Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დროებითი მმართველობა „რუსთავი 2“-ში


5 ნოემბერს, გვიან ღამით, ცნობილი გახდა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება, რომლის თანახმად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ამ განჩინებით უფლებამოსილება შეუწყდათ ტელეკომპანიის დღემდე მოქმედ გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას. 6 ნოემბერს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა და მისმა ადვოკატმა პაატა სალიამ ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელებთან, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან, ასევე რევაზ საყევარიშვილთან ერთად საგანგებო პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც სასამართლო დავის სამართლებრივ მხარეზე,წილების გადანაწილებაზე, „რუსთავის 2“-ის სარედაქციო პოლიტიკასა და ტელევიზიის თანამშრომლების მომავალზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ სასამართლოს 4 ნოემბერს მიმართა. ხალვაშის ადვოკატი ხაზგასმით ამბობს, რომ ეს არ ყოფილა დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნა - როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეჩერებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის ნაწილის მოქმედება, რაც კრძალავდა განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, თუმცა სალია ამბობს, რომ, იმავე კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. მოსამართლის განჩინების შედეგი ის არის, რომ „რუსთავი 2“-ს დღეს ჰყავს ორი ახალი დროებითი მმართველი, ყოფილებს კი უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ და ამის დამადასტურებელი შესაბამისი ჩანაწერი უკვე გაჩნდა საჯარო რეესტრშიც. პაატა სალია აცხადებს, რომ ეს განჩინება არ ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის შეფერხებას, ტელევიზიის დღევანდელ რეგისტრირებულ მფლობელებს კი, სალიას განცხადებით, დღესვე შეუძლიათ განჩინება გაასაჩივრონ:

„ნებისმიერი იურისტი, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მოსამართლის განჩინებას და იმ საპროცესო ნორმებს, რომლებსაც ჩვენი განცხადება ეფუძნებოდა, გეტყვით, რომ არანაირი დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალვისა არ არის. ჩვენი მოთხოვნა დაფუძნებულია სულ სხვა ნორმებზე. ამას ადასტურებს „რუსთავი 2“-ის უკვე უფლებამოსილებაშეჩერებული ხელმძღვანელის განცხადება, რომ დღეს ისინი აპირებენ ახალი საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას“.

ქიბარ ხალვაში
ქიბარ ხალვაში

თავად ქიბარ ხალვაშმა 6 ნოემბერს, „რუსთავი 2“-ზე საუბრისას, სიტყვა „პარიტეტი“ ახსენა და თქვა, რომ საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში ის თავისი წილის ნახევარს, 50 %-ს, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებსა და ყოფილ მფლობელებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს:

„თუ სასამართლო საბოლოოდ დაადგენს, რომ „რუსთავი 2“ მე მეკუთვნის, მაშინ მე ჩემი წილის ნახევარს დავუთმობ ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს. რადგან მე ვიღაცამ მიკერძოებულობაში შეიძლება დამდოს ბრალი, არ ვაპირებ კომპანიის მმართველობაში მივიღო მონაწილეობა. ჟურნალისტიკა იქნება ჩემი ზემოქმედებისგან თავისუფალი და ამ საქმიანობას წარმართავენ პროფესიონალები - როგორიც არის დათო, როგორიც არის რეზო“.

ქიბარ ხალვაშს „რუთავი 2“-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილიც გაახსენეს და ჰკითხეს, ის რომ დღეს ცოცხალი იყოს, იქნებოდა თუ არა ისიც დღეს დვალთან და აქიმიძესთან შეთანხმების მონაწილე, რაზეც ხალვაშმა უპასუხა, რომ კიწმარიშვილის ახლობლებს ტელევიზიის წილის თაობაზე მისთვის არ მიუმართავთ, თუმცა თავის დროზე მას ტელევიზიისათვის გაცილებით მეტი გადაუხადეს, ვიდრე დვალსა და აქიმიძეს.

აქვე უნდა ვთქვთ, რომ 6 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის ეთერში ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურა კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ პროცესებში აუცილებელია საუბარი იყოს ეროსი კიწმარიშვილზეც იმ მარტივი მიზეზით, რომ ისიც იყო ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი.

დავით დვალი (მარჯვნივ) და ჯარჯი აქიმიძე
დავით დვალი (მარჯვნივ) და ჯარჯი აქიმიძე

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის მთავარი ინტერესია, „რუსთავი 2“-მა არ შეწყვიტოს მუშაობა, არ დაეცეს ტელევიზიის რეიტინგი, აღიდგინოს ჯერ კიდევ მათი მფლობელობის დროს არსებული სლოგანი „ჩვენი ტელევიზია თქვენი ტელევიზიაა“, მის მთავარ საინფორმაციო გამოშვება „კურიერს“ კი ჰქონდეს ამბის მიმტანის და არა ამბის მიკერძოებულად მიმტანის ფუნქცია. ამის მიღწევა, როგორც ჯარჯი აქიმიძემ თქვა, შეიძლება მიღწეული იქნეს სამპუნქტიანი შეთანხმების შესრულებით, რომელსაც ქიბარ ხალვაშიც ეთანხმება:

„ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას - როგორც სახელისუფლოს, ისე ოპოზიციურს, ხოლო საკუთარ სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის დაცვით. ჩვენ გვინდა, რომ „რუსთავი 2“ არ იყოს არც მიხეილ სააკაშვილის, არც ბიძინა ივანიშვილის, არც ერთი პარტიის თუ მომავალი ხელისუფლების ტელევიზია. ტელევიზია არასოდეს გახდება მხარე პოლიტიკური პროცესების განვითარებისას, მას ექნება ობიექტური და კრიტიკული პოზიცია და, მესამე, ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, არც პარტიების შემოწორულებებით და პოლიტიკური დაკვეთებით. აქ, ცხადია, არ იგულისხმება ფასიანი პოლიტიკური რეკლამა წინასაარჩევნოდ“.

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებას გამორიცხავს როგორც დავით დვალი, ისე რევაზ საყევარიშვილი. ორივე აცხადებს, რომ მათ ინტერესებში გუნდის დაშლა არ შედის და არც რეორგანზიაციას გეგმავენ. დვალმა „რუსთავი ორის“ ჟურნალისტებს ნებისმიერ ადგილას შეხვედრაც სთხოვა:

დავით დვალი: „არც ერთ თანამშრომელს, იმ ორის გარდა, ვინც დღეს არის განთავისუფლებული, არ გავათავისუფლებთ. არ გვაქვს ასეთი აზრი, რომ ვინმე სტანდარტებს არ შეესაბამება და იქაურობა უნდა დატოვოს“.

რეზო საყევარიშვილი
რეზო საყევარიშვილი

რევაზ საყევარიშვილი: „’რუსთავი 2’-ში კრიტიკული აზრი არ ჩაკვდება. ეს არის ერთობლივი ხედვა და ეს ასეც იქნება და, მეორე: მე მივმართავ ყველა ჩემს კოლეგას „რუსთავი 2“-ში - თავადაც იქ ვმუშაობდი გარკვეული ხანი და იქ ბევრი მეგობარი მყავს, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. - არც ერთი ადამიანი ტელევიზიას არ დატოვებს, თუ ეს არ იქნება მისი პირადი არჩევანი ან იმ პრინციპებთან არ მოვა წინააღმდეგობაში, რომელიც საზოგადად არის აღიარებული როგორც ჟურნალისტიკის ძირითადი პრინციპები, რომელსაც ყველა ობიექტური ტელევიზია უნდა იცავდეს“.

მედიის კრიტიკული შეკითხვები შეეხებოდა მოსამართლის განჩინებაში ჩაწერილ იმ პუნქტებს, რომლებიც ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას შეეხებოდა, რაზეც პაატა სალიამ თქვა, რომ ეს იმ უფლებამოსილებების ჩამონათვალია, რაც ჰქონდა დღემდე გვარამიას და რაც ექნება მის შემცვლელს დღეიდან და არანაირად არ გულისხმობს სატელევიზო ბადის და შინაარსის შეცვლას.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ტელეკომპანიის შენობის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ის იცავს "რუსთავი 2“-ში მომუშავე ადამიანების უფლებებს.

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები

"რაც შემეხება მე და ჩემს კოლექტივს, კოლექტივი თვითონ გააკეთებს განცხადებას. ვინც არ უნდა გადამაყენოს, მე ვიცავ აქ მყოფი ადამიანების უფლებას იმუშაონ თავისუფლად, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ფარგლებში. მე ამ შენობიდან არ გავალ. მობრძანდით და დამატოვებინეთ შენობა იძულებით", - განაცხადა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამავე ტელევიზიის ეთერში აცხადებს, რომ მოსამართლე ურთმელიძემ დაარღვია ხელისუფლების განაწილების კონსტიტუციური პრინციპი, როდესაც დროებითი მმართველის ინსტიტუტი შემოგვთავაზა. „რუსთავი 2“-ის ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში არც ერთი ნორმატიული აქტი დროებითი მმართველის ცნებას არ ითვალისწინებს.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდისათვის კი მთავარი კითხვა დღეს ასე ჟღერს: საქალაქო სასამართლოს მიერ მოქმედი ნორმის ისე გამოყენება, როგორც მან ეს გუშინ გააკეთა, ხომ არ წარმოშობს იმავე საფრთხეს, რის თავიდან აცილებასაც საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობდა? და ამ კითხვაზე პასუხს იძლევა თავისსავე ბლოგში, რომელშიც ამბობს, რომ საქალაქო სასამართლომ, სააპელაციოსგან განსხვავებით, უგულებელყო საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტი და ამით თავად კონსტიტუციასთან მოვიდა შეუსაბამობაში.

ტელევიზიის დროებითი მმართველები ამბობენ, რომ პოლიციის თანხლებით ტელევიზიაში მისვლას არ გეგმავენ, თუმცა მოუწოდებენ უკვე ყოფილ ფინანსურ და გენერალურ დირექტორებს დაემორჩილონ სასამართლოს განჩინებას, რადგან მათ უკვე ყველა უფლებამოსილება, იქნება ეს საჭირო დოკუმენტებზე ხელმოწერა, ფინანსური ტრანზაქციები თუ ა.შ., კანონით აღარ შეუძლიათ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG