Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამა-შვილს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთია


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მცხოვრები მამა-შვილი როინ და გიორგი ზაუტაშვილები წუხელ ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ზაუტაშვილებმა დე ფაქტო რესპუბლიკის წინასწარი დაკავების იზოლატორში 4 დღე გაატარეს და 2 000-რუბლიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ ისინი ქართულ მხარეს გადასცეს.

4 დღის წინ მამა-შვილი სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდნენ, რა დროსაც მათთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მივიდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდება წაუყენეს. გიორგი ზაუტაშვილი დეტალურად იხსენებს დაკავების ფაქტს. მისი თქმით, ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან საქონელი ძოვდა, თვითონ კი მოშორებით იდგნენ და თვალს ადევნებდნენ. რუსეთის მესაზღვრეებმა მათ ახლოს მისვლა და საქონლის გადარეკვა შესთავაზეს, თუმცა, ამის მიუხედავად, მამა-შვილი საოკუპაციო ბანერს მიღმა არ გადასულა. ამის შემდეგ კი რუსეთის მესაზღვრეები თვითონ გადმოვიდნენ სოფელში და ზაუტაშვილები ძალის გამოყენებით გადაიყვანეს მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გიორგი ზაუტაშვილის თქმით, მათ დაკავებაში 4 მესაზღვრე მონაწილეობდა, მათგან სამი შეიარაღებული იყო.

ცხინვალში გადაყვანამდე ზაუტაშვილები მეზობელი ოსური სოფლის, წინაგარის, სამხედრო ბაზაზე მიიყვანეს და იქ დაკითხეს, ამის შემდეგ კი რუსეთის მესაზღვრეებმა დაკავებულები დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებს გადასცეს. გიორგი ზაუტაშვილი ამბობს, რომ ოსური პოლიციის წარმომადგენლები ბევრად ჰუმანურად იქცეოდნენ, ვიდრე რუსეთის საოკუპაციო ძალებისა.

ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ ზაუტაშვილებმა 2 000-რუბლიანი ჯარიმა გადაიხადეს და ოჯახებს დაუბრუნდნენ. ბოლო დროს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები გახშირდა. მოქალაქეების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მათ საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთიათ და ისინი სოფლის ტერიტორიაზე დააკავეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს თვის ბოლოს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG