კვირა, 20 აპრილი, 2014 თბილისის დრო 02:05

რუბრიკები / მეათე სტუდია

დიანა ანფიმიადის ”პირადი კულინარია”

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ახლახან პოეტ დიანა ანფიმიადის წიგნი ”პირადი კულინარია” გამოსცა. ბაკური პოეზიას თითქმის არ გამოსცემს. შესაბამისად, ეს არ არის ლექსების კრებული. გარეკანზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის ტაფები და სხვადასხვა ფერის სუნელებით სავსე კოვზები მიუხატავთ. იქვე სხვა მინიშნებაცაა - ძველებური მელნის კალამი. ფაქტია, რომ ეს წიგნი არც პოეტური კრებულია და არც უბრალო რეცეპტების წიგნი. ავტორი თავად წერს, ”ეს უფრო მოგონებების წიგნია, გემოებით, სუნებით, ფერებითა და შეგრძნებებით დამახსოვრებული მოვლენები და ადამიანები, რომლებიც ჩემი ცხოვრების კულინარიაში გავაერთიანეო”.

”რეცეპტის გაზიარება ძალიან ინტიმურ და ლამაზ ჟესტად მიმაჩნია. ეს ისეთი ჭკუის სწავლებაა, რომელიც არავის აღიზიანებს” - ასე იწყება დიანა ანფიმიადის ”პირადი კულინარიის” წინასიტყვაობა. ეს წიგნი არ ჰგავს პრიალაფურცლებიან და ფერადნახატებიან კულინარიულ წიგნებს, სამზარეულოში რომ უნდა გამოდო და დროდადრო ჩახედო ხოლმე.  ეს კულინარიული პროზაა თუ ლიტერატურული კულინარია - როგორც გენებოთ, ისე დაარქვით. მოკლედ, ისეთი წიგნია, სავარძელში პლედმიფარებული კითხვას რომ დაიწყებ, ამასობაში კი შეიძლება მუზაც გეწვიოს  - წამოხტე და რაღაც განსაკუთრებული მოამზადო, ვთქვათ... შებოლილი ბრინჯის ფლავი, მოხარშული წაბლით (რეცეპტს ბოლოსკენ გეტყვით).

ამ სურვილით და ამ ამბიციით დაიწყო ”პირადი კულინარიის”, როგორც განსხვავებული კულინარიული წიგნის, წერაც. თავად დიანა ამბობს:

”კულინარიულმა წიგნმა გემოს რეცეპტორები უნდა გაგიღვიძოს, კერძის სუნი გაგრძნობინოს, ცნობისწადილი გაგიღვივოს... ამიტომ მიყვარს ადამიანი-რეცეპტები. ერთი ასეთი მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში ცხოვრობდა, მწერალი იყო და ბარბარე ჯორჯაძე ერქვა. ჩემი მუზაა ეს ქალი”. 

თუმცა ”პირადი კულინარიის” წერისას სხვა საინტერესო რამეებიც ხდებოდა:

”დაემთხვა ისიც, რომ კულინარიული პროზიდან  რამდენიმე წიგნი წავიკითხე. ერთი იყო ლაურა ესკიველის რომანი  ”როგორც წყალი შოკოლადისათვის”. ასეთი სიუჟეტია: შეყვარებული ქალი ამზადებს ტორტს თავისი შეყვარებულის ქორწილისთვის, ოღონდ პატარძალი თავად არ არის. და ამ ტორტის ჭამის შემდეგ ქორწილის ყველა სტუმარი ცხარე ცრემლით ტირის... კერძებს, პროდუქტებს აქვთ იმის უნარი, რომ რაღაცები წაიღონ შენგან. ან როგორ ხასიათზეც ხარ, ისეთი გამოგდის საჭმელი. კიდევ, მე რაც შემეხება, დავაკვირდი, რომ ცალკეული მოვლენები მახსოვს გემოებად, ადამიანებიც მახსოვს გემოებით და ეტყობა ასეთი მეხსიერება მაქვს, კულინარიული. ეს წიგნი კი კულინარიული მოთხრობების კრებულივით გამოვიდა - ოღონდ ყველა რეცეპტი ზუსტია. მათგან ზოგი ჩემია, ზოგიც სხვისი და გაკეთების შემთხვევაშიც კარგი გამოვა”.
რაღაცნაირად მინდოდა დამენგრია კი არა, უფრო გადამემოწმებინა სტერეოტიპი, რომ ქალი სამზარეულოში აუცილებლად დაჩაგრული და უბედურია ...

რეცეპტების მოგროვება ხომ დაიწყო, მერე თავისი დედის ძველი ჩანაწერების რვეულიც აღმოაჩინა. ამ ამბავს, დიანას  ბერძნული წარმოშობის გამო,  ბერძნული სამზარეულოს სიყვარულიც ხომ დაემატა, ლიტერატურის სიყვარულიც ცალკე იყო - იქაც ყველაფერი გადაქექა. ”პირადი კულინარიის” ერთ-ერთი თავი, რომელსაც ”ლიტერატურა მთავარ კერძად” ჰქვია, უცებ გადაგაგდებთ საყვარელი წიგნების კულინარიულ სამყაროში. იქნებ არც გახსოვდათ ეს მომენტები სერვანტესის ”დონ კიხოტიდან” ან თომას მანის ”ბუდენბროკებიდან”, აკუტაგავას ”ნანკინელი ქრისტედან” თუ ბულგაკოვის ”ოსტატი და მარგარიტადან”. არადა, თურმე რამხელა ადგილი ეთმობოდა ამ წიგნებში ქონიან ტაფამწვარსა თუ ოსპის შეჭამანდს, ყვითელ ჟელესა თუ კიბოს კისერს, შებრაწულ გუფთებსა და ნუშის დესერტს. მერე შეუყვარდა და ახლა მისთვის გამოიდო თავი - კვირა დღეების სადღესასწაულო სადილები ამ წიგნში ცალკე თავადაა შესული. მერე თანამედროვე მწერლებსა და პოეტებს გადასწვდა  და ახლა ეს გამოიკვლია - ფქვილი ან წიწიბურა მათ ნაწარმოებებში შემთხვევით გაჩნდა თუ თავადაც დიდი გურმანები და კულინარები იყვნენ. ზოგიერთ მათგანს სახლშიც ეწვია და ეს ამბებიც დაწერა, თავის რეცეპტებიანად... წიგნიც ასეთია, შოკოლადის დესერტიდან კარტოფილიან ბლინებზე რომ გადაგახტუნებს.

”რაღაცნაირად მინდოდა დამენგრია კი არა, უფრო გადამემოწმებინა სტერეოტიპი, რომ ქალი სამზარეულოში აუცილებლად დაჩაგრული და უბედურია, ძალით შეგდებული და კარი აქვს გარედან გადაკეტილი. ასეა თუ არა, ჩემი თაობის ქართველი ავტორებით და ტექსტებით დავიწყე. მათ ეტყობათ ყველაფერი, მათ შორის, მათი ავტორის კულინარიული გემოვნებაც, სიტყვასთან დამოკიდებულებაც. თუ გემრიელი რაღაცები არ გიყვარს, მე ასე მგონია, რომ არც სიტყვასთან გაქვს გემრიელი დამოკიდებულება, რადგან ეგ ორი პროცესი, ლექსის წერის და კულინარიის, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამ ძებნა-დაკვირვებაში ერთმანეთისგან განსხვავებული კულინარიული ტექსტები ავირჩიე, მათ ავტორებს მივაკითხე და მათი პირადი კულინარიაც ჩავიწერე”.
ჩემთვის ამ წიგნის ხიბლი, იცით, რაშია? აი, თუნდაც ის, რომ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ერთი რაღაც კერძის მომზადება, მაგრამ ამ ერთ კერძს აქვს თავისი ამბავი ...

ერთხელ პოეტ ირაკლი კაკაბაძეს მიადგა. ირაკლი თბილისელი პოეტია, მისი მეუღლე ნაილი - ვექილი, ბაქოელი ფოტოგრაფი. იმ დღის სადილიც ასეთი იყო - მრავალფეროვანი, გემოების ზეიმით, ამბობს დიანა. თუ ლიტერატურულ პარალელსაც გავავლებთ, - რაღაც სპარსულ პოეზიასავით. მერე პოეტ ნატო ინგოროყვასაც ესტუმრა. დიანა ამბობს, ნატოს ადრინდელი ლექსები და ახლანდელი კულინარია ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ერთნაირად დატვირთულია ფერებით, სუნებით თუ გემოებითო. თავად ნატო ინგოროყვას მთავარი საზომი კერძის მომზადებისას, როგორც თავად ამბობს, სამი თითი და თვალის ზომაა:

”მე მგონია, რომ ყველაფერი, რასაც ვნება აქვს, ქმნის ლიტერატურას, მათ შორის გემოც. ეს არის გემო-ვნებები, გემოს ვნებები, რომელიც, ბუნებრივია, რაღაც სახედ იქცევა ლიტერატურაში და რაღაცის გემო, ენის წვერზე შერჩენილი იქნება ეს თუ სურნელი თუ არომატი, გახსენებს ან ადამიანს, ან გარემოს, ან რამე ისეთს, რაც შემდეგ ტექსტის ნაწილი ხდება”.

