Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვითა და ხელკეტით


შსს
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ზუგდიდში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, რომლის შედეგად სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 11-მა ადამიანმა. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. რა მოხდა ზუგდიდში?

ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ანი ნადარეიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ოფისებთან, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა, როგორც ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან კონჯარია ამბობს, აქცია მალე გადაიზარდა ქვების სროლასა და ხელკეტებით ჩხუბში:

„ვგმობ „ოცნების“ საქციელს და იმ საჯარო მოხელეების შემოტევას, რომლებმაც დაგვირბიეს ოფისი. შეიარაღებული იყვნენ ქვებით და ხელკეტებით, რითაც უმოწყალოდ სცემდნენ ჩვენი პარტიის წევრებს“.

სამწუხაროდ, მშვიდობიანი მსვლელობა და აქცია შემდგომში გადაიზარდა დაპირისპირებაში, რასაც მოჰყვა ასევე ფიზიკური დაპირისპირება. გამოყენებული იქნა ორივე მხარის მიერ ხელკეტები და სხვადასხვა საგნები, რაც ძალიან სამწუხაროა.
მერაბ ქვარაია

ფიზიკური დაპირისპირების დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელმა ანი ნადარეიშვილმა დაასახელა თავდასხმაში მონაწილე სახელმწიფო მოხელეები. 25-კაციანი სიის სათავეში არიან ლაშა გვასალია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, და მერაბ ქვარაია, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე. ხელისუფლების წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში, თუმცა იქვე შენიშნავენ, რომ მათი მიზანი არ ყოფილა პოლიტიკურ ოპონენტებთან ფიზიკური დაპირისპირება:

„სამწუხაროდ, მშვიდობიანი მსვლელობა და აქცია შემდგომში გადაიზარდა დაპირისპირებაში, რასაც მოჰყვა ასევე ფიზიკური დაპირისპირება. გამოყენებული იქნა ორივე მხარის მიერ ხელკეტები და სხვადასხვა საგნები, რაც ძალიან სამწუხაროა“.

ზუგდიდის ინციდენტი დაგმო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღირიბაშვილმა, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ლაპარაკია იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა გამიზნულ პროვოკაციას ერთადერთი მიზნით - დაიძაბოს ვითარება ქვეყანაში, თუმცა პრემიერ-მინისტრს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რაც „სამართლიანი არჩევნების“ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლის, ნინო ხითარიშვილის, თქმით, ნიშანდობლივი ფაქტია:

ამ ძალადობის იმპულსები მოდის ხელისუფლებიდან, რათა გადაიფაროს მათი წარუმატებლობა სხვადასხვა ფლანგზე და, შესაბამისად, საზოგადოების უკმაყოფილება და აგრესია გადაამისამართონ „ნაციონალური მოძრაობისკენ.
ხათუნა ლაგაზიძე

„პირველი შემთხვევა არაა! მანამდე ერთი დღით ადრე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს დაუპირისპირდნენ, კვერცხები დაუშინეს... გახშირდა მსგავსი ფაქტები პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ, რაც საგანგაშოა. ამასთან, ადეკვატურად არ ხდება მსგავს ფაქტებზე რეაგირება ხელისუფლების მხრიდან. ხშირად ამ ყველაფერს პროვოკაციად აფასებენ და რეალურად არ ხდება მსგავსი ფაქტებით დაინტერესება“.

ნინო ხითარიშვილის თქმით, ძალადობის მსგავსი ფაქტები ნეგატიურად აისახება ქვეყნის დემაოკრატიულ განვითარებაზე, რადგან უსპობს პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობისათვის თანაბარ გარემოსა და შესაძლებლობებს. პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე კი ამბობს, რომ ხელისუფლება ამ გზით ცდილობს აგრესიის გადამისამართებას:

„ამ ძალადობის იმპულსები მოდის ხელისუფლებიდან, რათა გადაიფაროს მათი წარუმატებლობა სხვადასხვა ფლანგზე და, შესაბამისად, საზოგადოების უკმაყოფილება და აგრესია გადაამისამართონ „ნაციონალური მოძრაობისკენ“.

პოლიტიკის ექსპერტები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ აგრესიის გაზრდას ასევე უკავშირებენ 21 მარტისათვის დანიშნულ საპროტესტო აქციას, რომლის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG