Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერის პირველი სიტყვა დედაქალაქის საკრებულოში


დავით ნარმანია პირველი ანგარიშით გამოდის თბილისის საკრებულოში
დავით ნარმანია პირველი ანგარიშით გამოდის თბილისის საკრებულოში

8 აპრილს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია პირველი ანგარიშით წარდგა. სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიუჯეტის შესრულების პროცესი, სამომავლო გეგმები - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებზეც გაამახვილა ყურადღება დავით ნარმანიამ 45-წუთიანი სიტყვის წარმოთქმისას. პასუხგაუცემელი კითხვები დარჩათ მერის გამოსვლის შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ქალაქის მერს საკრებულოს შენობასთან აქციით შეხვდნენ გარემოსა და ცხოველთა უფლებების დამცველები.

თბილისის მერს, დავით ნარმანიას, საკრებულოს შენობაში შესასვლელად ფიჭვის, კედრის, კიპაროსის მოჭრილ ტოტებსა და მორებზე მოუწია გადავლა. გარემოსდამცველი ორგანიზაცია „პარტიზანი მებაღეების“ წევრი ნატა ფერაძე მეუბნება, რომ ეს ტოტები ორი დღის წინ იპოდრომის ტერიტორიაზე შეაგროვეს:

„ჩვენ გვინდა, რომ ჩაგვაბაროს ანგარიში, რატომ ჭრის მილიონ ხეს და რატომ გვიპირებს ამოგვახრჩოს უშნო და ბეტონიან ქალაქში. მოვიტანეთ ტოტები იპოდრომიდან. იქ გუშინწინ 35 ზრდასრული ხე მოჭრეს“.

საპროტესტო აქციის მონაწილეები საკრებულოსთან
საპროტესტო აქციის მონაწილეები საკრებულოსთან

„პარტიზანი მებაღეების“ გარდა, დავით ნარმანიას საკრებულოს შენობასთან ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დახვდნენ. მათთან ერთად იყვნენ ორგანიზაცია „სამართლის თაობის“ წევრებიც, ხელში პლაკატებით: „ოროსნების კანტორა“, „ნულოვანი ნარმანია“ და ა.შ. საბოლოოდ, თბილისის მერი დედაქალაქის საკრებულოში შევიდა შეძახილების ფონზე: „გადადექი! გადადექი!“

8 აპრილს რვათვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა დავით ნარმანიამ დედაქალაქის საკრებულოში შეკრებილ თბილისის მთავრობის წევრებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს. დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში დავით ნარმანია პირველი მოხსენებით გამოვიდა. მისი სიტყვა, რომელიც ძირითადად განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებს მიეძღვნა, 45 წუთს გაგრძელდა: დედაქალაქის ბიუჯეტი, გზების რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, გარეგანათება, მყარი ნარჩენების თანამედროვე სისტემების დანერგვა, მრავალსართულიანი პარკინგები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოპტიმიზაცია, ეკოლოგიური მდგომარეობა და გამწვანება, მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც დედაქალაქის მერმა საკრებულოში შეხვედრისას ისაუბრა. დავით ნარმანიას სიტყვებით, ყველა ამ პროექტისა თუ პროგრამის განსახორციელებლად მერიამ ბიუჯეტი ქალაქის შესაბამისად გადაგეგმა.

„თუ 2013 წლის პირველ კვარტალში დაგეგმილი იყო 135 მილიონი ლარი, შესრულებამ შეადგინა 103 მილიონი ლარი. თუკი 2014 წელს 159 მილიონი ლარი იყო დაგეგმილი, შესრულდა 131 მილიონი ლარი. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ საბიუჯეტო დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით. დაიგეგმა 230 მილიონი, საიდანაც 186 მილიონი ლარი უკვე შესრულებულია, ანუ სხვადასხვა სახის სოციალურ, კაპიტალურ, ადმინისტრაციულ და ა.შ. ხარჯებზე არის გათვლილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სწორედ ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა დაუწუნა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძემ დავით ნარმანიას. მას მიაჩნია, რომ მერიამ არამართებულად გადაანაწილა ბიუჯეტი, ის კითხვები კი, რომლებიც მას თბილისის მერთან ჰქონდა, პასუხგაუცემელი დარჩა:

„მაგალითად, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას ფული წაართვეს და მისცეს რაღაც პროექტს „იურიდიულ კლინიკაში“, თითქოსდა მენეჯმენტისა და ცნობიერების ამაღლებისთვის. ეს არის წმინდა პარტიულად დასახარჯი ფული. ამის გამო გვაკრიტიკებდნენ ისინი და ციხეში სვამდნენ გიგი უგულავას, როდესაც ჩვენ ვახორციელებდით პროექტს ‘დაგეგმე ბიუჯეტი თბილისის მთავრობასთან‘“.

გიგი უგულავა მხოლოდ ერთხელ მოვიდა წინა მოწვევის საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცებისთვის და რვა წუთში ქალაქის მერი უკვე თავისუფლების მოედანზე იყო, ანუ საკრებულოს შენობის გარეთ...
ზაზა გაბუნია

თუმცა მხოლოდ ეს პრეტენზია არ გამოუთქვამს სევდია უგრეხელიძეს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ შეიქმნა მერიაში “თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“, რომელსაც ყოფილი ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი ჩაუდგა სათავეში.

„მას უკვე დაუნიშნეს 2 700-ლარიანი დანამატი და უზარმაზარი ხელფასი. თუ კარგი ვიცე-მერი იყო, დარჩენილიყო ვიცე-მერად, და თუ უვარგისი იყო, რატომ უნდა შეჭამოს 2 მილიონი ლარი ერთი წლის განმავლობაში? მეწარმეების ხელშეწყობა საჭიროა, პირველ რიგში, თანხებითა და პროექტების დაფინანსებით და არა რჩევების მიცემით. ეს არის ისევ პარტიულად გამოსაყენებელი თანხა და, სავარაუდოდ, ამ პროგრამაზე მოხდება გარკვეული პირების მიბმა და ამ თანხის ნეპოტისტურად ხარჯვა“, - მიაჩნია სევდია უგრეხელიძეს.

ზედმეტი კითხვები არ გასჩენია დავით ნარმანიასთან წინა მოწვევის საკრებულოს წევრსა და ნაძალადევის რაიონის ამჟამინდელ გამგებელს ზაზა გაბუნიას. დავით ნარმანიას სიტყვა, რომელიც ძირითადად მხოლოდ პოზიტიურ აქცენტებზე იყო აგებული და მოიცავდა საკითხებს, მილიონი ხის დარგვით დაწყებული, - მათი დარგვა, დავით ნარმანიას თქმით, 2017 წლისთვის უნდა დასრულდეს, - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მომუშავე საბჭოს შექმნით დასრულებული, ზაზა გაბუნიასთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

„მერი, რომელმაც ევროპული ყაიდის მოხსენება წარმოადგინა“, - ასე აფასებს დავით ნარმანიას ანგარიშს ზაზა გაბუნია და ის ყოფილი მერის საკრებულოში სტუმრობას იხსენებს:

„გიგი უგულავა მხოლოდ ერთხელ მოვიდა წინა მოწვევის საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცებისთვის და რვა წუთში ქალაქის მერი უკვე თავისუფლების მოედანზე იყო, ანუ საკრებულოს შენობის გარეთ. დღევანდელი დღე არის ყველა უსაფუძვლოდ გამოთქმულ კრიტიკაზე პასუხის გაცემის დღე. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს იყო ძალიან საქმიანი, შინაარსიანი და ევროპული ტიპის მოხსენება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG