Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკვლევა ჭარბწონიანობის მიზეზებზე


ცნობილია, რომ ჩიფსები, ჰამბურგერები, ლიმონათი, სხვადასხვა ტკბილი თუ მარილიანი სასუსნავი - მაინც და მაინც კარგ ზეგავლენას არ ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მაგრამ, საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ე.წ. „ჯანკ ფუდი“ არ არის ჭარბწონიანობის მთავარი მიზეზი. როგორც ჩანს, საქმე სხვა ფაქტორებს ეხება.

როგორც კორნელის უნივერსიტეტის თანამშრომელი, დევიდ ჯასტი წერს, დიეტები და ჯანმრთელობის კამპანიები, რომელთა მიზანია წონის დაკლება, მცდარ გზას ადგანან, როცა ისინი გარკვეული ტიპის საკვების დემონიზაციას ახდენენ.

გამოკვლევის ფარგლებში 5000-მდე საცდელ პირს უნდა აღეწერა, რას ჭამდა 24 საათის განმავლობაში. ამასთან, გათვალისწინებული იყო მათი სხეულის მასის ინდექსი, ანუ ზედმეტი წონა ჰქონდა საცდელ პირს, ნაკლები, თუ ნორმალური.

ამავე თემაზე ძველი გამოკვლევების შემთხვევაში მეცნიერები ითვალისწინებდნენ ორ უკიდურეს პოლუსზე მყოფ პირებსაც - ავადმყოფურად ჭარბწონიანებსა და ავადმყოფურად გამხდრებს. დევიდ ჯასტისა და მისი კოლეგის, ბრაიან უონსინკის აზრით, სწორედ ეს იყო ამ გამოკვლევების მთავარი შეცდომა. ვინაიდან ორ პოლუსზე მყოფი ჯგუფების კვებითი ჩვევები განსხვავდება მოსახლეობის 95 პროცენტის ჩვევებისგან და ისინი საერთო სურათზე არასწორ გავლენას ახდენენ.

ამიტომ ჯასტმა და უონსინკმა დაიანგარიშეს კვებით ჩვევებსა და სხეულის მასის ინდექსს შორის ურთიერთმიმართება. მიღებული საკვები მათ დაყვეს რვა კატეგორიად. ესენია: სწრაფი კვების პროდუქტები, შაქრიანი სასმელები, დესერტი, ტკბილი და მლაშე სასუსნავი, ხილ-ბოსტეული და სხვ.

აღმოჩნდა, რომ თუკი ორ პოლარულ ჯგუფს გამორიცხავდნენ, ჩვეულებრივი წონისა და ჭარბი წონის მქონე პირების რაციონში თითქმის არ იყო სხვაობა „ჯანკ ფუდის“ მოხმარებაში. სამაგიეროდ დადგინდა, რომ ვინც უფრო ხშირ-ხშირად ჭამდა ხილსა და ბოსტნეულს პატარ-პატარა დოზებით, მას ჭარბწონიანობისკენ უფრო მეტი მიდრეკილება ჰქონდა.

მეცნიერებმა გამოკვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ წონასთან დაკავშირებული პრობლემების უდიდესი ნაწილის მიზეზი მხოლოდ სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილეული და მსგავსი საკვები არ არის. თავიანთი გამოკვლევის შესახებ სტატიაში ისინი წერენ, რომ წარმატებული დიეტისთვის უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რამდენ კალორიას იღებს ადამიანი და რა სიხშირით.

ჯასტი და ჯონსინკი, სხვათა შორის, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ გამოკვლევისთვის ფინანსური დახმარება მათ მხოლოდ უნივერსიტეტისგან მიიღეს.

  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG