Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩესტერ არტურ ბარნეტი. ნაწილი I


ჩესტერ არტურ ბარნეტი
ჩესტერ არტურ ბარნეტი

ჩესტერ არტურ ბარნეტი 1910 წლის 10 ივნისს მისისიპის შტატის ქალაქ ვესტპოინტში, ფერმერთა ოჯახში, დაიბადა. ბლუზმენი კოლეგების მსგავსად, მთელი ბავშვობა ბამბის პლანტაციებში შრომობდა, ვოკალურ მონაცემებს კი კვირაობით, საეკლესიო გუნდში გალობისას, ხვეწდა. რაც შეეხება გიტარაზე დაკვრის ხელოვნებას, საკმაოდ გვიან, 18 წლის ასაკში, დაეუფლა. მისი მასწავლებელი ლეგენდარული ჩარლი პატონი გახლდათ - მუსიკოსი, რომელიც დელტური ბლუზის ერთ-ერთ შემქმნელად მოიაზრება. თუმცა, საშემსრულებლო ოსტატობის გარდა, ჩესტერმა პედაგოგისგან სცენაზე მოქცევის იმ დროისათვის უცხო და უჩვეულო მანერებიც აითვისა: მუხლებზე დაცემა და ოთხით სიარული ბარნეტის სავიზიტო ბარათად იქცა.

დამწყებმა მუსიკოსმა პირველი ნაბიჯები მისისიპის ქალაქების კლუბებში გადადგა. მოგზაურობისას ბევრი გამოცდილი არტისტი გაიცნო და დელტური ბლუზური ოჯახის წევრიც მალევე გახდა. ტანად უზარმაზარი იყო, უხეში მანერებით გამოირჩეოდა, აგრესიული და მუშტი-კრივის მოყვარული ბრძანდებოდა, რის გამოც „Big Foot“-ს - „თოვლის კაცს“ - ეძახდნენ ხოლმე. ბევრს მისი ეშინოდა კიდეც, ხელის ჩამორთმევასაც ვერ უბედავდნენ. თუმცა ჩესტერის მთავარი ხიბლი, რა თქმა უნდა, მისი უნიკალური ვოკალური მონაცემები გახლდათ. ოდნავ ხრინწიანი, დამჯდარი, მგმინავი ხმით მღეროდა, ზოგჯერ კი ფალცეტით ისეთს ბგერებს გამოსცემდა, ძარღვებში სისხლს უყინავდა მსმენელს. სწორედ ამიტომ, “Howlin’ Wolf” (მგელი, რომელიც ყმუის) შეარქვეს. ეს მეტსახელი კი მის სასცენო ფსევდონიმად იქცა.

1941 წელს ჩესტერი ჯარში გაიწვიეს, თუმცა ნაცისტებთან შებრძოლება არ მოუხდა. ევროპიდან საღსალამათი დაბრუნდა და საკუთარი ბენდი შეაკოწიწა. რაღაც ხანს მემფისში გადაბარგდა, ერთ-ერთ რადიოსადგურში საავტორო მუსიკალურ გადაცემას უძღვებოდა. 1948 წელს კი მისისიპელით ცნობილი პროდიუსერი, ხმის ჩამწერი სტუდიის “Sun Recrods”-ის დამფუძნებელი სემ ფილიპსი დაინტერესდა. ლეიბლმა არტისტის პირველი სინგლი Moanin' at Midnight ჩაწერა. დებიუტი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ მასზე ნადირობა დაიწყო. არტისტის მოხელთება ძმებმა ჩესებმა მოახერხეს და ჩიკაგოში მიიწვიეს. რაც შეეხება ზემოხსენებულ სიმღერას, 60-ათასიანი ტირაჟით გაიყიდა, რაც იმხანად რეკორდული მაჩვენებელი გახლდათ.

სტუდია „Chess Records“-ის პოლიტიკაზე ადრეც მისაუბრია. მისისიპური ხალხური მუსიკის ურბანიზების პროცესში ჩესტერიც ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ სოფლური აკუსტიკური ბლუზი სისხლში ჰქონდა გამჯდარი, ელექტრიფიცირებულ ჟღერადობაზე გადაწყობა არ გასჭირვებია. ეს საქმე იმდენად ხეირიანად გამოსდიოდა, რომ “Chess Records”-ის მთავარი არტისტის - მადი უოტერსის -კონკურენტადაც კი მიიჩნეოდა. დავა იმის შესახებ, თუ რომელი იყო ლიდერი, რევოლუციური „ჩიკაგური ბლუზის“ წამყვანი მუსიკოსი, დღემდე გრძელდება. ასეა თუ ისე, ლეიბლის კომპოზიტორი, უილი დიქსონი, ორივეს საკუთარი შედევრებით უხვად ამარაგებდა. ჩესტერს ისეთი ჰიტები ერგო, როგორიცაა მაგალითად, Three Hundred Pounds of Joy, Wang-Dang-Doodle და, რა თქმა უნდა, Back Door Man.

XS
SM
MD
LG