ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 09:37

ბლოგები / დავით (გონზო) ჩიხლაძე

მრავალი მილიონი პატარა მონსტრი

x
ტექსტის ზომა - +
50 მილიონი ფანი ფეისბუკზე და 25 მილიონი ტვიტერზე (ბევრია!) - ეს, ალბათ, საკმარისი მიზეზი იყო ლედი გაგასთვის, რომ საკუთარი ქსლის, Little Monsters-ის შექმნა გადაეწყვიტა.

“Welcome, Little Monster!” – ასეთი მისალმება დაგხვდებათ, თუ ლედი გაგას საიტზე დარეგისტრირდებით. იმისთვის, რომ ლედი გაგას მილიონობით ფანს შეურთდე, მხოლოდ ფეისბუკის, ტვიტერის ან იმეილის ანგარიშია საჭირო. რეგისტრაცია უმარტივესი პროცედურაა, შეიძლება შენი ახალი ანგარიში ფეისბუკის პროფილს მიაბა და, შესაბამისად, საიტიც მთელ შენს ინფორმაციას ავტომატურად გადმოიტანს ფეისბუკიდან. უბრალოდ, ორჯერ დაკლიკვაა საჭირო და უკვე პატარა მონსტრი ხარ... მომღერალმა საიტს სახელი თავისი სიმღერის მიხედვით შეურჩია: „Welcome, Little Monsters!“ - სწორედ ასე მიმართავს ხოლმე იგი თავის ფანებს.

საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა მართლაც ლოგიკური ნაბიჯია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ლედი გაგას ფანები ფეისბუკზე თითქმის 30-ჯერ აღემატებიან საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა საერთო რიცხვს და თითქმის 11-ჯერ - მთელი საქართველოს მოსახლეობას. გასაგებია რომ ასეთი სტატისტიკით ქსელი „წარმატებისთვისაა განწირული“. ამ შთამბეჭდავი ინტერნეტრესურსის ათვისებაში მომღერალს დაეხმარა კომპანია Backplane. ამ ქსელის გაშვება ამავე დროს Backplane-ის იმ ახალი პროექტის განაცხადიც იყო, რომელიც სოციალურ ქსელებში პოპულარული „ვარსკვლავებისთვის“ საკუთარი საიტის შექმნას ითვალისწინებს. მისი მთავარი ფუნქცია ინფორმაციის გაზიარება და ხალხის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება. ანუ ეს იგივეა, რაც ფეისბუკი, უბრალოდ, საგანგებოდ ერთი ადამიანისთვისაა შექმნილი.

რა განასხვავებს პირად ქსელს ფეისბუკისგან ან სხვა ქსლებისგან?

ფეისბუკზე გვერდის შექმნა რომელიმე ფირმის ან ადამიანის პიარ-კამპანიის ნაწილია; გვერდის ადმინისტრატორს შეუძლია, ფირმის ან ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, მომხმარებლამდე მიიტანოს ნებისმიერი ინფორმაცია. ეს ერთგვარი ვენის დიაგრამაა, როცა ერთმანეთისგან განსხვავებული ორი პირის ინტერესების სფერო გადაკვეთის წერტილს პოულობს. სწორედ ამ გადაკვეთის წერტილში არის მნიშვნელოვანი სოციალური ქსელების ეფექტიანად გამოყენება. მსოფლიო „აბლაბუდაში“ (რომელსაც პირობითად ინტერნეტს ვეძახით) ინფორმაცია ისევე სწრაფად შეიძლება დაიკარგოს, როგორც გავრცელდეს. სისტემა, რომლის დახმარებითაც ახლა ამ პოსტს კითხულობთ, კარგად მუშაობს მაშინ, როცა არ გჭირდებათ ინფორმაციის ძიება - ინფორმაცია თვითონ მოგძებნით.

სწორედ ესაა საკუთარი ქსლის შექმნის ერთ-ერთ მთავარი პლუსი. წარმოიდგინეთ ფეისბუკი, სადაც მხოლოდ ერთი შინაარსის „ლინკები შეარდება“, „სტატუსები იწერება“ და „ივენთები იგეგმება“. ასეთი ქსლის მომხმარებელს არასდროს გამოეპარება სიახლე, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა ვერ გაეგო ან დაგვიანებით გაეგო. ლედი გაგას ახლა უკვე აქვს შესაძლებლობა, თვითონ მართოს საკუთარი მსმენელი და, შესაბამისად, მომხმარებელი, მიაწოდოს მას ახალი ალბომები, გააგებინოს ახალი სკანდალების შესახებ და ა.შ.

თვითონ საიტიც ისეა შექმნილი, რომ ვერაფრით აუვლი  გვერდს გაგას (თუ გვერდის ავლა გინდა, უბრალოდ, არ დარეგისტრირდე). ახალი თემის წამოჭრა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. შესაძლებელია ლინკის გაზიარება, დისკუსიის წამოწყება, ფრენდების გაჩენა და სტატუსების წერა, როგორც ნებისმიერ ქსელში. საიტი ამომწურავად გაწვდის ინფორმაციას იმაზე, რას და როგორ აკეთებს გაგა: როდის მიდის ტურნეში, რას წერს მსოფლიო პრესა მის შესახებ და ა.შ.

მოკლედ, საიტს აქვს ყველაფერი, რომ კარგი სოციალური ქსელი ერქვას. საყურადღებოა, რომ შეუძლებელია ლედის გაგას საიტის გამოყენება სარეკლამო დანიშნულებით. მაგალითად ისე, როგორც ფეისბუკისა,  სადაც იუზერებს საკუთარი კამპანიის წარმართვის საშუალება აქვთ. თუმცა ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან თვითონ ქსელი სარეკლამო კამპანიას წარმოადგენს და მას დამატებითი რესურსების ათვისება აღარ სჭირდება.

იქნება თუ არა პროექტი წარმატებული?

პროექტის წარმატებას ამ შემთხვევაში დიდწილად განაპირობებს მისი რეიტინგი. გაგას რეიტინგის შესახებ კი პოსტის დასაწყისში მოყვანილი სტატისტიკის გახსენებაც საკმარისია. გარდა ამისა, საკუთარი სოციალური ქსელი გაგას საშუალებას მისცემს, თავად იყოს თავისი ფანებისათვის ინფორმაციის მიწოდების პირველწყარო. პოპ-ვარსკვლავი ერთ ადგილას უყრის თავს ქსელში გაბნეულ სხვადასხვა სტატიებს. შესაბამისად, საიტზე ასი ადამიანი დარეგისტრირდება თუ ასიათასი, ამას მნიშვნელობა ნაკლებად აქვს. მთავარია, რომ ყველა მომხმარებელი აუცილებლად მიიღებს იმ ინფორმაციას, რომელიც სჭირდება (ან საერთოდ არ სჭირდება და ჩემსავით, უბრალოდ, ახალ სოციალურ ქსელს „ტესტავს“). ეს გარანტირებული შედეგია, რომელსაც ვერც ერთი სხვა ქსელი ვერ მოგცემთ, გარდა საკუთარისა. ვფიქრობ, Backplane-ის პროექტი სწორედ ამიტომ მიაღწევს წარმატებას.

Tags: გონზო, ლედი გაგა, სოციალური ქსელი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: გონზო
26.07.2012 13:28
ენობრივ ნორმებზე მოდერატორი გეკამათებათ. მე ქართულ ენაზე დისკუსიაში ჩაბმას მოვერიდები, უბრალოდ ვიცავ გარკვეულ სტანდარტებს, რომლებზეც ქვემოთ იყო საუბარი.

რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება გაგა ”ბუხუტიათი”, რომ შეცვალო. მართალი ბრძანდებით, არც არაფერი მოხდება. სწორედ ესაა პირადი ქსელის მთავარი მახასიათებელი. ის ერთ ადამიანს აძლევს საშუალებს საკუთარი თავი წარმოაჩინოს ინტერნეტში, გააკეთოს კომენტარები და ჰქონდეს თავისი სივრცე ქსელში. გაგა იქნება ეს თუ სხვა ვინმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ლედი გაგამ პირველმა მოახერხა ასეთი სერვისის შექმნა.

ავტორი: მკითხველი
26.07.2012 13:08
რა გამდიდრებულა თავისუფლების ბლოგოსფერო!
ერთი ხეირია,- ენის დაცვაზე წარმოშობილა დისკუსია!

ავტორი: GERMANE
23.07.2012 15:33
ეხ, ჩემო გონზო, ეს პოსტი რომ ასე 5 წლის წინ დაგეპოსტა, ალბათ ახლა მაკკეინის საკონსულტაციო ფირმის მთავარი ექსპერტი იქნებოდი ინტერნეტული ურთიერთობების ვიზიონირების დარგში.
ახლა, 2012 წელს კი ეს პოსტი არაფრად ღირს - ეს იგივეა ახლა ქვეყანას ვამცნოთ - ნებისმიერ იუზერს შეუძლია საკუტარი ინტერნეტული გვერდის გახსნა, სადაც სხვა იუზერები კომენტარებს დაწერენ და საკუთარ აზრს გაგიზიარებენო.
ხო მართლა, მგონი სულ ამაზე არაა შენი პოსტი?
დავბერდი კაცი ინტერნეტში და მოდი ერტი გამაგებინე განსხვავება.
ის რაც ლეიდი გაგამ ქმნააა, ბუხუტია ჩხოროწყუელს რატომ გაუჭირდება ან რაა ამაში განსაკუთრებული? სენგან ასე რეკლამირებული საიტი ვიხილე და ლეიდი გაგა რომ ბუხუტიათი შესცვალო ერთი ამბავი მოხდება - უბრალოდ ნაკლები დაკლიკავს.

გამაგებინე რა თუ კაცი ხარ, მართლა გთხოვ და ამიტომაც გიწვევ, ეგებ ბნელში ვზივარ და თავი მზის სხივების საქანელაზე მჯდარი მგონია - გამაგებინე რა განსხვავება, რაა სასწაული ან ასე მნიშვნელოვანი გაგას საქციელში ან მის საიტზე? რაშია ეს გაგა პირველი, გაგაობის გარდა?

ავტორი: ანა საიდან გვწერთ: თბილისიდან
22.07.2012 03:31
ავტორი: გალა საიდან გვწერთ: თბილისი
20.07.2012 20:12
"კომენტარებში წავიკითხე "ლედი გაგა" თუ "ლეიდი გაგა", LADY ქართულად არის "ლედი" მაგალითისთვის პირველი ლედი და არა პირველი "ლეიდი". თუნდაც როგორც ლედი დიანაზე არის."

ჰო, მაგრამ მე იმ მოსაზრებით ვმსჯელობ, რომ Lady Gaga, ამ შემთხვევაში, ბრენდია, ანუ ისეთივე სახელი, როგორიც, ვთქვათ, Rolling Stones. ამ უკანასკნელს კი ქართულ ენაზე ინგლისურადვე თუ არა, ”როლინგ სტოუნზად” მაინც მოვიხსენიებთ და არა, მაგალითად, ”მგორავ ქვებად”.

ეგაა და ეგ :)

ავტორი: rezo
22.07.2012 00:35
გონზო!

მოკლედ ვეცდები გიპასუხო. ჯერ ერთი განვითარებული ერები ახსენე და განვითარებას რითი ზომავ მაინტერესებს? გერმანიას და მის საგანმანათლებლო სისტემას კარგად ვიცნობ, ისევე როგორც გერმანულ ენას, და ნამდვილად არ იკიდებს ყველა დადგენილება ფეხს გერმანიაში, მითუმეტეს განათლების სისტემაში.

და ენის ნორმას ვინ უფრო ადგენს მწერალი და უმაღლესის მასწავლებელი თუ ჟურნალისტი? ენათმეცნიერი ვერასოდეს დაადგენს ნორმას, კარგ ენათმეცნიერს შეუძლია მხოლოდ კარგად გადმოგვცეს ენის განვითარების წესრიგი, მაგრამ ვერ დაადგენს მას, რამდენიც არ უნდა დაიჩემოს ეგ. მაგალითად იუზერი და ფრენდები გაჩენა ვინ დაგვიდგინა ნორმად?

მეცნიერებეი იმასაც გვიმტკიცებენ დიდ აფეთქებამდე არაფერი ყოფილაო, მაგრამ თუთიყუშები ხომ არ ვართ ჩვენც ეგ ვიმეოროთ. სანამ საპირისპიროს მტკიცებულებას ვერ მონახავენ მოვიტყუოთ თავი?

