Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავაჭრო ბრუნვა მცირდება, თუმცა ევროკავშირში ექსპორტი იზრდება


გუშინ საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა 2015 წლის პირველი ორი თვის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 9 პროცენტით, თუმცა, ამ შემცირების ფონზე, მათ შორის ევროკავშირთან ბრუნვის შემცირების ფონზეც, საინტერესოა, რომ გაზრდილია ევროკავშირში ექსპორტი 9 პროცენტით.

2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1433 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 324 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 1,1 მილიარდ აშშ დოლარს (2 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-თებერვალში 786 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 385 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 108 მლნ. აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 277 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით ნაკლები).

შესაბამისად, მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება ევროკავშირის იმპორტს გაზრდიდა მხოლოდ, არასწორი აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ხელშეკრულება, პირველ რიგშ, სწორედ ექსპორტის წახალისებას ემსახურება. გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების წილიც საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში - მათმა წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში - 33 პროცენტი და იმპორტში -25 პროცენტი (2014 წლის იანვარ- თებერვალში, შესაბამისად, 25, 22 და 26 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22 პროცენტი (2014 წლის იანვარ-თებერვალში - 28 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ ეს ხდება იმ დროს, როცა საქართველო აქტიურ ნაბიჯებს დგამს რუსეთის ორი წლის წინ გახსნილი ბაზრის ასათვისებლად.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-თებერვალში 429 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვართან შედარებით, 23 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 110 მლნ. აშშ დოლარი (53 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 319 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით ნაკლები). შესაბამისად, შემცირება ძირითადად ექსპორტს შეეხო.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30 პროცენტი იყო, მათ შორის, ექსპორტში - 34 პროცენტი და იმპორტში - 29 პროცენტი (2014 წლის იანვარ-თებერვალში, შესაბამისად, 35, 53 და 28 პროცენტი).

აღსანიშნავია, რომ კლების ძირითადი წილი რუსეთსა და უკრაინაზე მოდის, რაც მოსალოდნელიც იყო.

აღსანიშნავია თხილის ექსპორტის განსაკუთრებული ზრდა, კერძოდ: 2015 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 41 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 13 პროცენტი შეადგინა. თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტიც 41 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 13 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფმა გადმოინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 34 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი 2015 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი. მესამე ადგილზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა.

XS
SM
MD
LG