კიდევ, ”პირად კულინარიაში” ისეთი ავტორების რეცეპტებიც მოხვდა, ვისაც  დიდად არც მზადება უყვარს და არც ჭამა. მაგალითად, სალომე ბენიძე - ”ყველაზე ქერა ქართველი”, როგორც მას დიანა უწოდებს. სალომესთვის ეს წიგნი სწორედ მასში შესული ადამიანური ისტორიების გამოა საინტერესო:

”ჩემთვის ამ წიგნის ხიბლი, იცით, რაშია? აი, თუნდაც ის, რომ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ერთი რაღაც კერძის მომზადება, მაგრამ ამ ერთ კერძს აქვს თავისი ამბავი, რომელიც დიანამ თავის წიგნში რაღაც განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაობად გადააქცია. ისევე როგორც ჩემი ვილნიუსის და კარტოფილიანი ბლინების ამბავი”.

დიანა ანფიმიადისთვის ასეა: სუფრასთან, კერძის დაგემოვნებისას თუ მისი მზადებისას, ადამიანები არიან ისეთები, როგორებიც არიან სინამდვილეში, მიუხედავად დაწესებული ეტიკეტის, სხვადასხვაგვარი ტრადიციის და წესისა.

”მართლა მგონია, რომ კერძთან, მის ინგრედიენტებთან დამოკიდებულებაში ადამიანი აბსოლუტურად გულწრფელია - ისეთია, როგორიც სინამდვილეშიც არის”.
ადამიანს სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრებისთვის არჩევანის თავისუფლების, სიყვარულის, განხორციელებული შესაძლებლობების, მსოფლიო მშვიდობისა და პირადი სიმშვიდის გარდა ...

იურული პერიოდის სამზარეულო, მარიამი და მართა და კიდევ ჯავახეთი, კულინარია და სიყვარული, ოდისევსის კულინარიული მოგზაურობა, ლექსი რეცეპტი, შექერვერაკი და მასზე უფრო ტკბილი, ტკბილი მწარე და ძვირფასი, საკუთარი ოთახი და საკუთარი სამზარეულო და კიდევ ბევრი ქვეთავია, რომლის ჩამოთვლაც მინდოდა, რომ არ გამოგრჩეთ...
ჰოდა, რაც მთავარია, ერთი რეცეპტიც დიანა ანფიმიადის  კულინარიიდან:

ხბოს რულეტი:

„ავიღოთ ხბოს ხორცი, რბილი. ოდნავ დავბეგვოთ. შავ ღვინოში გავხსნათ ერთი ჩაის კოვზი ტკბილი მდოგვი, დავუმატოთ ლიმონის წვენი, ხორცი დავნამოთ ამ ნარევით, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, ქინძი, რეჰანი, უცხო სუნელი, პიტნა და ქონდარი - ხმელი და დაფშვნილი. ცოტა ხანს დავდგათ.
შიგთავსისათვის შებოლილი სულუგუნი, ხახვი, ოხრახუში, ნიორი გავატაროთ, დავუმატოთ ერთი ცალი ათქვეფილი კვერცხი.

ხორცს ფრთხილად დავადოთ შიგთავსი, გადავახვიოთ. გადახვევისას მსუბუქად დავნამოთ ღვინით, შევკრათ ძაფით, მოვათავსოთ ფოლგაში, ჩავასხათ ცოტა წყალი და შევწვათ ჰაერღუმელში”.

”ადამიანს სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრებისთვის არჩევანის თავისუფლების, სიყვარულის, განხორციელებული შესაძლებლობების, მსოფლიო მშვიდობისა და პირადი სიმშვიდის გარდა, ვანილიანი ნაღების კრემიც სჭირდება. ამას ადრეულ ბავშვობაში მივხვდი, როცა, ჩემი კლასელის დაბადების დღეზე მისულს, ულამაზესი, დიდი იასამნებით მორთული საოცნებო ტორტი დამხვდა. ეს ის დრო იყო, გაუგებარ მწვანე პურსა და საშინელ მარგარინს რომ ვჭამდით. ტორტის გაჭრამდე, როგორც იყო, გავძელი. ბოლოს და ბოლოს, მისი ერთი ნაჭერი ჩემს თეფშზე აღმოჩნდა და.. დღემდე ვერ ვივიწყებ მძაღე კარაქის იმ გემოს. ღმერთმა დაგიფაროთ ჩაშლილი დღესასწაულებისგან”, - წერს დიანა ანფიმიადი ”პირად კულინარიაში”. ”მზადებაა ცხოვრება, - წერს დიანა. – რეცეპტები უხვადაა, მთავარია მიჰყვე”.

რამდენად დაარღვევ, ეგ უკვე შენზეა.
მთავარია, ძალიან არ გადაამლაშო.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული