Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილებს იპოთეკური სესხის დაფარვაში დაეხმარებიან


დევნილთა ერთ-ერთი საცხოვრებელი თბილისში
დევნილთა ერთ-ერთი საცხოვრებელი თბილისში

დევნილთა და განსახლების სამინისტრო იმ დევნილებს, რომლებსაც ერთადერთი საცხოვრებელი სახლი იპოთეკით აქვთ შეძენილი, იპოთეკური სესხის ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება. ბენეფიციართა აპლიკაციების მიღება 14 აპრილიდან დაიწყო და პირველ მაისამდე გასტანს, დაფინანსების საკითხს კი სპეციალურად შექმნილი კომისია გადაწყვეტს. სამინისტროსთვის უცნობია, თუ რამდენი ასეთი დევნილი ოჯახია საქართველოში. რა კრიტერიუმებით შეირჩევიან დევნილები და როგორ აფასებენ ამ პროცესს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები?

„იპოთეკური სესხის ნაწილობრივი დაფინანსება - ეს არის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ აიღო იმ დევნილების წინაშე, რომლებსაც ერთადერთი საცხოვრებელი ფართი სწორედ იპოთეკური სესხით აქვთ ნაყიდი“, - ასე განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში დევნილთა და განსახლების სამინისტროს ახალ ინიციატივას მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი:

„ბენეფიციარებს, რომლებსაც სახლის შეძენის მიზნით ბანკთან აქვთ გარკვეული ვალდებულება იპოთეკური სესხის სახით, ჩვენ, 20 000 ლარის ფარგლებში, კომისიის განხილვის საფუძველზე გადავწყვეტთ იპოთეკური სესხის დაფარვაში თანამონაწილეობას“.

ეს ხალხი გარკვეულწილად გადამხდელუნარიანები უნდა იყვნენ. ისინი შეიძლება ცხოვრობდნენ კომპაქტურ დასახლებაში, შეიძლება ცხოვრობდნენ ქირით, მაგრამ მთავარია, რომ მათ ამ ეტაპზე, გარდა იპოთეკით ნაყიდი სახლისა, სხვა საკუთრება არ უნდა ჰქონდეთ...
შოთა რეხვიაშვილი

მისი თქმით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით აქვთ შეძენილი ერთადერთი საცხოვრებელი ფართი და, ამ ფართის გარდა, მათ მფლობელობაში სხვა საცხოვრებელი ფართი არ ფიქსირდება. დღესდღეობით დევნილთა და განსახლების სამინისტრო დევნილებს საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების სხვადასხვა გზას სთავაზობს, მაგალითად: ფართების რეაბილიტაცია, პრივატიზება, ბინებით უზრუნველყოფა სოციალური კრიტერიუმების მიხედვით. ამჯერად ამ ჩამონათვალს იპოთეკური სესხის ნაწილობრივ დაფინანსება ემატება. შოთა რეხვიაშვილი რადიო თავისუფლებასთან იმ კრიტერიუმებზე ლაპარაკობს, რომლითაც განისაზღვრება დევნილთათვის იპოთეკური სესხის გადახდაში შეხიდება. როგორც ის ამბობს, ამ შემთხვევაში მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება არა სოციალური სიდუხჭირე, არამედ იპოთეკით შეძენილი ერთადერთი საცხოვრებელი ფართი:

„ეს ხალხი გარკვეულწილად გადამხდელუნარიანები უნდა იყვნენ. ისინი შეიძლება ცხოვრობდნენ კომპაქტურ დასახლებაში, შეიძლება ცხოვრობდნენ ქირით, მაგრამ მთავარია, რომ მათ ამ ეტაპზე, გარდა იპოთეკით ნაყიდი სახლისა, სხვა საკუთრება არ უნდა ჰქონდეთ“, - ამბობს შოთა რეხვიაშვილი.

იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების მიღება 14 აპრილიდან დაიწყო და პირველ მაისამდე გასტანს. ბიუჯეტი, რომელიც სახელმწიფომ ამ პროექტის შესასრულებლად გამოყო, ერთ მილიონ ლარს შეადგენს. როგორც დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ამბობს, ამ დროისათვის ცნობილი არ არის, დაახლოებით რამდენ ოჯახს ესაჭიროება მსგავსი ტიპის დახმარება სახელმწიფოსგან. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ, მოთხოვნის შესაბამისად, ამ პროექტის ვადა გაგრძელდეს და ბიუჯეტიც გადაიხედოს.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, კომისია, რომელიც ბენეფიციართა აპლიკაციებს განიხილავს, დაკომპლექტებულია როგორც დევნილთა და განსახლების სამინისტროს, ისე სახალხო დამცველის ოფისისა და ყველა იმ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებით, რომლებიც დევნილთა თემატიკაზე მუშაობენ. მათ შორისაა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, დანიის ლტოლვილთა საბჭო და ა.შ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ერთ-ერთი ის ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს დევნილთა განსახლების პროცესს. ისინი დიდი ხანია ლაპარაკობენ იმაზე, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით, ქვეყანაში კვლავაც ბევრი პრობლემაა. მაგალითად, მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, სამინისტროს არა მოეპოვება მონაცემები იმის შესახებ, თუ ე.წ. „კერძო სექტორში“ რეგისტრირებულ დევნილთაგან რამდენ ოჯახს აქვს საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი. სამინისტრო არ ფლობს ასევე ინფორმაციას, თუ რამდენი ოჯახი იყო რეგისტრირებული ე.წ. „კერძო სექტორში“ იმ დევნილთაგან, რომლებიც დაკმაყოფილდნენ გრძელვადიანი საცხოვრებლით. ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში დევნილთა სამინისტროს ახალ ინიციატივას იპოთეკური სესხის ნაწილობრივ დაფინანსებასთან დაკავშირებით მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ კომისიამ, რომელიც დევნილთა განაცხადებს შეისწავლის და შეაფასებს, მაქსიმალურად ყურადღებითუნდა წარმართოს ეს პროცესი.

ლელა გულედანი
ლელა გულედანი

„დევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი ლელა გულედანი ამბობს, რომ ის ორკვირიანი ვადა, რომელიც დევნილებს განაცხადების მოსამზადებლად და წარსადგენად მიეცათ, საკმაოდ მცირე დროა იმისათვის, რომ დევნილების ყურამდე მივიდეს ეს ამბავი. ის, გარკვეულწილად, სკეპტიკურად აფასებს სამინისტროს ამ ინიციატივას და ფიქრობს, რომ ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად სამინისტროს უფრო მეტი მუშაობა უნდა გაეწია:

„სამინისტროს უნდა დაემუშავებინა სტატისტიკა და დასკვნები უნდა გამოეტანა. ზოგადად, არც ერთი დევნილი არ იტყვის უარს დახმარებაზე და, პირიქით, კერძო სექტორი ძალიან უკმაყოფილოა და წარმატებული დევნილებიც, ვისაც არ აქვთ გაჭირვება და ბინა თავისით იყიდეს და სესხს თავისით ისტუმრებენ, ბუნებრივია, მათაც აქვთ პრეტენზია, რომ ბინები მიიღონ, მაგრამ პირადად მე ძალიან გამაკვირვა ამ უცებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ“.

იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე დევნილთა მიერ წარსადგენ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება; იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე და სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე. მასში ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 257 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილთა ოჯახების რიცხვი კი თითქმის 85 ათასს შეადგენს. მათგან მხოლოდ 23 ათასი ოჯახია დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით, ხოლო 5 ათასს საცხოვრებლის შესაძენად მიღებული აქვს კომპენსაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG