Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონის ხარვეზით „გამართლებული“ ძალადობა


დაპირისპირება კორცხელში
დაპირისპირება კორცხელში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ძალადობის პასუხად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, სისხლის სამართლებრივი წესით დაისჯება ძალადობა ან ძალადობის მუქარა საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან საარჩევნო კამპანიის ადგილზე, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე. კანონპროექტის მიხედვით, ახალი მუხლი რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ჯგუფური დანაშაულის დროს გათვალისწინებული იქნება ოთხ წლამდე პატიმრობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების მომზადება პრემიერ-მინისტრმა დაავალა. გიორგი კვირიკაშვილმა დაგმო ის ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას სოფელ კორცხელში, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე:

„ეს იქნება სახელმწიფოს ღირსების საკითხი, რომ ჩვენ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამოქალაქეებს ყველანაირი ძალადობის გარეშე, მშვიდობიან გარემოში მისცენ ხმა თავიანთ რჩეულს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხი“.

ჩამოვყალიბდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში დაემატოს ახალი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივად დასჯადს გახდის ძალადობას ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან საარჩევნო კამპანიის ადგილზე, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე...
თეა წულუკიანი

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მოქმედი კანონები არ ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს ძალადობის მსგავს ფაქტებზე. შესაბამისად, მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის უახლოეს სხდომაზე უნდა წარადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე. პრემიერ-მინისტრის დავალების პასუხად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მთავარ პროკურატურასთან კონსულტაციის შედეგად გაკეთდა საკანონმდებლო ცვლილების ძირითადი მონახაზი:

„ჩამოვყალიბდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში დაემატოს ახალი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივად დასჯადს გახდის ძალადობას ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან საარჩევნო კამპანიის ადგილზე, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს მუხლი იქნება სხვადასხვა ნაწილისგან შემდგარი. თუკი საქმე გვაქვს ჯგუფურად ჩადენილ ქმედებასთან, აქ შეიძლება, ჩვენი შეთავაზებით, სანქცია 4 წლამდე პატიმრობამდეც კი გავიდეს, ხოლო შედარებით მსუბუქ შემთხვევებში, სადაც არავის მიუღია ფიზიკური დაზიანება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა“.

თუმცა, მთავრობის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავს ცნობილი იურისტი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი შალვა შავგულიძე, რომლის თქმითაც, სოფელ კორცხელში უამრავი თვითმხილველისა და ვიდეოკამერის წინ ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაული.

„ხელისუფლების განცხადება, რომ თითქოს ასეთ ფაქტებზე ახდენენ მყისიერ რეაგირებას კანონის გამკაცრებით, უბრალოდ, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ თითქოს ხელისუფლება ასე ყურადღებით ეკიდება ამ საკითხს. სინამდვილეში კი აქ სულ სხვა რამ არის საჭირო. ვგულისხმობ პოლიტიკურ ნებას, ვინაიდან იდენტიფიცირებული არიან დამნაშავეები, რომლებიც ვიდეოფირებში ჩანან, მათ მიმართ უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები“, უთხრა შალვა შავგულიძემ რადიო თავისუფლებას.

იურისტების შეფასებით, სოფელ კორცხელში ჩადენილ იქნა დანაშაული, რომელიც შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 162-ე მუხლებს: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა. ორივე დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. როგორც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, კორცხელში მომხდარი ძალადობა ასევე შეიცავდა ხულიგნობის ნიშნებს, რაც სასჯელად ითვალისწინებს პატიმრობას ოთხიდან ექვს წლამდე.

გიორგი მშვენიერაძე
გიორგი მშვენიერაძე

„ეს იყო ძალადობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წინააღმდეგ, მხარდაჭერილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ, რაც გამოიხატებოდა, ერთი მხრივ, პროცესის წარმოჩენაში, თითქოსდა ეს იყო დაპირისპირება მხარეებს შორის, რაც ასე არ ყოფილა. იყო ერთი მოძალადე მხარე. და მეორე - იმ ტიპის ახსნა ძალადობის ფაქტისა, როგორიც შემოგვთავაზა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომლის თქმითაც, ეს ძალადობა გამოიწვია იმან, რომ სამართლიანობა არ აღდგა და ა.შ. ასეთი რამ დაუშვებელია. ეს იყო ძალადობის წახალისება. ასევე წახალისებაა ის, რომ დღემდე არავინ დაუსჯიათ“, უთხრა გიორგი მშვენიერაძემ რადიო თავისუფლებას.

22 მაისს სოფელ კორცხელში მომხდარი დანაშაულის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომლის თქმითაც, სამინისტრო უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს სასამართლოს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.

როგორც შსს მინისტრმა განაცხადა, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე - ცემის - მუხლით, რაც, სახალხო დამცველისა და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, არანაირად არ შეესაბამება კორცხელში მომხდარ დანაშაულს. კრიტიკის პასუხად შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალოს გამოძიების მსვლელობისას და საქმე უფრო მძიმე დანაშაულის შესაბამისი მუხლით წარიმართოს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG