Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება გორის მაჟორიტარ დეპუტატსა და რეგიონის გუბერნატორს შორის


გორი
გორი

გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის გადადგომას მოითხოვს. პარლამენტის დეპუტატმა ეს განცხადება ტელეკომპანია „თრიალეთის“ ღია ეთერში გააკეთა და გუბერნატორი უმოქმედობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსიშვილის პასუხისმგებლობის საკითხია ქალაქის საკრებულოში შექმნილი კრიზისული ვითარება, რადგან მას საკუთარი გუნდის წევრებთანაც კი არ აღმოაჩნდა კომუნიკაციის უნარი -პარტია “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ იოსებ ფალელაშვილმა თანამდებობა დატოვა და ამით ოპოზიციის ხმები და მოსალოდნელი იმპიჩმენტის შანსი გაზარდა. გარდა ამისა, დეპუტატი აცხადებს, რომ რუსიშვილი უხეშად ერეოდა მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებლის კომპეტენციაში და მის დაქვემდებარებას ცდილობდა. დეპუტატი ამბობს, რომ მის აზრს რეგიონის სხვა მაჟორიტარი დეპუტატებიც იზიარებენ.

სოსო ვახტანგაშვილის განცხადების შემდეგ ზურაბ რუსიშვილი 24 საათის განმავლობაში დუმილს ინარჩუნებდა და ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, იგი რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს დღესაც არ პასუხობს. ერთადერთი მოკლე განცხადება ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „არ ვაპირებ დეპუტატ სოსო ვახტანგაშვილის ბრალდებებზე ვრცელი განცხადების გაკეთებას. ყველასთვის ისედაც გასაგებია, რომ წინასაარჩევნო წელს ადგილი ექნება დაუსაბუთებელ ბრალდებებს. მე, როგორც სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და არანაირ პოლიტიკურ დებატებში შესვლას არ ვგეგმავ“, -ნათქვამია გუბერნატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაჟორიტარი დეპუტატისა და გუბერნატორის დაპირისპირება სოციალურ ქსელებში დისკუსიის თემა გახდა. ზოგიერთმა კომენტატორმა ეს შიდაკოალიციურ განხეთქილებად აღიქვა, რადგან ორივე პირი ამ გაერთიანების წევრია. დეპუტატი „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერია, გუბერნატორი კი პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. ზოგიერთი კომენტატორი გუბერნატორის არაკომუნიკაბელურობაზე ლაპარაკობს და მას გაბუტულ გუბერნატორს უწოდებს, რომელიც არ ელაპარაკება საკუთარი გუნდის წევრებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, საკრებულოს წევრებს და საზოგადოებასთანაც გაწყვეტილი აქვს კონტაქტი. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსიშვილი მას დღემდე არ ელაპარაკება. ონიაშვილის თქმით, გამგეობაში რუსიშვილის რეკომენდაციით დანიშნული კადრები მისთვის საბოტაჟის მოწყობას ცდილობდნენ.

გორში პარტია „ქართული ოცნების“ შიგნით რომ დაძაბული ვითარებაა, ეს სოციალურ ქსელებში კარგად ჩანს. პარტიის შიგნით შექმნილია რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან: გუბერნატორის ჯგუფი, სადაც მერიის თანამშრომლების დიდი ნაწილი შედის, გამგებლის ჯგუფი, რომელიც დავით ონიაშვილის გარშემოა გაერთიანებული, და, მესამე, დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც პარტიის შიგნით ცვლილებების მომხრეა. ამ ჯგუფების წარმომადგენლები ერთმანეთთან კამათში ხშირად პიროვნულ შეურაცხყოფაზეც გადადიან. თვითმმართველობის საქმიანობაში ზემოდან ჩარევის შემთხვევებზე კოალიციის კიდევ ერთი სუბიექტის, რესპუბლიკური პარტიის, თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ კახეთში ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, მერები და გამგებლები არ არიან დამოუკიდებლები და ისინი ანგარიშვალდებულებას გრძნობენ არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ გუბერნატორის, პარტიის ლიდერების ან სხვა ხელმძღვანელი პირების წინაშე. სამნიძის აზრით, ასეთი შემთხვევები თვითმმართველობის რეფორმის დისკრედიტაციას იწვევს.

კვირის ბოლოს გორის საკრებულოში თანამდებობის პირების იმპიჩმენტია დაგეგმილი. გორის საკრებულოში მმართველი კოალიცია ხელისუფლებას კარგავს. ბოლო კვლევებით, კოალიციის რეიტინგი გორში სულ უფრო მცირდება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG