Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან - „აღსრულდა ნება ქართველი ერისა“


დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

27 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომელსაც საფუძვლად დაედო 31 მარტს გამართული საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის შედეგები.

კითხვას, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, დადებითად უპასუხა რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9%-მა. ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) გამართულ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა. რა ვითარებაში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და რას ფიქრობენ თბილისელები ამ ისტორიული მოვლენის შესახებ?

1991 წლის 9 აპრილი. რუსთაველის გამზირი. მთავრობის სახლი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოდის ზვიად გამსახურდია, რომელიც დეპუტატებს, მთავრობის წევრებსა და მიწვეულ სტუმრებს აცნობს ინფორმაციას 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების შესახებ და ყურადღებას ამახვილებს მის პოლიტიკურ და სამართლებრივ მნიშვნელობაზე:

„საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს საქართველოში მომხდარი უზარმაზარი მნიშვნელობის პოლიტიკური ფაქტის სამართლებრივ აღიარებას. მას არად მიაჩნია საქართველოს მოსახლეობის ნება, რომლის ესოდენ სრულყოფილად გამოხატვას დღეს მთელი მსოფლიო ეხმაურება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, რეფერენდუმში გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა“.

ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია

ტრიბუნასთან მდგომმა ზვიად გამსახურდიამ წაიკითხა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, რომლის მიხედვითაც, 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ამის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ განმარტა, თუ რატომ გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა 9 აპრილს:

„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“

კენჭისყრის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერეს საქართველოს უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა, რომელთა შორის იყო საქართველოს რესპუბლიკის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გოგი ხოშტარია.

„მახსოვს ის ატმოსფერო, რაც სრულად იყო დაცლილი თეატრალურობისგან. იყო გულწრფელი ემოციები და იმის შეგრძნება, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და ჩვენც თანამონაწილენი ვართ საქართველოს ბედის მშენებლობით - ეს განცდა ნამდვილად იყო ძალიან ძლიერი და მძაფრი. და, რა თქმა უნდა, ყოველივე ამას სათავეში ედგა ზვიად გამსახურდია და სწორედ მისი ინიციატივა იყო დამოუკიდებლობის აღდგენა და არა, უბრალოდ, გამოცხადება. ამით ხაზი გავუსვით, რომ აღვადგინეთ დემოკრატიული რესპუბლიკა მაშინდელი კონსტიტუციის საფუძველზე“, უთხრა რადიო თავისუფლებას გოგი ხოშტარიამ, რომელმაც გაიხსენა ასევე მსოფლიო თანამეგობრობის რეაქცია საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე:

გოგი ხოშტარია
გოგი ხოშტარია

„დაახლოებით ასეთი რეაქცია იყო: ახლა ვერ გაღიარებთ, რუსეთთან ვერ ავტეხთ ერთ ამბავს, თან მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა და გორბაჩოვიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა დასავლეთში, მაგრამ თვითონ დამოუკიდებლობის გამოცხადება არ იწვევდა ნეგატიურ რეაქციას, უფრო პირიქით, გვილოცავდნენ და გვთხოვდნენ მოთმინებას და გვარწმუნებდნენ, რომ ცოტა მოითმინეთ და ყველაფერი იქნება კარგადო, მაგრამ ჩვენ ცოტა მოუთმენელი ხალხი ვართ“.

გოგი ხოშტარიასგან განსხვავებით, 9 პრილს უზენაესი საბჭოს ისტორიულ სხდომას არ ესწრებოდა ვაჭრობის მაშინდელი მინისტრი თამაზ გველესიანი, რომელიც საკავშირო ხელისუფლების მიერ შევიწროებული ურჩი რესპუბლიკისათვის შექმნილი სასურსათო პრობლემების მოსაგვარებლად საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

„გახსოვთ, ალბათ, საბჭოთა კავშირმა განსაკუთრებით ჩვენს მიმართ მოშალა დაფინანსება, ეკონომიკური და სხვა სახის კავშირები... ამის გამო საქართველოს მთავრობამ მიმავლინა ევროპაში პროდუქტის საკითხების მოსაგვარებლად. ისე მოხდა, რომ 9 აპრილს არ ვიყავი თბილისში. დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ შევიტყვე ჰამბურგში, რომლის ხელმძღვანელობასაც შევხვდი და მათ გავუზიარე ჩემი სიხარული. იმათაც მომილოცეს, მერე ვახშამიც მოგვიწყვეს ამ მოვლენის აღსანიშნავად“, უთხრა რადიო თავისუფლებას თამაზ გველესიანმა, რომელიც მაშინდელი მთავრობის სხვა მინისტრებთან ერთად მართლაც ცდილობდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში „მრგვალი მაგიდის“ გამარჯვების შემდეგ საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან შექმნილი პრობლემების დაძლევას. საგულისხმოა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესვე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ შემდეგი სიტყვებით მიმართა მსოფლიოს ხალხებს:

„მას შემდეგ, რაც 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ საქართველოში დაემხო კომუნისტური რეჟიმი, კრემლმა აშკარა ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ერს, რაც გამოიხატა ხელოვნურად ინსპირირებული ეთნოკონფლიქტების გაღვივებაში, ეკონომიკურ ბლოკადაში თუ საქართველოს შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს მსოფლიოს ხალხებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს, მხარი დაუჭირონ თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის იდეალებისათვის მებრძოლი ხალხის ნებას, არ დაუშვან მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ხელი შეუწყონ საქართველოს რესპუბლიკის ცნობას და დამკვიდრებას დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“.

ერთადერთი ისაა, რომ გვაქვს სტატუსი, რომ დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ, სინამდვილეში, ფსევდოდამოუკიდებლები ვართ. ვერც გავძლიერდით როგორც ერი და, მგონი, ვერც შევდექით როგორც სახელმწიფო, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა და დამოუკიდებლობის აღდგენა ღირდა. იქნებ მომავალმა თაობებმა უკეთესობისკენ შეძლონ შეცვლა...
41 წლის ნინო

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელი მოაწერა უზენაესი საბჭოს მაშინდელმა წევრმა თემურ ქორიძემ, რომლის თქმითაც, საქართველომ თავდადებული ბრძოლით დაიბრუნა თავისუფლება. მისი თქმით, 25 წლის წინ ბევრად ამაღლებული განწყობა იყო, ვიდრე 1918 წლის 26 მაისს.

„შალვა ამირეჯიბის მოგონებებს თუ გავიხსენებთ 1918 წლის 26 მაისთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებული განწყობა იყო 9 აპრილს. შალვა ამირეჯიბი 1918 წლის დამოუკიდებლობას ნაჩუქარ ცხენს უწოდებდა, მაგრამ ის დამოუკიდებლობა, რომელიც 25 წლის წინათ მოიპოვა ქართველმა ხალხმა, ნამდვილად არ ყოფილა „ნაჩუქარი ცხენი“. ორი წლით ადრე, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა და 1991 წლის 9 აპრილს უკვე ჰქონდა თავისი საფუძველი ამაღლებული განწყობილებისათვის და ეს იყო ტრაგიკულად ამაღლებული განწყობა“, უთხრა რადიო თავისუფლებას თემურ ქორიძემ, რომლის თქმითაც, 25 წლის წინ ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მასში არსებობდა და ცოცხლობდა ეროვნული ენერგია:

„1991 წლის 9 აპრილმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხი არ იქცა ჰომოსოვიეტიკუსების საკრებულოდ, რომ ქართველი ხალხი თავის თავში ატარებდა ეროვნული თავისუფლების მუხტს, ეროვნულ ინდივიდუალობას. აი, ამ თვალსაზრისით უნდა შევაფასოთ ჩვენი ბრძოლა და თვითონ ბრძოლის ფაქტი და არა მხოლოდ კონკრეტული შედეგით. ის პრიმიტიული თვალსაზრისი, რომ შუა აზიის ქვეყნებმა უბრძოლველად მოიპოვეს დამოუკიდებლობა და ჩვენ რა გვრჯიდა, მოსახდენი მაინც მოხდებოდაო, ძირშივეა მცდარი. რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა! თუ საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბალტიის რესპუბლიკებში, მოგვიანებით უკრაინასა და რუსეთშიც არ დაიწყებოდა გამოსვლები, ბრძოლა და მანიფესტაციები კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, მაშინ არც არაფერი არ იქნებოდა“.

რას ფიქრობენ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ თბილისელები დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის შემდეგ? ხომ არ გაახუნა საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლა დაუძლეველმა ეკონომიკურმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა პრობლემებმა?

„დამოუკიდებლობის გარეშე ქვეყანა არ არის ქვეყანა“, მიაჩნია 27 წლის მერაბს. 53 წლის თამარი კი ფიქრობს, რომ კომუნისტების დროს ხალხი მეტად შეზღუდული იყო და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გათავისუფლდა.

„ბრმა და უმადური აშკარად არ ვარ, მაგრამ იმდენი ცუდი რამე მოხდა, რომ ყველაფერს დაეკარგა აზრი“, უთხრა რადიო თავისუფლებას 47 წლის მამაკაცმა.

„მოლოდინი გაცილებით უფრო მეტი გვქონდა და გვეგონა გაცილებით უკეთეს და მართლა თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვრებდით, თუმცა ეს მოლოდინი, ფაქტობრივად, გაგვიცრუვდა. ერთადერთი ისაა, რომ გვაქვს სტატუსი, რომ დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ, სინამდვილეში, ფსევდოდამოუკიდებლები ვართ. ვერც გავძლიერდით როგორც ერი და, მგონი, ვერც შევდექით როგორც სახელმწიფო, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლა და დამოუკიდებლობის აღდგენა ღირდა. იქნებ მომავალმა თაობებმა უკეთესობისკენ შეძლონ შეცვლა“, უთხრა რადიო თავისუფლებას 41 წლის ნინომ. 24 წლის ანამ კი აკაკის სიტყვებით გამოხატა თავისი დამოკიდებულება: „’სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი’. ჩვენ ვართ პირველ რიგში ვალდებულები, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა დავიცვათ“.

ზაზა ფირალიშვილი
ზაზა ფირალიშვილი

მოსაზრებას, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას ყოველდღიურად სჭირდება დაცვა, იზიარებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომლის თქმითაც, საქართველო, როგორც ჩანს, შევიდა იმ უცნაურ ფაზაში, რომელშიც შესაძლებელია რევიზია იმ იდეებისა, რომლებმაც შექმნეს ქართული სახელმწიფო:

„მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდისტული მანქანა განაბული ეძებდა სუსტ წერტილებს ჩვენი დამოუკიდებლობის იდეაში, რათა სწორედ იქ დაერტყა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისათვის. დღეს, როგორც ვხედავთ, გაცხოველებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობა და დღეს ის გაცილებით უფრო კვალიფიციურია, ვიდრე იყო ოდესმე. როგორც ჩანს, დღეს უფრო მეტად გვცემენ პატივს და უწევენ ანგარიშს ჩვენს გონიერებას, ვიდრე ადრე, როცა ზედმეტად კარიკატურულ ფიგურებს გვთავაზობდნენ ხოლმე და ზედმეტად კარიკატურული იდეოლოგიის გავლენის ქვეშ უნდოდათ მოვექციეთ. ამდენად, ვერ ვიტყვი, რომ საფრთხე არსებობს, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ რევიზირების მოლოდინი ნამდვილად არსებობს. ყველაფერი კარგად გამოჩნდება შემოდგომის არჩევნებზე“.

თუმცა ზაზა ფირალიშვილი იქვე შენიშნავს, რომ იმედიანადაა განწყობილი და რომ სოციალური თუ ეკონომიკური პირობებით უკმაყოფილო ადამიანები ხშირად წარსულის მეშვეობით ნიშნს უგებენ ხოლმე მძიმე აწმყოს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მართლა უნდათ დაბრუნება წარსულში და იოლად დათმობენ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, რომელსაც არაერთი თაობის წარმომადგენლებმა შესწირეს სიცოცხლე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG