Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარწერა საპატრიარქოსთან და მიმართვა შს მინისტრს


შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს განცხადებით, დაიწყოს დისციპლინური დევნა შსს-ს ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსისა და რამდენიმე თანამდებობის პირის მიმართ. საქმე ეხება საპატრიარქოს განცხადების საფუძველზე 8 იანვარს პოლიციის განყოფილებაში მხატვრების მარიამ ნატროშვილისა და გვანცა ჯიშკარიანის დაბარებას და მათთან გასაუბრების კანონიერების საკითხს. მხატვრებმა 4 იანვარს, პატრიარქის დაბადების დღეს, საპატრიარქოს შენობის მიმდებარე ტროტუარზე და ფილარმონიასთან შავი ფერის სტენსილით დაწერეს რიცხვი „25 მილიონი“, „რაც მართლმადიდებლური ეკლესიის არასეკულარული და დისკრიმინაციული დაფინანსების პოლიტიკაზე მხატვრების მანიფესტს წარმოადგენდა“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებაში.

პატრიარქის დაბადების დღეს, 4 იანვარს, ორმა მხატვარმა - მარიამ ნატროშვილმა და გვანცა ჯიშკარიანმა - საპატრიარქოს შენობის წინ, ტროტუარზე, საღებავით რიცხვი „25 მილიონი“ დაწერეს, იგივე წარწერა მათ თბილისის ივენთ ჰოლის შესასვლელთანაც გააკეთეს. როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ, 8 იანვარს საპატრიარქოს განცხადებისა და ვიდეომასალის საფუძველზე ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა მარიამ ნატროშვილს დაურეკა და მეგობართან, გვანცა ჯიშკარიანთან ერთად თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში მისვლა სთხოვა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტის თამარ იაკობიძის სიტყვებით, მათ პოლიციის განყოფილებაში დახვდათ თბილისის პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი ირაკლი ჭედიშვილი, პოლიციის კიდევ ორი თანამშრომელი და სამი პიროვნება (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ).

გვანცა ჯიშკარიანი ამბობს, საუბარს უფრო „ჭკუის დარიგების ხასიათი ჰქონდაო“:

„7 კაცი იჯდა და საპატრიარქოს წარმომადგენლებიც კითხვებს გვისვამდნენ და რაღაც რჩევებს გვაძლევდნენ. პოლიციის უფროსმა გვითხრა, რომ თქვენ აქ დასასჯელად კი არ მოგვიყვანიხართ, იმიტომ რომ პატრიარქის ნებაა, რომ არ დაისაჯოთო. და ჩვენ დღემდე არ გვესმის, პოლიციაში გვიბარებენ და პოლიცია საპატრიარქოს ნებას რატომ უნდა ემორჩილებოდეს - თუ დამნაშავეები ვართ, დაგვაჯარიმონ. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ვერც ერთ მუხლს ვერ გვისადაგებენ“.

გვანცა ჯიშკარიანის თქმით, მათ საპატრიარქოსთან წარწერის გაკეთებით ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა გააპროტესტეს, რაც, მათი ხედვით, არამიზნობრივია და სეკულარული სახელმწიფოს ინტერესებს არ შეესაბამება.

საპატრიარქო თავს უფლებას აძლევს იმოქმედოს როგორც მორალურმა პოლიციამ და რაღაც ალტერნატიული კონტროლის მექანიზმი გახდეს და ალტერნატიული სამართალდამცველი ორგანო...
თამარ გურჩიანი

თავის მხრივ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტის თამარ იაკობიძის განმარტებით, პოლიციის კანონის მიხედვით, პირის მოწვევა ორ შემთხვევაშია დასაშვები: პირველი, თუ პირი ფლობს ინფორმაციას, რომელიც პოლიციას საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებაში დაეხმარება და, მეორე, პირის იდენტიფიკაციის მიზნით. ამშემთხვევებში პირის მოწვევას აქვს თავისი კანონით განსაზღვრული პროცედურები, აქ კი კანონის მოთხოვნები სრულიად იგნორირებული იყოო, ამბობს თამარ იაკობიძე:

„მთავარი თემა აქ იყო ის, რომ სწორედ საპატრიარქოსთან რომ მოხდა წარწერის გაკეთება, ამიტომ დაინტერესდა პოლიცია და ჩატარდა ეს „ფორმალური გასაუბრება“, ვინაიდან კანონის სრული უგულებელყოფით მოხდა მათგან ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გასაუბრება და ეს, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ქართველობაზე, მართლმადიდებლობაზე საუბარს, როგორ იკადრეს ეს ქართველებმა და მართლმადიდებლებმა და ერთგვარად მორალის კითხვას ჰგავდა, რაც, რა თქმა უნდა, პოლიციის ფუნქციებს, პოლიციის მოვალეობებს და პირის მოწვევის მიზნებს სცდება“.

აქედან გამომდინარე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრი მოცემულ შემთხვევაში პოლიციელების მიმართ დისციპლინური დევნის აუცილებლობას ხედავს და შინაგან საქმეთა მინისტრს შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს. ამასთან, თამარ იაკობიძის განმარტებით, მხატვრებს თავისი საქციელით არ დაურღვევიათადმინისტრაციული სამართლის კოდექსი.

„ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: საპატრიარქოს შენობა და ფილარმონია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოებს“.

ადამიანის უფლებების დამცველის თამარ გურჩიანის თქმით, კანონი მსგავს ქმედებას არ კრძალავს და კანონი რომც დარღვეულიყო, გამოხატვის თავისუფლება აძლევს მოქალაქეს ამგვარად მოქცევის უფლებას. სამართალდამცველთა მხრიდან ყოველგვარი ქმედება, რომელიც მოქალაქის დათრგუნვისკენ არის მიმართული, არის არალეგიტიმური და ამას შსს-ს რეაგირება უნდა მოჰყვეს, თუნდაც დისციპლინური დევნის სახით. თამარ გურჩიანის თქმით, პროცესს წარმართავდნენსაპატრიარქოს წარმომადგენლებიც, საპატრიარქო კი მორალური პოლიცია არ არის. შესაბამისად, ფაქტს აუცილებლად რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„ვიცით ყველამ მათი ვინაობის შესახებ და მე მგონია, შემდგომში რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი შემთხვევები, რომ საპატრიარქო თავს უფლებას აძლევს იმოქმედოს როგორც მორალურმა პოლიციამ და რაღაც ალტერნატიული კონტროლის მექანიზმი გახდეს და ალტერნატიული სამართალდამცველი ორგანო, ზუსტად ამისთვის არის საჭირო ის, რომ ასეთი შემთხვევა არ დარჩეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უყურადღებოდ“, ამბობს თამარ გურჩიანი.

რადიო თავისუფლებას საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას, საპატრიარქოს საიტზე განათავსებენ და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება მისი გაცნობის საშუალება.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება სახალხო დამცველს, ომბუდსმენის ოფისს საქმის დამოუკიდებელი შესწავლა არ დაუწყია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG