Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების პრობლემა კახეთში


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

უმუშევრობის პრობლემა განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში, სადაც გრძელვადიანი სამსახურის პოვნის შესაძლებლობა ნაკლებად არის. აქ ძირითადი დამსაქმებლები საბიუჯეტო ორგანიზაციები და მეწარმეები არიან. საინტერესოა საქსტატის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია. თუ უწყების მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს დავეყრდნობით, ბოლო 11 წლის განმავლობაში 2014 წელს უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, თუმცა ეს სტატისტიკა პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

ხართ თუ არა დასაქმებული, რა პროფესია გაქვთ და გიცდიათ თუ არა, საერთოდ, მუშაობის დაწყება? - ეს შეკითხვები კახეთში რიგით ადამიანებს დავუსვით. უმრავლესობა გვეუბნება, რომ არ მუშაობს და სამსახურის შოვნის ალბათობას ვერც მომავალში ხედავს.

„ჩემი რძალი და ძმისშვილი დიდი ხანია სამსახურს ეძებენ, მაგრამ ვერ ნახეს“.

„მე სოფლიდან ვარ და ბოლო წლებში არ მახსოვს, რომ რამე სამუშაო ადგილი შექმნილიყო“.

„ჩვენს ოჯახში არც ერთი არ ვმუშაობთ. სოფლის მეურნეობას მივყვებით“.

„რასაც გვპირდებოდნენ, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ადგილები, მხოლოდ ოცნება გამოდგა“.

ერთ წელზე მეტია მუნიციპალიტეტებს პირდაპირი წესით არჩეული გამგებლები ჰყავს. ლაგოდეხის პირველი პირი კახა ჯამბურიაც ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომ დასაქმების პრობლემის მოგვარებაზე გუნდთან ერთად იმუშავებდა. ჩვენ გამგებელს ვკითხეთ, რა ღონისძიებები გაატარა პირადად მან, რომ თუნდაც ლაგოდეხში დასაქმების პრობლემა შეემცირებინა:

„ჩვენი მიზანი არის მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ადგილზე ბიზნესის და სხვადასხვა საწარმოების განვითარებას, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის“.

დასაქმების პრობლემის მოგვარებაზე, მთავრობის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუშაობენ, თუმცა თავად დაუსაქმებლები ამბობენ, რომ წლები გადის და ქვეყანაში ზოგადი სურათი მაინც არ იცვლება. ახლახან ორგანიზაციამ, "ქეა - საერთაშორისო საზოგადოება კავკასიაში" ლაგოდეხში ორწლიანი საპილოტე პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 1 მილიონი ევროს დახარჯვა იგეგმება. როგორც პროექტის მენეჯერმა ჯუბა მარუაშვილმა განაცხადა, ეს პროექტი ლაგოდეხში ხელს შეუწყობს დასაქმების პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებასაც.

„დაახლოებით, 16 საგრანტო წინადადებას დავაფინანსებთ, პროექტების დაფინანსება კი თავისთავად სამუშაო ადგილების შექმნას გულისხმობს“.

საქართველოში დასაქმების პრობლემაზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე პროფესიონალების დეფიციტზე. თელავში მცხოვრებმა გიორგი ბეჟანიშვილმა ბლოგი სწორედ ამ თემას მიუძღვნა:

„თუ მიმოიხედავთ თქვენს გარშემო, აღმოაჩენთ, რომ იურისტების, დიპლომატების და ფილოლოგების სიმრავლეა. თუმცა, რამდენ თქვენგანს ჰყავს ვეტერინარი, ქიმიკოსი ან, სულაც, ელექტრიკოსი მეგობარი? როცა ვამბობ ელექტრიკოსს, ვგულისხმობ ადამიანს, რომელმაც ეს საქმე პროფესიულ კოლეჯში ისწავლა და დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. პროფესიონალი მღებავის, ხელოსნის, მლესავის ან მისთანათა პოვნა თითქმის შეუძლებელია. ამ მხრივ სერიოზული დეფიციტია და, ალბათ, ვაიხელოსნისგან მოტყუებულ ბევრ ადამიანსაც შეხვედრიხართ. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ“.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლისთვის საქართველოში 1 მილიონ 740 ათასამდე ადამიანი ითვლება დასაქმებულად, 246 ათასი კი დაუსაქმებელია, თუმცა დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG