Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს


ნაბაკევი
ნაბაკევი

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ისინი სოხუმის იზოლატორში არიან გადაყვანილი. ე.წ. საზღვრის დარღვევაში ბრალდებული ლევან ბუღაშვილი და ზაურ შვანგირაძე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოს მკვიდრნი არიან. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პერიოდულად სამუშაოდ გადადიოდნენ:

„ერთ-ერთის დედა იყო იქ და თხილზე მუშაობდა. თხილის დარჩევაზე თუ აღებაზე მუშაობდნენ და ეს ორი კაცია ახლა დაკავებული. თურქეთში ვერ გადადიან სამუშაოდ, რადგან უმწეოები არიან და გადასვლის შემდეგ ამ შემწეობას დაკარგავენ“.

ახალგაზრდა მამაკაცების დაკავების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები ქართველები. რადიო თავისუფლების ნაბაკეველი რესპონდენტის ცნობით, ორი იმერელი ახალგაზრდა დაახლოებით ერთი კვირის წინ ოტობაია-ორსანტიის ე.წ. გამშვებ პუნქტთან დააკავეს:

„ეს იყო ოტობაიის გადასასვლელთან. ესენი ხომ არალეგალურად გადადიან და რუსების პატრული შეხვდათ და აუყვანიათო. ყოველდღიურად აქ 10-ობით გადამსვლელს აკავებენ, აქ არავისთვის არაფერია გასაკვირი, ეს არ ხმაურდება ოღონდ და არ ვიცი რატომ“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული დე ფაქტო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, დაკავებულებს საზღვრის დარღვევისთვის არსებულ ჯარიმას - 3000 აშშ დოლარის ფარგლებში გადახდას - დააკისრებენ:

„იმათი კანონით, ეს არაკანონიერი გადაკვეთაა. იქ არაკანონიერ გადაკვეთაზე მუხლია ასეთი, რომელიც 2-დან 5 წლამდე ითვალისწინებს. ეს ჯარიმასაც ითვალისწინებს. სადღაც სამი ათასი დოლარის ეკვივალენტია“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოში მყოფი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG