Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალენჯიხაში ეკლესიის ნანგრევების ქვეშ ნაგებობა აღმოაჩინეს


წალენჯიხის ქალაქ ჯვრის ერთ-ერთ უბანში, გუბანში, ადილობრივმა მცხოვრებლებმა უძველესი ეკლესიის ნანგრევების ქვეშ ნაგებობა აღმოაჩინეს. ქვით ამოშენებულ ორ ოთახს მათ ტერიტორიის დასუფთავებისას სრულიად შემთხვევით მიაკვლიეს.

ახალი აღმოჩენის სიახლოვეს მცხოვრები ჯემალ ქარდავა ამბობს, რომ გუბანი უძველესი უბანია და მის შესახებ, გადმოცემის მიხედვით, მხოლოდ მცირე ისტორიული ფაქტებია ცნობილი - მაგალითად, ის, რომ ამ ადგილს „ჯიხას“ ეძახდნენ და მტრისგან დასაცავად, თავშესაფრად იყენებდნენ. რაიმე ტიპის ნაგებობის არსებობის შესახებ კი სოფელში არავინ არაფერი იცოდა:

„ვასუფთავებდით ტერიტორიას და გამოჩნდა კარიბჭე, შესავლელი... გათხრის შემდეგ აღმოვაჩინეთ ქვით ამოშენებული ოთახი, გუმბათოვანი. ხელშეუხებელ მდგომარეობაშია. ერთი ქვა არ არ ის ჩამოვარდნილი. სადღაც 20 კვადრატული მეტრი იქნება ერთი ოთახი“.

რაც შეეხება მეორე ოთახს, ჯემალ ქარდავას თქმით, იქ შესვლა ვერ მოხერხდა, რადგან კედლებიდან ქვები და მიწაა ჩამოცვენილი. მისი თქმით, ტერიტორიის გასუფთავების შემდეგ არ არის გამორიცხული უფრო დიდი ფართიც გამოჩნდეს:

„ჩანს გვირაბის თავი. ერთ მეტრ-ნახევარზე ჩამონაყარია და გამოსასუფთავებელია. რა იქნება ქვემოთ, ეს უკვე...ქვებიდან წვეთავს და ცოტა სისველეა. მეტი იქ არაფერი არ ჩანს. იქ სამუშაოა და ამას ჩვენი ძალებით ვერ შევძლებთ. სათუთი მუშაობა და სპეციალისტები სჭირდება“, - ამბობს ჯემალ ქარდავა. მასთან ერთად ნაგებობა სასულიერო პირებმა და გამგეობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ჯვარში სტავრო ჭანტურია აცხადებს, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სპეციალისტების ჯგუფის გამოგზავნას უახლოეს დღეებში აპირებს და მხოლოდ მათი მუშაობის შემდეგ გახდება დეტალები ცნობილი. მანამდე კი ის მხოლოდ საკუთარ და ადგილობრივი მოსახლეობის ვარაუდზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნაგებობა მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნის უნდა იყოს. მისი თქმით, შენობის ნანგრევები, რის ქვეშაც ორი ოთახი აღმოაჩინეს, ადგილობრივ მოსახლეობას ასე დახვდა, როცა ისინი ამ უბანში დასახლდნენ:

„რაიმე ლეგენდა ამასთან დაკავშირებით არ მოგვეპოვება. სპეციალისტებმა უნდა თქვან, რასთან გვაქვს საქმე. ისე, თვითონ ეს უბანი არის უძველესი და დაახლოებით 300 წლის. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ როცა აქ დავსახლდით, ეს ნანგრევები ასე იყოო“.

სასულიერო პირები, რომლებმაც მოსახლეობის მიერ აღმოჩენილი დაათვალიერეს, ირწმუნებიან, რომ, ძველი ცნობების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე ეკლესია მდებარეობდა. გამომდინარე აქედან, ისინი მიიჩნევენ, რომ ნაგებობა უძველესი სამლოცველო უნდა იყოს. გამგეობაში კი განმარტავენ, რომ ჯერჯერობით დაზუსტებით ვერავინ იტყვის აღმოჩენილი რა შეიძლება იყოს ან რომელი საუკუნით თარიღდება. ჯვარში სამინისტროდან გამოგზავნილ სპეციალურ ჯგუფს ერთ კვირაში ელოდებიან, მანამდე კი ტერიტორია შემოსაზღვრულია და იქ შესვლა აკრძალულია.

XS
SM
MD
LG