რომელიც თავად არის «ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსელის» წევრი და აქტიურად თანამშრომლობს „ფრეიზერის ინსტიტუტის“ კვლევის ავტორებთან.

ინდექსი «ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში», 10 ბალიანი სისტემის მიხედვით, ყველა ქვეყანას შესაბამის ქულას ანიჭებს. საქართველოს წლევანდელი ქულა რამდენიმე ასეულით განსხვავდება შარშანდელისგან. სწორედ რამდენიმე ასეულით გაუსწრო საქართველოს სომხეთმა და 35-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. ეკონომიკის ექსპერტი გია ჯანდიერი მეზობელი ქვეყნის ასეთ დაწინაურებას ეჭვქვეშ აყენებს და ინდექსის მეთოდოლოგიას აკრიტიკებს:
იმის ნაცვლად, რომ ყველა პარტია შეეჯიბროს ერთმანეთს, როგორ უფრო მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას შექმნის, ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუ რომელი უფრო მეტად დათრგუნავს ბიზნესს ...
გია ჯანდიერი

"დაუჯერებელია, რომ სომხეთში ეს საკითხები უკეთ იყოს, ვიდრე საქართველოში, მაგრამ მათი კონკურენტუნარიანობის ინდექსი უკეთესია, საქართველოსთან შედარებით. იქაურ ბიზნესმენებს ჩაუტარეს გამოკითხვა და მათ უკეთესად შეაფასეს ბიზნესის პირობები სომხეთში, ვიდრე საქართველოში. ეს თუნდაც იმიტომ მიმაჩნია საეჭვოდ, რომ სომხური ინვესტიციები არსებობს საქართველოში და პირიქით არ არსებობს."

მიუხედავად ამ კრიტიკისა, გია ჯანდიერი აღნიშნავს, რომ ინდექსი «ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში» კარგი საინფორმაციო წყაროა ინვესტორებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების წინ ამ და სხვა რეიტინგების ტენდენციებს აკვირდებიან. შესაბამისად, ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლების გაუმჯობესების ტენდენციები ახალისებს ინვესტორებს, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითად წყაროს წარმოადგენს. თუმცა კი «ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს» ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი საქართველოში საპირისპირო ტენდენციას ხედავს:

«იმის ნაცვლად, რომ ყველა პარტია შეეჯიბროს ერთმანეთს, როგორ უფრო მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას შექმნის, ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუ რომელი უფრო მეტად დათრგუნავს ბიზნესს სხვადასხვა რეგულირებებით, ანტიმონოპოლიური იქნება ეს თუ შრომის კანონმდებლობის რეგულირებებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის განვითარება არ წავა იმ ტემპებით, როგორც ჩვენ გვსურს. დასაქმებაც არ გვექნება, თუ ინვესტიციები არ გვექნა.»

გია ჯანდიერი პესიმისტურ პროგნოზსს აკეთებს, რადგან მომავალი წლის ინდექსი „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში“ 2011 წლის მონაცემების მიხედვით მომზადდება, მაშინ როდესაც საქართველოში ინფლაციამ პიკს მიაღწია, ხოლო შემდეგ დეფლაციაში გადაიზარდა. ასევე მკვეთრად გაიზარდა სახელმწიფო ხარჯები და სუბსიდიები, რაც ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის გაზრდას ხელს არ უწყობს.
XS
SM
MD
LG