ავტორი: რეზო საიდან გვწერთ: ქსლიდან :#
21.07.2012 08:47
ენათმეცნიერი ჩვენი მოდერატორ-ბლოგერივთ თუ იაზროვნებს და დაგვიდგენს ნორმებს შორს წავალთ ნამეტანი. ენის ნორმას ადგენს ენა და არა ენათმეცნიერი. ენათმეცნიერი ყურს უგდებს ენის აზროვნებას, და არ არის გამორიცხული შეცდომით მოგვაწოდოს რამე ნორმა.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
21.07.2012 11:04
ეს დისკუსია გვიჩვენებს, რომ ენის მოვლა-პატრონობის საქმეშიც დიდად ჩამოვრჩებით განვითარებულ ერებს. სასაცილოც კია იმის ეჭვქვეშ დაყენება, რომ ენის ნორმებს ენათმეცნიერები უნდა ადგენდნენ (ენის განვითარების ტენდენციების გათვალისწინებით). გერმანიაში ეს საქმე უკვე 130 წელიწადზე მეტია, "დუდენს" აბარია - ინსტიტუტსა და გამომცემლობას, რომელიც მე-19 საუკუნის ენათმეცნიერისა და ლექსიკოგრაფის კონრად დუდენის სახელს ატარებს. სწორედ "დუდენი" და მის მიერ გამოცემული ლექსიკონებია უზენაესი ინსტანცია გერმანული ენის გრამატიკისა და მართლწერის საკითხებში და არავის აქვს უფლება, გადაუხვიოს "დუდენის" მიერ დადგენილ ნორმებს (რომლებიც, სხვათა შორის, დროთა განმავლობაში გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და იმავე "დუდენის" განახლებულ ლექსიკონებში აისახება). ფრანგული ენისთვის იმავე ფუნქციას ასრულებს Académie française - საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია, იტალიურისთვის - l'Accademia della Crusca, ესპანურისთვის - RAE (Real Academia Española) და ა.შ. ინგლისურში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ვითარება ოდნავ განსხვავებულია და იქ არ არსებობს ერთი, ყველაფრის "დამდგენ-მომწესრიგებელ-მომგვარებელი" ინსტანცია. თუმცა, როგორც ბრიტანელი, ისე ამერიკელი კოლეგა ჟურნალისტებისგან მსმენია, რომ თავიანთ საქმიანობაში ისინი Oxford English Dictionary-ით ხელმძღვანელობენ. ცხადია, რომ როცა "დადგენილ ნორმებსა" და მათი შესრულების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ "სამართლებრივ" აუცილებლობას; ანუ, თუ ნორმას გადაუხვიე, ციხეში არავინ გიკრავს თავს. იმავე გერმანულ ენას თუ მოვიშველიებთ, არიან მწერლები და პოეტები, რომლებიც "დუდენის" ნორმებს სრულიად შეგნებულად არ ემორჩილებიან და მათ ამისთვის არავინ აპატიმრებს. მაგრამ რაც შეეხება მედიასაშუალებებს - ბეჭდური იქნება თუ ელექტრონული - ამ სფეროში თვითნებობა და საკუთარი გემოვნებით ხელმძღვანელობა ჟურნალისტურ წრეებში სრულიად დაუშვებლად ითვლება (ვგულისხმობ სოლიდურსა და ანგარიშგასაწევ საინფორმაციო საშუალებებს).
ასე რომ, რეზო, თუ თქვენს კომენტარზე პასუხად მოკლე რეზიუმეს გავაკეთებთ, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ენის ნორმას ადგენს სწორედ ენათმეცნიერი - ენაში მიმდინარე პროცესებისა და ცვლილებების გათვალისწინებით.

ავტორი: გალა საიდან გვწერთ: თბილისი
20.07.2012 20:12
კომენტარებში წავიკითხე "ლედი გაგა" თუ "ლეიდი გაგა", LADY ქართულად არის "ლედი" მაგალითისთვის პირველი ლედი და არა პირველი "ლეიდი". თუნდაც როგორც ლედი დიანაზე არის.

რაც შეეხება სტატის ერთი უზუსტობაა გაგას სიმღერა „Welcome, Little Monsters!“ საერთოდ არ აქვს და საიტის სახელწოდება შეარჩია თავის ფანები სახელიდან გამომდინარე, გაგა თავის ფანებს ეძახის Little Monsters და სიმღერა არაფერშუაშია.

ავტორი: მოტმასნილი
20.07.2012 20:08
მოდერატორს
თქვენ სიტყვებში რაღაც ჭეშმარიტება არის, მაგრამ ავტორ მოქალაქის ოპონირებაში,რაც ეხება ენის ცვალებადობას, თქვენ
უსუსურად გამოიყურებით: ,,ეხლა ასე ლაპარაკობენ და ესეც უკვე მისაღებიაო"– ჩვენ ყოველდღე ვისმენთ პრეზიდფნტისაგან – ,,კვირეები", ბურჯანაძისაგან – ,,არაორდინალური", ტელედიქტორებისაგან–,,ქალაქ ბარში, დელში" და ა.შ.–– ჩვენც ასე ვილაპარაკოთ?

ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
20.07.2012 20:06
ქსელი ქსელი სქელი
ქსელმა ქსელმა სქელმა
ქსელს ქსელს სქელს
ქსლის ქსელის სქელის/სქლის
ქსლით ქსელით სქელით/სქლით
ქსლად ქსელად სქელად/სქლად
ქსელო ქსელო სქელო

ქსლური კავშირები?

კარგი რა, გონზო, კარგი რა!... "პირველი პირადი სოციალური ქსელი" - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისე გამოგივიდა. რა მნიშვნელობა აქვს, პირველია თუ უკანასკნელი. არაფრად არ ვარგა ეს ინფორმაცია. თავის დროზე, როცა დილის ეთერში მოვისმინე ეს ამბავი, მაშინვე გავიფიქრე, რაზე დაკარგა ეთერი-თქო. ხანდახან მართლა საინტერესო სიახლეებს გვთავაზობ და რატომ მაინცა და მაინც ეს ბულვარული, არაფრის მთქმელი და მომცემი ინფორმაცია მთელი გვერდის მოცულობით?
დაილია თემები?!

ავტორი: არა მკითხე
20.07.2012 16:46
,,და კიდევ მრავალ თქვენს მიერ უგულებელყოფილ არსებით სახელს''
მოდერატორო,
ჩემ მიერ,თქვენ მიერ...ჩემ გამო,თქვენ გამო...
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
20.07.2012 16:49
სრული ჭეშმარიტებაა, დიდი მადლობა!

ავტორი: ლორდი გუგუ
19.07.2012 22:31
მართალია აბა რა შუაშია დიდი მონსტრი ლედი გაგა მის მიერ ნაღმუვლ რაღაცეებთან და მის მიერ შექმნილ ქსელთან.

ავტორი: მ.
19.07.2012 20:27
დასანანია, მაგრამ გულწრფელობა ყოველთვის სასიამოვნოა!

ავტორი: გონზო საიდან გვწერთ: თბილისი
19.07.2012 19:56
გასაგებია თქვენი "შეშფოთება", პატივცემულო მკითხველო.

უბრალოდ თუ ყურადღებით წაიკითხავთ, საერთოდ ნაკლებადაა რაიმე შუაში ლედი გაგა (რომელზეც არც მე ვგიჟდები) პოსტი ეხება პირველ პირად სოციალურ ქსელს (რომელიც ლედი გაგამ შექმნა და ამას გვერდს ვერ ავუვლით), ახლა პროექტს ინტერნეტში, რომელიც თავისი მნიშვნელობით და მასშტაბებით შესაძლოა ზოგისთვის საინტერესო იყოს :)

ქსელში გამოჩენილი, ტექნოლოგიური, სიახლეების შესახებ პერიოდულად სხვა ბლოგპოსტებსაც შემოგთავაზებთ.

ავტორი: მ.
19.07.2012 19:02
რაც შეეხება ,,მოწონება–არ მოწონებას" ენა სწორედ ამ კრიტერიუმით ვითარდება და სჯობია მოგვეწონოს ის ქართული, რომლითაც ლაპარაკობს თამაზ გამყრელიძე და ლაპარაკობდა ვახტანგ ბერიძე, ვიდრე 98 წლის ლექ–ის ავტორი.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
19.07.2012 19:05
არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენთან კამათი უაზრობად მიმაჩნია. მაპატიეთ გულწრფელობისთვის!

ავტორი: მ. საიდან გვწერთ: თბილისი
19.07.2012 18:52
ბ–ნო მოდერატორო, აღფრთოვანებული ვარ ,,კანონისწინაშე თქვენი დამჯერებლობით! სიამოვნებით დაგიჭერდით მხარს ეს ენის განვითარება რომ იყოს! მე კი მგონია ჩვენ ენის არა განვითარების, არამედ დეგრადაციის წინაშე ვართ და თუ თქვენც, ჟურნალისტები, მორჩილად შეუწყობთ ხელს ქართული ენის დანაგვიანებას უცოდინარი პროვინციალების მიერ და კრიტიკულად არ შეხედავთ თვალში საცემ სიმახინჯეებს, მაშ ვინ?

ავტორი: ძმები ასკანლები საიდან გვწერთ: კონიაკიდან
19.07.2012 16:57
ძალიან სერიოზული ბლოგერი დაგიმატებიათ. მალადეც ლედი გაგას ქსლის ამბები თუ არ გადმოსცა რადიო თავისუფლებაქმ ის დღე ხო დღე არ არის!

ავტორი: მ. საიდან გვწერთ: თბილისი
19.07.2012 16:44
ისე რო ვთქვათ ,მოგწონთ შემდეგი ფორმები: ,,ნიკარაგუის",
,,ამპლუის",ან ,,ბაბუის" და ა.შ. ?
ეს დააკანონა 1998 წ. გამოცემულმა ორთოგრფიულმა ლექსიკონმა. ამ კანონს რომ გავყვეთ, მალე დაგვავალებენ, რომ
ვიხმაროთ ,,სიჭინავის", სტურუის", ან ,,დროგბის" და,,მარადონის" მახინჯი ფორმები!
მოდერატორთან პატივისცემით მ.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
19.07.2012 17:29
ვის რა მოსწონს, სრულებით არ არის მნიშვნელოვანი: თქვენ შეიძლება "ნიკარაგუას" მოგწონდეთ, სხვას - "ნიკარაგუის". მაგრამ ენა მოწონება-არმოწონების კატეგორიებით არ ხელმძღვანელობს. არსებობს ნორმები, რომლებსაც ენათმეცნიერები ადგენენ, და ჩვენც სწორედ ამ ნორმებით ვხელმძღვანელობთ. ამავე დროს, ისიც ცხადია, რომ ენა ვითარდება და სახეს იცვლის. ძალიან ხშირად გაიგონებთ: "ბევრი ბავშვები", "უამრავი წიგნები", "იმდენი სახლები" და ა.შ., რაც ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ უხეშზე უხეშ შეცდომად ითვლებოდა, დღეს კი ისე ძლიერ აღარ გვჭრის ყურს. თუ ასე გაგრძელდა, ხვალ "ბევრი ხეები" შეიძლება ნორმად დადგინდეს და ლექსიკონებშიც ჩაიწეროს. სანამ ეს არ მომხდარა, ჩვენი - ამ შემთხვევაში ჟურნალისტების - ვალია, ვწეროთ და ვთქვათ "ნიკარაგუის", "ამპლუის", "ბაბუის" და ა.შ. აქ, ვფიქრობ, საკამათოც არაფერია!

ავტორი: ანონიმი
19.07.2012 15:36
"სასტიკად ჟღერს" რას ნიშნავს? ენას აქვს წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ. ამას წინათ ვიღაცამ მითხრა, "წერეთლის გამზირი" რა უბედურებაა, "წერეთელის გამზირი" უნდა იყოსო... მოკლედ, ვის როგორ მოწონს, არ არის გადამწყვეტი.

ავტორი: salome
19.07.2012 15:02
"ქსლის" მაინც სასტიკად ჟღერს :)
"თავისუფლებას" წინასაარჩევნოდ ახალი ამოცანა გამოუჩნდა - დაგვარეგისტრიროს ე-რიდერით გაგას ქსლებში...

ავტორი: ავთანდილი საიდან გვწერთ: ქაჯეთიდან
19.07.2012 12:56
მოდერატორ, მაგარი ხარ! გაასწორე!!!

ავტორი: მ.
19.07.2012 09:48
მოდერატორო, "დიაცი ქსელის მბეჭველი" არ გაგიგიათ?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
19.07.2012 10:46
ანუ დიაცი ქსლისა მბეჭველი? ეგეც გამიგია და, მაგალითად, ესეც: "მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა". ესე იგი, თქვენი აზრით, ამიერიდან, რუსთაველისა არ იყოს, "მტრობის" ნაცვლად "მტერობა" უნდა ვიხმაროთ? მაშინ ვაჟას რა ვუყოთ, რომელსაც ერთ სტრიქონში ერთი ფორმაც აქვს გამოყენებული და მეორეც. გემახსოვრებათ ალბათ: "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი". მოკლედ, საგონებელში ჩაგვაგდეთ, ბატონო (თუ ქ-ნო) მ...

ავტორი: ანა საიდან გვწერთ: თბილისიდან
19.07.2012 03:53
ისე, ”ლედი გაგაა” სწორი, თუ ”ლეიდი გაგა”, ნეტავ?!

მე, ბრენდის ორიგინალობას ვიცავ ხოლმე, და ”ლეიდი გაგას” ვხმარობ (განსხვავებით, მაგალითად, LADY DIANA-სგან, რომელსაც ”ლედი დაიანად" მოვიხსენიებ).
:)

ავტორი: ანონიმი საიდან გვწერთ: მოქალაქე
19.07.2012 01:25
მოდერატორს
ძვირფასო მოდერატორო, როგორც ჩანს, თქვენც განათლებული ქალი (ან კაცი) ბრძანდებით, ამიტომ იპოვეთ იგივე თოფურიას 30 წლის წინ გამოცემული იდენტიური ლექიკონი (ეტყობა მაშინ ვარლამი უფრო პროგრესულად აზროვნებდა) და ნახავთ ბრუნვისა და კუმშვადობის სულ სხვა პრინციპებს. და სართოდ, ერთნაირი ფორმისა და ჟღერადობის სიტყვები, ამ შემთხვევაში ,,ქსელი",,,სელი", ,,გველი" ან სხვა, ერთნაირად უნდა ტრანსფორმირდეს, ეს ნორმალურია ენისათვის და არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, რომელს ჩათვლის კუმშვადად, ამ შემთხვევაში თოფურია!
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
19.07.2012 01:58
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა კომენტარი ზედმეტია...

ავტორი: ლინკავა
18.07.2012 23:27
აშენდა შენი ოჯახი,,,ძლივს ერთი ნორმალური კაცი არ გნახე ამ საიტზე...
ნურავის ნუ ენდობი აქაურებიდან,
ფრთხილად საწამლავი არ ჩაგიყარტონ ))))

ავტორი: mako საიდან გვწერთ: germania
18.07.2012 21:52
ვაა, უყურე შენ!...
მეტი რა კომენტარი უნდა დაიწეროს ამ პოსტთან დაკავშირებით. რითაა საინტერესო ეს თემა, რას გვთავაზობს, გარდა ბულვარული ინფორმაციისა?
თანაც ერთ-ერთი დილის ეთერში გვამცნეთ უკვე ამ "საოცრების" შესახებ და არა მგონია, საჭირო ყოფილიყო ხელმეორედ მისი გამოცხობა.

ავტორი: მოქალაქე
18.07.2012 21:20
ბეტნისა და ლითნისაგან აგებულ შენობას მანქნით რომ მიადგები და იქ ლიმნიან ჩაის და ყვლიან ბუტერბროდს რომ შეექცევი, მაშინ ვილაპარაკოთ ქ ს ლ ე ბ ზ ე....
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
18.07.2012 23:23
ძვირფასო მოქალაქევ! განათლებული კაცი (თუ ქალი) ჩანხართ და წესით ოჯახში უნდა მოგეპოვებოდეთ ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი. ჩვენ, რედაქციაში, ასეთი ლექსიკონი მოგვეპოვება (რედაქტორები ვარლამ თოფურია და ივანე გიგინეიშვილი, გამომცემლობა "განათლება", თბილისი, 1998 წ.). ის გვამცნობს, რომ სიტყვა "ქსელი" კუმშვადია, ანუ თუ სახელობით ბრუნვაში გვაქვს "ქსელი", ნათესაობითში იქნება "ქსლისა". რაც შეეხება ბეტონს, ლითონს, მანქანას, ლიმონსა და ყველს (და კიდევ მრავალ თქვენს მიერ უგულებელყოფილ არსებით სახელს), ისინი კუმშვადებს არ მიეკუთვნებიან. ასე რომ, თქვენთან ქსლებზე ლაპარაკის იმედი, როგორც ჩანს, აღარ უნდა გვქონდეს.